"ამერიკის კანონი ბავშვებს მათი მშობლებისგანაც იცავს და ამას პირველი კლასიდანვე უნერეგავენ..." ჩვენი რესპონდენტი ეკა მარგიანი 18 წელია ამერიკაში ცხოვრობს. წლების განმავლობაში თავი დაიმკვიდრა, ახალ პროფესიას დაეუფლა, პარალეგალიც გახდა და ახლა ამერიკის ჩვეულებრივი მოქალაქეების მსგავსად ცხოვრობს და მუშაობს. ოჯახიც ამერიკაში შექმნა - ოღონდაც, ქართული ოჯახი. 15 წლის გოგონა და 11 წლის ვაჟი ჰყავს, რომელთაც ქართული ენა ბავშვობიდან იციან - დედამ ასწავლა, ქართულ ხალხურ ცეკვებს ცეკვავენ, მღერიან და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაშიც მუდმივად დადიან. იქიდან გამომდინარე, რომ ეკა დიდი ხანია ამერიკაში ცხოვრობს, იქ გაიარა მისმა ორსულობამ, მშობიარობამ, დედობამ და გარკვეული ცოდნა-გამოცდილება აქვს სამედიცინო სფეროში, ჩავთვალეთ, რომ საინტერესო იქნებოდა მისი, როგორც უშუალოდ იქ მცხოვრები დედის პასუხები საინტერესო შეკითხვებზე.
- სანამ კითხვებზე გიპასუხებთ, მინდა გითხრათ, რომ ჩემს მიერ გადმოცემული ინფორმაცია არის საკუთარ გამოცდილებაზე და ჩემი ახლობლების გამოცდილებაზე დამყარებული და არავითარ შემთხვევაში არ გადმოსცემს მთელი ამერიკის საზოგადოების დამოკიდებულებას ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან მიმართებაში. უბრალოდ თქვენს მკითხველებს მინდა გავუზიარო ქართველი ემიგრანტების გამოცდილება.
- თქვენ იცნობთ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის აღზრდისადმი არსებულ ქართულ მიდგომებს. რა სხვაობებს ხედავთ თუნდაც ორსულობის მიმდინარეობისას ექიმების დამოკიდებულებაში - აქ თანდათან შემოდის მოდაში ორსულების ვარჯიში და მშობელთა სკოლებში გაწევრიანება, თუმცა არა აქტიურად. ამერიკაში რა ტენდენციებია?
- შედარებაზე რა გითხრათ, მე მხოლოდ ამერიკაში გამოვცადე დედობა და ამიტომ შედარებას ვერ გავაკეთებ. ამერიკაში ალბათ ყველანაირი მეთოდი არსებობს, მაგრამ რომელ მეთოდს აირჩევს ქალი, დამოკიდებულია მის სურვილზე და მის ფინანსებზე. ფეხმძიმე ქალი ექიმთან რომ მივა და დარეგისტრირდება, იქიდან იწყება მისი მდგომარეობის მონიტორინგი. მათ უნიშნავენ პრენათალ ვიტამინებს, ფეხმძიმობის პერიოდშიც და მშობიარობის შემდეგაც რომ დააბალანსონ დედის ორგანიზმის მიერ გაცემული რესურსები. ფეხმძიმეს აქვს საშუალება დიეტოლოგისგან მიიღოს რჩევები. არც წოლითი რეჟიმი გამიგია, რომ დაეწესებინოთ ფეხმძიმისთვის და არც უარყოფითრეზუსიან ქალებზე გამიგია განსაკუთრებული განგაში. ჩემი გამოცდილებიდან გავიხსენებ ჩემს სეანსებს ქიროპრაქტორთან, ანუ ხერხემლის ექიმთან, რომელიც ხერხემალს და სხვა ძვლებს ასწორებს და ადგილზე სვამს. ძალიან ბევრი ფეხმზიმე ქალი დადიოდა იმ ექიმთან რათა მუცლის და წონის მატებასთან ერთად ხერხემალი გაესწორებინა.
ამერიკელები საერთო ჯამში ძალიან გულისხმიერი ხალხია. არ ვიცი, უარყოფითი თუ ჰქვია იმას, რომ აქ ფეხმძიმე ქალებს უპირატესობა არა აქვთ არც ტრანსპორტში და არც მაღაზიაში. რიგში წინ არ გაატარებენ და მეტროში კი სკამს არ შესთავაზებენ. ალბათ ასეთ შეთავაზებას შეურაცხყოფად მიიღებენ. ასეთივე წესია ჩვილბავშვიან დედებზე და ხნიერ ხალხზეც. რაც არ უნდა გაჰკიოდეს პატარა ბავშვი და მთელ რიგს აწუხებდეს, რიგის დათმობა არც კი გააახსენდებათ. ასეა მიღებული.
- მშობიარობისადმი მიდგომებზეც ვისაუბროთ ამ ჭრილში. ახლა მოდურია სამშობიაროდ ამერიკაში წასვლა. რა უპირატესობები აქვს იქ მშობიარობას, გარდა ტექნოლოგიური სიახლეებისა? რა არის განსხვავებული?
- კანონის ძალით, ამერიკაში დაბადებული ყველა ბავშვი ავტომატურად ხდება ამერიკის მოქალაქე. ეს არის ამერიკის ის უპირატესობა, რაც იზიდავს ხალხს, რომ შვილი აქ გააჩინოს. ამერიკის მოქალაქეობა კი ამ ქვეყნის კანონებით მფარველობას ნიშნავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის. მიუხედავად იმისა, რომ შვილი ამერიკელი ხდება, მშობელი არანაირ სტატუსს არ იღებს. ამერიკელ შვილს მხოლოდ როცა 18 წლის გახდება, მაშინ შეუძლია მოითხოვოს მისი მშობლებისთვის მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსის მინიჭება.
- ყველაზე დიდი თემაა პედიატრია და ბავშვის აღზრდის მეთოდები. როგორია მიდგომები დღეს ამერიკაში ამ მხრივ? როგორ ზრდით შვილებს და ალბათ გაქვთ ინფორმაცია ქართულ მიდგომებზე, იქნებ შევადაროთ ერთმანეთს?
- პირველ რიგში უნდა გავივალისწინოთ, რომ ჩვენ სხვა დროს გავიზარდეთ და სხვა მეთოდებით გაგვზარდეს. ქართველმა მშობლებმა შეცვალეს თავიანთი მიდგომა შვილების მიმართ და შვილებმაც შეიტყვეს საკუთარი უფლებების შესახებ. ახლა ბავშვები არა მხოლოდ ოჯახის წევრებად, არამედ მოქალაქეებადაც თვლიან თავს. მიუხედავად ამისა, ცოტა განსხვავება მაინც არის ქართულ და ამერიკულ აღმზრდელობას შორის. ამერიკაში ბავშვი დაბადებიდან ითვლება პიროვნებად. მან იცის, რომ მის სურვილს გაითვალისწინებენ, მაგრამ ასევე ესმის, რომ მოცემულ უფლებას პასუხისმგებლობა, ანუ წესების დამორჩილება ახლავს. ეს გამოიხატება წვრილმანებში, მაგალითად, თუ ბავშვს ჭამა არ უნდა, ძალით არ აჭმევენ. ბავშვს სპორტს ან სხვა რაღაცის სწავლას არ დააძალებენ. სასახელო გაიზარდე და გვასახელეო, არ უკიჟინებენ. ბავშვს არ ცემენ. მინახავს, მაღაზიაში ბავშვი როცა ტირის, მშობელი ეკითხება, რატომ ტირის და არ უყვირის, გაჩუმდი, სირცხვილიაო. ტირილი და ზოგჯერ ისტერიკაც, შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ მშობელი მაინც თავშეკავებულია. თან არ დაგავიწყდეთ, ვინმემ შემთხვევით რომ დააფიქსიროს მშობლის მიერ შვილის ფიზიკური ან მორალური ზეწოლა, შეიძლება ამან შვილი დააკარგვინოს. ამერიკის კანონი ბავშვებს მათი მშობლებისგანაც იცავს და ამას პირველი კლასიდანვე უნერეგავენ მათ. იყო შემთხვევები, როცა პატარა ბავშვმა პოლიციაში დარეკა, მშობელი მცემსო ან მარტო ვარ სახლშიო და მერე მშობელს კარგა ხანი მოუწია მტკიცება, რომ ასე არ იყო და რომ კარგი მშობელია. მახსოვს, ჩემი ბიჭი როცა 4-5 წლის იყო და ეკლესიაში ვერ ვაჩერებდი, ჩუმად ვპწკენდი. ისე, ხშირად შემიმჩნევია, რომ ჩვენი ბავშვები უფრო მოუსვენრები არიან, ვიდრე ამერიკელი ბავშვები. ჩვენი შვილები ქართველი-ამერიკელები არიან და ბუნებრივია, რომ ისინი ორივე ქვეყნის წესებით იზრდებიან.
- რას ფიქრობენ ამერიკელი პედიატრები ვირუსებზე, გაციებაზე, ანტიბიოტიკებზე? როგორ ებრძვით იქ სიცხეს, გაციებას, გრიპებს? საინტერესოა, თუა ამ მხრივ სხვაობა.
- ვფიქრობ, რომ ამ მხრივ დიდი განსხვავება არ უნდა იყოს. თუ ბავშვი ავად არის, მიგყავს ექიმთან გასასინჯად. ექიმი მას გასინჯავს, გამოუწერს ანტიბიოტიკს ან სხვა წამალს. ლიმონიანი ჩაი დაალევინეო, არავინ გეტყვის. ეს იმიტომ, რომ ამერიკაში ექიმები ყველა რჩევაზე პასუხს აგებენ და თუ ვინმემ უჩივლა არასწორი რჩევისათვის, ან უზარმაზარ ჯარიმას გადაახდევინებენ ან საერთოდ დააკარგვინებენ ექიმის ლიცენზიას. აქ ექიმები ცდილობენ, უკვე გამოცდილ წამლებს მიმართონ, რათა ნაკლები პასუხიმგებლობა იყოს მათზე. აქ ამერიკელი მშობლებისგან ვერ გაიგონებ, ჩაიცვი, არ გაცივდე, ცივზე არ დაჯდე, გაცივდები, ან ფეხზე ჩაიცვი, გაცივდები, რასაც მე ხშირად ვეუბნები ჩემებს. აცრებზე გეტყვით, რომ არსებობს აუცილებელი აცრები, რასაც სკოლა და ბაღი მოითხოვს, და ნებაყოფლობითი ყოველწლიური გრიპის აცრა. მე პირადად, ყველა აცრის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ დანერგილ სისტემასთან შეჭიდება ძნელია. მე ხალხური მედიცინა ვისწავლე და მტკიცედ მწამს, რომ სწორი კვებით და კეთილი განწყობით ადამიანს შეუძლია, ჯანმრთელი იყოს. ვცდილობ, რომ ამ პრინციპს მივყვე და ნაწილობრივ გამომდის. ჩვენს ოჯახში ფაქტობრივად წამლის გამოყენება არ ხდება. შვილები უწამლოდ, ანუ ანტიბიოტიკების გარეშე გავზარდე თუ არ ჩავთვლით ერთ-ორ შემთხვევას. ჩემს მაცივარში სულ იყო და ახლაც არის ნატურალური პროფილაქტიკური საშუალებები: ექინაცეა, ხველების წვეთები, პრობიოტიკი, თევზი ქონი. ასევე სულ მაქვ ვიტამინები C, E, D3, A,, მწვანე და სხვა მცენარეული ჩაი. ჯანჯაფილს, ლიმონს და ნიორს მგონია, რომ ბევრი რამის აცილება და მორჩენა შეუძლია. ეს ჩემი საყვარელი თემაა, რაზეც შემიძლია ბევრი ვილაპარაკო.
- საინტერესოა, რა შეღავათები და დახმარება არსებობს ამერიკაში ორსულებისთვის? რას გულისხმობს დეკრეტული შვებულება? რით ეხმარებიან ახალბედა დედებს? რა მიდგომებია ამ მხრივ?
- ამერიკაში არსებობს ხალხი, ვისაც აქვს სამედიცინო დაზღვევა და ვისაც არ აქვს. ვისაც დაზღვევა არა აქვს, მაინც შეუძლია დროებითი, უფასო ან ნაწილობრივ ფასიანი დაზღვევა გააკეთოს. ფეხმძიმე ქალს ეძლევა დროებითი დაზღვევა, რომ ბოლო თვეებში სამედიცინო შემოწმება და მშობიარობა შეძლოს. ბავშვს კი სახელმწიფო აძლევს დაზვევას. თუ დედას საერთოდ შემოსავალი არ გააჩნია, მასაც აზღვევენ. ამერიკელ ქალებს დეკრეტისთვის სულ რამდენიმე კვირა ეძლევათ, მგონი - 4-6. ქართველ ემიგრანტებს დეკრეტი არ შეგვხებია, იმიტომ, რომ არალეგალები ვიყავით და თან კერძო ადამიანებთან ვმუშაობდით. მუშაობ - გიხდიან, არ მუშაობ - არ გიხდიან, დეკრეტი კი ოფიციალურად გაფორმებულ სამსახურებშია გათვალისწინებული და ისიც კომპანიას გააჩნია. ამერიკელი და ქართველი დედები ძირითადად თვითონ ზრდიან შვილებს. ამიტომ ხშირად ძიძას ან ბაღს იხმარიებენ. შვილის აღზრდის საკითხები მხოლოდ დედის სურვილსა და ფინანსებზეა დამოკიდებული. ხანდახან ბებიები და ბაბუებიც მონაწილეობენ, თავიანთი სურვილით, შვილიშვილის გაზრდაში. ასევე გამიგია, რომ ზოგჯერ საკუთარ ბებიებს თანხას უხდიან, რომ მათი შრომა დააფასონ. მე მომწონს ეს მიდგომა, რადგან ყველას ეძლევა არჩევანის უფლება, ბებიებსაც კი. ქართველებში კი ასე არაა. ხშირად გამიგონია მშობლებისაგან , რომ მხოლოდ შვილებისთვის ცხოვრობენ. ამ მიდგომას არ ვეთანხმები. მე მსურს, რომ ჩემი შვილების გაზრდის გარდა მე, როგორც პიროვნებამ, ჩემი გზა გავიარო და რაღაცა გავაკეთო. მიყვარს მოგზაურობა და ხეტიალი. მიყვარს ჩემს მეუღლესთან და ჩემს მეგობრებთან ერთად გასეირნება, საინტერსო ადგილების მონახულება და შთაბეჭდილებების გაცვლა. მე თუ ჯერ ჩემი შვილები ვზარდე და მერე - მათი შვილები, დავრჩენილვარ სამზარეულოში (იღიმის).
- როდის იწყება ბაღის ასაკი ამერიკაში და როგორი ბაღებია? სავარაუდოდ, აქაც დიდი სხვაობა იქნება და იქნებ ამაზეც ვისაუბროთ. იქნებ არის ისეთი რამ, რაც ამერიკელი კოლეგებისგან ქართველებმა უნდა ისწავლონ და აქ მოახდინონ რეალიზება ამ იდეების. სასურველია, გამოცდილი დედებისგან მოვისმინოთ ეს და არა მხოლოდ თეორიულად წავიკითხოთ სადმე.
- ბაღი ამერიკაში ფასიანია და ამიტომაც ძიძის დაქირავება უფრო მომგებიანია. ბაღში შეიძლება მიიყვანო 2 თვის ჩვილიც და სკოლამდელი ბავშვიც. ფასები სხვადასხვაა ქალაქების, ფინანსური დონის და თვითონ ბაღის ფინანსური შესაძლებლობის მიხედვით. უფასო ბაღები არის მხოლოდ ზოგ ქალაქში, სადაც შეიძლება კვირაში რამდენიმე საათით იყოს. ბავშვი რომ ქალაქის შეღავათიან ან უფასო ბაღში მიიღონ, იმ ქალაქში ან უნდა ცხოვრობდე ან მუშაობდე და თანაც ძაალიან დაბალი შემოსავალი უნდა გქონდეს. ბაღების 99 პროცენტი კერძოა და ფასებიც განსხვავებულია. დღეს, ჩვენს არეალში, საშუალო 5-დღიანი ბაღი თვეში 800 დოლარი ღირს. საჭმელი ყველა ბავშვს თვითონ მიაქვს, იმიტომ, რომ ხშირია ალერგიები ხორბლეულზე, რძის ნაწარმზე და თხილელულზე. ჩემი შვილები ზოგჯერ ბაღში დადიოდნენ და ზოგჯერ კი ძიძასთან რჩებოდნენ. ქართველმა ემიგრანტებმ შვილები ძირითადად დამოუკიდებლად გავზარდეთ. მე როცა შვილებს ვზრდიდი და არ ვმუშაობდი, ჩემი მეუღლე დღეში 12-15 საათს მუშაობდა. ამიტომ, როცა დროებითი სამუშაო გამომიჩნდებოდა ან სადმე ვიყავით წასასვლელი, ყოველთვის ძიძას ან ბაღს ვუხდიდით ფულს. ამერიკაში, ჩვენი ბავშვები ჩვენი მუდმივი თანამგზავრები არიან, იმიტომ, რომ 12-13 წლამდე ბავშვის მარტო სახლში დატოვება აკრძალულია, მათი უსაფრთხოების გამო. დღეში რამდენჯერაც რაღაცაზე გახვალ მანქანით, იმდენჯერ შვილებიც თან უნდა წაიყვანო. ნიუ-ჯერსიში სახალხო ტრანსპორტი არ არსებობს, ამიტომ ყველა სრულწლოვან ადამიანს მანქანა ჰყავს. მანქანა ჩვენთვის ფუფუნება არაა და არც პატარა ბავშვების სულ თან ტარებაა სახალისო.
- სკოლასაც იქნებ შევეხოთ. რა არჩევანია მშობლის წინაშე, რა ფასებია, რამდენად ხელმისაწვდომია კარგი განათლება და რა გარემოა სკოლებში?
- ბავშვი მიდის იმ ქალაქის სკოლაში, სადაც ცხოვრობს. თუ უნდა, სხვა ქალაქის სკოლაში წავიდეს, ფული უნდა გადაიხადოს, რამდენიმე ათასი. აგიხსნით, რატომაა ასე. საცხოვრებლის გადასახადის ნაწილი, ანუ ბინის ქირის ნაწილი მიდის ქალაქის ბიუჯეტში, ხოლო ქალაქის ბიუჯეტის 60-70% მიდის სასკოლო სისტემაში. ამიტომ რომელ ქალაქსაც უხდი ფულს, იმ ქალაქის სკოლა გაძლევს განათლებას. ყველა სკოლას აქვს რეიტინგი და სახლის გასაყიდი ან მისი ქირის ფასიც დამოკიდებულია ქალაქის სკოლის რეიტინგზე. დიდ ქალაქებში ბავშვები რაიონის მიხედვით ნაწილდებიან. საჯარო სკოლები არის უფასო, მაგრამ ასევე არის რამდენიმე ფასიანი კერძო სკოლა. ამერიკის განათლების დონე მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის დაბალია, მაგრამ უნივერსიტეტებში პირველია. სკოლის დონე განისაზღვრება ძირითადად მისი ბიუჯეტით, სასკოლო პროგრამების არსებობით, ეროვნული გამოცდების შედეგებით და ბევრი სხვა რამით.
ჩვენ ვცხოვრობთ საშუალო დონის ქალაქში, ასეთივე დონის სკოლით. უკეთესი ქალაქის სკოლა გამოირჩევა იმით, რომ მოსწავლეს ეძლევა უფრო მეტი არჩევანი, განავითაროს მისი ინტერესი თუ მისწრაფება. კარგ სკოლაში მეტია მუსიკალური და სპორტული პროგრამები, როგორიცაა სკოლის ორკესტრი ან სათხილამურო გუნდი. როგორც იტყვიან, ამერიკა გაძლევს საშუალებას, ყველანაირად განავრცო შენი ნიჭი. მოსწავლეზეა დამოკიდებული, თუ რამდენად გამოიყენებს ამ საშუალებას. ამერიკაში სწავლა არის დიფერენცირებული. მაღალ კლასებში, მოსწავლე ძირითადად საგნებს მისი დონის შესაბამისად სწავლობს. ძირითად საგნებში არის რამდენიმე დონის სწავლება. მაგალითად, ყველა მეცხრეკლასელი ერთდაიგივე მათემატიკას არ სწავლობს. ჩემი გოგო მეცხრე კლასშია და რადგან წარჩინებული მოსწავლეა, მისი ცოდნის დონის კლასებშია განაწილებული. ჩემმა წარჩინებულმა დისშვილმა მეთერთმეტე კლაში დაამთავრა სასწავლო პროგრამა სამ საგანში და მეთორმეტე კლაში მათ სანაცვლოდ სკოლაში სამი კოლეჯის საგანი ისწავლა. ზემოთ ჩამოთვლილი დეტალების შემდეგ უნდა აღვნიშნო, რომ ყველანაირი სკოლის მოსწავლე ერთსა და იმავე საერთო ამერიკულ, ანუ ეროვნულ გამოცდებს გადის და ამ ქულებით აბარებს კოლეჯში. ასე რომ, საბოლოო ჯამში, ვისაც სწავლა უნდა, ყველგან ისწავლის... დამავიწყდა მეთქვა, ამერიკაში ასევე არსებობს სახლში სწავლება, როცა ბავშვები სახლში სწავლობენ სასკოლო პროგრამას და მერე ჩვეულებრივ ერთვებიან ეროვნულ გამოცდებში.
- ზოგადად, რამდენად მშვიდია დედა ამერიკაში და თუ უწყობს მის სიმშვიდეს ხელს მოწესრიგებული სამედიცინო და განათლების სისტემა?
- ამერიკის სკოლაში ბავშვი ძირითადად დაცულია. თუმცა, ყველაფერი შედარებითია. ჩვენ ვცხოვრობთ მშვიდ ქალაქში სწორედ იმიტომ, რომ ჩვენც მშვიდად ვიყოთ და ჩვენი ბავშვებიც. სკოლაში მასწავლებელი არავითარ შემთხვევაში ბავშვს არ შეურაცხყოფს. თუ რამე პრობლემაა, დარეკავენ მშობელთან და მშობელთან და ბავშვთან ერთად განიხილავენ საკითხს. ბავშვებიც ერთმანეთს პატივისცემით ეპყრობიან. სხვისი დამცირება ან ზეწოლა (ბულინგი) ბოლო წლებში ძალიან მკაცრად ისჯება სკოლებში. რა თქმა უნდა, არის ნეგატიური შემთხვევებიც ცოტა დოზით, მაგრამ საერთო წესრიგი დამყარებულია.
ყველა სკოლას ჰყავს ექთანი, რომელიც პირველ დახმარებას უწევს მოსწავლეს და ატყობინებს მშობელს შვილის მდგომარეობას. ექთანს არა აქვს უფლება, წამალი მისცეს ბავშვს, თუ ეს არ არის წინასწარ შეთანხმებული წერილობით მის მშობელთან. საერთოდ, სასწავლო წლის დასაწყისში სკოლიდან მოგვდის ქაღალდების დასტა ხელმოსაწერად. სკოლა გვთხოვს დასტურს ან უფლებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა: ბავშვის ფოტოს გამოყენების უფლება სკოლის ან ქალაქის გამოცემებში, ან სკოლის ტექნოლოგიების მოფრთხილების დასტური და სხვა მრავალი.
- რამდენად არიან ჩართული ამერიკაში ბავშვების აღზრდაში მამები? ოჯახის დანარჩენი წევრები?
- ამერიკაში ოჯახი არის მთავარი. ამას გრძნობ ყველგან. მამები ისევე არიან ჩართული ბავშვის აღრზდაში, როგორც დედები. მამები ესწრებიან შვილის გაჩენას, ეხმარებიან ცოლებს ყველაფერში. მორიგეობენ ბავშვისთვის ღამის გათენებაში, უცვლიან, პარკში ასეირნებენ. ერთად ესწრებიან სასკოლო კონცერტებს. ოჯახები შაბათ-კვირას ერთად მიდიან სასეირნოდაც და შვილის თამაშების დასასწრებადაც. ჩემი ბიჭი დადის ფეხბურთზე და ყველა თამაშზე არა მარტო მშობლები, ბებია-ბაბუებიც თავისი სკამებით მოდიან საყურებლად. რაც ძალიან მომწონს ამერიკელებში, არის ის, როცა ბავშვი წააგებს თამაშში თუ ცუდად გამოვა კონცერტზე, მაინც უწონებენ საქმეს და "გუდ ჯაბ"-ს ეუბნებიან. ანუ ყოჩაღ, რომ კარგად იმუშავე და ეცადე. არა უშავს, მომავალში უკეთესად გამოგივა. ბავშვს წაახალისებენ. საერთოდ, მომწონს ამერიკული პოზიტიური მიდგომა ყველაფრის მიმართ. არაა ისტერიკა, რომ რატომ წააგე და რატომ შემარცხვინე. ბავშვს არავითარ შემთხვევაში არ დაამცირებენ.
- რამდენად დამოუკიდებლები იზრდებიან ამერიკელი ბავშვები, რა უწყობს ამას ხელს და რა პლუსები აქვს ამას, თქვენი გადმოსახედიდან?
- ალბათ იცით, რომ ამერიკაში მიღებულია ჩვილი ბავშვის პირველი დღიდანვე ცალკე ოთახში დაძინება. აქედან იწყება მათი დამოუკიდებლობა. მე პირადად, ეს წესი არ მომწონს. ჩემი ორივე შვილის საწოლი ჩემს საძინებელში ჩემ გვერდით მედგა. როცა 3-4 წლის გახდნენ, ნელ-ნელა გადავიყვანე თავიანთ ოთახში. ჩემი შვილები პატარაობიდანვე დამოუკიდებლობას მივაჩვიე. დღეს უკვე არ მეხება მათი ტანსაცმლის ან ნივთების დალაგება, მათი მეცადინეობა, საჭმლის მირთმევა. ისინი პერიოდულად მთელ სახლს ალაგებენ და თუ სადმე მიდიან, ჩემოდანს თვითონ იმზადებენ. ადვილი საჭმლის მომზადებაც იციან. წინა დღეს ინტერნეტზე გადასახადების გადახდა ვასწავლე. თუმცა, ისევ მიწევს შემდეგის შეხსენება: ფეხშიშველი ნუ დადიხარ, ქუდი დაიხურე, ჭამა დაამთავრე, შუქი ჩააქრე, გეყოფა ამდენი ყურება, თვალები დაასვენე, დროზე დაიძინე და მრავალი სხვა, რასაც ყველა დედა ალბათ ამბობს. ალბათ ამერიკელი დედებიც ასე იქცევიან.
- რა გხვდებათ ყველაზე ცუდად, როცა საქართველოში ხართ, აღზრდის მიმართულებით? რა მინუსები აქვთ ქართველ მშობლებს ამერიკული გადმოსახედიდან? და რას ურჩევდით მათ, უფრო რაზე გაამახვილონ ყურადღება?
- მე რა უფლება მაქვს, ვინმეს რამე ვურჩიო, დედობა და საერთოდ მშობლობა ძალიან ძნელია. ეს არის მუდმივი ჭიდილი საკუთარ თავთან. არასოდეს ზუსტად არ იცი, რა ჯობია, რას რა მოჰყვება, როგორ დაიჭირო ბალანსი, რა ურჩიო ბავშვს და როგორ და რამდენი დოზით. შემიძლია მხოლოდ ერთი რაღაც ვისურვო, რომ მშობლებმა ჩვენი ნეგატიური აზრები თავს არ მოვახვიოთ ჩვენს შვილებს. მაგალითად, არ მინდა ჩემს შვილს ვიღაცა ადამიანი არ მოსწონდეს მხოლოდ იმიტომ, რომ მე არ მომწონს ის ადამიანი. მინდა, რომ ჩემმა შვილებმა ყველაფერზე და ყველაზე თავიანთი აზრი ჩამოიყალიბონ. ბავშვები ხშირად იმეორებენ იმას, რაც უფროსებისაგან ესმით და ეს მათ ფაქიზ, ჯერ ჩამოუყალიბებელ ცნობირებაში ჯდება. თუ გვინდა, რომ გავუზიაროთ შვილებს ჩვენი აზრები, მაშინ განმარტებაც უნდა გავუკეთოთ, რატომ ვფიქრობთ ასე და დავამატოთ, რომ სხვაზე ცუდის ფიქრი არაქრისტიანულია და არაფერი სასიკეთო არ მოაქვს თავად ადამიანისთვის.
- ქართველი დედების დიდი ნაწილი სტრესულ გარემოში ცხოვრობს - ან უამრავ ადგილას მუშაობს და მთელი დღე გადარბენაზეა, რომ ოჯახის რჩენაზე იზრუნოს (ხშირად, ეს მხოლოდ ქალის კისერზეა, მოგეხსენებათ), ან მუდმივად სახლშია გამოკეტილი და განვითარების თვალსაწიერი არ აქვს, ან არის ქმრის თუ მისი ოჯახის წევრების მხრიდან მორალური თუ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი... ეს ყველაფერი აისახება აღზრდაზე, ბავშვების მდგომარეობაზე... ამერიკელ დედას როგორ აქვს ამ მხრივ საქმე და ამერიკელი ბავშვები რამდენად მშვიდები არიან?
- მგონი ამ საკითხში ამერიკული და ქართული გარემო ემთხვევა. აქაც ქალი მუდმივ სტრესშია. ყველა მუშაობს და სადღაც ეჩქარება. შაბათ-კვირას ოჯახი ცდილობს ერთად ყოფნას იმიტომ, რომ სხვა დღეებში ამას ვერ ახერხებს. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე მივხვდი, რომ უმჯობესია ბავშვი სამ წლამდე დედამ გაზარდოს და მერე კი შეძლების მიხედვით გაანაწილოს დრო სამსახურზე და ბავშვზე. მესმის, რომ შვილს დედა უნდა, მაგრამ ქალის სულ სახლში ყოფნა მის უხასიათობას იწვევს. მასაც უნდა საზოგადოებაში გასვლა და საკუთარი თავის რეალიზაცია. ძნელია, ორივე სფეროში იყო და თან კამაყოფილი იყო შენი დროის გადანაწილებით. შვილის გაზრდა იმხელა საქმეა და უფრო მეტი კი – საფიქრალი, რომ თან იმუშავო და თან კარგი დედა იყო, ნამდვილად ძნელია. ერთი მაგალითი გამახსენდა: ერთი ქართველი ქალი ძიძად მუშაობდა ამერიკულ ოჯახში და ძალიან აქებდა ბავშვის დედას, იდეალური დედა არისო. ვკითხე, რამდენი საათი ძიძობდა ბავშვს. მითხრა დილის შვიდი საათიდან საღამოს შვიდ საათამდეო. ბავშვი რომელზე იძინებს მეთქი - რვაზეო. დასკვნა თვითონ გამოიტანეთ. ასეთი რეჟიმი აქვთ კარიერაში წარმატებულ დედებს.
ამერიკაში ოჯახურ საკითხებში რაღაც საერთო წესი არ არსებობს. ყველა ქალმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, როგორ და რანაირ ოჯახურ გარემოში გაზრდის შვილს. ოჯახური ძალადობა, სამწუხაროდ, ამერიკულ ოჯახებშიც ხდება. თუმცა განსხვავებაა იმაში, რომ სხვა რას იფიქრებს, ნაკლებად აწუხებთ და უფრო ადვილად მიმართავენ კანონს თავის დასაცავად. საქართველოში კი ადრე მესმოდა შემდეგი მიზეზები: ოჯახს ვერ დავანგრევ, ეს იმიტომ, რომ ხალხი რას იტყვის, მტერს ხომ არ გავახარებ, მარტო ვერ შევძლებ ცხოვრებას ან შვილი ვერ გამიგებს, მეშინია მომკლავს და მრავალი სხვა - ამ მიზეზების გამო ქართველი ქალი ძალადობას ითმენს. ძალიან ვწუხვარ ქალების ასეთ მდგომარეობაზე, მაგრამ სხვა მათ ოჯახს ვერ დაალაგებს. თვითონ უნდა იბრძოლონ თავიანთი უფლებებისათვის და შეცვალონ ცხოვრება. მათ შვილებს ძლიერი დედა სჭირდებათ. დედობა ძნელია და ძლიერი ქალობა კიდევ უფრო ძნელი.
დედობა არის როგორც მადლი ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობა. არ არსებობს ფორმულა კარგი დედობისთვის. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და ფაქიზ მიდგომას ითხოვს. ამიტომ ოჯახში მშვიდი გარემო უნდა იყოს. შვილებთან უნდა იყოს მუდმივი საუბარი და ერთად დროის გატარება, მოგზაურობა. სულ უნდა ვუმეოროთ, რომ ძალიან გვიყვარს ისინი და რომ მათ ყველაფერი შეუძლიათ, რასაც კი მოინდომებენ. ძალიან ამერიკულად ჟღერს, მაგრამ ასე მჯერა. მე ჩემს შვილებს ყოველ დილით მხიარული შემართებით ვაღვიძებ და ვამცნობ ,რომ ძალიან მაგარი დღე ექნებათ. ძილის წინ კი ვეუბნები, რომ მიყვარს და მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ისინი მყავს.
ლელა ზურებიანი