როგორ იყენებენ ბავშვებს პოლიტიკურ რეკლამებში და რისი უფლება აქვს ამ დროს მშობელს
როგორ იყენებენ ბავშვებს პოლიტიკურ რეკლამებში და რისი უფლება აქვს ამ დროს მშობელს
წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩვენი პოლიტიკოსები ყველას და ყველაფერს იყენებენ - მათ შორის ბავშვებსაც. კარგად გვახსოვს "დემოკრატიული მოძრაობის“ ბანერი, სადაც ნინო ბურჯანაძე ბავშვს ეხუტება. ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობდა "ქართული ოცნების“ ლიდერის, გიორგი კვირიკაშვილის ფოტო პატარა გოგონასთან. ბავშვის სახე კიდევ არაერთმა პოლიტიკურმა პარტიამ გამოიყენა წინასაარჩევნო კამპანიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ბავშვების პოლიტიკურ რეკლამებში მონაწილეობა მშობლების სურვილითაც ხდება, საინტერესოა ფასდება თუ არა ეს ბავშვის უფლებების დარღვევად და არის თუ არ ეს მანიპულირება?

შუახევის
ერთ-ერთ სკოლაში გადაღებულმა ფოტომ, რომელზეც პირველკლასელ ბავშვებს "ქართული ოცნების“ დროშა უჭირავთ, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და კიდევ ერთხელ წამოწია ისეთი საკითხი, როგორიც ბავშვების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაა.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით mshoblebi.ge უფლებადამცველ, "პარტნიორობა უფლებებისთვის“ ხელმძღვანელს ანა არღანაშვილს გაესაუბრა.
mshoblebi
- ბავშვების გამოყენებას პოლიტიკურ კამპანიებში დიდი ისტორია აქვს. სიტყვა „გამოყენება“ მიანიშნებს, რომ ეს კამპანიები ხშირად არა ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეხება, არამედ პოლიტიკოსების სურვილის წარმოჩენას. ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ შემთხვევები, როდესაც ესა თუ ის პარტია მართლაც ბავშვთა საკითხებზე ზრუნავს და როდესაც ისინი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გატარებას ცდილობენ ბავშვების გამოყენებით. სწორედ ეს არის ბავშვების უფლებების დარღვევა. ამ შემთხვევაში, ბავშვების სურათებსა თუ ვიდეოებს მხოლოდ ის მიზანი აქვს, რომ ხალხის
ემოციები აღძრას და ეს ემოციები პარტიამ სათავისოდ გამოიყენოს.

mshoblebi
- ბავშვის პოლიტიკურ რეკლამაში მონაწილეობით,  როგორ და რა ფორმით შეიძლება დაირღვეს მისი უფლებები?
- როგორც ბავშვთა უფლებების კონვენცია ამბობს, ბავშვებს აქვთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება. ეს მონაწილეობა ნიშნავს ბავშვების ხმის და მოსაზრების მოსმენას, მათთვის აზრის კითხვას იმ საკითხებზე, რაც მათ ეხებათ, მაგალითად, განათლების რეფორმა, ჯანდაცვის რეფორმა. შესაბამისად, თუ პოლიტიკური პარტია საკუთარი განათლებისა და ჯანდაცვის პროგრამის შედგენისას ბავშვების მოსაზრების მოსმენას შეეცდება, მაშინ ეს იქნებოდა ბავშვთა მონაწილეობის ხელშეწყობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც, პოლიტიკური პარტია ცდილობს არა ბავშვთა მოსაზრებების მოსმენას და ასახვას პროგრამაში, არამედ ბავშვთა სახეების გამოყენებას კამპანიაში, ამ შემთხვევაში ირღვევა როგორც ბავშვის მონაწილეობის უფლება, ასევე შეიძლება დაირღვეს ბავშვის პირადი ცხოვრების უფლებაც, ვინაიდან ბავშვის შესახებ პირადი ინფორმაცია ყველასთვის ცნობილი ხდება. შესაძლებელია, ასევე დაირღვეს ბავშვის ინტერესიც და მისი უსაფრთხოებაც, ყველაზე მძიმე შემთხვევებში, შესაძლოა ბავშვებს მიადგეს ემოციური ტრავმაც, რომელსაც წინასწარ ვერ გავთვლით.

ვინ არის პატარა ნინიკო, რომელმაც კახა კალაძეს მიკროფონი „წაართვა“



- ვინ უნდა დაიცვას ბავშვის უფლებები და როგორ, როცა ის პოლიტიკური რეკლამის ნაწილი ხდება? რა როლს თამაშოს მშობლის ფაქტორი ამ შემთხვევაში?
- ბავშვის უფლებების პირველი დამცველი, კანონის თანახმად, მისი მშობლები და კანონიერი წარმომადგენლები არიან. სწორედ მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, თუ ისინი ბავშვის პოლიტიკურ რეკლამაში თანხმობას განაცხადებენ ისე, რომ არ ექნებათ გააზრებული ამასთან დაკავშირებული რისკები. თუმცა, ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს კანონმდებლობით, როცა თავად მშობელს არ ესმის და ვერ იცავს ბავშვის უფლებებს, საქმეში უნდა ჩაერთოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო. სწორედ მათ უნდა უთხრან მშობლებს ბავშვთა უფლებების შესახებ და იმ რისკების შესახებ, რაც ამ რეკლამებში მონაწილეობას მოსდევს. აუცილებელია, ქვეყანში ბავშვთა დაცვის სხვა უწყებებმაც მოახდინონ მთელი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ბავშვთა უფლებების შესახებ, რაც იქნება ყველაზე კარგი პრევენცია მათი დარღვევისა.
mshoblebi
- თუ ბავშვი მშობლის ნებართვისა და მისი ინტერესების გათვალისწინების გარეშე მოხვდა პოლიტიკურ რეკლამაში, როგორ შეიძლება დაიცვას მშობელმა შვილის უფლებები? აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თუ არსებობს კანონში კონკრეტული მუხლი ?
- საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ადამიანის ნებართვის გარეშე მისი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის, გამოსახულების, ფოტოს თუ ვიდეოს გავრცელების შემთხვევაში, დაცვის მექანიზმს. პირს, რომლის თანხმობის გარეშეც გავრცელდა ეს ინფორმაცია, ანუ, შესაბამისად, ბავშვსაც, კანონიერი წარმომადგენლის დამხარებით, შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ბუნებრივია ამ ინფორმაციის გავრცელების შეწყვეტა.

- თუ გაიხსენებთ კონკრეტულ პოლიტიკურ რეკლამებს, სადაც ბავშვების მონაწილეობით დარღვეული იყო მათი უფლებები?
- არაერთი რეკლამა მახსენდება, სადაც ბავშვის სახე იყო გამოყენებული, თუმცა, მიუხედავად ჩვენი, ანუ ბავშვთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნისა, ამ შემთხვევების გამოკვლევა არ მომხდარა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ანუ სოციალური სამსახურის მიერ. დღევანდელი კანონმდებლობა, კი ჩვენ, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არ გვაძლევს შესაძლებლობას ბავშვის მშობლის და კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე დავიცვათ ამ ბავშვის უფლებები. მაქსიმუმი რაც შეიძლება გავაკეთოთ, არის ის, რომ მივმართოთ სავარაუდო დარღვევის შესახებ ბავშვთა დაცვის სახელმწიფო ორგანოებს, ანუ მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს. ეს არაერთხელ გაგვიკეთებია ბავშვის პირადი ინფორმაციის სავარაუდოდ უკანონო გავრცელების დროს, მაგრამ მათი რეაგირება ჯერ კიდევ არ არის ეფექტური. ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს, როგორც მოგეხსენებათ, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში არის თანამშრომლების სერიოზული სიმცირე, მათ უბრალოდ არ აქვთ რესურსი რომ ბავშვთა უფლებების დარღვევაზე ეფექტური რეაგირება მოახდინონ.
mshoblebi
- როგორ შეაფასებთ შუახევის სკოლაში მომხდარ ფაქტს? ვინ უნდა აიღოს ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე?
- როგორც ყველამ ვნახეთ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უკვე გაავრცელა განცხადება, იმის შესახებ, რომ სკოლაში მიმდინარეობს ამ შემთხვევის მოკვლევა, რაც კანონითაა მოწესრიგებული. თუმცა, ვფიქრობთ, ასევე უნდა ჩაერთოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო და შეისწავლოს რამდენად დაირღვა ამ დროს ბავშვთა უფლებები. მხოლოდ სკოლის შიგნით ამ საკითხის შესწავლა, ბავშვთა სავარაუდოდ დარღვეული უფლების დაცვის გარანტია არ არის. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის მიმართ გამოყენებული იქნება რაიმე სანქცია, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ბავშვების უფლებები იქნება დაცული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს შემთხვევა განვიხილოთ, როგორც სისტემური პრობლემის ერთ-ერთი ლოკალური გამოვლენა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა ჩაატაროს პრევენციული კამპანია ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.


"დროშების გამო უნდა გამათავისუფლონ?" - რა ელის მასწავლებელს, რომელსაც ბავშვების პოლიტიზირებაში ადანაშაულებენ


- მასწავლებელი ამბობს, რომ ბავშვები სკოლაში დროშებით მივიდნენ, ვის უნდა მოეხდინა ამაზე რეაგირება?
- ბავშვებმა შესაძლოა არ იცოდნენ საკუთარი უფლებები, არც ის იცოდნენ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის კუთვნილი სიმბოლოს მატარებელი, მაგალითად - სამოსით გადაადგილებას. ბუნებრივია, ასეთ დროს მასწავლებელმა ბავშვებისთვის გასაგები ენით უნდა აუხსნას მათ თავიანთი უფლებები, ასევე ითანამშრომლოს მშობლებთან და მიაწოდოს მათ ინფორმაცია ბავშვთა პოლიტიკურ კამპანიაში ჩართვის რისკებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ბავშვებზე ორიენტირებული მიდგომით, მშობლების და ბავშვების განათლებით, მასწავლებელი შეძლებს ამ გამოწვევის გადალახვას და ბავშვებს ააცილებს პოტენციურ რისკებსა და საფრთხეებს. ამაში მასწავლებელს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უნდა დაეხმაროს სახელმწიფოც, რომელიც ზოგადად ბავშვთა უფლებებზე, მათ შორის მათ პოლიტიკურ კამპანიებში გამოყენებაზე, ფართომასშტაბიან საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების კამპანიას უნდა ატარებდეს.

- თქვენი აზრით, რამდენად პოლიტიზირებულია დღეს საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულებები?
- სამწუხაროდ, ამ თემაზე სამეცნიერო კვლევა ჯერ არ გვაქვს, ამიტომ ჩემი შეფასება ვერ იქნება სრულყოფილი. თუმცა გასულ წლებში არაერთხელ გავხდით მომსწრე, როდესაც სკოლები ავლენდნენ პოლიტიზაციის ნიშნებს. ვფიქრობ, ამ საკითხს სიღრმისეული კვლევა სჭირდება. ძალიან ბევრი რამ ხდება სკოლაში, რაც ასე გარეგნულად არ ჩანს, შესაძლოა სოციალურ ქსელში არ ვრცელდებოდეს, მაგრამ სკოლა იყოს აშკარად პოლიტიზებული, ამას ბუნებრივია, სისტემური ჩარევა სჭირდება განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან. იმ შემთხვევაში, თუ მომავალში აღარ გავრცელდება მსგავსი ფოტოებ,ი რაც შუახევის სკოლის შემთხვევაში მოხდა, ჩვენ არ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ სხვაგან არ ხდება. მნიშვნელოვანია სამინისტრომ ეს საკითხი მონიშნოს, როგორც სამუშაო თემა, შეიმუშაოს კონცეფცია სკოლების პოლიტიზირებისგან დაცვის შესახებ, ასევე ამ კონცეფციის პრაქტიკაში აღსრულების მექანიზმი, მონიტორინგის საშუალება და განახორციელოს სხვა სისტემური ნაბიჯები.
რუსკა კილასონია
971
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?