...და კიდევ იკითხავენ, რატომ არ თხოვდებიო? - ძლიერი ქალის გულახდილი მონოლოგი
...და კიდევ იკითხავენ, რატომ არ თხოვდებიო? - ძლიერი ქალის გულახდილი მონოლოგი
საქართველოში გოგონა 18-20 წელს რომ მიაღწევს, პირველივე შეკითხვა, რასაც მეგობარ-ნაცნობ-ნათესავებთან შეხვედრისას ისმენს, ესაა: "არ თხოვდები?" ზოგისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს პასუხს, მთავარია, დასვას შეკითხვა.


ფიფქია
უწინ საქართველოში ნათესავები ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს. ეწყობოდა ოჯახური სადილები, დაბადების დღეები თუ სხვა დღესასწაულები, ყველა ერთად იკრიბებოდა და როცა საკუთარი აღარ ჰყოფნიდათ, მეზობლებისგან ნათხოვარ მაგიდებსა და სკამებზე რამდენიმე თაობა ერთად ისხდა სუფრასთან. ახლა სიტუაცია შეიცვალა, დღევანდელი ცხოვრების პირობებსა და რეჟიმში, ზოგჯერ არათუ შორეულ ნათესავს, არამედ
ბიძაშვილ-მამიდაშვილებს, დეიდაშვილებს ვერ ხვდები ხშირად და ვერც ალალ დედმამიშვილს ნახულობ ყოველდღე. ნათესავებს, კლასელებს, ჯგუფელებს ალბათ, ყველაზე ხშირად მაინც, პანაშვიდებსა და დაკრძალვებზე ვხვდებით. და როცა ჩემს ცხოვრებაში დადგა ის ეტაპი, რომ კითხვამ - "არ თხოვდები?" მასობრივი ხასიათი მიიღო, თავიდან ძალიან ვბრაზობდი, მერე მივეჩვიე. მოვიფიქრე აბეზარი ადამიანებისგან თავის დაღწევის მეთოდი - მათ ვპასუხობდი: "კი, გაზაფხულზე" ან "კი, შემოდგომაზე ვთხოვდები". ეს ორი სეზონი განსაკუთრებულად ამოვიჩემე და მინდა გითხრათ, ამართლებდა. თუ ზოგიერთი უფრო მეტად დაინტერესებული გამოდგებოდა და ვის მიყვებიო? - იკითხავდა, ასეთი შემთხვევისთვისაც მქონდა პასუხი: "ქორწილში გაიცნობთ"...

ერთ დღესაც, პანაშვიდზე ისეთი შორეული ნათესავი დაინტერესდა ჩემი პირადი ცხოვრებით, რომელმაც პირველად ფლანელის "პილიონკაში" გამოკრულ-გახვეული მნახა, ახლა მეორედ მხედავდა და
თან იმის გარკვევით იყო დაკავებული, დედას უფრო დავემსგავსე თუ მამას? როდის ვთხოვდებოდი? "გარდაიცვალა... ვისაც ცოლად მივყვებოდი, ავარიაში დაიღუპა. მაპატიეთ, ამ თემაზე მიჭირს საუბარი", - გაბზარული ხმით ვუთხარი. გაშრა ქალი, შემოიკრა სახეზე ხელი. სიტყვებს თავს ვერ უყრიდა, ბოლოს, - მთელი ცხოვრება წინ გაქვსო, - ჩაიბუტბუტა...
საქართველოში ქალები დაახლოებით 30 წლამდე ისმენენ ასეთ შეკითხვებს, მერე ფორმულირება იცვლება და დიდაქტიკური დარიგებების სერია იწყება, რომელიც შენს თავმოყვარეობაზე გადალაჯებით გრძელდება: "შენი მოსაწონი კაცი როგორ ვერ ნახე?" "რა იყო, ამდენს დადიხარ, მუშაობ და ერთი კარგი ბიჭი ვერ გამოიჭირე?" "ალბათ, ძალიან წუნია ხარ, ასე არ შეიძლება, რაღაცაზე თვალი უნდა დახუჭო. არავინაა იდეალური, ჭვიანი გოგო ხარ და კი უნდა იცოდე ეს... შენ რა, იდეალური ხარ?" ანდა: "შვილი მაინც არ გინდა? გათხოვდი, გააჩინე და თუ არ მოგეწონა, წამოდი სახლში. დღეს ისეთი დროა, გაშორება აღარავის უკვირს, სიბერეში მომვლელი ხომ გინდა?!"


ასევე იხილეთ: რატომ ყოფენ ცხვირს სხვა ადამიანები ჩვენს ლოგინებსა და სამზარეულოებში?!


როცა უკვე 35 წლის ხდები, თითქმის აღარავინ არაფერს გეკითხება. შენი თანატოლების უმეტესობას, უკვე დიდი ხნის ოჯახები აქვთ, ზოგს მეორე ან მესამეც კი, ერთი-ორმა უკვე შვილიც გაათხოვა. ადრეულ ასაკში დაოჯახებულ რამდენიმე ადამიანს მეორე ნახევართან აღარაფერი აქვს საერთო, მხოლოდ შვილი ან შვილები აკავშირებთ, მაგრამ ბედს შეგუებული ცხოვრებისეულ დინებას დუნედ მიჰყვებიან და სულაც არ აპირებენ რამე შეცვალონ.

ბევრის აზრით, როცა ქალი 30 წელს გადააბიჯებს და არ თხოვდება, უკვე "ჩაწოლილი საქონელია" ანდა "კარადაში დანაფტალინებული ძველი სამოსი", რომელიც მოდიდან ისე გადავიდა, არავინ მოირგო. ასე რომ, ის უკვე აღარ არის საინტერესო, ახალი თაობა მოდის, ახლა ისაა სამიზნე...

თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. ერთი ჩვეულებრივი ქალი ვარ, არც განსაკუთრებული გარეგნული მონაცემებით გამოვირჩევი და ალბათ, არც ზებუნებრივი ნიჭით. სკოლისა და უმაღლესის დამთავრების შემდეგ, სამსახური დავიწყე და მას მერე წლებია, ერთ პროფესიას ვემსახურები. საყვარელ საქმეს ვაკეთებ და არ მბეზრდება, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ შრომის შესაბამისი ანაზღაურება მაქვს. ვცხოვრობ ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა. განაგრძეთ კითხვა
3245
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```