რაში სჭირდება დედას სიზარმაცე? ისევ შვილის საკეთილდღეოდ
რაში სჭირდება დედას სიზარმაცე? ისევ შვილის საკეთილდღეოდ
ბავშვი დამოუკიდებელი რომ გაიზარდოს, საჭიროა ეს უნარი მას ბავშვობიდანვე გამოუმუშავდეს. ვინ დაეხმარება ამაში? რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები და პირველ რიგში, საყვარელი დედიკო. ამ საკითხში რჩევებით დახმარება დედიკოსაც სჭირდება.
ბავშვზე ზრუნვა და მისი დახმარება დედის პირველი მოვალეობაა. მაგრამ ბევრი რამის მოხერხება ბავშვს თავადაც შეუძლია, სულ პატარასაც კი. ხანდახან დედა უნდა გაზარმაცდეს. არ არის საჭირო იმდენჯერ მოაცუნცულოთ ჭიქით წყალი, რამდენჯერაც ბავშვს მოსწყურდება. უთხარით, ადგეს და თავად მოიტანოს. თუ პატარაა და ვერ
დაისხამს, უთხარით: "მოდი, დაგეხმარები, გაჩვენებ, როგორ უნდა დაისხა" - თუმცა ყველაფერს მის ნაცვლად ნუ გააკეთებთ. დაე, თავადაც სცადოს.

თუ რაიმეს აღება ან გაკეთება უნდა და იცით, რომ გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოახერხებს, დააცადეთ, თავად აიღოს და გააკეთოს. თუ არ შეიძლება მისთვის იმ კონკრეტული ნივთის აღება (გაკეთება), ალტერნატივა შესთავაზეთ: "ეგ არა, მაგრამ აი ის, შეიძლება".
არასოდეს აჰყვეთ ბავშვის ისტერიკებს. მისი ჭირვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება ბავშვის ტყვედ გაქცევთ. რაც მეტად დაემონებით მის სურვილებს, ბავშვსაც მეტი პრეტენზია გაუჩნდება. ზედმეტი ჭირვეულობა კი მასაც აწუხებს, ეს ბავშვისთვის სიამოვნება კი არა, სერიოზული სტრესია. ამიტომ უაზრო სურვილების ასრულების ნაცვლად, სჯობს მიაჩვიოთ, რა შეიძლება და რა - არა. ეს უნარი მის დამოუკიდებლობაზეც დადებითად
იმოქმედებს.
კონფლიქტები მშვიდობიანად, ფიზიკური ძალის გამოყენების გარეშე მოაგვარეთ. დღეს ძალა აღმართს ხნავს, მაგრამ მერე რას იზამთ, ბავშვი რომ გაიზრდება? მიაჩვიეთ მოლაპარაკებას. დღეს შეიძლება თქვენთვის მარტივია ერთი თვალის დაბრიალებით, დაყვირებით ან ტაკოზე მოცხებით პრობლემის მოგვარება, მაგრამ დრო ძალიან სწრაფად მიქრის და თქვენი მეთოდებიც მალე უშედეგო გახდება. ნურც მატერიალურ წახალისებას მიაჩვევთ დაახლოებით ამგვარად: "თუ კარგად მოიქცევი, ნაყინს გიყიდი". წარმოიდგინეთ, ინსტიტუტში რომ ჩააბარებს, ამისათვის რომ მანქანის ან ბინის ყიდვა მოგთხოვოთ.
გულახდილად გამოხატეთ თქვენი გრძნობები - "მაწყენინე", "გული მატკინე", "გამახარე", "ვამაყობ შენით", "ძალიან ცუდად მოიქეცი" და ა. შ. არასოდეს უთხრათ: "აღარ მიყვარხარ", "ცუდი ბავშვი ხარ", "ხმას არ გაგცემ".
ნუ ასწავლით სამაგიეროს გადახდას თუნდაც მისი თანატოლი ბავშვებისთვის. "ხურდის დაბრუნება" ჩხუბში გადადის. გგონიათ სუსტი და უმწეო გაიზრდება? სულაც არა. თქვენს გარეშეც კარგად ისწავლის, როგორ დაუბრუნოს "ხურდა" მეტოქეს.
გახსოვდეთ, შვილის სიყვარული მისი ჭირვეულობის დაკმაყოფილებით და მის მაგივრად საქმის კეთებით არ გამოიხატება.
2308
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?