ვერ ვიტან ჭკუის სწავლება და მითუმეტეს, ვღიზიანდები, როცა ახალგაზრდა დედას "ჩასჩიჩინებენ", მაგრამ იმაშიც დავრწმუნდი, რომ თითოეულ დედას აუცილებლად აქვს რაღაც გამოცდილება, რომელიც მეორე დედას გამოადგება.
ამის დაწერა პაპანაქება სიცხეებმა და ერთ-ერთ აივანზე "ადიელაში" გახვეულმა ჩვილმა გადამაწყვეტინა. "გაცივდება" - ყველაზე ხშირი ფრაზაა, რაც ახალშობილთან დაკავშირებით გვესმის. ვაცმევთ წინდებს, ვახვევთ თბილად, თავზე ვახურებთ და ამ დროს თავად ვიგუდებით სიცხისგან. მოკლედ, ექიმი არ ვარ და არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ, აი ისი თქმა მსურს:
რამდენიმე წლის წინ თბილისში ვიმშობიარე, მაისის ბოლოს. საკმაო "უჟმური" გაზაფხული იყო, სულ წვიმდა და მახსოვს, საკმაოდ თბილი ხალათით მომიწია სამშობიაროში ყოფნამ. პალატას უზარმაზარი ფანჯრები ჰქონდა, დერეფანსაც ასევე. პირობებს არ ვუჩიოდი და ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ უპატრონობით ხდებოდა ის, რაც ხდებოდა... და აი რა ხდებოდა: ეს კედლისხელა ფანჯრები მუდმივად ღია იყო. საათების წინ გაჩენილ ბავშვებს სუსხიანი ნიავი უბერავდათ. მხოლოდ პალატის კი არა, დერეფნის ფანჯარაც ღია იყო და ამ ორპირში ვხდიდით და ვაცმევდით პატარებს, იქ ეძინათ...ისეთი სუსხი დაუბერავდა ზოგჯერ, რომ მაჟრჟოლებდა, ამ დროს კი შეიძლება ბავშვი გახდილი ყოფილიყო. რატომ არ ვაპროტესტებდი? ვფიქრობდი, ყველა ექიმი ხედავს, რაც ხდება და საშიში რომ იყოს, ხომ თვითონ დახურავდნენთქო. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ დაბადებიდან 3 დღის (ან მეტი, მე თვითონ ერთი კვირით გამაჩერეს სამშობიაროში) განმავლობაში ახალშობილი ბავშვები ისეთ სიცივეს იტანდნენ, სახლში რომ ნამდვილად არავინ დაუშვებს. მძიმე მშობიარობის გამო ერთი კვირის განმავლობაში იქ ვიყავი. არცერთი ბავშვი არ გაცივებულა. სახლში რომ გამოვიყვანე და დედაჩემმა მაშინვე "რამე შემოახვიე" მირჩია, გაოგნებული დავრჩი. არასოდეს არ შემიფუთია, სულ ვადარებდი იმ დღეებს და იმ ტემპერატურას, რაც სამშობიაროში ჰქონდა. არ ვიცი, იმ პირობებს დავაბრალო თუ არა, ისე გაიზარდა, პრაქტიკულად არ გაცივებულა. ვირუსები, იშვიათად, ჰქონია წელიწადში 2-3-ჯერ და ისიც მარტივად, მაგრამ არასოდეს გაციებულა იმის გამო, რომ თბილად არ ეცვა, რომ ქუდი არ ეხურა, რომ წვიმაში ფეხები ან ტანსაცმელი დაუსველდა... ისე ნუ წარმოიდგენთ, თითქოს უპატრონოდ მყავდა მიგდებული ფეხშიშველი და უქუდო, პირიქით, ყოველთვის ზომიერად ეცვა, უბრალო ყურადღება არ მქონდა ხოლმე გამახვილებული სითბოზე. თუ ცხვირი თბილი ჰქონდა, ჩემთვის საკმარისი იყო. თანდათან რომ წამოიზარდა, სიცივის მიმართ იმდენად უპრობლემო იყო, რომ სხვა დედებთან შედარებით ძალიან უყურადღებო და დაუდევარი ვჩანდი. არ გამომიმუშავდა ის ჩვევები, რაც "არ გაცივდეს" გამო სიფრთხილისგან ჩნდება. დაფეთებული არ ვუმოწმებდი, "ხომ არ გაოფლინდა?", "მოსაღამოვდა და შემოვაცვა", "უქუდოდ არ გავიდეს", "ნაყინმა ყელი არ ატკინოს", "წუწაობისას არ გაცივდეს"... შუა თამაშში, სხვა დედები რომ დაუძახებდნენ ბავშვებს, ხელს ჩაუყოფდნენ ზურგში და სახლში ტირილით წაიყვანდნენ - გეყოფა, გამოსაცვლელი ხარო, გული მისკდებოდა, ძალიან ცუდი დედა მეგონა თავი... მე არასოდეს დამჭირვებია ასე მოქცევა. ზამთარში კი ბატონო, მაგრამ დედები ზაფხულშიც კი ფუთავენ ბავშვებს.
რატომ მოვყევი ეს ყველაფერი, იმიტომ კი არა, რომ მე სწორად ვიქცევი და სხვები მცდარად, უბრალოდ, ვამბობ, რომ ახალშობილი იმაზე მეტად გამძლეა, ვიდრე ჩვენ გვგონია. არ არის საჭირო ზედმეტი "ადიელები" და წინდები. ჯობია უფრო გრილად გყავდეთ, ვიდრე თბილად და ამით თვითონ ბავშვსაც ბევრ დისკომფორტს ააცილებთ თავიდან და თქვენი ნერვებიც დაიზოგება. ავად ყველა ბავშვი ხდება, მაგრამ წარა-მარა გაციება ნადვილი ტანჯვაა ბავშვისთვისაც და მშობლისთვისაც. იმედია, ჩვილების დედებს ჩემი მაგალითი გამოადგებათ.
სოფო, 32 წლის
წაიკითხეთ ასევე: როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ჩვილს სცხელა - ეს არ უნდა გამოგეპაროთ