"როდესაც ამ უნარების განვითარებაზე ბავშვობიდან იწყებ მუშაობას, უფრო მარტივია ადრეულ ასაკში მიაღწიო წარმატებას" ანტერპრენერი/მეწარმე არის ადამიანი, რომელიც ქმნის საკუთარ შესაძლებლობებს, მიდის რისკზე, რომ საკუთარი იდეები განახორციელოს და წვლილი შეიტანოს გარკვეული პრობლემების მოგვარებაში. როდესაც ამ უნარების განვითარებაზე ბავშვობიდან იწყებ მუშაობას, უფრო მარტივია ადრეულ ასაკში მიაღწიო წარმატებას. დღეს ბევრი მშობელი ღელავს იმ საკითხზე, რომ მისი შვილი მომავალში წარმატებული იყოს, ასევე ბევრი ბავშვი ოცნებობს სამომავლოდ ბიზნესმენობაზე. თუ რა უნარები სჭირდება ბავშვს და რაში შეიძლება მშობელი დაეხმაროს, ამის შესახებ „საბავშვო ბიზნეს სკოლის“ ტრენერების რეკომენდაციებს გთავაზობთ.
იმისათვის, რომ ბავშვს დაეხმაროთ ბიზნესუნარების შეძენაში, შეგიძლიათ შემდეგ საკითხებზე გაამახვილოთ ყურადღება.
1. ასწავლეთ მიზნების დასახვა და მათი მიღწევა
მიზნების მიღწევა აუცილებელია მომავალი წარმატებისთვის. ამ პროცესის სწავლება, შეიძლება საკმაოდ მხიარული და ეფექტური აქტივობებით დატვირთოთ. კვლევების მიხედვით, იმ მიზნების 80%, რომელთა რეალიზებაც მოხდა, იყო წინასწარ გაწერილი. ეს ხელს უწყობს მიზნის კარგ ანალიზს და მასზე კონცენტრირებას.
უთხარით თქვენს შვილებს, ჩამოწერონ რამდენიმე მიზანი, რის მიღწევაც უნდათ, შეეცადეთ აკონტროლოთ, რომ მათი მიზნები იყოს მიღწევადი, რეალისტური მოცემული სიტუაციიდან და რესურსიდან გამომდინარე, კონკრეტული, შეიძლებოდეს მისი დროში გაწერა და გაზომვა. შემდგომ ჩამოაწერინეთ აღნიშნული მიზნის მისაღწევად საჭირო ხუთი აუცილებელი ქმედება/ამოცანა და ჩამოკიდეთ კედელზე გამოსაჩენ ადგილას. გაითვალისწინეთ, რომ მიზნების მიღწევის პროცესში აუცილებელია თქვენი მხარდაჭერა და წახალისება. ეცადეთ მოზარდები ეტაპობრივად მიაჩვიოთ სხვადასხვა სირთულის მიზნების მიღწევას და ყოველი მიზნის მიღწევის დროს უჩვენეთ მათ კონკრეტული, ხელშესახები შედეგი, რაც გაზრდის მათ მოტივაციას.
2. ასწავლეთ, როგორ იცნონ და გამოიყენონ შესაძლებლობები
უამრავი ადამიანი ვერ ავლენს საკუთარ პოტენციალს ბოლომდე, რადგან ისინი უბრალოდ ვერ ამჩნევენ და ვერ იყენებენ მათ წინაშე არსებულ შესაძლებლობებს. პრობლემის დროს უკან იხევენ და არ ეძებენ ალტერნატივებს, მაშინ როდესაც ნებისმიერი პრობლემა მოგვარებადია სწორი ანალიზის და მიდგომის ჩამოყალიბების ხარჯზე. მიაჩვიეთ ბავშვი, პრობლემას შეხედოს, როგორც გამოწვევას და ახალ შესაძლებლობას. მიეცით შესაძლებლობა თვითონ გამონახოს მის წინაშე არსებული პრობლემის მოგვარების გზები. ასეთი მიდგომით, მოზარდს განუვითარებთ პრობლემებთან და გამოწვევებთან გამკლავების უნარს.
3. გაყიდვების უნარი
დღეს გაყიდვის უნარი არის ფასდაუდებელი შესაძლებლობა. გაყიდო საკუთარი პროდუქტი, ან გახდე მოთხოვნადი პროფესიონალი, არის საკმაოდ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. მშობლებს შეუძლიათ აღნიშნული უნარების განვითარებისთვის სხვადასხვა ნაბიჯი გადადგან. მაგალითად, სთხოვეთ თქვენს შვილს შეაგროვოს თავისი ძველი სათამაშოები, დაადოს შესაბამისი ფასი და ეცადოს მათ გაყიდვას, ოჯახის წევრებისა და ახლობლების წრეში. ასევე, პროცესში უთხარით დახვეწოს შეთავაზების ფორმა და მოახდინოს ფასის კორექტირება საჭიროების შემთხვევაში.
4. ასწავლეთ ბავშვს საკუთარი ბიუჯეტის მართვა
ფინანსების მენეჯმენტის ცოდნა ბიზნესის გასავითარებლად და უბრალოდ საკუთრი ცხოვრების დონის ასამაღლებად აუცილებელი საჭიროებაა. მიეცით ბავშვებს საშუალება მართონ საკუთარი ბიუჯეტი. მაგალითად, თუ მოზარდს დღეში აძლევთ 5 ლარს, ერთბაშად მიეცით კვირის სამყოფი 35 ლარი და უთხარით, ისე დაგეგმოს და გადაანაწილოს დანახარჯები, რომ აღნიშნული თანხა იმყოფინოს კვირის განმავლობაში. მსგავსი მაგალითები მოზარდს ეხმარება, მზადყოფნაში დახვდეს ზრდასრულ ასაკში ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებს.
5. ასწავლეთ ბავშვს, რომ მარცხი არის ახალი შესაძლებლობა
სკოლები გვასწავლიან, რომ მარცხი ცუდია. რაც შემდგომში კომპლექსების განვითარებას და რისკებზე წასვლის შესაძლებლობას არ გვაძლევს. საქმიანობაში კი მარცხი, თუ მას სწორად შევაფასებთ, განიხილება, როგორც კარგი გაკვეთილი. როდესაც თქვენი შვილი მსგავსი ფაქტის წინაშე აღმოჩნდება, ეცადეთ ესაუბროთ ამაზე, განიხილეთ მასთან ერთად, რა ფაქტორებმა გამოიწვია მარცხი და რის გაკეთება შეიძლებოდა ამის თავიდან ასაცილებლად. ყოველი მარცხის შემდგომ შეეცადეთ წაახალისოთ მოზარდი და იპოვოთ მოცემული სიტუაციის, როგორც კარგ გაკვეთილად მიღების შესაძლებლობა. ეს მათ ჩამოაყალიბებს ადამიანებად, რომლებიც მუდმივად ეძებენ ახალ გზებს, თავიანთი შეცდომების სწორად აღქმისა და მიზნების მისაღწევად.
6. ასწავლეთ, რომ კომუნიკაცია მნიშვნელოვანი უნარია
დღესდღეობით სოციალური მედიისა და ტექსტური შეტყობინებების პოპულარობამ, ბევრ სარგებელთან ერთად მოიტანა სხვადასხვა გამოწვევა. ბავშვებს ხშირ შემთხვევაში უჭირთ პირისპირ კომუნიკაცია. დაეხმარეთ თქვენს შვილს, იყოს მეტად კომუნიკაბელური, შეგიძლიათ ატაროთ ის სხვადასხვა წრეზე იმისათვის, რომ ბევრ ბავშვთან ჰქონდეს კომუნიკაციის შესაძლებლობა. ასწავლეთ მას რომ ყოველთვის გამოხატონ საკუთარი აზრი, დაიხმარეთ ისინი ოჯახური გადაწყვეტილებების მიღებაში და ოჯახურ შეკრებებზე მიეცით საკუთარი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა. ეს დაეხმარება მათ იყვნენ კომუნიკაბელური და შეძლონ ნებისმიერი ტიპის ადამიანთან კონტაქტის დამყარება.
7. აუხსენით, რომ ბიზნესი არის ზრუნვა
მნიშვნელოვანია ბავშვმა გააცნობიეროს, რომ ბიზნესი პირადი სარგებლის გარდა მუშაობს სხვათა დასახმარებლადაც. ეს მათ დაეხმარება გააცნობიერონ, რომ წარმატებული ბიზნესის საზოგადო სარგებელი უფრო მეტია, ვიდრე მისი მფლობელის. ადამიანები, რომლებიც მოტივირებულები არიან შეცვალონ და ხელი შეუწყონ სხვისი ცხოვრების გაუმჯობესებას, ზრუნავენ მომხმარებელზე, ქმნიან უფრო მაღალი ხარისხის და კონკურენტულ პროდუქტს. ეს თანამედროვეობაში ბიზნესის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი დეტალია. მშობლები უნდა შეეცადონ მოზარდები პრაქტიკულად ჩართონ სხვადასხვა მათთვის შესაბამის საქველმოქმედო და სოციალურ პროცესში/აქტივობაში. დაავალონ, მოიფიქრონ იდეები, რომლის კონცეფციაც ხელს უწყობს სხვების ცხოვრების გაუმჯობესებას და საზოგადოების მთლიანი სარგებლის ზრდას.
8. შეაჩვიეთ დამოუკიდებლობას
ეცადეთ ასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება, მიეცით მას თავისუფლება ისეთ საკითხში, როგორიც არის მაგალითად: რა ჩაიცვას რომელიმე მეგობრის დაბადების დღეზე.
როდესაც თქვენს შვილს უნდა ახალი მობილურის ან გაჯეტის შეძენა, პირდაპირ არ აუსრულოთ აღნიშნული სურვილი. მიეცით დავალება, მოიფიქროს რაიმე სამეწარმეო საქმიანობა, ან შემოგთავაზონ მომსახურება, რის შედეგადაც თქვენ მას მისცემთ ფულს სურვილის ასასრულებლად. ეს მოზარდებს დაეხმარება შემოქმედებითი და მიზანზე ორიენტირებული აზროვნების განვითარებაში.
საბოლოო ჯამში აუცილებელია ვაცნობიერებდეთ, რომ ჩვენი შვილების მომავალი წარმატება ჩვენზე დიდწილად არის დამოკიდებული, სწორედ ამიტომ მეწარმეობრივი უნარები პირველ რიგში კარგი ცხოვრებისეული უნარებია, რომელთა განვითარებაც თქვენს შვილს სამომავლო წარმატებაში დაეხმარება.