ყოველთვის ერთი არგუმენტით ვხსნით ყველაფერს - "ჩემი შვილისთვის კარგი მინდა" ყველა მშობელს შვილისთვის საუკეთესო უნდა. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, როგორც არ უნდა ვიქცეოდეთ, ყოველთვის ერთი არგუმენტით ვხსნით ყველაფერს - "ჩემი შვილისთვის კარგი მინდა".
მაგალითად:
• როდესაც 3 წლის ბავშვს ჩვენი ხელით ვაცმევთ და ვაჭმევთ, იმიტომ რომ "მისთვის კარგი გვინდა";
• როდესაც 7 წლის ბავშვს ოთახში დაყრილ სათამაშოებს და მიმოფანტულ ნივთებს ვულაგებთ, იმიტომ რომ "მასზე ვზრუნავთ";
• როდესაც დამამთავრებელ კლასში მყოფს არსად ვუშვებთ, იმიტომ რომ "მათზე ვზრუნავთ";
• როდესაც პროფესიას ვურჩევთ, იმიტომ რომ "ჩვენ კარგი გვინდა მისთვის".
სინამდვილეში, რაოდენ მტკივნეულიც უნდა იყოს ამის აღიარება, ამ ყველაფრის დროს მხოლოდ საკუთარ თავზე ვზრუნვთ: ვაცმევთ და ვაჭმევთ იმიტომ, რომ გვეჩქარება და ვერ დაელოდებით;
7 წლისა თვითონ ვერ დაალაგებს და მაინც მე უნდა დავალაგო, არ მაქვს მაგის ნერვი;
როდესაც არსად არ ვუშვებთ, ეს იმიტომაა, რომ ჩვენ არ ვინერვიულოთ; პროფესიად კი იმას ვურჩევთ, რაც თავად მოგვწონს.
ამ დროს ჩვენს შვილებს განვითარების შესაძლებლობას ვართმევთ - რაც უფრო მეტს გავაკეთებთ მათ მაგივრად, მით უფრო ვუზრდით შეზღუდულ შესაძლებლობებს.
აქვე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რაიმეზე აკრძალვას ან ნების დართვას ბავშვის სქემიდან გამომდინარე. ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებული აღზრდის სტილის მიხედვით, ბიჭებს, როგორც წესი, სახლის საქმეებში არ ვრთავთ, ბიჭის საქმე არ არის ჭურჭლის რეცხვა, სახლის დალაგება და საკუთარი ტანსაცმლის მოვლა. ამის გამო, თუ მარტო, დამოუკიდებლად ცხოვრება მოუწევთ, სრულიად უუნაროები აღმოჩნდებიან და ძალიან დიდი ძალისხმევა ჭირდებათ, რომ ეს საქმიანობა ზრდასრულობაში ისწავლონ. გარდა ამისა, ისევ ამ მიზეზით, ბევრი სირთულე ექმნებათ პარტნიორებთან ურთიერთობაში, თანაცხოვრებისას, როცა კაცი არ ინაწილება სახლში ამა თუ იმ საქმინობას. ესეც ჩვენი, ე.წ. ჰიპერ მზრუნველობის (გადამეტებული მზრუნველობა) შედეგია.
მოდი, მივცეთ ჩვენს შვილებს შესაძლებლობა, განივითარონ უნარები, ცოტა იწვალონ და ბევრი დრო დახარჯონ ჩვენთვის მარტივი დავალებების შესრულებაში. ნუ შეგეცოდებათ და ნუ წაგიცდებათ ხელი, რომ მათ მაგივრად გააკეთოთ სხვადასხვა აქტივობა, ისინი ხომ სწორედ ამ დროს ვითარდებიან.
ნონა ციხელაშვილი
ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი