"ჩემი გინეკოლოგის შეცდომის გამო ძალიაან გავმწარდი..." - ქართველი ორსული ქალების რეალური და შემაშფოთებელი ისტორიები არასწორი დიაგნოზების და არასწორი მკურნალობის თემაზე არაერთხელ გვისაუბრია. ამჯერად ორსულობის დროს დასმული არასწორი დიაგნოზის შესახებ გვიამბო ერთმა დედამ, რომელიც "თანამედროვე დედების კლუბის" წევრია და მისმა ნაამბობმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა. აღმოჩნდა, სწორედ მისი მსგავსი დიაგნოზით კიდევ ბევრი მომავალი დედის ჯანმრთელობა დამდგარა საფრთხის ქვეშ. გთავაზობთ მის ნაამბობსაც და რამდენიმე კომენტარსაც:
"ცოტა გრძელი ამბავი უნდა მოგიყვეთ, თუ დაგეზარებათ, არ წაიკითხოთ, მაგრამ ჩემი გინეკოლოგის შეცდომის გამო ძალიაან გავმწარდი... ახლა ამას მარცხენა ხელით ვწერ იმიტომ, რომ მარჯვენა მხარეს თითქმის ვერ ვამოძრავებ.
4 თვის ორსული რომ ვიყავი, მარჯვნივ რაღაც ამტკივდა. გინეკოლოგი შვებულებაში იყო, თან თავიდან ცოტათი მაწუხებდა და ვიფიქრე, დავიცდი-მეთქი. მერე გამსინჯა და მითხრა, ტონუსის გამო გაქვს ეგ ტკივილებიო. საკმაოდ ძვირად ღირებული წამალი გამომიწერა, 3 თვე სვიო. ვიყიდე და ვსვამდი, მაგრამ უფრო მიმატებდა ტკივილი. შუა ზაფხულში ისე შემცივდა, რომ ვკანკალებდი. მთელი სხეული ისე მიკანკალებდა, მეგონა, ბავშვს რაღაც დაემართებოდა. გამიარა კანკალმა და 39-40 მომცა სიცხე.
დაურეკეს ჩემს გინეკოლოგს, ტელეფონით გაასინჯინა რძალს ჩემი თავი და უთხრა, თირკმელიაო. ადრე კენჭის გავლა მქონდა და ვუთხარით, მანაც დაასკვნა, რომ თირკმელში კენჭი და ანთება მქონდა. მე გათიშული ვეგდე და არ მახსოვს, რა წამლებს მასმევდნენ, მაგრამ უამრავი ნემსი, სანთელი და აბი დამინიშნა... 4 დღე გავიდა და ისევ ისე ვიყავი, სიცხიანი წავედი გინკოლოგთან. იქ უროლოგიც ჰყავთ და ორივემ გამსინჯა, გადამიღეს და კენჭის დასაშლელი წამლები გამომიწერეს.
მაინც არაფერი შეიცვალა, პირიქით, ტკივილები მიძლიერდებოდა და სიცხეც არ მიწევდა. ისევ სიცხიანი წავედი სხვა უროლოგთან, გადამიღეს ექო და რას ვხედავ, არანაირი კენჭი და ლოდი, აბსოლუტურად სუფთა თირკმელი, რომელზეც თავი უდევს ჩემს ქალბატონს, ფეხი ფეხზე გადაუდია და თითს წოვს...
აი მაშინ ამოვისუნთქე, რომ დავინახე, ჩემი გოგო თავს კარგად გრძნობდა. ანუ სინამდვილეში ნაყოფი აწვებოდა თირკმელს, ბლოკავდა და სითხე აღარ გადიოდა საშარდე ბუშტში, თირკმელი სივდებოდა და ტკივილებიც ამიტომ მქონდა.
ექიმმა ვარჯიშები დამინიშნა, 3-5 დღეში თუ არ გიშველის, მილის ჩადგმა მოგვიწევსო. საბედნიეროდ, ვარჯიშებმა მიშველა, სიცხე აღარ მქონდა, აღარც ანთება და ჩვეულებრივად გაგრძელდა ორსულობა. ნორმალურად ვიმშობიარე და აღარც შევუწუხებივარ, მაგრამ მას მერე ხშირად მტკივა მარჯვენა მხარე. ტკივილგამაყუჩებელიც არ მშველის ხოლმე... თურმე 5-დან 1 ორსულს ემართება მსგავსი რამ და მე შეცდომით დასმული დიაგნოზის გამო რამდენი რამ გამოვიარე..."
მარიამი
მარიამის ამბავს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა და მართლა აღმოჩნდა, რომ ზუსტად მსგავს მდგომარეობაზე მსგავსი დიაგნოზითა და მკურნალობით არაერთი ორსული ჩაუგდიათ ექიმებს საფრთხეში. აი, რამდენიმე კომენტარი:
"მეც ზუსტად თქვენნაირი პრობლემა მქონდა. ბავშვი აწვებოდა თირკმელს და ბოლოს ღუდუშაურშიც ამოვყავი თავი. თირკმლის შეტევამ მშობიარობაც დამიჩქარა და თითქმის ერთი თვით ადრე გავაჩინე. მაგრამ მადლობა ღმერთს, მშვიდობით დამთავრდა ყველაფერი"...
"მე ღუდუშაურში მიმიხვდა ექო. მანამდე გამჭყიპეს ანტიბიოტიკებით. ხანდახან მაწუხებს, როგორ არა. მუხლი და ვენა მაწუხებს. ძალიან მოვიმატე და წონას ვერ ვაგდებ. ფეხმძიმობის ბოლო 2 კვირა კოშმარი იყო. გავშეშდი, ვერც ვწვებოდი, ვერც ვჯდებოდი, დამისვეს დიაგნოზი, კენჭი საშარდე მილშია გაჭედილიო და დალიე დასაბადებელი წამალიო, მაგრამ მშობიარობა დაგიჩქარდებაო. მოკლედ, მთელი 12 დღე ვენაში გამაყუჩებლებით გამბერეს. თბილისში ძლივს ჩავედი და მივედი გურგენიძესთან, დიდხანს ეძება კენჭი და ბოლოს მითხრა, შვილო, იმათ ხომ არ აქვთ თვალებში ლოდიო? ბავშვი აწვებოდა თირკმელს... მეორე დღეს საკეისრო გავიკეთე და თირკმლის მისამართი დამავიწყდა..."