გახმაურებულმა ფაქტებმა ბევრ მშობელს გაუჩინა საფიქრალი - როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენს შვილზე ძალადობენ? გოგონების მიმართ გამოვლენილი სექსუალური შევიწროების შესახებ გახმაურებულმა ფაქტებმა ბევრ მშობელს გაუჩინა საფიქრალი. ჩვენი შვილები რაც უფრო იზრდებიან, მით მეტ ადამიანთან უწევთ შეხება და ხშირად, ჩვენს გარეშეც. მასწავლებლები, მეზობლები თუ ოჯახის ახლობლები ზოგჯერ შეიძლება გარყვნილ მოძალადეებად მოგვევლინონ. როგორ შეიძლება დაიცვას შვილი ასეთი შემთხვევებისგან, რა უნდა გააკეთოს მშობელმა იმისათვის, რომ შვილმა მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შემთხვევაში სიმართლე არ დამალოს, როგორ უნდა მოხდეს მოძალადის მხილება და საერთოდ, როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა, რომ მოზარდი არის სექსუალური შევიწროების, ან სხვა რაიმე ტიპის ძალადობის მსხვერპლი.
აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ mshoblebi.ge რამდენიმე სპეციალისტს გაესაუბრა.
ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე:
- პირველ რიგში აუცილებელია, რომ ბავშვი იყოს გახსნილი და მშობელთან ნებისმიერ საკითხზე შეძლოს საუბარი. მშობელმა ბავშვს პატარა ასაკიდან უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, რა შეიძლება და რა - არა. თუ ბავშვს ჩვენ ვასწავლით, რომ ნებისმიერ საკითხზე შეუძლია მშობელთან საუბარი, პრობლემის გამხელა და იცის, რომ მშობელი დაეხმარება პრობლემის გადაწყვეტაში, ყოველთვის პირველი გაუზიარებს მშობელს.
ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ სიმართლის გამხელით მას არ დასჯიან. როგორც წესი, როცა მშობელსა და შვილს შორის დარღვეულია ურთიერთობები, ამას ძალიან კარგად იყენებენ მოძალადეები. თუნდაც ავიღოთ პედოფილიის შემთხვევები. რატომ არ ამბობს ამას ბავშვი მშობელთან? იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში არის მუქარა, დაშინება მოძალადის მხრიდან, რომ შენ, შენს მშობელს მაინც არ უყვარხარ და დაგსჯის. დასჯის შიშიდან გამომდინარე ბავშვი არ იღებს ხმას. ბავშვის თვალში მშობელს დამსჯელის როლი კი არ უნდა ჰქონდეს, არამედ ის უნდა იყოს შვილის პრობლემის გამზიარებელი.
როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა, რომ მოზარდი არის სექსუალური შევიწროების, ან სხვა რაიმე ტიპის ძალადობის მსხვერპლი ?
ერთი მხრივ, მოძალადე იმდენად შეფარულად იქცევა, რომ პირდაპირი მისი მხილება და დადანაშაულება მოზარდებს ძალიან უჭირთ. თუნდაც იმიტომ, რომ არ აქვთ გამოცდილება, როგორ დაიცვან მსგავსი შემთხვევების დროს თავი და გაარკვიონ, რასთან აქვთ საქმე, ეს არის თანაგრძნობა, ემპათია თუ მათზე განხორციელებული ძალადობა. როგორც წესი, სექსუალური შევიწროების ფაქტებს მსხვერპლი არ ასაჯაროებს. არ აქვს განცდა თანადგომის. განცდა იმის, რომ მის ნათქვამს ვინმე დაიჯერებს და გვერდში დაუდგება. ძალიან ხშირია მოზარდობის პერიოდში ადამიანის უარყოფა, განდევნა საზოგადოებიდან, ხელისკვრა, მას შემდეგ, რაც მათ მიმართ გამოხატული სექსუალური შევიწროვების ფაქტები ხმაურდება და სწორედ ამიტომ ჩუმდება მსხვერპლი. თუმცა არის ისეთი ფაქტორები, რომელზე დაკვირვებითაც მშობელს შეუძლია გარკვეული სახის დასკვნების გამოტანა. მაგალითად, მასწავლებლის მხრიდან ძალოდობის ფაქტზე რომ გავამხვილოთ ყურადღება, ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, ბავშვი არ მეცადინეობს, არ სწავლობს, გული აქვს აცრუებული, არ უყვარს სკოლაში სიარული, არის აგრესიული, სახლის პირობებში ცდილობს მთელი ენერგიის დახარჯვას. ხოლო ბავშვები, რომლებიც მორჩილად ეგუებიან მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობას, ისე არიან აღზრდილები ავტორიტარული მშობლების მიერ, რომ ვერც კი იაზრებენ, თუ შეიძლება წინააღმდეგობის გაწევა მოძალადე უფროსისთვის. რაც შეეხება ზოგადად ბულინგს და ბულინგის აღმოჩენას, ეს პატარა ასაკში მარტივია, იმიტომ, რომ ბავშვი ამას ხმამაღლა აჟღერებს, ვთქვათ პირველ, მეორე კლასში და ამბობს, რომ იმან ჩამარტყა, იმან მიკბინა და ა.შ. ხოლო დიდ ასაკში და მოზარდობის პერიოდში საქმე მეტად რთულად არის, იმიტომ, რომ მოზარდი ცდილობს დაფაროს პრობლემა, რომელიც მას აწუხებს.
იმის გასარკვევად, თუ როგორ შეიძლება დავიცვათ, მოზარდის, ბავშვის უფლებები მასზე განხორციელებული სექსუალური შევიწროების შემთხვევაში, mshoblebi.ge უფლებადამცველ ბაია პატარაიას დაუკავშირდა.
- პატარა ასაკზე და არასრულწლოვანებზე თუ ვსაუბრობთ, მათი უფლებები დაცულია სისხლის სამართლის კოდექსით და ნებისმიერი სექსუალური ხასიათის ქცევა ბავშვის მიმართ ითვლება გარყვნილ ქმედებად, რომელიც არის საკმაოდ მკაცრად დასჯადი და ის, რაც უფროსის შემთხვევაში ითვლება სექსუალურ შევიწროებად და არ ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად, ბავშვის მიმართ თუ განხორციელდა, იქნება გარყვნილი ქმედება და იქნება სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ აქ უფრო დიდი პრობლემა მდგომარეობს არა კანონმდებლობაში, როცა საქმე ბავშვებს ეხება, იმიტომ, რომ ბავშვის დაცვის ხარისხი ძალიან მაღალია, არამედ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ბავშვები ხშირად ვერ ხვდებიან, ეს რა ტიპის ქცევაა და ვერც ატყობინებენ მშობლებს, რის გამოც ხშირად ასეთი ფაქტები რჩება დაფარული. ეს გამოწვეულია ერთი მხრივ იმით, რომ ბავშვებს არ ააქვთ არანაირი ცოდნა და განათლება, რომელიც დაიცავდა მათ სექსუალური შევიწროვებისგან. მაგალითად, განვითარებულ ქვეყნებში მიიჩნევა, რომ სქესობრივი განათლება ძალია პატარა ასაკიდან უნდა დაიწყოს, რაც გულისხმობს ისეთი მარტივი ინფორმაციის მიწოდებას ბავშვისთვის მშობლის თუ ბაღის მასწავლებლის მხრიდან, როგორიც არის იმის ახსნა, რომ მათ აქვთ სხეულზე ისეთი ადგილები, რომლებსაც არავინ უნდა შეეხოს და თუ ასეთი ფაქტი მოხდება, შეატყობინოს მშობელს ან მასწავლებელს. ასევე ბავშვებს ჩვენ არ ვასწავლით, რომ თუ უფროსებისგან არ მოსწონთ რაიმე ტიპის შეხება, დააფიქსირონ საკუთარი პროტესტი. იმიტომ, რომ ბავშვებს ეს ინფორმაცია არ აქვთ. პირიქით, მათ აქვთ მოლოდინი, რომ უფროსები კარგად მოექცევიან. ამიტომ ბავშვი გამოდის ძალიან დაუცველი და ხშირ შემთხვევაში ვერ აცნობიერებს ან თუ აცნობიერებს, აქვს სირცხვილის გრძნობა, რადგან ჩვენთან ასწავლიან იმას, რომ ეს ყველაფერი არის სირცხვილი, რის გამოც არ საუბრობენ და ამიტომ აღმოჩნდებიან ხოლმე ყველაზე უფრო დაუცველები. არ იციან, ვის უთხრან, რა უთხრან, რა ჰქვია ამ ყველაფერს, რომ ეს არის არასწორი. სინამდვილეში, ჩვენ თუ გვინდა ჩვენი შვილების დაცვა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ მათ ვასწავლოთ საკუთარი თავის დაცვა და ვასწავლოთ რა ტიპის შეხება შეიძლება, ვისგან არ შეიძლება და როდის და როგორ მიმართონ უფროსებს დახმარებისთვის. ზოგი ბავშვი, რომელიც ცოტა უფრო ყოჩაღია და შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა, ახერხებს თავის დაცვას, მაგრამ სამწუხაროდ, მოძალადეები ყოველთვის ფრთხილად არჩევენ საკუთარ მსხვერპლს. იმიტომ, რომ ისინი არიან გამოცდილი მოძალადეები და არჩევენ უფრო შედარებით წყნარ ბავშვებს, რომლებიც არ გამოირჩევიან დიდი ინტერაქციით, რომლებიც ისედაც არიან მორცხვები და სწორედ ასეთ ბავშვებზე მიაქვთ ხოლმე იერიში, რომლებისგანაც ნაკლებ მოსალოდნელია დიდი წინააღმდეგობის გაწევა და რომელსაც ისედაც ახასიათებს სიმორცხვე.
როგორ უნდა მოხდეს მოძალადის მხილება?
ბავშვები როდესაც რაღაცას ყვებიან და ამბობენ, ყოველთვის არის პრაქტიკულად სიმართლე, იმიტომ, რომ ისინი ვერ ფანტაზიორობენ იმაზე, რაზეც ინფორმაციაც მათ არ ააქვთ. ამიტომ ძალიან მარტივად ხდება სიმართლის გარკვევა ბავშვთა ფსიქოლოგის დახმარებით, რომელსაც აქვს სპეციალური ტრენინგი გავლილი. ამიტომ განხორციელებული ძალადობის შემთხვევაში ბავშვი ფსიქოლოგთან უნდა ვატაროთ, რათა მოხდეს მისი რეაბილიტაცია და დავეხმაროთ მას ამ ტრავმის გადატანაში. სიმართლის გასარკვევად ბავშვებს ახატვინებენ და არის ტექნიკები, რომლის მიხედვითაც უპრობლემოდ დგინდება ფსიქოლოგის მიერ, არის თუ არა ეს ბავშვის ფანტაზია, თუ ნამდვილი ამბავი. როგორც წესი, ბავშვებს სექსუალური ფანტაზიები არ ააქვთ, თუ ისინი არ შეესწრნენ რამე კონკრეტულ ფაქტს. რაც შეეხება მოძალადის მხილებას, ამ ტიპის დანაშაულს როგორც წესი არ ჰყავს მოწმე, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ბავშვი ასეთ რაღაცეებს არ იგონებს, მით უმეტეს, როცა საქმე სექსუალური ხასიათის შევიწროებასთან გვაქვს, უნდა დავუჯეროთ ბავშვს და მნიშვნელოვანია ბავშვთა ფსიქოლოგის ჩარევა საქმეში, რადგან პროფესიონალი ბავშვთა ფსიქოლოგი ადგენს იმას, თუ რა მოხდა და რას გვიამბობს ბავშვი. ბავშვის ჩვენება და ფსიქოლოგის დადასტურება, რომ ეს არის მისი მეხსიერებიდან წამოსული და არა ფანტაზიის შედეგი, არის ხოლმე საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ უკვე ბრალი წაუყენონ მოძალადეს და გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს.
რუსკა კილასონია