როდის უნდა გაუმხილოთ ბავშვს, რომ აყვანილია - ფსიქოლოგ ნინო კერესელიძის რჩევები
”ერთი წლის წინ მშობლების კამათს უნებურად მოვკარი ყური, სახლში გაუთვალისწინებელ დროს დავბრუნდი. მამა დედას დარწმუნებას ცდილობდა, რომ ჩემთვის სიმართლე ეთქვათ. ეს სიმართლე კი თურმე ის იყო, რომ მე მათი ბიოლოგიური შვილი არ ვიყავი. თავლცრემლიანმა მხოლოდ ის მოვახერხე, რომ მეკითხა, მიყიდეს თუ ბავშვთა სახლიდან წამომიყვანეს. ჩემმა გამზრდელმა მშობლებმა მითხრეს, რომ ჩემზე მამამ თქვა უარი და დედა იძულებული გახდა გავეშვილებინე. ჩემი ნამდვილი მშობლების ახალგაზრდული ცდუნებების გამო აღმოვჩნდი ორ პარალელურ სამყაროში.
ძალიან ძნელია, უცებ აღმოაჩინო, რომ შენს მიღმა კიდევ პარალელური მეორე ცხოვრებაა. მას შემდეგ რაც გავიგე სიმართლე, სულ ამერია თავგზა. მთელი ბავშვობა სიამაყით ვამბობდი, რომ დედასავით ლამაზი ტანი მქონდა და მამასავით ლამაზი თვალების ფერი. ნეტავ სინამდვილეში ვის დავემსგავე ? - გამზრდელი მშობლები დამპირდნენ, რომ დედაჩემს მიპოვიან და გამაცნობენ, მე მათი ახლა ისე მესმის, როგორც არასდროს და მთელი ცხოვრება შევეცდები დავრჩე იმ გოგონად, რომელიც გამზრდელ დედას ლამაზი ტანით ჰგავს და გამზრდელ მამას - ლამაზი თვალებით. ჩვენ ერთად ცხოვრებით ძალიან დავემსგავსეთ ერთმანეთს. ჩემს ნამდვილ დედას კი იმას ვეტყვი, რომ ყველაფრის მიუხედავად, ყოველგვარი არჩევანის გარეშე, სწორი არჩევანის გაკეთება შეძლებია. შეეძლო ჩანასახშივე მოვეკალი. მან გაახარა ორი ძალიან კეთილი ადამიანი ჩემი ამქვეყნად მოვლენით და ჩემი გადარჩენის გამო თავი გაიუბედურა. აი, იმ კაცს კი, რომელმაც ყველაზე და ყველაფერზე გამცვალა, ვერასოდეს ვაპატიებ! ტრავმას კი, რომელსაც გულით ვატარებ, უნდა მოვერიო."
ნინო, 20 წლის
ჩვენ გვერდით არაერთი ოჯახია, რომელიც ნაშვილებ ბავშვს ზრდის. საუბარია პატარაზე, რომელიც ახალშობილი იშვილეს და საკუთარ შვილად გამოაცხადეს. ამ ფაქტს, როგორც წესი, ოჯახი საიდუმლოდ ინახავს და არც აპირებს შვილობილისთვის სიმართლის გამხელას. სამაგიეროდ, საქართველოში გაუგებარი არაფერი რჩება და ნაშვილები ბავშვები მწარე სიმართლეს სხვებისგან იგებენ.
განსაკუთრებლად რთული მომენტი დგება მშობლების ცხოვებაში მაშინ, როცა მათ ნაშვილები შვილისთვის სიმართლის გამხელა უწევთ. ბევრი მშობელი ამ ბარიერის გადალახვას მთელი ცხოვრება ვერ ახერხებს, თითქოს ამ ფორმით თავიანთ თავსაც იცავენ და იცავენ არსებას, რომელიც დიდი სიყვარულით გაზარდეს.
თუ როგორ და რა ფორმით უნდა უთხრათ შვილს, რომ ის ნაშვილებია და როგორ ვუთხრათ მას სიმართლე ისე, რომ მოსალოდნელი ფსიქოლოგიური ტრავმებისგან დავიცვათ, ამ თემასთან დაკავშირებით mshoblebi.ge ფსიქოლოგ ნინო კერესელიძეს გაესაუბრა.
- როდის, როგორ და რა ასაკში უნდა ვუთხრათ შვილს, რომ ის ნაშვილებია ?
- უმჯობესი იქნება, პატარა ასაკიდანვე მივაწოდოთ ინფორმაცია ბავშვს ძალიან მცირე დოზებით, შესაძლებელია ეს იყოს მაგალითად, ზღაპრებით, რომ შემდგომ ბავშვმა ტრაგედიად არ აღიქვას სიმართლე. უნიკალური მოდელი არ არსებობს, თუ რა ასაკში ან როგორ გარემოში უნდა ვუთხრათ სიმართლე. თითოეული შემთხვევა არის ინდივიდუალური და უმჯობესია წინასწარ მოხდეს ფსიქოლოგებთან კონსულტაცია, რის მიხედვითაც შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა მოხდება.
აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ გარემო, რომელშიც იზრდება, რამდენად კომფორტულია მისთვის, ასევე მისი ასაკი და ფსიქიკური მზაობა. მნიშვნელოვანია, სიმართლე გაიგოს უშუალოდ აღმზრდელისგან წინასწარი მომზადებით და არა მაგალითად სკოლაში, ან „კეთილი“ მეზობლისგან.
- ნაშვილები ადამიანის მიერ სიმართლის გაგება რა ფსიქლოგიურ ტრავმებთან ასოცირდება და როგორ უნდა დავეხმაროთ მას?
- პირველ რიგში მას უჩნდება განცდა, რომ იგი უარყვეს, ამასთანავე, ყველა ჩვენგანს სჭირდება ოჯახის მხრიდან მხარდაჭერა და სიყვარული, რომელსაც გარკვეულწილად ვიღებთ ოჯახიდან, რომელ გარემოშიც ასევე ყალიბდება ჩვენი იდენტობა, ჩვენი რაობა. წარმოიდგინეთ, როდესაც იგებ, რომ რისიც გჯეროდა, სიცრუეა. ამ დროს ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის იდენტობის კრიზისი, რომელიც იმდენად მძიმეა, რომ ხშირ შემთხვევაში ცუდად მთავრდება. რაღა თქმა უნდა, ეს ყველაზე რთულ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი წინასწარ მომზადებული არაა და მისთვის გაუგებარი ან მიუღებელია გაშვილება-შვილად აყვანის ფენომენი.
- არის შემთხვევები, როცა შვილად აყვანის შემდეგ წყვილს საკუთარი შვილი უჩნდება. ასეთ სიტაუციაში, როგორ უნდა დააბალანსოს ურთიერთობა მშობლებმა შვილებთან?
- ხშირია ასეთი შემთხვევა, როდესაც გამუდმებული ფსიქოლოგიური სტრესი ეხსნებათ და საკუთარი არაერთი შვილი უჩნდებათ, აუცილებელია თანაბრად უყვარდეთ ისინი, მათ აიღეს პასუხისმგებლობა, რომ ეს ბავშვი ეყვარებოდათ და მოუვლიდნენ. გარდა ამისა, საზოგადოება უფრო ხშირად განარჩევს ალბათ საკუთარ შვილს და აყვანილს, ვიდრე მშობელი, ვინაიდან სწორედ აყვანილი შვილის წყალობით წყვილმა განიცადა რა არის მშობლობა და რამდენად დიდი წყალობაა. მშობელმა არც ერთი წამი არ უნდა განასხვაოს ბიოლოგიური შვილი აყვანილისგან, ვინაიდან ეს ისეთივე ტრავმას გამოიწვევს, მაგალითად როგორც ბიოლოგიური შვილები განასხვავოთ ერთმანეთისგან.
- რას ურჩევდით მშობლებს, რომლებსაც ჰყავთ ნაშვილები ბავშვები?
- შეეცადეთ, ბავშობიდანვე ზღაპრებით მიაწოდოთ ინფორმაცია, რომ ზოგ დედას მაგალითად არ ჰყავს შვილი და ვინმე კეთილი ადამიანი მას აჩუქებს დედობის ბედნიერებას, შესაბამისად ეს ადამიანიც ისეითივე დედაა, როგორც ადამიანი, ვინც გააჩინა. იმისთვის, რომ დედა და მამა გერქვათ, არაა აუცილებელი თქვენი გაჩენილი იყოს ბავშვი. თუ თქვენ უპირობოდ გეყვარებათ და ეცდებით მისცეთ საშუალება ამ პატარას, შექმას სამყაროში საკუთარი თავი და არა ვინმეს ანარეკლი, თუ თქვენ, თქვენთან ყოფნის პირველივე წუთებიდან შეუქმნით უსაფრთხო გარემოს, სადაც განვითარებას და ზრდას შეძლებს, თუ თქვენ არ შეადარებთ მას სხვას და აღიქვამთ როგორც პიროვნებას, რომელსაც აქვს სიტყვის უფლება და საკუთარი მნიშვნელოვანი როლი ცხოვრებაში, მაშინ თქვენ ნამდვილი მშობლები ხართ, მაშინ თქვენ გყავთ შვილი, რომელიც გაფასებთ და უყარხართ, რაც არ უნდა მოხდეს.
- რას ურჩევდით მათ, ვინც მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ ნაშვილებია?
- პირველ რიგში ვეტყოდი, რომ ეს ტრაგედია არაა, თქვენ გყავთ ადამიანები, ვისაც უყვარხართ და ზრუნავენ თქვენზე, ვისთვისაც სულ ერთი არაა თქვენი არსებობა. ნუ დაადანაშაულებთ ბიოლოგიურ მშობლებს. არასდროს ვიცით, რამ უბიძგათ მათ ასეთი ქმედებისკენ. მეტად დააფასეთ ადამიანები, ვინც აგირჩიათ, დიახ, სწორედ თქვენ, თავიანთი ცხოვრების მთავარ აზრად. ნურც იმაზე გაბრაზდებით, თუ ოდესმე უთანხმოება გქონიათ დედასთან და მამასთან, ეს ბუნებრივია, გახსოვდეთ, რომ სამყარო არის ადგილი, სადაც უმიზეზოდ არაფერი ხდება.
წაიკითხეთ გაშვილებული ბავშვების საოცარი ისტორიები:
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
მშობლებმა მასზე უარი თქვეს... გოგონა უცხო ადამიანებმა იშვილეს და მსოფლიოს ჩემპიონად აქციეს! "დედაჩემი სულ მიმალავდა იმ ამბავს, რომ აყვანილი ვარ. ერთხელაც ვუთხარი, რომ ყველაფერი მახსოვდა..." დედა, მამა და ნაშვილები პატარა – კეთილი ამბავი
რა დაგჭირდებათ საქართველოში ბავშვის შვილად ასაყვანად:
- - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
რა კრიტერიუმებით არჩევენ მომავალი მშობლები შვილებს
შეუძლია თუ არა შვილის აყვანა მარტოხელა ქალს და ვის არ აქვს შვილის აყვანის უფლება?