შემაძრწუნებელი ამბავი - რას ჰყვება დედა, რომლის შვილმაც ონლაინკაზინოების გამო სამჯერ სცადა თვითმკვლელობა "ხანდახან ვფიქრობ, მეც გადავიჭრი ვენებს და ამით დავამთავრებ ყველაფერს-მეთქი, მაგრამ მერე ჩემი შვილი?! მასზე ფიქრმა მიხსნა გაგიჟებისგანაც. თუმცა, რახან გიჟი არ ვარ, იმასაც ვხვდები, რომ ერთხელაც იქნება, ჩემი შვილიც ყველაფერს დაამთავრებს და მეც. მაგრამ მანამდე მის გადარჩენას კიდევ ვცდი და ახალ ხელისუფლებას მივმართავ - ჩემსავით გამწარებული დედები შეიცოდოს და რახან მკვლელი ონლაინკაზინოების დახურვა ვერ მოახერხეს, ჩემი შვილისთანა გაუბედურებულებს შეზღუდვები დაუწესონ თამაშზე"
პირველ რიგში, ეს სტატია ახალი მოწვევის პარლამენტის წევრებმა უნდა წაიკითხონ. სწორედ მათ ხელეწიფებათ და ეს მათი მოვალეობაცაა, ბოლოს და ბოლოს დაუწესონ საკანონმდებლო რეგულაციები სენს, რომელიც ფაქტობრივად ეროვნულ უბედურებად იქცა - ონლაინკაზინოებს. წინააღმდეგ შემთხვევაში გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება ისეთი ტრაგედიების რაოდენობა, რომლის შესახებაც ქვემოთ მოგითხრობთ.
ხშირად გადავყრივარ ქუჩაში მოხეტიალე მოხუცს, რომელიც ცოლის ძველ ნივთებს ყიდის. თუ ჰკითხავ, მოგიყვება, რომ ბინა ონლაინკაზინოებში მოთამაშე შვილიშვილის გამო გაყიდა. იმ სახლში კი ამავე შვილიშვილის სამი მცირეწლოვანი ბავშვიც ცხოვრობდა. ბავშვები მამამ ნაქირავებ სოროში შეყარა, ქირის გადახდა კი ისევ 85 წლის ბაბუას "მიანდო" და ისიც იხდის...
ცოტა ხნის წინ ერთი ცნობილი ექიმის გულახდილმა ნაამბობმა შემძრა. მან შვილებს მაღალკვალიფიციური განათლება მისცა.
ერთ-ერთმა სწორედ ეს განათლება გამოიყენა იმისთვის, რომ ცნობილ კომპანიაში დასაქმებულს ამ ორგანიზაციის ფულით 4 წლის მანძილზე ეთამაშა. ამას ისე ოსტატურად აკეთებდა, ვერავინ იეჭვა, რომ მათი კოლეგა, მათივე ფულით, ონლაინკაზინოში თამაშობდა და კომპანიას ნახევარი მილიონი ლარი დაადო ვალად.
ექიმმა ამ ვალის გადასახდელად თბილისში ბინა და სოფლად მამაპაპეული სახლი გაყიდა, მაგრამ ვალი ბოლომდე მაინც ვერ გაისტუმრა. მის შვილს კი ცხოვრება სამუდამოდ დაენგრა... თავზარი დამცა დედის ნაამბობმა (ვინაობას, მისივე თხოვნით არ ვასახელებთ), რომელსაც 20 წლის შვილი თვითმკვლელობის პროვოცირებით აიძულებს, ონლაინკაზინოების ვალები გაუსტუმროს. დედა ამას, რასაკვირველია, ვერ უძლებს და მრავალი დამცირებისა და შეურაცხყოფის ფასად ცდილობს ფულის შოვნას. თუმცა ამაზე ნაკლებად წუხს, ერთი რამ ადარდებს - როგორ გადაარჩინოს შვილი! მაგრამ გზა არ ჩანს.
სრულიად უიმედომ "პალიტრამედიის" ცხელ ხაზზე დარეკა - ამ უპატრონო ქვეყანაში მხოლოდ თქვენ ცდილობთ, ამ საზარელ სენს როგორმე ებრძოლოთ, იქნებ გაჭრას თქვენმა ავტორიტეტმა და შეგონებამ - ხელისუფლებამ რამე იღონოს, რომ ონლაინკაზინოებში აზარტული თამაშებით უკვე ფსიქიკურად დაავადებულებმა მაინც არ ითამაშონო. მერე კი ატირებული რედაქციაში მოვიდა და ამ შემაძრწუნებელ ამბავს მოგვიყვა:
- კარგი განათლება მაქვს მიღებული და ალბათ კარიერაც კარგი მექნებოდა, რომ არა შვილები - სამი შვილი ერთიმეორის მიყოლებით გამიჩნდა და როცა მათ ვუცქერდი, ვფიქრობდი, ამათ აღზრდაზე უკეთესი რა უნდა გავაკეთო, შინ დავჯდები, არ ვიმუშავებ და ყველაფერს ვიღონებ, გზას არ ასცდნენ-მეთქი. მაგრამ მაინც ვერ ავიცილე უბედურება... ნიჭიერებით ყველაზე გამორჩეული შვილი ამიცდა გზიდან, ახლა კი ისეთ დღეშია, მასზე ლაპარაკიც მრცხვენია. სკოლის წარმატებით დამთავრებისთანავე მოხვდა უნივერსიტეტში. ერთადერთი ის მაფიქრებდა, რომ კომპიუტერთან ზომაზე მეტხანს იჯდა; თუმცა ვფიქრობდი, მისი ტოლებიც ასე არიან, როცა მუშაობას დაიწყებს, სხვა საქმეზე გადაერთვება-მეთქი. ის კი თურმე ჩემ თვალწინ ონლაინკაზინოში თამაშობდა და ქვეყანა თავზე მენგრეოდა. განაგრძეთ კითხვა