რა არ უნდა გააკეთოთ დამწვრობის დროს! სითბური ზემოქმედების შედეგად ქსოვილის დაზიანებას - თერმული დამწვრობა ეწოდება.
სითბური ზემოქმედების წყარო შესაძლოა იყოს ცეცხლი, ორთქლი, ცხელი სითხე, გავარვარებული საგანი, მზის ან სხვა სინათლის წყაროს გამოსხივება.
პრინციპულად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ნებისმიერი დამწვრობა არა მხოლოდ ქსოვილის ადგილობრივი დაზიანება, არამედ მთელი ორგანიზმის რეაქციაა.
დამწვრობას ორი ძირითადი მახასიათებელი აქვს: 1 - დაზიანების უბანი და მე-2 - დაზიანების სიღრმე. ყველასათვის ნათელი უნდა იყოს, რომ დამწვრობის სიმძიმე პირდაპირ კავშირშია როგორც ფართთან, ასევე დაზიანებული ქსოვილის სიღრმესთნ.
არსებობს დამწვრობის რამდენიმე კლასიფიკაცია: ერთის მიხედვით დაზიანების სიღრმის მიხედვით არჩევენ დამწვრობის 3 ხარისხს, მეორეს მიხედვით - სიმძიმის 4 ხარისხის. ზოგი კლასიფიკაცია მე-3 ხარისხს 3ა და 3ბ ქვეხარისხებად ჰყოფს. ჩვენ შეგნებულად ყველაზე მარტივ კლასიფიკაციას ავირჩევთ, რადგან ასეთი მიდგომა გადაუდებელი დახმარებისათვის მაქსიმალურად ამარტივებს რეკომენდაციებს.
I ხარისხის დამწვრობა - კანის ზედა შრის (ეპიდერმისის) დამწვრობაა და მისი მთავარი სიმპტომები ტკივილი და შეწითლებაა.
II ხარისხის დამწვრობისას ზიანდება როგორც ეპიდერმისი, ასევე დერმა, ანუ საკუთრივ კანი. მისი სიმპტომებია: ინტენსიური ტკივილი. შეწითლება და ბუშტუკების გაჩენა.
III ხარისხის დამწვრობისას ზიანდება კანის სამივე შრე, მათ ქვეშ მდებარე ნერვული ღეროები და სისხლძარღვები. კანს დაკარგული აქვს მგრძნობელობა, არის მშრალი და ზოგ ადგილას დანახშირებული.
გადაუდებელი დახმარება:
შევაჩეროთ დამაზიანებელი ფაქტორის ზემოქმედება ისე, რომ პირადი უსაფრთხოების დაცვაც შევძლოთ. - გამოვიყვანოთ ან გამოვიტანოთ დაშავებული ხანძრის ადგილიდან. დავმალოთ მზის სხივებიდან და ა.შ.
თუ იწვის ტანსაცმელი, შევეცადოთ მის სასწრაფოდ გახდას ან მჭიდროდ დავფაროთ ცეცხლის ალი არასინთეტიკური ქსოვილით (საბანი და ა.შ). დავასხათ წყალი, მივაყაროთ თოვლი ან ქვიშა. მას შემდეგ რაც ცეცხლი ჩაქრება, ქსოვილი, რომლითაც დაფარული გვქონდა ცეცხლი, სასწრაფოდ მოვაშოროთ.
ტანსაცმლის წვის დროს საჭიროა ჰორიზონტალური მდგომარეობის მიღება, რათა სახე გადავარჩინოთ (ცეცხლი ხომ ზევითა მიმართულებით ვრცელდება).
ყოველთვის, როცა ამის საშუალება არის, სჯობს დაშავებული ტანსაცმლის გახდის მაგივრად მიწაზე გაგორდეს. ცეცხლის ალის ქსოვილით დაფარვაც ცალსახად ბევრად უფრო კარგია.
ტანსაცმელზე ცხელი სითხის მოხვედრისას - სასწრაფოდ უნდა გაიხადოთ.
ყურადღება!
I და II ხარისხის დამწვრობისას რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაციოთ დაზიანებული ადგილი ცივი გამდინარე წყლით (არა ყინულიანი წყლით). წყლის ოპტიმალური ტემპერატურა უნდა იყოს 12-18 გრადუსი, ხოლო გაგრილების ოპტიმალური დრო - 15-20 წუთი. გამდინარე წყალი უფრო კარგია, ვიდრე წყალში მოთავსება. ცივი წყლით გაგრილების შემდეგ დაზიანებული არე უნდა დაიფაროს სუფთა სველი ნაჭრით (პირსახოცი, ზეწარი, ბინტი და ა.შ.). III ხარისხის დამწვრობისას დაზიანებულ არეს არ აგრილებთ წყლით. პირდაპირ ფარავთ სველი ნაჭრით. თუ ეჭვი გაქვთ დამწვრობის სიმძიმის ხარისხზე (მე-2 თუ მე-3), წყლით დამუშავება ცალსახად კარგია. ხელების და ფეხების დაწვისას თითებს შორის სველი ნაჭერი მოათავსეთ. ბეჭდები და სამაჯურები რაც შეიძლება ჩქარა მოიშორეთ. არ შეიძლება!!!!
გაგრილება გამდინარე ცივი წყლით მე-3 ხარისხის დამწვრობისას. დამწვრობის ადგილის ყინულიანი წყლით გაგრილება. მიწებებული ტანსაცმლის მოშორება. ბუშტუკების დაჩხვლეტა. დაზიანებულ კანზე ხელით შეხება. დამწვარ ჭრილობაზე ბამბის, ყინულის, წებოვანი გადასახვევი მასალის გამოყენება. ასევე არ შეიძლება ჭრილობის დამუშავება:
ზეთით, არაჟნით, ნაღებით, კეფირით, ხელის კრემებით, მალამოებით და ლოსიონებით, შარდით, ფხვიერი ფშვნადი წამლებით, ტალკით, ფხვნილებით, იოდის ხსნარით, ბრილიანტის მწვანეთი, წყალბადის ზეჟანგით, სპირტით.
პირველი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის (გაგრილება, დაფარვა, ტკივილის გაყუჩება) შემდგომი მოქმედება გამომდინარეობს იქიდან, საჭიროებს თუ არა ბავშვი ექიმის კონსულტაციას ან ჰოსპიტალიზაციას.
თუ დამწვრობა ზედაპირულია და ფართიც მცირეა, მკურნალობის გაგრძელება სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი, ოღონდ თუ ამ პერიოდში ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი იჩენს თავს, მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას.
გულისრევა ან ღებინება. 12 საათზე მეტი ხნის განმავლობაში სხეულის ტემპერატურის მომატება. დამწვრობიდან 24 საათის შემდეგ ტკივილის გაძლიერება. დამწვრობიდან 24 საათის შემდეგ სიწითლე მატულობს. დაიწყო დამწვრობის არის დაბუჟება.
გახსოვდეთ, ხანძრის დროს მიღებულ დამწვრობას ხშირად თან ახლავს სასუნთქი გზების დაზიანება და ორგანიზმის მოწამვლა ჩასუნთქული ტოქსიური ნივთიერებების გამო.