"თავის მოკვლა მინდოდა... მაგრამ დედას ვერ დავტოვებდი მოძალადის ხელში"
"თავის მოკვლა მინდოდა... მაგრამ დედას ვერ დავტოვებდი მოძალადის ხელში"
ეს საკმაოდ მძიმე ამბავი ჩვენმა მკითხველმა გამოგვიგზავნა - 24 წლის ნათიამ. ეს წერილი, რომელიც მან ყველა მარტოხელა დედას მიუძღვნა, ერთი პატარა რომანივითაა, რომელშიც ამ გოგონას მძიმე ბავშვობა და ახალგაზრდობაა აღწერილი. საკმაოდ ვრცელი ამბავი რამდენიმე ნაწილად დავყავით და მკითხველს კორექტირების გარეშე ვთავაზობთ - სამწუხაროა, რომ ჩვენ გვერდით ადამიანებს ასეთი მძიმე ფსიქოლოგიური, ფიზიკური და მორალური წნეხის ქვეშ უწევთ ბავშვობისა და ჭაბუკობის წლების გატარება:


"წერილი ეძღვნება ყველა მარტოხელა დედას
საკმაოდ მძიმე ბავშვობა მქონდა. პატარაობიდანვე სულ შიშში და სტრესში ვიყავი, რადგან მამაჩემს პათოლოგიური სიმთვრალე
ჰქონდა და დედას მთვრალი სულ ეჩხუბებოდა და სცემდა, საშინელი სცენები მახსოვს... მათ ჩხუბზე და კივილ-წივილზე შეშინებული გავრბოდი და მაგიდის ან სავარძლის უკან ვიმალებოდი. როცა სიტუაცია ჩაწყნარდებოდა, მამა სახლიდან გარბოდა, ნამტირალევი დედა მიპოვიდა ჩამიხუტებდა და მამშვიდებდა აკანკალებულს. შვება იყო ჩემთვის მისი თბილი ხელები.
მათი ასეთი ურთიერთობის მიუხედავად, სიფხიზლეში მამაჩემი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, საზოგადოებაში დედას ერთ ზედმეტ სიტყვასაც არ ეტყოდა, თუ სადმე წავიდოდით ყველგან პატივსაცემი ოჯახი ვჩანდით, არასდროს ჩემზე ხელი არ აუწევია. პირიქით, როცა მუშაობდა ხოლმე, სულ საჩუქრებს ყიდულობდა, მაგრამ მე მისდამი ფარულ შიშს განვიცდიდი, რაც თანდათანობით მამაკაცების მიმართ სიძულვილში გადამეზარდა. მრცხვენოდა მის გამო, რადგან
როცა თვრებოდა, ქუჩაში ხშირად პოულობდნენ დაგდებულს ან სადმე ბოძზე მიყუდებულს, რამდენჯერმე მეზობლებსაც ამოუთრევიათ ტალახში ამოგანგლული. ვხედავდი, დედა როგორ უვლიდა მაინც, თან ჰყვებოდა, ბანდა, წმენდდა და ეს ძალიან მიკვირდა, მაგრამ ერთხელ, როცა გაშორება ვუხსენე, საშინლად გამიბრაზდა - ჯერ პატარა ხარ, ვერ ხვდები ცხოვრებას და მაგაზე მეორეჯერ სიტყვა აღარ გავიგოო.
როცა ერთხელაც საშინელი ჩხუბის შემდეგ მამაჩემმა სახლში ყველაფერი დალეწა, არც დედას დააკლო, არც - მე, არც - მეზობლებს – ლანძღვა-გინება, ვერ მოვითმინე და პოლიცია გამოვიძახე. მათ მოსვლამდე სოფელში გაიქცა. ჩემდა გასაკვირად, დედამ ისევ მე დამსაჯა პოლიციის ჩარევის გამო. ალბათ გერჩივნა, მოვეკალით-მეთქი, მივახალე გამწარებულმა.
ორი წელი სიმშვიდეში გავატარეთ, "ოქროს პერიოდს’’ ვეძახი იმ დროს. დედამ დანაზოგით მაღაზიის წილი შეიძინა და ცოტა წელში გავიმართეთ, სახლიც შევარემონტეთ, რაზეც მამაჩემს არასდროს არ უფიქრია. მისთვის სულ ერთი იყო ,გვციოდა თუ გვშიოდა. თუ ნახავდა, რომ სახლში კარგი საჭმელი არ იყო, დედას აგინებდა, გარბოდა და ძმაკაცებთან ჭამდა.
მე სკოლაში დავდიოდი და თავისუფალ დროს სულ დედასთან ვიყავი სამსახურში, კომპლექსები ჩამომიყალიბდა, სკოლაში ბევრი მეგობარი არ მყოლია, სამეზობლოში საერთოდ არავის ვეკარებოდი, ყველას გავურბოდი, რადგან ყველგან მეჩვენებოდა, რომ ჩემკენ ხელს იშვერდნენ და ამბობდნენ – ეს იმ ლოთის შვილი არ არის?
აბიტურიენტი რომ გავხდი, ერთხელაც კარი გავაღე და მამაჩემი ბარგით ხელში კართან დამხვდა ატუზული. დედა სახლში არ იყო. ბევრი მელაპარაკა ოჯახზე, ურთიერთობებზე, მაგრამ მისი ლაპარაკიდან დავასკვენი, რომ ცდილობდა დედაჩემის წინააღმდეგ ავემხედრებინე. ვიმუშავებ და ყველაფერი კარგად იქნებაო, კი მპირდებოდა, მაგრამ დავრწმუნდი, რომ საერთოდ არ იყო შეცვლილი. სახლი ყინჩად შეათვალიერა, მალადეც, აგიწყვიათ უჩემოდ ცხოვრებაო.
დედა რომ სამსახურიდან მოვიდა, მშრალად შეხვდნენ ერთმანეთს. ეტყობა ცივად დახვედრამ იმოქმედა, თავიდან მართლა ცდილობდა "გამოსწორებას’’, სამსახურიც იშოვა, ყურადღებას მაქცევდა, სკოლაში მაკითხავდა, ყველასთან კეთილგანწყობა მოიპოვა, ოქროს დაბადების დღე რესტორანში გადამიხადა, კლასი ერთი-ორჯერ ლაშქრობაში წაგვიყვანა, კლასელებიც კი მეუბნებოდნენ, რა მაგარი მამა გყავსო... მაგრამ მე მწარე სიმართლე გულს მიშანთავდა, რადგან ყოველ საღამოს სცენებს ველოდი სახლში... არაფერი არ მახალისებდა.
ყველაზე ბედნიერი ის დღე მახსოვს, როცა სტუდენტი გავხდი, სიხარულისგან დედაჩემმაც იტირა და მამამაც, მეორე საღამოს პატარა სუფრა გააკეთეს აღსანიშნავად, რამდენიმე ნათესავიც მოვიდა, თბილი ოჯახური სიტუაცია შეიქმნა... გულში ვლოცულობდი, ასე გაგრძელებულიყო. მაგრამ ცოტა ხანში ისევ აურია. მთვრალი მოდიოდა, მაგრამ დედასკენ წაიწევდა თუ არა, აღარ ვიმალებოდი, წინ ვუდგებოდი და ვერაფერს მიბედავდა. უშვერად გვაგინებდა, გვწყევლიდა, ერთი-ორ თეფშს დალეწავდა, დაწვებოდა და არხეინად იძინებდა. მე კი კარგახანს ვერ ვიძინებდი, მეშინოდა, ღამე არ შემოსულიყო და ორივე არ ამოვეხოცეთ. მერე, როცა შეატყო, რომ დედაზე ხელს ვეღარ აწევდა, ახალ ხერხს მიმართა - "ეჩვენებოდა’’, რომ რაღაცეებს ვუმალავდით და "ჩვენს ჭკუაზე’’ დავდიოდით, კონტროლი დაიწყო, მეტყოდა – ლექციებიდან რომელზე მოდიხარ? პირდაპირ სახლში მოდი! რამდენჯერმე უნივერსიტეტთანაც დამხვდა ნასვამი. ამაზე პროტესტი რომ განვაცხადე, საშინლად მეჩხუბა.
მობილური მიყიდა დედამ სიმწრით, მამაჩემმა ორ დღეში დამილეწა, რადგან მესიჯები ვერ ნახა (არადა, არავის ვწერდი) და ამიშარდა, რატომ წაშალე, რაღაცას მიმალავო...
დედას სამსახურში აკითხავდა. საათობით უჯდა იქ და უკონტროლებდა მყიდველებს,  ვინ შედიოდა. დედას ჩემი პროტესტი ფეხებზე ეკიდა, პირიქით, უხაროდა ჩემი წნეხში ყოფნა. მთავარია, არ დალიოს და არ გვეჩხუბოს, აიტანეო. უნივერსიტეტი–სახლი... მეზობელთანაც ვერ გადავდიოდი, ათ წუთში ფანჯარაში იყო გადმოკიდებული და მთელი ხმით ბღაოდა, სახლში ამოეთრიეო.
ხანდახან ეს ყველაფერი იმდენად აუტანლად მეჩვენებოდა, ვფიქრობდი თავს მოვიკლავ და დავისვენებ-მეთქი, მაგრამ დედაზე ვფიქრობდი და ეს მაძლევდა ძალას - მას მოძალადის ხელში ვერ დავტოვებდი.
ერთხელაც დაგვირეკეს, სამსახურში გულის შეტევა დაემართა და საავადმყოფოში წაიყვანესო, ოპერაცია დასჭირდა. მაგრამ ორგანიზმი სმისგან და მოწევისგან ისე ჰქონდა განადგურებული, ვერ გაუძლო... ღმერთმა მაპატიოს, მაგრამ მის დასაფლავებაზე ერთი ცრემლიც არ გადმომვარდნია, თითქოს გულზე მომეშვა კიდეც, რომ დედაჩემი სამუდამოდ გათავისუფლდა მოძალადისგან. ერთი-ორმა ნათესავმა დედაჩემსაც კი გადაუკრა სიტყვა - დაისვენე შე საბრალოდა მანაც დაისვენაო.
სტრესულმა ბავშვობამ დიდი გავლენა იქონია ჩემს შემდგომ ცხოვრებაზეც...
განაგრძეთ კითხვა
12772
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი