რას კარგავს ბავშვი, როცა დასასვენებლად ვერ მიგყავთ - რჩევები ქალაქში დარჩენილი ბავშვების მშობლებს
რას კარგავს ბავშვი, როცა დასასვენებლად ვერ მიგყავთ - რჩევები ქალაქში დარჩენილი ბავშვების მშობლებს
მშობლების სამსახურის, უსახსრობისა თუ აგარაკის არქონის გამო, ზოგიერთ ბავშვს მთელი ზაფხულის ქალაქში გატარება უწევს. რას კარგავს ამით ბავშვის ორგანიზმი, რით შეგვიძლია პატარას ეს დანაკლისი ქალაქის პირობებში შევუვსოთ, რა უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა სეზონური გართულების თავიდან ასაცილებლად, რჩევა-რეკომანდაციებს მედიცინის აკადემიური დოქტორი, თამარ ობგაიძე გვთავაზობს...

-  რას კარგავს ბავშვის ორგანიზმი წლის მანძილზე, როცა მშობელი ზაფხულში მის ქალაქიდან გაყვანას ვერ ახერხებს?
-  არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს დიდი ქალაქების მოსახლეობის მხოლოდ 54% ახერხებს ზაფხულში ბავშვის ქალაქგარეთ გაყვანას. დიდი ქალაქების ჰაერი მავნე მინარევებითაა გაჯერებული. სუფთა
ჰაერი კი, რომელიც მავნე მინარევებისგან დაცლილია და მასში ჟანგბადის შემცველობაც მეტია, ხელს უწყობს ბავშვის ყველა ორგანოს ფუნქციონირების გაუმჯობესებას, ასუფთავებს სასუნთქ გზებს, დადებითად მოქმედებს სისხლმბად, სისხლის მიმოქცევისა და იმუნურ სისტემებზე.

-   რით შეიძლება პატარას ცოტათი მაინც ავუნაზღაუროთ ეს დანაკლისი?
-  იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ბავშვის ქალაქგარეთ გაყვანას ვერ ახერხებს, უნდა ეცადოს, ხშირად გაიყვანოს პატარა ქალაქის შემოგარენში, ტბებზე, ტყე-პარკებში, სარეკრეაციო ზონებში, იქ, სადაც ჰაერი შედარებით სუფთაა და ჟანგბადითაა გაჯერებული. ზომიერი ფიზიკური აქტივობა, სეირნობა სუფთა ჰაერზე ხელს უწყობს პატარას ფიზიკურ განვითარებას, გაკაჟებას. გაკაჟება თბორეგულაციის პროცესების გავარჯიშებაა, რაც გაცივების, სხვა
დასხვა ინფექციების მიმართ ბავშვის იმუნიტეტს ზრდის. გაკაჟება შეიძლება წყლით, ჰაერით. ეს არის ცივი და თბილი პროცედურების ცვალებადობა, მაგალითად, თბილი და გრილი შხაპი, კონტრასტული აბაზანები ხელ-ფეხისათვის, წყლის შემდეგ კი - ჰაერის აბაზანა. გაკაჟების პროცესის დასაწყებად საუკეთესო დრო სწორედ ზაფხულია, რადგან ბუნება ამ დროს თავად გვთავაზობს გაკაჟების ოპტიმალურ პირობებს.

-  რამდენად რეკომენდებულია თბილისის ზღვაზე ან ტბებზე ბავშვის წაყვანა? რა რისკები და უპირატესობები ახლავს ამას თან?
-  წყალსატევებში ბანაობისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. არავითარ შემთხვევაში არ აბანაოთ ბავშვი უცნობ წყალსატევში. ის, შესაძლოა, სხვადახვა ინფექციური აგენტით ან ჰელმინთით იყოს დაბინძურებული. აუცილებლად მიაწოდეთ სითხეების გაზრდილი რაოდენობა, რათა თავიდან აიცილოთ გაუწყლოება.

-  რამდენად უსაფრთხოა, ბავშვმა შუადღისას, როცა მზის მცხუნვარება პიკს აღწევს, ეზოში ითამაშოს?
-  როცა მზესა და სეირნობაზე ან ეზოში თამაშზე ვსაუბრობთ, აუცილებელად გაითვალისწინეთ შემდეგი: დაიცავით პატარა ტრავმებისგან, რადგან მისი სულ მცირე დროით უმეთვალყურეოდ მიტოვებამ, შესაძლოა, სავალალო შედეგი გამოიღოს. მზის სხივების ზეგავლენით კანში D ვიტამინი წარმოიქმნება, რომელიც კალციუმისა და ფოსფორის ცვლას არეგულირებს, შედეგად კი ბავშვის ძვალ-სახსროვანი სისტემის სწორ განვითარებასა და ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, მაგრამ ხანგრძლივად მზეზე ყოფნამ, შესაძლოა, მზის და სითბური დაკვრა ან კანის დამწვრობა გამოიწვიოს. გარეთ გასვლისას პატარა საზაფხულო, ღია ქსოვილისაგან შეკერილი ტანსაცმლითა და ქუდით უნდა შემოსოთ. ღია ფერი მზის სხივებს ირეკლავს და სიცხეც ადვილად ასატანი ხდება. ზოგადად, მზეზე ხანგრძლივი დროით ყოფნა არც ერთ ასაკში არ არის სასარგებლო.
ბავშვის კანი კი, მოგეხსენებათ, გაცილებით უფრო ნაზი და თხელია, რის გამოც მზის სხივების დამაზიანებელი მოქმედება უფრო სწრაფად გამოიხატება. ამის თავიდან ასაცილებლად მზისგან დამცავი კრემები გამოიყენეთ. რაც უფრო მაღალია კრემის ეტიკეტზე მითითებული შPF დაცვის ფაქტორის ინდექსი, მით უფრო მეტხანს და ეფექტიანად იქნება დაცული თქვენი პატარა. თუ ბავშვი შავგვრემანია, მას 15-30 ინდექსიანი კრემიც ეყოფა, ხოლო თუ ის თეთრია, 30-50 ინდექსიანი კრემი გამოიყენეთ. კრემის ერთჯერადად წასმა არ კმარა, ეს ყოველ ორ საათში უნდა გაიმეოროთ.

-  ზოგიერთი დასაქმებული დედა ბავშვს სოფელში ოჯახის სხვა წევრთან ერთად გზავნის. ისეთი ბავშვისთვის, ვინც დედაზეა მიჯაჭვული, რამდენად სტრესულია მშობლის ამგვარი გადაწყვეტილება და თუ ღირს იმად, რომ ამ სტრესის ხარჯზე სუფთა ჰაერი ისუნთქოს?
-  ბებია-ბაბუასთან თუ ახლო ნათესავებთან სოფელში სტუმრობა ნამდვილად სასარგებლოა, მაგრამ თუ ამას დედასთან განშორების გამო პატარას ნერვიულობა მოჰყვება, უმჯობესია, პატარასთან ერთად თუნდაც რამდენიმე დღით დედაც გაემგზავროს აგარაკზე, რაც ბავშვს ადაპტაციის პროცესში დაეხმარება. თუ ეს ბავშვს დარჩენის სურვილს მაინც არ მოგვრის, უმჯობესია, ბავშვი თქვენთან ერთად ქალაქში დააბრუნოთ და თავად იზრუნოთ მის სარეკრეაციო ზონებში სეირნობაზე.

-  ამჟამად ბავშვებში გავრცელებული ენტეროვირუსის თავიდან ასაცილებლად რა უსაფრთხოების წესები უნდა დავიცვათ?
-  ზაფხულის პერიოდში სხვადასხვა ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციური აგენტი აქტიურდება, რის გამოც წლის ამ სეზონზე ნაწლავთა აშლილობის შემთხვევები იმატებს. ამ ინფექციათა გადაცემის გზა მეტწილად ფეკალურ-ორალურია ანუ ისინი ადამიანის ორგანიზმში ჭუჭყიანი ხელებით, დაბინძურებული წყლითა და საკვებით ხვდება. პატარას აუცილებლად ხშირად დაბანეთ ხელები; საკვებად ყოველთვის ხარისხიანი და ახალი პროდუქტები შესთავაზეთ; წყალი, ბუნებრივია, აუცილებლად სუფთა უნდა იყოს, ხილი და ბოსტნეული კი - საგულდაგულოდ გარეცხილი. ნუ გამოიყენებთ დაავადებული ადამიანის პირადი ჰიგიენის ნივთებს.

-  ჰიგიენის მიზნით უნდა დავუშალოთ თუ არა ბავშვს სილაში თამაში ქალაქის პირობებში?
-  იმის გამო, რომ ზაფხულში ბავშვების მიწასთან კონტაქტი მატულობს, ხშირდება ჰელმინთებით ანუ ჭიებით ხშირი დასნებოვნებაც. სილაში თამაში პატარასთვის ერთ-ერთი საყვარელი გასართობია. როგორც ბევრი სხვა გასართობი, ის ბავშვის განვითარების ადრეულ ეტაპზე აუცილებელიც კია. ამიტომ, მასზე უარის თქმა ნამდვილად არ ღირს. მთავარია, თამაშის დროს ბავშვი მარტო არ დატოვოთ, ხოლო თამაშის შემდეგ აუცილებლად დაბანოთ ხელები, რათა თავიდან აიცილოთ ინფექციები.

-  მოგეხსენებათ, სკოლიდან ბავშვებს საზაფხულოდ არცთუ ცოტა დავალებას აძლევენ. რამდენად სწორია ეს მიდგომა და საერთოდ, უნდა დავაძალოთ თუ არა ბავშვს დასვენების პერიოდში მეცადინეობა, წიგნის კითხვა?
-  მრავალი კვლევით დასტურდება, რომ არდადეგების პერიოდში სწავლის პროცესისაგან დასვენება ხელს უწყობს იმ ცოდნის დიდი ნაწილის დაკარგვას, რაც ბავშვმა სასწავლო წლის მანძილზე მიიღო. ეს განსაკუთრებით მათემატიკური უნარების განვითარებაზე აისახება. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ სამთვიანი დასვენების შემდეგ გამოთვლით მათემატიკაში ბავშვი ერთი თვით უკან იხევს, გარკვეულწილად ქვეითდება მეხსიერებაც. ამიტომ, მეცნიერთა დიდი ნაწილი გვირჩევს, ბავშვი არდადეგების დროს მსუბუქად ვამეცადინოთ. დაკარგულის კომპენსირება მხატვრული ლიტერატურის კითხვითაც შეიძლება. ამ მოსაზრებას მცირერიცხოვანი ოპონენტებიც ჰყავს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ არდადეგებზე ბავშვი არ უნდა დავტვირთოთ და რომ სასწავლო წლის დაწყების შემდეგ ისინი თავისთავად აღიდგენენ სწავლის უნარსა და ცოდნას.

შორენა ლაბაძე
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)


79698
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები