ზოგჯერ თავად ჩვენ ვუშლით ამაში ხელს... განსაზღვრული ასაკის შემდეგ, პატარებს მთელი ღამის განმავლობაში შეუძლიათ მშვიდად ძილი და შესაბამისად მშობლებსაც მოსვენების საშუალებას აძლევენ, ოღონდ ზოგჯერ თავად ჩვენ ვუშლით ამაში ხელს.
ჩვენ ფაქტობრივად საკუთარი ბავშვის საწოლი ვხდებით
სხეულთან კონტაქტი საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენი პატარისათვის, მაგრამ თუ ხელში დაძინება სისტემატიურ ხასიათს მიიღებს, ნუღარ გაგიკვირდებათ, თუ მას ლოგინში მარტოს წოლა აღარ ესიამოვნება.
"უამრავი სპეციალისტი და თავად დედები თვლიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ პატარასთან წოლა სასარგებლოა ბავშვის ჯანმრთელობისთვის, ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სხეულით ბავშვს საწოლი ჩავუნაცვლოთ", - ამბობს ჯული ოუენსი, აშშ-ის პედიატრიული ცენტრის, ბავშვთა ძილიანობის დარღვევის და ბოსტონის საავადმყოფოს ხელმძღვანელი.
თუ თქვენ მაინც დაუშვით ეს შეცდომა და ბავშვთან ერთად წევხართ, შეეცადეთ 3-4 თვის ასაკში მთვლემარე და არა დაძინებული ბავშვი სარწეველაში გადააწვინოთ. თუ ის წამოიტირებს, კვლავ ხელში აიყვანეთ, ოღონდ დაძინების საშუალება არ მისცეთ და კვლავ გაიმეორეთ პროცედურა. მთავარი ამოცანაა იმაშია, რომ მისი საკუთარი საწოლის ძილთან ასოცირების მომენტი შექმნათ.
კვება და დაძინება ერთი არ უნდა იყოს
შეცდომა, რომელსაც დედების უმრავლესობა უშვებს - ძუძუთი კვებაა უშუალოდ ძილის წინ. ამის შედეგად ბავშვს უყალიბდება ჩვევა, რომ ხელში აყვანილმა და პირში ძუძუთი უნდა დაიძინოს.
ამის შედეგად, ღამით გაღვიძებული ბავში ხელში აყვანას და ძუძუს ითხოვს. იგი დაჩვეულია და სხვაგვარად დაძინება აღარ შეუძლია.
მთავარია გვახსოვდეს, რომ ჩაძინება ისეთი უნარია, რომელსაც ჩამოყალიბება ესაჭიროება.
სიტუაციის გამოსწორება ასეთი მეთოდითაც არის შესაძლებელი: ბოლო კვება მოვახდინოთ დაძინებამდე 20 წუთით ადრე. ბავშვს ვაჭამოთ სხვა ოთახში (იქ სადაც არ უნდა დავაძინოთ), რათა საკვები არ იყოს ასოცირებული ძილთან. ძილის წინ, საწოლში ჩაწვენის შემდეგ, მასთან დავრჩეთ გარკვეული ხანი, მაგრამ არ ავიყვანოთ ხელში.
ძილის დარეგულირების ყველა მეთოდი უნდა გამოვიყენოთ მას შემდეგ, რაც პატარას 4 თვე შეუსრულდება. მანამდე მისი გამოყენება არ შეიძლება და ეს მნიშვნელოვანი მომენტია.
არ უნდა მივირბინოთ ბავშთან "მის ყოველ წამოტირებაზე"
თუ პატარა ტირის, რა თქმა უნდა, მივდივართ და ვაწყნარებთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის ყველა "წამოტირებაზე" მივირბინოთ. გავზარდოთ ყურადღების მიქცევის ინტერვალი ყოველი ასეთი მომენტების დროს. მივცეთ მას თვითდამშვიდების და ძილის გაგრძელების საშუალება. გაგიკვირდებათ, მაგრამ დიდი ალბათობით ასეც მოხდება.
ასეთივე პრინციპით უნდა ვიმოქმედოთ უფროს ბავშვებთანაც. თუ ბავშვის ოთახში მის პირველივე გაფაჩუნებაზე შევიჭრებით, გასაკვირი აღარ უნდა იყოს, რომ მას სიბნელის და არარსებული ურჩხულების შიში ჩამოუყალიბდეს. ჩვენი ოთახში შეჭრით ხომ იმის დემონსტრირებას ვახდენთ, რომ შესაძლოა სახლი მთლად უსაფრთხო არ იყოს. ისე საკითხავია: ურჩხულებისა და გუდიანი კაცების შესახებ ვისგან გაიგო მან, თქვენგან ხომ არა?
ბავშვის ძილის ოქროს წესი ერთი ქართველი დედისგან
ძილი მანქანაში
თუ ბავშვს მანქანაში ხშირად უწევს დაძინება, მის ტვინში ძილი მოძრაობასთან იწყებს ასოცირებს. მოკლე მანძილზე გადაადგილებისას გაართეთ ბავშვი და ნუ მისცემთ მას დაძინების საშუალებას.
არ მიაჩვიოთ პატარა იდეალურ სიჩუმეს...
თუ ბავშვი დაბადებიდან იდეალურ სიჩუმეში ძილს მიეჩვევა, მაშინ ამ სიჩუმის დაცვა მინიმუმ 3-4 წელი მოგიწევთ. ფეხისწვერებზე სიარული, ტელეფონის გამორთვა ან ვიბრო რეჟიმზე გადართვა, ჩვეულებრივი ფანჯრების ხმაგაუმტარზე შეცვლა და ასე შემდგომ.
თუ ასეთი პერსპექტივა არ გხიბლავთ, თავიდანვე ჩვეული ცხოვრების რიტმი გააგრძელეთ, იმ პერიოდშიც კი, როცა პატარას სძინავს. ბავშვის ნერვული სისტემა საკმაოდ მოქნილი და ადაპტირებადია გარემოს ზეგავლენის მიმართ. თუ ბავშვი თავიდანვე მიეჩვევა ოდნავ ხმაურიან გარემოში ძილს, მაშინ ძაღლების ყეფა, კატების კნავილი და კარზე ზარი მას ვერ გააღვიძებს.
და კიდევ ცოტა რამ...
როდესად ზემოთქმული პროცესების განხორციელებას დაიწყებთ, შესაძლოა ვინმე კეთილისმყოფელისგან საყვედურების მოსმენაც მოგიწიოთ, მაგ: "შენ არ უვლი შენს ბავშვს", "ცალკე საწოლი მის ფსიქიკას დააზიანებს", "შენ ეგოისტი ხარ", "ზუსტად ეგრე დაგტოვებს სიბერისას" და ა.შ.
სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. ბავშვის ნორმალურ ძილზე ზრუნვით თქვენ არა მარტო მის ჰარმონიულ განვითარებას და დასვენებას უწყობთ ხელს, არამედ საკუთარ თავსაც ეხმარებით.
რომელი ბავშვი იქნება უფრო წყნარი? ის, რომელიც მარტო ვერ იძინებს და სულ დედას უხმობს, თუ ის, რომელიც უკვე მიჩვეულია თავად დაძინებას?
ვის გვერდით იგრძნობს ბავშვი უფრო დაცულად და მშვიდად თავს: გამოუძინებელი, გადაღლილი, ნერვებმოშლილი, თუ გამოძინებული, დასვენებული და ენერგიით სავსე დედის გვერდით?