”ნუ უხდით 2-3 წლის ბავშვებს დაბადების დღეს ცენტრში” - რა სათქმელი დაუგროვდათ გასართობი ცენტრების ანიმატორებს და რა არ მოსწონთ ყველაზე მეტად ბოლო წლებში სადღესასწულო ცენტრებში ბავშვების დაბადების დღის გადახდა მოდური, აქტუალური და მოსახერხებელიც გახდა. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ გრძელ სუფრაზე ყანწით 5 წლის ბავშვის სადღეგრძელოს მინიმუმ 5-ჯერ დალევას, მისი ცენტრში წაყვანა და გართობა სჯობს. იმისათვის, რომ იუბილე ნამდვილ დღესასწაულად იქცეს, სხვა ბევრ ფაქტორთან ერთად, უმნიშვნელოვანესია, როგორი წამყვან-ანიმატორი შეხგვდება. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ მასზეა დამოკიდებული, როგორ ჩაივლის ის დღე.
თვით ანიმატორობა ერთი შეხედვით მარტივი საქმეა, თუმცა რეალურად ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული, რამაც შეიძლება დაბადების დღე „ჩააგდოს“ კიდეც.
დღესდღეობით, სხვადასხვა ცენტრში ბევრ ცნობილ სახესაც ვხვდებით ხოლმე ანიმატორის ამპლუაში, თუმცა, რასაკვირველია, ფართო საზოგადოებისთვის უცნობი, უბრალოდ მხიარული გოგო-ბიჭებიც არიან, რომლებსაც იმ კონკრეტულ დღეს გაიცნობ და მიხვდები, რომ შენს სარეკომენდაციო სიას კიდევ ერთი გასართობი ცენტრი თუ ანიმატორი შეემატა.ამ საქმიანობის სირთულეებისა და დადებითი მხარეების გამოსარკვევად, რამდენიმე ცენტრის ანიმატორს გავესაუბრეთ.
დიტო კუპატაძე:
- ამ ეტაპზე ამ სფეროში აღარ ვმუშაობ, ისედაც ცოტა ხნით ვიყავი ამ საქმით დაკავებული, დრო აღარ მყოფნიდა და თავი დავანებე. რა შემიძლია გითხარათ, ჩვეულებრივი სამუშაო გარემოა, მოდიან მშობლები და უხდიან შვილებს დაბადების დღეებს, ძირითადად დედები აქტიურობენ და დედები დადიან, მამები ნაკლებად.
- ანიმატორობა თქვენთვის იყო დამატებითი შემოსავლის გზა, თუ გინდოდათ, ამ მხრივაც მოგესინჯათ ძალები?
- არა, არა, ეს იყო დამატებითი შემოსავალის წყარო სამსახურის პრალალურად, სხვა დაინტერესება არ მქონია. არაა ადვილი ანიმატორობა, რთული საქმეა, ესაა რაც შემიძლია გითხრათ.
ბექა ჩხაიძე (ბაკუგანი):
- ძალიან კარგია სასდღესასწაულო ცენტრების არსებობა და დაბადების დღეების იქ გადახდის ტენდენცია. ჩვენს დროსაც რომ ყოფილიყო, ალბათ სხვანაირი ბავშვები გავიზრდებოდით.
- დღესდღეობით, საკმაოდ დიდი კონკურენციაა თქვენს სფეროში, რაც კიდევ უფრო ართულებს ბაზარზე საკუთარი პოზიციების გამყარებას და შენარჩუნებას. ანიმატორი კი ის ფიგურაა, რომელზეც დამოკიდებულია დაბადების დღე...
- კი, ასეა, მე მეთოთხმეტე სეზონია ამ საქმეში ვარ და ვხედავ, ყოველწლიურად როგორ იზრდება ცენტრების რაოდენობა, რაც თავისთავად ზრდის კონკურენციას. წელიწადი არ გავა ისე, რომ მინიმუმ ერთი-ორი ახალი ცენტრი არ გაიხსნას. რაც შეეხება ანიმატორს, მასზე ბევრია დამოკიდებული, თუმცა ყველას არ შეუძლია აკეთოს ეს საქმე. თუ ბავშვები და ზოგადად ეს საქმე არ გიყვარს, ვერ გააკეთებ. მსახიობი ვარ და წავიყვან დაბადების დღეს - ამ მიდგომით არაფერი გამოდის. წამყვანობა კიდევ სხვა სფეროა, ამასთან, ბავშვობა არ უნდა დაკარგო, თუმცა ძალიანაც არ უნდა გაუტოლდე, შინაგანად უნდა მიხვდე, რა დროს რა გჭირდება. ასე სათქმელად ძნელია.
- ამ საქმის მთავარი სირთულე რა არის?
- თავად რთული ბავშვები. არიან ისეთი კატეგორიის ბავშვები, რომელთაც არ აინტერესებთ არაფერი: არც გართობა, არც სიმღერა, არც თამაში, არც ცეკვა, არც დედა ან მამა რას ეტყვით. შესაბამისად რთულია მათთან მუშაობა, თუმცა მათაც თავისი მიდგომა სჭირდებათ, არ უნდა დააძალო, პირიქით, უნდა დააინტერესო შორიდან, ყველაფერი უნდა გააკეთო ამისთვის და არ არსებობს, დაბადების დღის ბოლოს მაინც არ ჩერთოს თამაშებში. ჩემი გამოცდილებიდან, ბავშვების 99% ერთვება ხოლმე. ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების ჩართულობა, ამიტომ ჩემი პირველი დაბადების დღიდან დღემდე, თითქმის ვაძალებ ხოლმე მშობლებს ბავშვებთან ერთად გართობას, ეს თვითონ ბავშვსაც უხარია, უფრო იხსნება. გარდა ამისა, შეიძლება სახლში მშობლები სულაც ვერ ასწრებდნენ ბავშვთან ერთად თამაშს, რა გასაკვირია?! მეც ვერ ვასწრებ ხოლმე ხანდახან, ეს კი კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ერთად გაერთონ.
- როგორც მშობელი, ალბათ მოხვედრილხართ სხვა სადღესასწაულო ცენტრში, საინტერესოა ამ შემთხვევაში თქვენი მოსაზრებები...
- როცა მაქვს იმის დრო და საშუალება, მოვხვდე სხვა დაბადების დღის ცენტრში სტუმრის სტატუსით, ყოევლთვის დიდი ინტერესით ვაკვირდები გარემოს, სიტუაციას, მათ შორის ანიმატორსაც და რაც მომწონს, იმას ვითვალისწინებ ხოლმე, ასე არიან სხვებიც, ერთგვარი ბარტერული გაცვლა გვაქვს...
- თქვენს საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ იყოთ განსხვავებული ყველა ჯერზე. ერთი და იგივე მშობელი ორ-სამჯერ რომ მოხვდება ცენტრში, არ უნდა ისმენდეს დაწერილ ტექსტებს, ალბათ დამეთანხმებით. ამას როგორ ახერხებთ, რომ იყოთ განსხვავებული? თავად მუშაობთ საკუთარ თავზე, თუ არსებობს გუნდი, რომელიც შეიმუშავებს რაიმე გეგმას?
- არა, არანაირი გუნდი, მარტო მე ვფიქრობ ამაზე და რომ შევხედავ საზოგადოებას, იმის მიხედვით, იმპროვიზაციით მიდის მთელი დაბადების დღე. ფაბულა მოცემული მაქვს, მაგრამ ძირითადად იმპროვიზაციით ვმუშაობ. თუმცა არსებობს რაღაც ტექსტები, რომელსაც ვერ გავექცევი, დაბადების დღე აუცილებლად უნდა მივულოცო და ეს ყველა ჯერზე საჭიროა.
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
- ასაკობრივი თვალსაზრისით, რომელი ასაკის ბავშვებთანაა მუშაობა თქვენთვის ყველაზე კომფორტული...
- ძალიან რთულია 1-2 წლის ბავშთან ურთიერთობა, რომელმაც არაფერი არ იცის, მეტიც - დედაც ვერ ხვდება, რომ ბავშვმა არაფერი არ იცის. არადა, ყველა დედას და ყველა მამას უნდა, რომ მის შვილს გადაუხადოს დაბადების დღე და ჰგონია, რომ რატომაც არ გამოვა. ერთხელ მოიყვანეს 2 წლის ბავშვი, დედა მეუბნება, "ქუინს" მღერისო. რას მღერის, ქალბატონო? ჩავურთეთ, ააააა, ოოოოოო, იძახდა ბავშვი და ეგ იყო სულ. ნუ რას ვიზამთ?! თუ მეკითხებიან, არასდროს ვაძლევ რეკომენდაციას, 2 წლის ბავშვს გადაუხადონ ცენტრში დაბადების დღე, სასრიალოზე წაიყვანო, გაართო ეგ სხვაა, მაგრამ პროგრამა, თამაშები, მისთვის ადრეა, იმიტომ, რომ ის ჯერ კიდევ სამყაროს აღქმის პროცესშია, სწავლობს ცხოვრებას და მისთვის ეს ყველაფერი ახალი და რთულია.
- მთელი დღე ბავშვებთან თამაშით დაღლილი რომ ბრუნდებით შინ, გრჩებათ დრო, ძალა, ენერგია და ნერვები, საკუთარ შვილს ეთამაშოთ?
- კი, აბა რა, ამის გარეშე როგორ შეიძლება?!. ხან სახლშიც ვაგრძელებ ანიმატორობას, ყველას და ყველაფერს თავისი დრო აქვს.
ციაკო ფიფია (like):
- ორი წლის წინ ჩემმა მეგობრებმა, თათია სულუაშვილმა და გიორგი მარშანიამ შემომთავაზეს ანიმატორობის დაწყება. თავიდან ვიჭოჭმანე, მაგრამ მერე დავთანხმდი და აგერ უკვე მესამე წელი იწყება, ამ საქმით ვარ დაკავებული. ჩემი აზრით, დიდი პასუხისგმებლობაა იყო ანიმატორი და გაართო ბავშვები. ამისთვის დიდი ნერვები და მონდომება გჭირდება. რაც არ უნდა მოხდეს, ბავშვთან აუცილებლად უნდა იყო თბილი. არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, ბავშვს ანიმატორი ეუხეშოს, ეს ყოვლად დაუშვებელია. 35-40 ბავშვი ერთად რომ საუბრობს, ერთად გიჟობს, უნდა მოახერხო და დაამშვიდო, დააინტერესო, თან ყველა ბავშვს სჭირდება თავისებური მიდგომა, შენ თუ ამას ალღო ვერ აუღე, ძალიან გაგიჭირდება. შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რა უნდა ბავშვების გართობასო, მაგრამ ასეთი მარტივი არაა. როცა იწყება დაბადების დღე, ყოველთვის ვფიქრობ იმაზე, რომ არ „ჩამივარდეს“. ყოფილა შემთხვევები, მყოლია 2 წლის იუბილარი, რომელსაც სტუმრად ამავე ასაკის ბავშვები ჰყავს, ესაა ურთულესი სიტუაციაა, რადგან ამ ასაკში ბავშვს ბევრი რამ არ ესმის, ვერ იგებს, ვერ ხვდება, ზოგს მიკროფონი არ მოსწონს, ზოგს - ხმამაღალი მუსიკა, ზოგს - სათამაშო და ამ დროს შენ ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ დღესასწაული შედგეს. მშობლებს ვურჩევ, 4 წლამდე ბავშვებს დაბადების დღეებს სადღესასწაულოო ცენტრებში ნუ უხდიან, სასრიალოები, ბურთების აუზი მათთვის შესაფერისია, დანარჩენ პროგრამაში ჩართვა პატარა ასაკისებს უჭირთ. რა თქმა უნდა, გააჩნია ბავშვსაც. ყველა დედამ იცის მისი შვილის ხასიათი, შესაძლებლობა, თუ ბავშვს არ მოსწონს მსგავსი გარემო, ვერ ერთობა, არ მოსწონს სიმღერა, თამაში, ცეკვა და ზოგადად, პრეტენზიულია, მაშინ ასეთ პატარა ასაკში გადახდისგან თავი უნდა შეიკავონ.
- რა ასაკის ბავშვებთან მოგწონს მუშაობა ყველაზე მეტად?
- ძალიან მიყვრას პატარები, მაგრამ ძალიან რთულია მათთან. ჩემთვის, როგორც ანიმატორისთვის, ყველაზე კარგად სამუშაო არის 6-დან 10 წლამდე ბავშვების დაბადების დღის წაყვანა. ეს ის ასაკია, როცა გიჯერებენ, თამაშობენ, გყვებიან და შენს შრომას და მონდომებას აზრი აქვს, ანუ მარტო არ ხარ.
- ალბათ შეგხვედრია რთული იუბილარიც და მშობელიც...
- ვერ ვიტყვი, რომ ისეთი ბავშვი შემხვედრია, რომელიც კონტაქტზე ვერ წამოვიყვანე და ვერ ავიყოლიე, თუმცა, მყავს ისეთები, რომლებიც განსაკუთრებულად დამამახსოვრდნენ. რაც შეეხება მშობელს, მე პირადად არ მყოლია ისეთი, ვინც უკმაყოფილო იყო რამით, არ აგვყვა გართობაში ან რამე მსგავსი. ყოველთვის ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად კარგი განწყობა შევუქმნათ. რომ შემოდიან, მალევე ვხვდები, ვინ ამყვება და ვინ არა. ადამიანს თუ არ უნდა ჩართვა პროგრამაში, რამდენიც არ უნდა ვეხვეწო მიკროფონის თანხლებით, მოდი, ითმაშე-თქო, აზრი არ აქვს, არ მოვა. თუმცა, ძალიან ხშირად მშობლები უფრო კარგად ერთობიან, ვიდრე ბავშვები (იღიმის). როცა მშობლები მეხმარებიან და თავადაც ჩართულები არიან ბაშვებთან ერთად თამაშში, მაშინ გამოდის იდეალური დაბადების დღე. მომწონს, როცა მშობელი მოდის იმისთვის, რომ გაერთოს და არა იმისთვის, რომ გიკონტროლოს ყოველი სიტყვა და ქმედება. ზოგადად, ანიმატორობა ძალიან სასიამოვნო საქმეა, ეს მხოლოდ სამსახური არაა, სადაც მიდიხარ და მუშაობ იმიტომ, რომ გჭირდება თანხა... არაა, ეს უფრო მეტია, პატარა სიყვარულის ბუნაგია (იღიმის).
- კი მუშაობთ და ამ სფეროში ხართ დაკავებული, მაგრამ ობიექტურად და ზოგადად, დაბადების დღეების სადღესასწაულო ცენტრში გადახდის ტენდენცია რამდენად მოგწონთ...
- ადრე, თუნდაც ჩვენს ბავშვობაში, ასეთი ცენტრები არ არსებობდა, ბოლო წლებში დამკვიდრდა, ფეხი გაიდგა და მე ეს მოწმონს. ადრე თუ დაბადების დღეს ცენტრში იხდიდი, ეს დიდი გაოცების საგანი იყო, ვაა, ცენტრში იხდი?! - გეკითხებოდნენ, ახლა კი ჩვეულებრივი ამბავი გახდა, რაც ჩემი აზრით, იმის შედეგია, რომ ცოტა წინ წავედით. ამასთან, იკლო ცენტრებში დაბადების დღის ფასებმაც, არაა ისე, რომ მთელი ხელფასი დაგიჯდეს ბავშვის დაბადების დღე და მერე მშიერი იყო მთელი თვე. მშობელსაც ურჩევნია მიიყვანოს სტუმრები ცენტრში, ვიდრე სახლში ჰქოდნეს რია-რია და ბოლომდე ვერც თავად ისიამოვნოს და ვერც ბავშვმა. თუ ბავშვს უხდი დაბადების დღეს, უნდა ასიამოვნო უპირველესად ის, ადრე სხვანაირად იყო, ბავშვის დაბადების დღე ერქვა, მაგრამ მშობლები და ზოგადად, უფროსები ქეიფობდნენ, დროს ატარებდნენ და ბავშვი რჩებოდა ისე. აქედან გამომდინარე, მე ძალიან მომწონს ის ტენდენცია, რაც დაბადების დღის სადღესასწაულო ცენტრებში გადახდას გულისხმობს.
ციცი ომანიძე