"ჩანთაში შარდით სავსე ბოთლის ჩადება, შარვლის ჩახდა, დამამცირებელი ფოტომონტაჟის გაკეთება და სოციალურ ქსელში ატვირთვა თითქმის ჩვეულებრივი მოვლენა იყო..."
მოსკოველი ნატალია ციმბალენკოს პოსტმა, რომელიც შვილის ღირსებისათვის ბრძოლას და გამარჯვებას ეხება, გამოქვეყნებიდან პირველივე დღეს 12000 მოწონება დაიმსახურა. მეხუთეკლასელის დედამ დაწვრილებით აღწერა, თუ რა ბრძოლების გადატანა მოუწია გულგრილი მასწავლებლების და მშობლების წინააღმდეგ.
"თავს ვთვლი დამნაშავედ იმაში, რომ დიდხანს არ ჩავერიე შექმნილ სიტუაციაში, ბრმად ვიყავი მინდობილი კლასის დამრიგებელს და იმ მშობლებს, რომლებიც მუდამ ერთი და იგივეს იმეორებდნენ - "ბავშვები თავად უნდა გაერკვნენ ყველაფერში".
დღეისათვის კლასში ბულინგის პრობლემები აღარ არის და ეს სწორედ მშობლების ჩარევის შედეგად მოგვარდა. შევეცდები დაწვრილებით მოგითხროთ ყოველივე ამის შესახებ და ვფიქრობ დახმარებას გავუწევ იმ მშობლებს, რომლებიც ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდებიან", - წერს ნატალია.
ბულინგის ისტორია ჩემი შვილის კლასში
ჩემი შვილი დაწყებითი სკოლის მერე გიმნაზიაში შევიდა. როგორც იცით, ბავშვები სხვადასხვანაირები არიან: ზოგი აქტიურია, ზოგიც კი მორცხვი. ეს ჩვეულებრივი ამბავია. კლასში საკმაოდ ჩქარა ჩამოყალიბდა "ძველი ბიჭების" ბირთვი, რომლებმაც ჩვეულებრივი ბავშვების შევიწროვება დაიწყეს. მაგალითად, ჩემს შვილს, რომელსაც სკოლაში ლეგო და პლასტელინი დაჰქონდა, "არიფის" სახელი მიაწერეს და პეწიას მაგივრად "პედიას" ეძახდნენ. ბავშვი დამფრთხალი იყო და აღარ იცოდა რა ექნა. გაურბოდა კონფლიქტებს, ჩხუბს და ხმამაღალ ქუჩურ გარჩევებს.
მე წავიკითხე უამრავი ლიტერატურა და ახლა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი დამამცირებელი მიზეზის მოხსნითაც კი ბულინგი არ შეწყდება. როგორ შეიძლება 11-12 წლის ასაკში კონფლიქტური სიტუაციების გადაწყვეტა? პეწიამ და მისმა რამდენიმე მეგობარმა დასახმარებლად კლასის დამრიგებელს მიმართეს. მისი რეაქცია სავსებით მოულოდნელი იყო. დამრიგებელი მშობლებთან საუბარში გვმოძღვრავდა, რომ "ბავშვებს არ უყვართ ჩამშვებები, რომ საჭიროა ხასიათის გამოწრთობა და ამხანაგებთან საერთო ენის გამონახვა".
"ძველი ბიჭების" მშობლები როგორც ერთნი, ისე გაჰკიოდნენ ჩათებში და თავიანთი შვილები ლამის წმინდანებად გამოჰყავდათ. ყველაფრის მიზეზად და პროვოკატორებად კი წესიერ მოსწავლეებს თვლიდნენ. ჩემი შემდგომი ნაბიჯი ის იყო, რომ ბავშვს ფარიკაობის და ხელჩართული ორთაბრძოლის პირადი მწვრთნელი ავუყვანე. ამან ნაწილობრივ გაჭრა. პეტიას ჩხუბის აღარ ეშინოდა და "ძველებიც" თანდათან შეეშვნენ. შეეშვნენ ჩემს შვილს, მაგრამ მისი მეგობრები კვლავ იგივე სიტუაციაში დარჩნენ.
პეწიას უახლოეს მეგობარს "ძველებმა" ფულთან დაკავშირებით "გარჩევა" მოუწყვეს. კლასის ანამნეზიდან გავარკვიე, რომ მსგავს რამეებს ხშირად ჰქონია ადგილი. წიგნების და სკოლის ჩანთის მოპარვა, ვითომ ხუმრობით. სხვადასხვა ნივთის გაფუჭება, ჩანთაში შარდით სავსე ბოთლის ჩადება, შარვლის ჩახდა, დამამცირებელი ფოტომონტაჟის გაკეთება და სოციალურ ქსელში ატვირთვა თითქმის ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
დამრიგებელი პრობლემებს კვლავ ვერ "ხედავდა" და მაქსიმუმი რასაც აკეთებდა, ის იყო, რომ ზოგჯერ საუბრებს ატარებდა თემაზე - "მოდით ვიცხოვროთ მეგობრულად". როგორც უკვე აღვნიშნე, პეწიას უახლოეს მეგობარ მიშას ორჯერ გაურჩიეს საქმე, რადგან "მოსაწევის" ფული არ მიუტანა ერთ-ერთ "ძველს" ("მაგარი ბიჭის" სახელის მოსაპოვებლად ხომ აუცილებლად "მოსაწევს" უნდა ეწეოდე). მიშას დედას "უწესიერესი და ლამის წმინდანი" ბიჭები ეუზრდელებოდნენ და მის შვილს "ჰიდროცეფალად" მოიხსენიებდნენ. პეწიაზეც რაღაც დამამცირებელი სიუჟეტი ატვირთეს სოციალურში. მთავარი დამნაშავის დედა კი პირიქით, მიშას დედას ამტყუნებდა და ეუბნებოდა, თუ როგორ გაბედა მიშამ მისი შვილისთვის "მოსაწევის" შეთავაზება. მოკლედ რომ ვთქვათ, უზნეობის ზეობა გამეფდა და სასწრაფოდ გამოსავალი იყო მოსაძებნი.
რა მოვიმოქმედე? მე დავიწყე მიმოწერა და პირადი შეხვედრები ყველა "დაჩაგრული" შვილის მშობლებთან. ზოგიერთ მათგანს ეშინოდა სიტუაციაში ჩარევა, ზოგი კი ბავშვის სკოლიდან გადაყვანაზე ფიქრობდა. საბოლოოდ სამნი დავრჩით ის მშობლები, რომლებმაც ფარ-ხმალი არ დავყარეთ და ბრძოლისთვისაც მზად ვიყავით. მე შევაგროვე ყველა ფაქტი და ემოციების გარეშე დავიწყე განცხადების წერა. ფაქტები, რომლის დამტკიცებასაც შევძლებდი, მხოლოდ 2 დარჩა. დანარჩენს უბრალოდ ვერ დავამტკიცებდით.
პირველი ფაქტი იყო ის, რომ მე მოვიძიე იმ "ძველი ბიჭის" ექაუნთი და მიმოწერა, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ არის ის გაერთიანებული იმ ჯგუფებში, სადაც "მოსაწევის" ყიდვა-გაყიდვა ხდება და უფრო მეტიც - როგორ ყიდის ის თავად. მეორე ფაქტი - პეტიაზე გაკეთებული ფოტომონტაჟები და სქრინები იმ ექაუნთებიდან, სადაც ის იყო დადებული. ამის შემდეგ მე მივმართე კლასის დამრიგებელს, რათა ორგანიზება გაეკეთებინა ჩვენი და იმ ბავშვების მშობლების დირექტორთან შეხვედრისთვის, რომლებიც ჩვენ შვილებს ჩაგრავდნენ.
დამრიგებელმა ისტერიკები მოაწყო და სოციალურის ჩათი ააჭრელა პოსტებით, რომ აღარ უნდა დამრიგებლობა, რომ ვეღარ უძღვება საქმეს და ა.შ. "წმინდანების" დედებმა ჩემს მიმართ გამოხატეს აღშფოთება და ლამის ლინჩის წესით დასჯას დამპირდნენ - დამრიგებლის ასეთ მდგომარეობაში ჩაყენების გამო. დირექტორთან შეხვედრა არ დაინიშნა. დამრიგებელი ამტკიცებდა, რომ ის ძალზე დაკავებულია, მაგრამ შეგვპირდა ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის მოწვევას.
შეხვედრაზე მივედით 3 მშობელი და ჩემი მეუღლე. მოწინააღმდეგე ბანაკის მშობლები გვიყვიროდნენ, ილანძღებოდნენ და პირად შეურაცყოფასაც არ ერიდებოდნენ. "თქვენ ვერაფერს ვერ დაამტკიცებთ" - გაჰკიოდნენ ისინი. მე გადავეცი განცხადება სოციალურ მუშაკს და თან დავაყოლე, რომ ყველაფერ ამას ოფიციალურ სახეს მივცემდი.
სკოლის წარმომადგენლები "განცვიფრებული" თვალებით იყურებოდნენ და თან ამბობდნენ: "ეს რა საშინელებაა, რატომ ადრე არ გვითხარით, თუ კლასში ასეთი რამ ხდებოდა?" ამის შემდეგ კი კვლავ სარკასტულად ჩაიქირქილეს: "თქვენ ვერ დაამტკიცებთ!" მე გულწრფელად ვურჩიე - "შეინახეთ ეგ ფრაზა პროკურატურისთვის, რადგან ისინი აუცილებლად მოვლენ, რომ გაარკვიონ რატომაა სკოლა უმოქმედოდ, როცა მის კედლებში "მოსაწევით" ვაჭრობენ". სკოლის წარმომადგენლებმა, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ, თქვეს, რომ აუცილებლად ჩააყენებდნენ დირექტორს საქმის კურსში და გააცნობდნენ სიტუაციას.
დილით სკოლის დირექტორთან დავრეკე იმ ნომერზე, რაც სკოლის ინტერნეტგვერდზე იყო მითითებული და ჰოი საოცრებავ! მან არაფერი არ იცოდა არსებული მდგომარეობის შესახებ. ვუთხარი, რომ განცხადების მოტანა მინდოდა და დროზე შევთანხმდი. ჩემი განცხადება, რომელიც 20-ზე მეტი თაბახი იყო, რამდენიმე მისამართზე გადავგზავნე: 1 - სკოლის მაილზე; 2 -სკოლის მმართველთა საბჭოს მდივნის მაილზე; 3 - მივიტანე წერილი რაიონის გამგეობაში არასრულწლოვანთა საქმეთა განყოფილებაში და ჩავიწერე განცხადების შემავალი ნომერი. 4 - დავწერე პოსტი სოციალურ ქსელში და მრავალ საქმიან რჩევასთან ერთად ბევრი უიმედო ისტორიაც წავიკითხე. შეჩერება აღარ მინდოდა და ბრძოლაც ბოლომდე მქონდა გადაწყვეტილი - თუნდ სკოლიდან წასვლაც გამხდარიყო საჭირო. ამის შესახებ პეტიასაც მოვუყევით ყველაფერი, მაგრამ მას მიშას გამო სასტიკად არ უნდოდა სკოლის დატოვება. იმ მოსწავლის დედასაც მივწერე, ვინც პეწიაზე დამამცირებელ ფოტომონტაჟებს აკეთებდა, რომ სასამართლომდე მასთან შეხვედრა მინდოდა. პასუხად ეს წინადადება გამომიგზავნა: "შევხვდებით სასამართლოში!".
რვა ადამიანი შეგვხვდა მე და ჩემს მეუღლეს დირექტორის კაბინეტში. სკოლის წარმომადგენლების გარდა იქ იყო მმართველობითი საბჭოს და განათლების დეპარტამენტის წარმომადგენელი. მოკლედ სკოლა ამოქმედდა... მმართველი საბჭოს წარმომადგენელმა პირველი კითხვა დასვა: "არ გსურთ, რომ თქვენი ვაჟი წაიყვანოთ?!" მე მაშინვე ავუკრძალე ჩემთვის ასეთი რჩევების მოცემა და განვაცხადე, რომ ამ წინადადებას მიშასთან ერთად გავივლიდი და სკოლის შესახებაც კარგ სამახსოვრო წერილს დავწერდი ბულინგის შესახებ. "საჭირო არაა!" - სკოლა ერთხმად მოლბა.
პროცესი დაიძრა. შეამოწმეს სკოლა და კლასში ჩატარდა შეხვედრა არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექტორთან. ასევე მოხდა გასაუბრება იმ ბავშვების მშობლებთან, რომლებზეც მე კოლექტიური (სერიოზული ფაქტორი) შეხვედრისას განვაცხადე. მოკლედ პატარა "ბარიგა" აღრიცხვაზე დააყენეს. ბოდიშებიც მოიხადეს და ფულებიც დააბრუნეს.
ყველაფერი წესრიგში ჩადგა. მოძალადე ბავშვები და მათი მშობლებიც თავჩაქინდრული იყვნენ. ვეღარავინ უზრდელობდა და დიდგულობდა. მოკლედ, ბიუროკრატიულმა მეთოდმა - წერილებმა და საჩივრებმა ყველაფერს აჯობა. უკვე მმართველობიდანაც დამირეკეს და მკითხეს, კმაყოფილი ვარ თუ არა კლასში არსებული სიტუაციით? დასკვნა ასეთია - არც ერთი ბულინგი და მსგავსი დამამცირებელი რამ არ შეჩერდება, სანამ საქმეში უფროსები არ ჩაერთვებიან. ამიტომაც საჭიროა ჩართოთ სკოლა, განათლების განყოფილება, სამინისტრო, პოლიცია, პროკურატურა... ახლა სკოლაში ნეიტრალიტეტია და ეს ძალიან მახარებს. რამდენ ხანს იქნება ასე, არ ვიცი.
ყველაზე ხშირად დასმული კითხვები:
როგორ გრძნობენ თავს პეწია და მიშა?
ჩვენ ყველაფერი გავაანალიზეთ ბიჭებთან ერთად. დასაწყისში მათ ძალიან ეშინოდათ, მით უმეტეს, რომ ჩემი მშობლებთან შეხვედრის შემდეგ "ძველების" აგრესია გაიზარდა. ისინი იმუქრებოდნენ სკოლის შემდეგ "გარჩევებით" და მიშასაც აშინებდნენ (1000 მანეთი, თორემ შენი ძაღლი მოკვდება). მიუხედავად ამისა, ჩვენ სკოლას არ ვაცდენდით. მე ვრეკავდი ყველა შესვენებაზე. სკოლის შემდეგ პეწია მეუღლეს მოჰყავდა სახლში. მე ბავშვს პირადი მცველის აყვანასაც შევპირდი, თუ მუქარა ოდნავ მაინც დაემსგავსებოდა რეალობას. რამდენადაც მეტად აქტიურობდა სკოლა, მით უფრო მეტად ნორმალიზდებოდა ყველაფერი. მე წავაკითხე პეწიას ეს პოსტი და ვკითხე, თუ რას ფიქრობდა ამ ყველაფერზე. ყველაფერი კარგადაა. ორივე მხარე მშვიდადაა და მათი ურთიერთობა ძირითადად დავალებების დაზუსტებით შემოიფარგლება. სკოლის ხელმძღვანელები რეგულარულად ეკითხებიან მიშას და პეწიას, თუ როგორაა საქმე კლასში.
რომ არ ყოფილიყო ფაქტი "მოსაწევის" შესახებ, მაშინ რას ვიზამდი?
მე ვიჩივლებდი ფოტომონტაჟების გამო (ღირსების დაცვის შესახებ).
დაბოლოს: ძალიან მტკივა გული, რომ ეს თემა ასეთი მოთხოვნადი გახდა. ძალიან მინდა, რომ ჩემი გამოცდილება არავის დასჭირდეს. დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ