"ყველა ის მოხუცი, რომელსაც ვუვლიდი, ჩემზე ბედნიერები იყვნენ" ის შვილებისთვის უცხოეთში გადახვეწილ ქალთა სიმბოლოა, შვილებს კი უკვე აღარ სჭირდებათ... რედაქციაში ქალბატონი გვეწვია... 15 წელიწადი ვემსახურე შვილებს უცხოეთიდან, სახლები ავუშენე, მოვუწყვე, შვილები დავაზრდევინე, მათ კი ისე მომიქციეს საქმე, რატომ მეც იმ მოხუცებთან ერთად არ მოვკვდი, ვისაც უცხოეთში ვუვლიდიო, მათქმევინეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აღსარება საქმეს ვერ უშველის, ეგებ იმ დედებმა გაითვალისწინონ, რომლებიც ახლა აპირებენ შვილების ფეხზე დასაყენებლად საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლასო. ქალმა მხოლოდ ის მთხოვა, - ჩემს ვინაობას ნუ გაამხელთ, ჩემს ბიჭებს თავი მოეჭრებათო.
- მეგონა, თუ უცხოეთში წვა-დაგვით ნაშოვნი ფულით შვილებს ცხოვრებას მოვუწყობდი, დედის მოვალეობას შევასრულებდი. პირიქით მიქნია, - მზამზარეული შემოსავლით შვილები შრომას და ამასთან, სითბოსა და სიყვარულს გადამიჩვევია.
როცა დავქვრივდი, ბიჭები 8 და 9 წლისანი იყვნენ. წვალებით დავზარდე. დაოჯახდნენ და მეტი დასჭირდათ. ფული ვისესხე, უფროსს ოთხოთახიანი ბინა ვუყიდე, უმცროსსაც ის ოთხოთახიანი ბინა დავუტოვე, სადაც ერთად ვცხოვრობდით და ვალის გასასტუმრებლად საბერძნეთში წავედი. ნაცნობმა სამსახური მიშოვა. ისეთი დავრდომილი მოხუცი იყო, მის დანახვაზე მუხლი მომეკვეთა, - ამას როგორ მოვუარო-მეთქი? ახლა ვფიქრობ, ყველა ის მოხუცი, რომელსაც ვუვლიდი, ჩემზე ბედნიერები იყვნენ, რადგან მათ შვილები აკითხავდნენ და უყვარდათ... დღედაღამ ძილი არ ვიცოდი, მაგრამ არ ვჩიოდი, მთავარი იყო, რომ შვილებს ვეხმარებოდი. უფროსს ბინის მოსაწყობად 27 000 დოლარი გამოვუგზავნე, უმცროსს - 19 000... შვილიშვილებისთვის გამოგზავნილ ტანსაცმელს ხომ თვლა არ ჰქონდა. მეგონა, მათ სიყვარულს მოვიპოვებდი და თურმე ვშორდებოდი! მეგონა, ფეხზე ვაყენებდი და თურმე ვაქცევდი.
მოკლედ, როცა ჩავთვალე, რომ ორივეს ყველაფერი ჰქონდა, ვიფიქრე, ჩემთვისაც ვიყიდი ერთოთახიან ბინას, ჩემ შემდეგ კი ისევ შვილებს მოხმარდება-მეთქი. უფროს ვაჟს ფული გამოვუგზავნე, - გარეუბანში ერთოთახიანი მიყიდე-მეთქი. მაგრამ მომატყუა, ფული დაუხარჯავს...
მერე უმცროსმა დამირეკა, - მთავრობა გვაძლევს ბინას (ჩემი რძალი დოლიძის ქუჩაზე იმ ადგილას ცხოვრობდა, სადაც ცნობილი ტერაქტი მოხდა და ბინები დაზიანდა, რის სანაცვლოდაც, როგორც შვილმა მითხრა, მთავრობამ ბინები გასცა), მინდობილობა გამომიგზავნე, რომ ჩვენი ბინა გავყიდოთ (ბინა ჩემს სახელზე იყო გაფორმებული), ფულის ნაწილით ახალ ბინას გავარემონტებ და დანარჩენით ერთოთახიანი ბინა იყიდეო... აბა, როგორ უნდა მეფიქრა, რომ ისიც მატყუებდა... გაგრძელება