"არ გამკიცხოთ, უბრალოდ მირჩიეთ რამე... თავის მოკვლა გადავწყვიტე..." ეს წერილი ჩვენი მკითხველისგან მივიღეთ, რომელსაც სურს, მისი ამბავი სხვებმაც გაიგონ და სხვა დედებმა რამე ურჩიონ. მას გაკიცხვა და კრიტიკა არ უნდა, უბრალოდ დახმარება უნდა რჩევით და იქნებ გამოცდილმა დედებმა კომენტარებში რჩევები არ დაიშურონ.
"საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში ვცხოვრობდი. 15 წელია მეუღლე დამეღუპა და შვილებთან ერთად დავრჩი უპატრონოდ და უსახლკაროდ. აფხაზეთიდან დევნილები ვართ. ძალიან მიჭირდა, ნახევრად მშიერი ვწვებოდი, რომ ჩემი შვილებისთვის საჭმელი არ მომეკლო.
5 წელი ასე ვიწვალე. მერე უკვე გოგო დიდი გახდა, სწავლა უნდოდა და გადავწყვიტე საზღვარგარეთ წასვლა. წავედი, ჩემდა საუბედუროდ...
გოგომ უნივერსიტეტში ჩააბარა. სწავლის ფულსაც ვუხდიდი, ქირასაც და ვალებსაც - დიდი ვალი დამრჩა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ. კიბოთი გარდაიცვალა და რამდენიმე წელი მოვუნდი ვალების გასტუმრებას.
მერე ახალი უბედურება დამატყდა თავზე... დედაჩემი, რომელიც ჩემს შვილებს უვლიდა, მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა... რა უნდა გვექნა? მეორე შვილი, ვაჟი, მაშინ 11 წლის იყო. იძულებული გავხდით, ჩემი გოგონა თბილისიდან რაიონში დაბრუნებულიყო, სწავლა იქ გაეგრძელებინა, რომ ჩვენს ნათესავებთან ერთად, თავის ძმაზე ეზრუნა. მე კვლავ ვუგზავნიდი ფულს და იქიდან ვარჩენდი ოჯახს. საკმაოდ იწვალეს, მათაც, მეც...
მერე გოგო გათხოვდა, უნივერსიტეტიც დაამთავრა, მეც ცოტა სული მოვითქვი და რაც დავაკელი შვილებს, ვცდილობდი, ის დანაკლისი შემევსო. მართლა არაფერს ვაკლებდი და სწორედ აქ დამიშვია შეცდომა...
ბიჭსაც ვამზადებდი, ისიც მოეწყო უნივერსიტეტში და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. თუმცა ეს სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. ახლა იმდენად დიდი მოთხოვნები აქვს, უკვე ჭკუიდან გადავყავარ. არ დადის უნივერსიტეტში, ვურეკავ და არ მპასუხობს. ეგ კი არა, თურმე მე რომ დავურეკავ, ტელეფონს კედელზე ისვრის, ჩემი სახელის ხსენებაც არ უნდა. მანქანის ყიდვაზე უარი ვუთხარი და იმიტომ სწავლას თავი დაანება. მთელი დღეები სძინავს...
ისეთ ჭკუაზე ვარ, თავის მოკვლა გადავწყვიტე, მაგრამ მეორე შვილი მეცოდება. გთხოვთ, დამარიგეთ, ნუ გამკიცხავთ. სად დავუშვი შეცდომა?! რომ არ წავსულიყავი, მშივრები დავიხოცებოდით, ვერც ვასწავლიდი. წავედი და დედა შეიძულა, დასანახად არ ვუნდივარ. სიტყვის თქმას ვერ ვუბედავ, სულ მიყვირის. მხოლოდ მაშინ მპასუხობს ტელეფონზე, როცა ფულს და საჩუქრებს ვუგზავნი. აიღებს ფულს და 2 დღის მერე ისევ ისე ცუდად მექცევა... მირჩიეთ რამე, როგორ მოვიქცე..."
მაკა, 40 წლის