როდესაც სახლში დაბრუნებულს სახეზე პატარა თითები მოგეფერება და გეტყვის, რომ ძალიან უყვარხარ, სულ სხვა ენერგიით აივსები გამოხმაურება გოგონას წერილზე, რომელიც ჰყვებოდა, რომ ახლობელ-ნათესავების "სურვილითა და ზეწოლით" დაფეხმძიმდა (იხილეთ სტატია):
გამარჯობათ, მინდა მივმართო იმ გოგონას, რომელიც გულისწყრომას გამოხატავდა მისი ნათესავების და მუცლადმყოფი ბავშვის მიმართ, სათქმელი საკმაოდ ბევრი დამიგროვდა და კომენტარში ვერ დავწერე, გთხოვთ გამოაქვეყნოთ.
ჩემო კარგო, წავიკითხე შენი წერილი და დიდი ხანი ვფიქრობდი, დამებრუნებინა თუ არა პასუხი და აი, გადავწყვიტე მომეწერა. მე კახეთიდან ვარ, მეუღლე იმერელი მყავს, მაგრამ დედაქალაქში ვცხოვრობთ სრულიად მარტო, ჩვენს ორ ვაჟკაცთან ერთად. ნათესავები რაიონებში გვყავს და იშვიათად ვახერხებთ მათ მონახულებას. იმას, რაც შენ მობეზრებული გაქვს (ნათესავების სტუმრობა), მე ხშირად ვნატრობ და არა მარტო მე. ბევრჯერ მინატრია, გვერდით ახლობელი მყოლოდა და მასთან მესაუბრა თუნდაც უაზროდ... ბევრჯერ მინატრია ჩემი დედამთილის ჩემ გვერდით ყოფნა, მაგრამ ფიზიკურად შეუძლებელია - საქართველოში არ იმყოფება. შეცდომები მასაც მოსდის, მაგრამ მაინც მინდა, ჩემ გვერდით იყოს, მინდა ხარობდეს შვილის და შვილიშვილების ყურებით, ასე რთულ ფერებში ნუ აღიქვამ ცხოვრებას, ბედნიერება მხოლოდ შენს თანატოლებში არ ეძებო.
ახლა შენს მუცლადმყოფ პატარაზე დავწერ. ამბობ, ასეთი პასუხისმგებლობისთვის მეც და ჩემი მეუღლეც მზად არ ვართო. მერწმუნე, როგორც კი დედა გახდები, სრულიად შეიცვლება შენი და შენი მეუღლის დამოკიდებულება ცხოვრებაზე, ბავშვის დაბადების დღიდან ზუტად გეცოდინებათ, ვის გამო უნდა ებრძოლოთ ცხოვრებას. არ ვამბობ, რომ ადვილია, გეთანხმები, რთულია, შენდაუნებურად ჩაერთვები ცხოვრების ყოველდღიურ ჭიდილში, გადაიღლები კიდეც, მაგრამ როდესაც სახლში დაბრუნებულს სახეზე პატარა თითები მოგეფერება და გეტყვის, რომ ძალიან უყვარხარ, სულ სხვა ენერგიით აივსები და მეორე დღეს ისევ დაიწყებ ყოველდღიურ ბრძოლას. ეს პროცესი დამღლელი იქნება, მაგრამ ერთ დღეს, როცა შენი შვილი შენთვის საგმირო საქმეს გააკეთებს, გარშემო მყოფებს სიამაყით გადახედავ და იტყვი, რომ ის შენი შვილია. ახლა შენ ყველაზე ლამაზი ქალი ხარ, ორსული, მუცლად შენი საყვარელი ადამიანის ნაყოფს ატარებ, შენს მდგომარეობაში ყოფნას მსოფლიოში მილიონობით ქალი ნატრობს ,უფლისგან დიდი საჩუქარი გერგო და მიიღე, მოეფერე, უმღერე, დატკბი მისით. როდესაც მუცელში მის პირველ შემოტევას იგრძნობ მუცელზე ხელი დაიდე და მოესიყვარულე, მერწმუნე, უბედნიერესი ქალი ხარ ყველაზე ბედნიერი, იმიტომ, რომ გერგო უფლება ღვთისგან, იყო დედა.
ქეთი