მშობლების ნაამბობი და მიმართვა ექიმებს ბოლო პერიოდში რამდენიმე მშობელი დაგვიკავშირდა მსგავსი ჩივილებით და ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ, ამაზე დაწერა. ალბათ დაგვეთანხმებით, სწორი დიაგნოზი მთავარია მედიცინაში, იმისთვის, რომ მკურნალობის კურსიც სწორად წავიდეს. თუმცა ბოლო დროს სწორედ ეს სწორი დიაგნოზი ხშირად ნამდვილ პრობლემად გადაიქცევა ხოლმე. ჩვენ არაერთხელ დაგვიწერია იმის შესახებ, თუ რამდენ წინააღმდეგობას აწყდებიან მშობლები მედიცინის მუშაკებთან ურთიერთობისას, ერთმა მშობელმა ყავაზე მკითხაობასაც კი მიამსგავსა ექიმების მუშაობის პროცესი – როგორც კი ცოტათი რთულია ბავშვის მდგომარეობა და რამდენიმე ექიმის ჩარევა ხდება საჭირო, მაშინვე იჩენს თავს სერიოზული პრობლემა – ზუსტი დიაგნოზი. ერთი ექიმი სხვას ამბობს, მეორე – კიდევ სხვას, მესამეს სულ სხვა ვერსია აქვს და ამ მკითხაობაში გადის დრო. ამასობაში კი ბავშვს დახმარება სჭირდება (ჩვენ ამ შემთხვევაში ბავშვებზე ვამახვილებთ ყურადღებას, თორემ არც ზრდასრულებშია ნკლები პრობლემა). ამჯერად რამდენიმე შემთხვევაზე ვისაუბრებთ, თავად მშობლების ნაამბობს.
სალომე, 25 წლის:
- ძალიან ცელქი ბავშვი მყავს, ჰიპერაქტიურია, არ ჩერდება ერთი წუთით. სულ თამაში უნდა, მოძრავია, თუმცა დამეთანხმებით, ახლანდელი ბავშვების უმრავლესობა სწორედ ასეთია. ამიტომ არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ რაიმე განსაკუთრებული სჭირდა. ერთხელაც გადავწყვიტე, რაკი სულ თამაში უნდა, უყვარს ბავშვები და სახლში ვერ ჩერდება, ბაღში შევიყვან-თქო. მივიყვანე ერთ-ერთ ბაღში, დირექტორთან. შეხედა ჩემს სამი წლის ბიჭს, რომელიც იქაც არ გაჩერდა და იცელქა კარგად, და გამომიცხადა, ეს აუტისტია და ჩვეულებრივ ბაღში რა გინდათო? გადავირიე. არასდროს არავის უთქვამს, რომ ბავშვს ეს პრობლემა ჰქონდა. მაშინვე გავაქციე ექიმთან – ერთმა ნევროპათოლოგმა უცებ დამიდასტურა, კი, როგორ არა, აუტიზმი აქვსო. ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ვინერვიულე, სანამ რამდენიმე სხვა ექიმთან მივიყვანდი. წავიკითხე უამრავი სტატია ამ თემაზე და ჩემითაც გამოვიტანე დასკვნა, რომ ეს აუტიზმი არ იყო, ბავშვი ხომ ჩვეულებრივ შედიოდა ყველასთან კონტაქტში, არ იყო ასოციალური და არც სხვა ნიშნებით ჰგავდა აუტიზმს. მოკლედ, ბოლოს სხვა ექიმებმაც დამამშვიდეს, თუმცა ამ პერიოდში იმდენი ვინერვიულე, ცოცხალი როგორ დავრჩი, არ ვიცი. იმ ერთმა არასწორმა დიაგნოზმა ძირს დამცა. ასე ხელაღებით როგორ შეიძლება დიაგნოზის დასმა, როცა სინამდვილეში აზრზეც არ ხარ, რა რას ნიშნავს და რას როგორი სიმპტომები აქვს.
ლიკა, 35 წლის:
- ჩემს გოგონას ხელზე, იდაყვის მოსახრელთან გამოაყარა და საშინლად ექავებოდა. ხან რა წავუსვი, ხან რა, არაფერმა არ უშველა და მივიყვანე დერმატოლოგთან, რომელიც მირჩიეს და ძალიან მიქეს. უბრალოდ დახედა და გამოაცხადა, ნაღველის ბრალიაო. დაგვინიშნა რაღაც წამალი, როგორც მერე ინსტრუქციაში ვნახე, სანაღვლე გზების და კუჭ-ნაწლავის პრობლემების დროს ნიშნავდნენ, და რაღაც მაზი, მის მიერვე დამზადებული. უცებ გაუვლისო. ჯერ ხომ მაზმა სრულიად არ იმოქმედა, იმ წამალმა კი ისე აატკივა მუცელი და ისეთ დღეში ჩააგდო, სულ თავბედი ვიწყევლე, რას ვერჩი-თქო ბავშვს. ქავილი ისე არ აწუხებდა, როგორც მუცლის ტკივილმა შეაწუხა. მერე სხვა დერმატოლოგთან წავედი, რომელმაც უცებ დასვა დიაგნოზი, რომ ჩვეულებრივი ატოპია იყო, დამინიშნა მაზი, რომელმაც ორ დღეში უშველა და მას მერე სულ იმ დერმატოლოგთან დავდივართ, თუ რაიმე პრობლემა გვაქვს. ასე, წვალებ-წვალებით, რამდენიმესთან განცდილი იმედგაცრუებით და ნერვიულობით მივაგენი რამდენიმე კარგ სპეციალისტს და სულ მათთან დავდივარ. თორემ ჯერ ისედაც იმდენი ფული გეხარჯება ნებისმიერ პატარა ავადმყოფობაზე და გართულებაზე, ცალკე სპეციალისტთან ვიზიტის საფასური და ცალკე წამლები, მერე კიდევ ამას რომ ემატება არასწორი დიაგნოზები, ნერვიულობა და ათასი სხვა რამ, ნამდვილად დიდი დარტყმაა ეს მშობლისთვისაც და ბავშვისთვისაც. ბევრი შემთხვევა გამიგონია, საერთოდაც რომ დაინვალიდებულან ბავშვები ან გარდაცვლილან კიდეც, არასწორად გაკეთებული დასკვნების გამო. იქნებ მოეგონ გონს და ცოტა მეტად იფრთხილონ, როცა ბავშვებთან აქვთ საქმე.
ელისო, 25 წლის:
- მე თავად გავხდი არასწორი დიაგნოზის მსხვერპლი, ბავშვობაში. რაიონში ვცხოვრობდი. 7 წლის გახლდით. ერთ დილას გავიღვიძე და ვერაფრით ვერ წამოვდექი ლოგინიდან – ფეხი არ მემორჩილებოდა. დავიწყე ბღავილი, გადაირივნენ მშობლები, მაშინვე გამაქციეს რაიონის ექიმთან. მან გამსინჯა და თქვა, რომ ვირუსული იყო, არაფერი საგანგაშო და თავად მიმკურნალებდა. რამდენიმე დღე რომ "მიმკურნალა" და არაფერი ცვლილება არ ყოფილა, ვიღაცამ ურჩია დედას, დროზე წაიყვანე თბილისში, რამე არ დამართოთ ბავშვსო. წამიყვანეს თბილისში და იქაურმა სპეციალისტებმა მალევე დასვეს დიაგნოზი – პოლიომიელიტი. დაგვიანებულ დიაგნოზს დაგვიანებული მკურნალობა მოჰყვა, რამაც შედეგი ვეღარ გამოიღო და დღესაც კოჭლი ვარ, რამდენიმე ოპერაცია გავიკეთე, მაგრამ არაფერი მეშველა... რამდენიმე წლის წინ გავთხოვდი, ორი შვილი მყავს და ისე დავკანკალებ, ჩემი ბავშვობის მწარე გამოცდილების გამო, ცოტაც რომ რაღაც ასტკივდებათ, მაშინვე ექიმთან მიმყავს... მე მინდა მომავალ ექიმებს ვუთხრა, თუ გულით არ გინდათ ეს პროფესია, თუ არ გაქვთ მოწოდება, რომ ხალხს ემსახუროთ და ადამიანები განკურნოთ, ნუ აირჩევთ სამედიცინო საქმეს და რამე სხვა გააკეთეთ. თქვენზე უამრავი ადამიანის ბედი, სიცოცხლეა დამოკიდებული, გთხოვთ, გაიაზრეთ ეს და ნუ დაღუპავთ ადამიანებს მცდარი ვარაუდების ან ფულის გამო.
ნათია, 30 წლის:
- ჩემს შვილს ძალიან უჭირდა ლაპარაკი. თავიდან არ ვაქცევდით ყურადღებას, გვეგონა, თანდათან ალაპარაკდებოდა, მაგრამ სამი წლისაც რომ არაფერს ამბობდა, უკვე შევშფოთდით. რაიონში ვცხოვრობთ და ჩვენს დაბაში მივიყვანეთ ექიმთან. დაგვამშვიდა, რომ ზოგიერთი გვიან იწყებს ლაპარაკს და 4 წლამდე დაიცადეთო. ამასობაში, იმის გამო, რომ ვერ გამოთქვამდა თავის ემოციებს, ვერ ამბობდა სათქმელს, ბავშვი საკუთარ თავში ჩაიკეტა, სულ გაღიზიანებული იყო, ბავშვებს რომ ხედავდა, კომპლექსდებოდა, რცხვენოდა, რომ თვითონ ვერ ლაპარაკობდა და კუთხეში მიიყუჟებოდა ხოლმე. უკვე ისეთ მდგომარეობაში იყო, შემეშინდა, ამან ფსიქიკაზე, ნერვებზე არ იმოქმედოს-მეთქი და თბილისში წავიყვანე ექიმთან. ნევროპათოლოგმა მაშინვე მაჯახა, ეს აუტიზმია, წაიყვანეთ ცენტრში და მკურნალობა დაიწყეთო. ნიშნებით მართლა ჰგავდა აუტიზმს, თუმცა დედის ინტუიცია მკარნახობდა, რომ პრობლემა უფრო მეტყველებაში იყო. გადავწყვიტე, კიდევ მეცადა და მეტყველების სპეციალისტთან მივიყვანე. გაახარებს ღმერთი იმ ქალბატონს, როგორც კი გასინჯა, მითხრა, ამას მეტყველება აქვს დაგვიანებული, ლაპარაკის პრობლემა აქვს და იმიტომ იქცევა ასეო. იქვე დავიწყეთ ლოგოპედთან სიარული და დღეს უკვე, მართალია, ჩლიქინით, მაგრამ ყველაფერს ლაპარაკობს. ბავშვი გახალისდა, გათავისუფლდა, გიჟდება ბავშვებზე, ყველას ეთამაშება და დაუსრულებლად ლაპარაკობს. სხვათა შორის მერე გავიგე, რომ არის შემთხვევები, როცა პირიქითაც ხდება, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვს არ უსვამენ სწორად დიაგნოზს, სულ სხვა მიმართულებით მკურნალობენ და შემდეგ სწორი მკურნალობაც დაგვიანებულია ხოლმე...
მშობლებთან ერთად ჩვენც ვთხოვთ ექიმებს, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ იმ საქმეს, რასაც ბავშვთან მუშაობა ჰქვია. თუ რაღაც არ იციან, სჯობს სხვა სპეციალისტთან გადაამისამართონ, ვიდრე არასწორი დიაგნოზით მკურნალობა დაუგვიანონ.