10 რჩევა, რომელიც ყველა მშობელმა ბაკურიანში წასვლამდე უნდა წაიკითხოს
10 რჩევა, რომელიც ყველა მშობელმა ბაკურიანში წასვლამდე უნდა წაიკითხოს
ზამთრის სეზონზე, არდადეგების პერიოდში აქტუალური ხდება დასვენების, სასარგებლო კურორტების თემა, რომლებზეც მშობლებს სურთ ბავშვების წაყვანა გასაკაჟებლად, ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად და ა.შ. ზამთარში ყველაზე აქტუალური სწორედ ბაკურიანია. მიუხედავად იმისა, რომ არანაკლებ ჯანსაღი გარემოა ბახმაროში, საირმეში, აბასთუმანში, ცემში და ა.შ., ჯერჯერობით ეს კურორტი ზამთარში მაინც ყველაზე უკეთ პასუხობს დამსვენებლების მოთხოვნებს.
ბორჯომის ხეობაში მდებარე ეს ადგილი ზამთარ-ზაფხულ იზიდავს დამსვენებელს და ორივე სეზონზე დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ბაკურიანის უპირატესობაა მთის ჰავა, მზის ხანგრძლივი ნათება (2052 სთ წელიწადში) და ულტრაიისფერი სხივების მაღალი რადიაცია. სამედიცინო
ჩვენება ასეთია:
  • ლიმფადენიტი,
  • სასუნთქ ორგანოთა ქრონიკული არატუბერკულოზური დაავადებანი,
  • სისხლნაკლებობა.
  • განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ხშირად ცივდებიან, ბრონქებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ ან ასთმა.
  • გარდა ამისა, ინფრასტრუქტურა იძლევა საშუალებას, ბავშვი ფიზიკურადაც დაკავდეს, აქტიური იყოს და გაერთოს მრავალმხრივ.

ამჯერად შევეცადეთ, რაც შეიძლება პრაქტიკული რჩევები მოგვეძიებინა მკითხველისთვის და გამოვკითხეთ დედები, რომლებსაც ხშირად დაჰყავთ პატარები ბაკურიანში. სწორედ მათი გამოკითხვის შედეგად შევადგინეთ ეს 10 რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მათ გამოადგებათ, ვინც პირველად მიდის ამ კურორტზე პატარა ბავშვებით:

სასტუმრო ბაკურიანში ფასდაკლებით

1. აუცილებლად უნდა იყოთ სათანადოდ აღჭურვილი - დიდიც და პატარაც. ბავშვს უნდა ჰქონდეს ორ-ორი ხელი თბილი სპეციალური, სათოვლე კომბინეზონი ან ასეთი
ქურთუკი და შარვალი, ასევე ორი წყვილი მაინც თბილი ბოტი ან ჩექმა (იმაშიც დარწმუნდით, რომ ფეხსაცმელი არ ცურავს თოვლზე ძალიან). ორი იმიტომ, რომ ერთს რომ დაასველებს, არ ელოდოთ, ის როდის გაშრება - დღეში ორჯერ მაინც ხომ უნდა გაიყვანოთ გარეთ და დიდი ალბათობაა, ისე დაისველონ ყველაფერი, რომ მეორე გასვლამდე ვერ გააშროთ.
mshoblebi
2. ჯობს წახვიდეთ ისეთ დროს, როცა აღარ არის ზამთრის არდადეგები, მით უმეტეს, თუ პატარები გყავთ. 25 დეკემბრიდან 15 იანვრამდე, როგორც წესი, ყველაზე ძვირია ყველაფერი, არის უამრავი ხალხი და გაცილებით არაკომფორტულია ბავშვებთან ერთად დასვენება. ეს ალიაქოთი რომ ჩაივლის, ფასებიც ცოტათი იკლებს სასტუმროსა თუ ბინებზე. ან ჯობია კარგად დაძებნოთ აქციები, რომლებსაც ბაკურიანი სასტუმროები გთავაზობენ.

სასტუმრო ბაკურიანში ფასდაკლებით

3. სანამ კარგად არ ნახავთ იმ ადგილს, რომელიც უნდა იქირაოთ, არ დათანხმდეთ და არ ამოიბარგოთ. დარწმუნდით, რომ გათბობა სათანადოა და თანაც, ღამე არ გამოგირთავენ. თუ კვებით იღებთ ბინას ან ნომერს, დარწმუნდით იმაში, რომ კვება ნორმალურია და სამზარეულოც - შესაფერისი, და იმაშიც უნდა დარწმუნდეთ, რომ სასტუმროს ან სახლს, რომელსაც ქირაობთ, არ ჰყავს იმ დროს რომელიმე დიდი ჯგუფი, განსაკუთრებით, ე.წ. "ზბორებით" წასული ბავშვები. ასეთ ჯგუფთან ერთ სივრცეში დასვენება ძალიან არაკომფორტულია, როცა თქვენ პატარები გყავთ და გინდათ დასვენება, მათი დროულად დაძინება და ა.შ.


როგორ უნდა შეარჩიოთ ზამთრის კურორტი ბავშვისთვის - პედიატრის რჩევები


4. ჯობს ბინა ისეთ ადგილას იქირაოთ, სიახლოვეს გქონდეთ აფთიაქი, მაღაზია და სხვა სახის ინფრასტრუქტურა, რომ ბავშვებთან ერთად გაცილებით უსაფრთხოდ, მშვიდად და კომფორტულად იყოთ.

5. სიფრთხილით შეარჩიეთ ნებისმიერი გასართობი საშუალება - იქნება ეს ციგა, თხილამურები, სნოუბორდი, ცხენები და ა.შ. აუცილებლად თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ გაერთოს ბავშვი, მით უმეტეს, თუ ის პირველად დგება თხილამურებზე, ან სრიალებს ციგით, ან ჯდება ცხენზე, სნოუბორდზე და ა.შ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ გასართობ ადგილებში ბევრი ხალხია და ალბათობა იმისა, რომ ციგით ან თხილამურებით ვინმეს დაეჯახოთ ან პირიქით - ვინმე დაგეჯახოთ, დიდია. ამიტომ მაქსიმალურად მიიღეთ უსაფრთხოების ზომები.

6. პირველივე გასვლაზე ძალიან დიდხანს ნუ დატოვებთ ბავშვს გარეთ - ჯერ 15-20 წუთით გაიყვანეთ, რომ მიეჩვიოს სიცივეს, ჰაერს, ადაპტაცია გაიაროს. მერე კი შეგიძლიათ, დღეში 2-3-ჯერ გაიყვანოთ თითო საათით, ან თუ ცოტა დიდია, მეტი ხნითაც. ეცადეთ, არ გაოფლიანდეს. არც ზედმეტად ჩაფუთნოთ და არც თხლად არ ჩააცვათ. სწორად შეაფასეთ ტემპერატურა, რომელიც ადგილზე დაგხვდებათ და შესაბამისად იმოქმედეთ.
mshoblebi
7. თუ პატარა გყავთ და ციგით უნდა ატაროთ, ჯობს ციგა რამდენიმე დღით იქირავოთ, ვიდრე საათობრივად - ასე გაცილებით იაფი დაგიჯდებათ და უფრო მშვიდადაც იქნებით. თუ შინ გაქვთ, თუნდაც ძველი ციგა, ჯობს ის წაიღოთ, ვიდრე იქვე დახარჯოთ თანხა ამაში, რადგან ფული ისედაც დაგჭირდებათ.

8. ბავშვისთვის სათამაშოების წაღება არ დაგავიწყდეთ, თორემ ყველა ავლა-ჩამოვლაზე სათამაშოების დახლებთან გაჩერება მოგიწევთ და სამმაგი ფასის მიცემა სხვადასხვა იაფფასიან სათამაშოში. როცა წინასწარ დაიწყებთ თანხების განსაზღვრას, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს ხარჯებიც - სათამაშოები, ატრაქციონები, საცხობები, რასაც ბავშვები, როგორც წესი, გვერდს ვერ უვლიან.

9. ატრაქციონების და სასრიალოების გარდა, ბაკურიანში ბავშვი შეგიძლიათ გაართოთ კინოთეატრით და ე.წ. კუკუშკით, რომელიც ყოველდღე დადის და კარგი შთაბეჭდილებაა ნებისმიერი ადამიანისთვის.

10. თუ სამკურნალოდ გინდათ ბავშვის წაყვანა ბაურიანში, ამბობენ, რომ ყველაზე უკეთესი პერიოდი თებერვლის ბოლო და მარტის დასაწყისია. 

თუ მკითხველებს შორისაც არიან გამოცდილი "ბაკურიანელები", მათგანაც ველით რჩევებს.
12977
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```