"ხანდახან ისე ვეჭვიანობ იმ ვიღაც ბავშვზე, რომელიც დედას მართმევს... რომელიც ჩვენთვის განკუთვნილ სითბოს იღებს..." – 15 წლის გოგონას ემოციური წერილი "მე 15 წლის ვარ. თქვენს საიტზე ხშირად ვკითხულობ სტატიებს და ბოლო დროს შემხვდა ერთი წერილი, თუ როგორ უჭირს დედას თავისი შვილის და ძიძის დაშორება... ეგ წერილი რომ წავიკითხე, ბევრი ვიტირე... წარმოვიდგინე, როგორ უჭირს ალბათ დედაჩემს მორიგ პატარასთან განშორება... მერე კი უფრო გავბრაზდი და ჩემი თავი შემეცოდა – მე ხომ დედა ფაქტობრივად არც მყავს. ჩემი დედიკო წლებია, სხვებს უწევს დედობას...
მომინდა, მომეწერა ჩემი ამბავი, რომ ცოტა გული მომეოხებინა. დედას ვერაფერს ვერ ვეუბნები, ვიცი, თვითონაც განიცდის და არ მინდა, კიდევ დავუმატო სადარდებელი. არადა, მინდა გავუზიარო ვიღაცას ჩემი დარდი და იქნებ სხვებიც არიან ჩემსავით და მათაც გამიგონ.
5 წლის ვიყავი, როცა დედას პირველად შესთავაზეს ძიძად მუშაობა – მამა მაშინ არ მუშაობდა და ძალიან გვიჭირდა. ჩემი უმცროსი ძმა 3 წლის იყო, უფროსი – 8-ის. დედამ ბევრი იფიქრა, მერე – ბევრი იტირა და ერთ დღესაც, სამუშაოდ წავიდა. თითქოს არაფერია ამაში ტრაგიკული, უამრავი დედა მუშაობს, უამრავი დედა ატარებს დიდ დროს სამსახურში და მოდის საღამოს სახლში, მაგრამ როცა იცი, რომ დედაშენი სახლიდან მიდის იმისთვის, რომ სხვის შვილს მოუაროს და ამ დროს თავისი ჰყავს მოსავლელი, ეს დედისთვისაც დიდი ფსიქოლოგიური დარტყმაა და შვილისთვისაც. ყოველ შემთხვევაში, მე შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვობა გამიმწარდა... სულ დედას ველოდი, სულ მის მოფერებაზე ვოცნებობდი. ის კი საღამოს ძალაგამოცლილი, ენერგიადაცლილი ბრუნდებოდა და უკვე ემოციების გამოხატვის თავიც არ ჰქონდა. სხვის სახლში უწევდა სადილების კეთება, ნამცხვრების ცხობაც ხანდახან და ჩვენს სახლში დაბრუნებულს, აღარაფრის ძალა აღარ რჩებოდა. დღის განმავლობაში ჩვენ მოხუცი ბებო გვივლიდა, მამა დაგვატარებდა აქეთ-იქით. მერე კი, ცოტა რომ წამოვიზარდეთ, ადრე გავხდით დამოუკიდებლები და ჩვენს თავს თავადაც ვუვლიდით. რამდენიმე წლის წინ ბებო გარდაიცვალა, მამამაც მუშაობა დაიწყო, თუმცა დედას სახლში დაჯდომა უკვე მთლიანად გამოირიცხა – სამ ბავშვს იმდენი რამ გვჭირდებოდა, თუ საჭმელ-სასმელი, თუ ჩასაცმელი, თუ სწავლა-განათლება, პირიქით, მშობლები წელებზე ფეხს იდგამენ დღემდე, რომ არაფერი მოგვაკლონ. ამიტომ ადრეული ასაკიდან ვისწავლეთ, როგორ უნდა ვიყოთ სახლში მარტოები, როგორ მოვუაროთ თავს, გავიკეთოთ უცებ საუზმე, წავიდეთ სკოლაში, წრეებზე, დავალაგოთ სახლი... ჩვენი მეზობელი ამბობს, რომ ეს ძალიან კარგია და მისი ზარმაცი შვილისთვის თურმე მაგალითად ვყავართ, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ისე მინდა, მეც მელოდებოდეს სახლში დედა, დადიოდეს კრებებზე, დამყვებოდეს ექსკურსიებზე, ჰქონდეს ბევრი დრო, რომ მოვუყვე ჩემი ამბები, მოვეფერო... სულ ვფიქრობ, მოძებნოს რამე სხვა სამსახური, ნებისმიერი, ოღონდ არა ეს – ხანდახან ისე ვეჭვიანობ იმ ვიღაც ბავშვზე, რომელიც დედას მართმევს... რომელიც ჩვენთვის განკუთვნილ სითბოს იღებს...
ძალიან ძნელია, როცა დედა სხვის შვილებს უვლის, შენ კი ის ძალიან, ძალიან გენატრება..."
ნია, 15 წლის