სწორედ ახლაა ყველაზე ხელსაყრელი დრო, რომ მავნებელი დროულად მოვსპოთ ჩვენი სახლებიდან აზიური ფაროსანა თბილისშიც გამოჩნდა და მოსახლეობამ საცხოვრებელ სახლებშიც აღმოაჩინა. ჯერჯერობით თითო-ოროლა თუ შეგვინიშნავს ჩვენს საცხოვრებელში, თუმცა სწორედ ახლაა ყველაზე ხელსაყრელი დრო, რომ ხვალიდნელ დღეზე ვიზრუნოთ და მავნებელი დროულად მოვსპოთ ჩვენი სახლებიდან.
სპეციალისტები გვირჩევენ, რომ გაზაფხულამდე დარჩენილი დრო კარგად გამოვიყენოთ და მწერის გამრავლებას სახლებში მექანიკური საშუალებებით შევუშალოთ ხელი.
თუ ყველა ოჯახი საკუთარ სახლსა და კარ-მიდამოს სწორად დაიცავს, გაზაფხულიდან მავნებლის გამრავლება აღარ დაგვემუქრება.
გაითვალისწინეთ:
ფაროსანა გამოსაზამთრებლად შედის საცხოვრებელ ბინებში. ძვრება კედლების ნაპრალებში, სხვენზე, კარებისა და ფანჯრის ღრიჭოებში; თუ ეზოიანი სახლი გაქვთ, შეიძლება ხეების ფუღუროში შეძვრეს. ასევე ბაღებსა და ჩამოცვენილი ფოთლების სქელი ფენის ქვეშ დაიდოს.
სწორედ თავშესაფრის ადგილებიდან უნდა დაიწყოთ ბრძოლა - ხშირად შეამოწმეთ ეს ადგილები და თუ აღმოაჩენთ მწერს, ადგილზე მოკვლას ნუ შეეცდებით. სახლის პირობებში ჯობია მწერი მტვერსასრუტით შეაგროვოთ და შემდეგ გაანადგუროთ.
ძალიან მარტივი და ეფექტური გზაა სპეციალური ყუთი-ხაფანგი. მის დამზადებას ბევრი არაფერი სჭირდება - საკმარისია ჩვეულებრივ მუყაოს ყუთში მჭიდროდ მოათავსოთ კვერცხის ჩასაწყობი მუყაოს ფირფიტები ან მსგავსი მასალა, გაუკეთეთ ნახვრეტები, რომ მწერმა ხაფანგში შეღწევა შეძლოს და ეს ყუთები სახლის მახლობლად, ეზოში დადგით.
ამ გზით შეგროვებული მავნებელიც მექანიკურად უნდა განადგურდეს.
ასევე, ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია, სიბნელეში საპნიანი წყლით სავსე ჭურჭელთან ნათურის მოთავსება, სადაც მწერები შეგროვდებიან და შიგნით ჩაცვივდებიან.
ძალიან მარტივი გზაა ე.წ. ბოთლის ხაფანგის დამზადება, რომლის ისტრუქციას ვიდეოში იხილავთ:
ბოთლის ხაფანგი ფაროსანასთვის- VIDEO
თუ თითოეულ სახლსა და ეზოს ასე დავიცავთ, დასავლეთ საქართველოში შექმნილი პრობლემები ქვეყნის სხვა რეგიონებში აღარ გავრცელდება.
არ დაიზაროთ ფაროსანასთან მექანიკური ბრძოლა, გახსოვდეთ, რომ ერთი ინდივიდის განადგურება მომავალი სეზონისთვის 200-მდე ახალი მწერის მოსპობას ნიშნავს.
რაც მთავარია, ფაროსანა არც ბავშვის და არც მოზრდილი ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის - არ გადააქვს ინფექციები და არ იკბინება. თუმცა მშობლებს ყურადღება მართებთ, რომ ბავშვებმა სახლში, საკუთარი ხელით არ სცადონ მწერის გასრესა. ამ დროს მწერი გამოყოფს უსიამოვნო სუნს. გააფრთხილეთ, რომ მწერის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებლად უფროსს შეატყობინონ.
სტატია მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს "საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის" (G-HIP) მხარდაჭერით