"არ ვიცი რა ვქნა, გამოსავალი მაპოვნინეთ..." - პრობლემა, რომელიც ბოლო დროს ბევრ ოჯახს აწუხებს "ჩემი ამბავი ალბათ არ იქნება მხოლოდ ჩემი ამბავი, რადგან გამიგონია სხვებისგანაც მსგავსი პრობლემის შესახებ. თუმცა მაინც მინდა მოგიყვეთ და იქნებ უფრო გამოცდილი დედები დამეხმარონ გამოსავლის პოვნაში...
ორი შვილი მყავს. რომ გავთხოვდი, მალევე დავრჩი ორსულად, ახალი დამთავრებული მქონდა უნივერსიტეტი. არ ვიჩქარე მუშაობის დაწყება, ბავშვს გავზრდი და მერე ვიმუშავებ-თქო. ქმარიც მიწყობდა ხელს და ბაღის ასაკამდე მშვიდად მივიყვანე ჩემი უფროსი შვილი.
როგორც კი ბაღში შევიყვანე, ახლობელი დამეხმარა და ძალიან კარგი სამსახური მაშოვნინა ერთ-ერთ ბანკში. საწყის ეტაპზე 600 ლარი მქონდა ხელფასი, მერე დამაწინაურეს და ახლა საკმაოდ სოლიდური ხელფასი მაქვს.
ამასობაში უფროსი სკოლაშიც შევიყვანე, გახნგრძლივებულში ვტოვებდი და ზუსტად სამუშაოს დამთავრების შემდეგ გამომყავდა სკოლიდან. ერთად ვრბუნდებოდით სახლში, ველოდებოდით მამას და ერთი სიტყვით, ჰარმონიულად და ტკბილად ვცხოვრობდით.
მეორე შვილზე ვფიქრობდი, თუმცა ვგეგმავდი, ცოტა სტაბილურად ავეწყო და მერე გავაჩენ-თქო. თუმცა მოულოდნელად, როცა ანასტასია 7 წლის გახდა, მე ისევ დავრჩი ორსულად. მართალი გითხრათ, გამიხარდა, მაგრამ გულის სიღრმეში შიშმა გამკრა – არც სამსახურის დაკარგვა მინდოდა და არც კიდევ წლობით სახლში ჯდომა. მე და ჩემმა ქმარმა ბევრი ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ორსულობის პერიოდიდანვე მოგვეძებნა კარგი ძიძა, რომელსაც ბავშვს თავისუფლად ვანდობდით.
ბევრი ამბავი მქონდა გაგონილი, როცა ბავშვებს ხშირად უცვლიან ძიძებს და ეს საშინლად არ მომწონდა, ვფიქრობდი, რომ ასე ბავშვი ძალიან ისტრესებოდა. ამიტომ ამ საკითხს მეტისმეტად სერიოზულადაც კი მივუდექით და ორსულობის მეექვსე თვიდან მთელმა სანაცნობომ იცოდა, რომ კარგ ძიძას ვეძებდით.
მართლაც, შემხვდა ძალიან კარგი ადამიანი, ქალბატონი, რომელიც ბავშვებზე უზომოდაა შეყვარებული, განათლებულია, სუფთა, კარგი მეოჯახე – ერთი სიტყვით, ისეთი, ყველა რომ ისურვებს სახლში. მეცხრე თვეში ვიყავი, რომ ვთხოვე, უკვე დარჩენილიყო ჩვენთან, შევგუებოდით ერთმანეთს და შევჩვეოდით.
ბავშვი რომ გაჩნდა, ორ კვირაში სამსახურში მომიწია გასვლა. მართალია, 2 თვემდე რამდენიმე საათით გავდიოდი, მაგრამ პატარის დატოვება უკვე მიწევდა. თან უფროსსაც სჭირდებოდა ყურადღება, დახმარება მეცადინეობის დროს, საჭირო იყო სადილის გაკეთება ქმრისთვის და ა.შ. ამიტომ ისე გამოვიდა, რომ მას მერე, რაც ორი კვირის გახდა, პატარა ლუკა პრაქტიკულად, უმეტეს დროს ძიძასთან ატარებდა. ხოლო ორი თვის ასაკიდან მე უკვე მთლიანად გავედი სამუშაოზე და საღამოს 7 საათამდე შინ ვერ ვბრუნდებოდი.
ასე თანდათანობით შევეჩვიეთ ახალ ცხოვრებას ჩვენ ყველანი. მე კმაყოფილი ვიყავი, რომ ბავშვს სანდო ადამიანთან ვტოვებდი, რომელიც არაფერს აკლებდა, საუკეთესოდ უვლიდა და ხანდახან სახლის საქმეებსაც კი აკეთებდა. მეტი რა მინდოდა? სხვა შედეგებზე მაშინ ნაკლებად ვფიქრობდი, ან არ მინდოდა, მეფიქრა. არც იმას ვიმჩნევდი, რომ წასვლისას ლუკა ძიძას ეტირებოდა, ჩემს წასვლა-მოსვლაზე კი რეაქცია აღარ ჰქონდა. ვერც იმას ვამჩნევდი თითქოს, რომ ძიძას გაცილებით მეტი სითბოთი უყურებდა, ვიდრე მე... ვფიქრობდი, რომ ცოტა გაიზრდებოდა და თვითონვე გაერკვეოდა ყველაფერში... დინებას მივყვებოდი და თვალებს ვხუჭავდი. ახლობელი გოგონებიც ხშირად მიყვებოდნენ მსგავს ამბებს, სიცილით მიამბობდნენ, როგორ ეშლებოდათ მათ შვილებს ძიძა და დედა ერთმანეთში და მეც მათთან ერთად ნაძალადევდ ვიცინოდი, რადგან გულის სიღრმეში ეს ძალიან მტკენდა გულს...
ახლა ლუკა 3 წლისაა. ძალიან საყვარელი ბიჭუნაა. ბაღის ასაკი დაუდგა და გადავწყვიტეთ, ბაღში შევიყვანოთ. თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ახლა დაგვეწყო. მე სრულიად გავაცნობიერე რეალობა, რომელიც ამჟამად არის – ლუკა გიჟდება თავის ძიძაზე, რომელსაც ხანდახან დედასაც ეძახის, მე კი სახელს მეძახის და პრაქტიკულად, მხოლოდ იმიტომ ვუყვარვარ, რომ საღამოობით ტკბილეული მიმაქვს ან სადმე სასეირნოდ მიმყავს ხოლმე. დანარჩენი, მისთვის ყველაფერი ძიძაა. და ახლა ლუკა რომ ბაღში შევა, წესით, მე ძიძა უნდა დავითხოვო და გავაგრძელოთ ჩვეული ცხოვრება, მაგრამ...
ამას ვერ ვაკეთებ. ისეთი განცდა მაქვს, ასე რომ მოვიქცე, ლუკას მეორედ წავართმევ დედას... დიახ, ვფიქრობ, რომ პირველად მას ორი კვირისას წავართვი ბიოლოგიური დედა, მეორედ კი ახლა წავართმევ ადამიანს, რომელმაც ჩემზე გაცილებით მეტი იცის მასზე, ჩემზე მეტი ამაგი აქვს და გაცილებით მეტი სიყვარული მისცა ამ სამი წლის განმავლობაში... იმდენს ვფიქრობ ამაზე, ლამის გავგიჟდე. ვატყობ, ძიძასაც უჭირს ამაზე ფიქრი და არც ლაპარაკობს ამ თემაზე. ელოდება განაჩენს... ჩემთვის ეს მართლა განაჩენია. ვიცი, სხვა დედა მარტივად გადაწყვეტდა, გაუშვებდა ძიძას და დაიბრუნებდა შვილს... ან იქნებ არც ფიქრობენ ასე ტრაგიკულად და ამ საკითხს ასე ღრმად არც უყურებენ. მაგრამ რეალურად ხომ ასეა?! ჩვენს შვილებს ორჯერ და ხან სამჯერ და მეტჯერაც ვართმევთ დედებს... სულ პაწაწინებს ვურევთ ტვინს და საწყლები, უსუსურები ჩვენს იმედად არიან, როდის ვის გადავუწყვეტთ მათ დედობას, როდის ვის დავაკისრებთ მათი მოვლა-პატრონობის ტვირთს, როდის ვის ვამღერებთ მათთვის იავნანას... ისინიც იბნევიან, ირევიან, გამოხატავენ პროტესტს ტირილით, ჭიჭყინით, კაპრიზებით, სიავით. უფრო დიდ ასაკში კი – მშობლის უპატივცემულობით, ურჩობით, სიუხეშით და ა.შ.
იცით რას ვფიქრობ? ვაპირებ, რომ გარკვეულ ასაკამდე არ გავუშვა მისი ძიძა-დედა და მასთან ერთად ვამყოფო, რომ მასთან განშორებით ბავშვს ძალიან დიდი სტრესი არ მივაღებინო და უპატიებელი შეცდომა არ დავუშვა. კიდევ, ვფიქრობ ამ დროის განმავლობაში მაქსიმალურად დიდი დრო გავატარო ჩემს შვილთან და დავიბრუნო მისი სიყვარული და ერთგულება. არ ვიცი, გამომივა თუ არა. და არ ვიცი, სწორად ვიქცევი თუ არა... მირჩიეთ, თუ უფრო უკეთესი გამოსავალი გაქვთ ვინმეს..."
მარიამი, 37 წლის