აღზრდისას დაშვებული მთავარი შეცდომები
აღზრდისას დაშვებული მთავარი შეცდომები
ეგზიუპერის აზრით, თითოეული ჩვენგანი ჩვენივე ბავშვობიდან მოვდივართ და როგორც პედაგოგები ამბობენ, ნებისმიერი ადამიანის ხასიათის ჩამოყალიბებაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ბავშვობის პერიოდს ენიჭება.

შესაბამისად, გარემო, რომელშიც ვიზრდებით, პირდაპირ მოქმედებს ჩვენი პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაზე. მაგრამ მიუხედავად ამისა, ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოცადეს მშობლებისგან არასწორი აღზრდის სირთულე, თავიანთ შვილებთან მშობლების მიერ დაშვებულ შეცდომებს ხშირად იმეორებენ.

ლენუკა, 25 წლის:
- ჩემსა და ჩემს ძმას შორის ასაკობრივი სხვაობა 2 წელია. მიუხედავად ამისა, ბავშვობიდან ჩემი მშობლები სულ ამ ფაქტზე ამახვილებდნენ ყურადღებას და მუდმივად მიმეორებდნენ: -გიო პატარაა, უნდა
დაუთმო,
შენ დიდი ხარ, უნდა მოითმინო, არ ეჩხუბოო...

ჩემი ძმა მთელ სანათესავოში ერთადერთი ვაჟი იყო და შეიძლება ითქვას, ყველა ზედ დაჰფოფინებდა. ბავშვობიდან სასტიკი იყო. მახსოვს, ფეხი ახალი ადგმული ჰქონდა, ეზოში ძლივს დაბანცალებდა, წიწილებს რომ მიეპარა, ერთ-ერთს ხელი სტაცა და მაშინვე თავი წააძრო.

მეც პატარა ვიყავი და სახლში ღრიალით მივედი, მაგრამ ამ ამბავზე ჩემს მშობლებს ყურადღება არ გაუმახვილებიათ, ისევე, როგორც არ აქცევდნენ ყურადღებას იმას, რომ ჩემი ძმა უფანჯრებო ფარდულში მკეტავდა, სადაც სიბნელე იყო და ყოველ გაფაჩუნებაზე შიშისგან თმა ყალყზე მიდგებოდა.

ხშირად რამდენიმე საათის განმავლობაში იქ გამოკეტილიც ვყოფილვარ, ტირილით ვიკლებდი მთელ უბანს, მაგრამ ჩემს საშველად
არავინ მოდიოდა. არ გეგონოთ, ჩემს ძმას მხოლოდ მე ვყავდი დაჩაგრული, სოფელში ვისაც ერეოდა, ყველას სცემდა, ზოგს აბამდა და ისე, ზოგსაც ნაჯახით დასდევდა.

მთელი სამეზობლო მომდურებული გვყავდა. გარეთ რომ გავიდოდა სათამაშოდ, ბავშვები სახლში შედიოდნენ, მასთან ერთად თამაში არავის უნდოდა... ერთხელაც (13 წლის ვიყავი), თამაშის დროს (თამაშში ძალით ჩამაბა) სარდაფის ერთ მიყრუებულ ოთახში ჩამკეტა.

შინ მხოლოდ ბებია და ბაბუა იყვნენ და მათ არც კი უფიქრიათ, რომ სახლში არ ვიყავი. მთელი ღამის განმავლობაში გიოს აზრადაც არ მოსვლია ჩემი გათავისუფლება. ის ღამე საოცარ შიშსა და განცდებში გავათენე; მშობლებს მეორე დღეს მოვუკითხივარ და როცა ვერსად მიპოვეს, მეზობლები შემოირბინეს (ალბათ არც შეშფოთდებოდნენ, თავად მეზობელს რომ არ მოვეკითხე, -ლენუკა მთელი დღეა, არ გამოჩენილა, სადმე გაუშვით დასასვენებლადო?).


7 წყენა, რომელსაც ბავშვი დიდობაშიც არ პატიობს მშობლებს


ბევრი ძებნის შემდეგ, ერთ-ერთ მეზობელს უთქვამს, აქეთ-იქით რომ დადიხართ და ეძებთ, სახლში სადისტი რომ გყავთ, მას ჰკითხეთ, სხვას არავის ეცოდინება იმ საწყალი ბავშვის ამბავიო. ჩემი ძმა თავიდან არ ამხელდა, სადაც ვყავდი ჩაკეტილი.

საღამოს კი ეზოში გასულა და მისთვის მეზობელ ბიჭს უკითხავს, -სადაა შენი დაო? ამაზე გიო შეჰპასუხებია, არც მეზობელს მოუთმენია და ხელჩართული ჩხუბი გაუჩაღებიათ. იმ ბიჭს ჩემი ძმა უცემია და ისე უთქმევინებია, სადაც ვყავდი ჩაკეტილი. მერე ჩემი მშობლებიც კარგად გაულანძღავს და პირში მიუხლია, -სანამ თქვენი სადისტი შვილი ლენუკას არ მოკლავს, მანამდე არ მიაქცევთ ყურადღებასო?!

მეზობლები მშობლებთან ერთად სარდაფში რომ ჩამოვიდნენ, ნახევრად გაჭაღარავებული დავხვდი. არავის ვეკონტაქტებოდი, ხმასაც კი ვერ ვიღებდი. ჩემს მშობლებს მეზობლები დამუქრებიან, -ამ ბავშვს თუ არ მიხედავთ, თქვენს შვილს ვუჩივლებთ და ციხეში ჩავასმევინებთო.

- იმის შემდეგ ალბათ ბევრი რამ შეიცვალა, არა?
- არაფერიც არ შეცვლილა. 1 წლის შემდეგ კი საბერძნეთიდან ბიცოლაჩემი ჩამოვიდა. ისეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფი რომ მნახა, თბილისში გადმოსვლა და თავისთან ცხოვრება შემომთავაზა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ბიცოლამ კარგად მომხედა, არაერთ ფსიქოლოგიურ სეანსზე დავყავდი, მეხმარებოდა, რომ წარსულზე აღარ მეფიქრა.

მკურნალობას წლები შევალიე და როგორც იქნა, თვალებში გამოვიხედე. დღეს თავისუფლად შემიძლია ამ ყველაფერზე ლაპარაკი, მაგრამ ხშირად კოშმარული სიზმრები არ მასვენებს...

- შენი ძმის ცხოვრებაში თუ შეიცვალა რამე?
- არაფერი, ახლა მესამე ცოლი ჰყავს. პირველი ძლივს გაექცა, მეორემ უჩივლა, მაგრამ გიორგიმ როგორღაც თავი აარიდა ციხეს. ცოტა ხნის წინ მესამე ცოლი მოიყვანა და მათ შესახებ ჯერ არაფერი მსმენია. ჩემი ძმა წლებია, არ მინახავს.

ბიცოლამ ჩემთან მოკარება აუკრძალა და დღემდე ვერ ბედავს ჩვენთან სტუმრობას. რაც სოფლიდან წამოვედი, მას შემდეგ არ მისაუბრია მასთან. მშობლების გულგრილობის შედეგად დიდი ტრავმა მივიღე, იმედია, წვალებით მოპოვებულ სიმშვიდეს ცხოვრების ბოლომდე შევინარჩუნებ.

გურამი, 29 წლის:
- გურამი მამაჩემის მეჯვარე იყო. ჩვენს ოჯახებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ვახლობლობდით. დედ-მამა რომ შეუღლდა, გურამს ლელა უკვე შერთული ჰყავდა, მაგრამ შვილი არ ჰყავდათ. რამდენიმე წელი ისე გავიდა, შვილი არ შეეძინათ და ბავშვი აიყვანეს.

კარგი მშობლები აღმოჩნდნენ, პატარას თავს ევლებოდნენ, მაგრამ დრო რომ გავიდა, პირველი ადამიანი ვიყავი, ვინც მათ მოქმედებასა და ბავშვისადმი მოპყრობაში გადაჭარბება შევნიშნე. შეიძლება ითქვას, რომ ბავშვი გადაჭარბებული ყურადღებით გადარიეს: -”ხომ არ გშია, ხომ არ გცივა, დედა გენაცვალოს, მამა შემოგევლოს...”

არ ყოფილა შემთხვევა, მისთვის რამე დაეშალათ. ნიკუშა რაც იზრდებოდა, ვამჩნევდი, რომ უფრო და უფრო ეგოისტი ხდებოდა. სკოლაში ყველასთან უკმაყოფილება ჰქონდა. რა თქმა უნდა, მასწავლებელი და ბავშვებიც ისევე ვერ მოექცეოდნენ, როგორც მშობლები დაჰფოფინებდნენ და ამაზე გიჟდებოდა.

დედამისი სკოლიდან სკოლაში მისი საბუთების გადატანას ვერ აუდიოდა. ერთ დღესაც, დედაჩემს ვუთხარი, -იქნებ დაელაპარაკო გურამსა და ლელას, თორემ ნიკა მგონი, სულ გადაირია-მეთქი. დამპირდა, რომ აუცილებლად ეტყოდა რამეს და ერთ დღესაც, როცა ჩვენთან სტუმრად მოვიდნენ, შეაპარა, -იქნებ ნიკუშა ფსიქოლოგთან მიგეყვანათ, გაღიზიანებულია და ფსიქოლოგის კონსულტაცია დაეხმარებოდაო...

აღარც მინდა იმ სიტყვების გახსენება, რაც ცოლ-ქმარმა დედაჩემს აკადრა... მოკლედ, გემრიელად გამოგვლანძღეს და კარი გაიჯახუნეს. ამ ამბის შემდეგ ლელამ დედაჩემს დაურეკა, იმ ამბისთვის ბოდიში მოუხადა და ტირილით უთხრა, -აღარ ვიცი, რა გავაკეთო, გუშინ ნიკუშამ მამამისზე დანით გაიწიაო.

მერე კიდევ ერთხელ დარეკა და, სკოლაში სიარული აღარ უნდა, ამბობს, სწავლა მომბეზრდა და სკოლიდან გამომიყვანეთო. ამ ამბიდან 2 კვირის შემდეგ კი ნიკა ციხეში მიაბრძანეს, საკუთარი კლასელი დაჭრა. დღესაც სასჯელს იხდის, მაგრამ მშობლები მაინც არ აღიარებენ მის წინაშე ჩადენილ დანაშაულს.

- შვილი ცუდად არ აღგვიზრდია, გენში ჰქონდა სისასტიკე და იმიტომაც გამოვიდა ასეთიო, -მოგახლიან. ამას წინათ, ციხიდან დაურეკავს და უთქვამს, -აქედან გამომიყვანეთ, რამდენი ხანი უნდა ვიჯდე, შვილი ფეხებზე გკიდიათო. ახლა ცოლ-ქმარი ბინას ყიდის, რომ შვილი ციხიდან დაიხსნას.

რუსუდანი, 45 წლის:
- 4 წელია, რაც ჩემს მეზობლად ერთი ოჯახი გადმოვიდა - ბავშვიანი ქალი დედასთან ერთად. არაჩვეულებრივი 12 წლის გოგონა ჰყავთ, რომელიც მთელ კორპუსს უყვარს, მაგრამ ისეა დათრგუნვილი, თუ სადარბაზოში ვინმე დგას, გარეთ ვერ გამოდის.

მთელი დღის განმავლობაში, მათი სახლიდან წივილ-კივილის ხმა ისმის. ხან დედა კივის, ხანაც -ბებია. ვერაფრით ვხვდები, რა უნდა დააშავოს იმ ბავშვმა ისეთი, რომ მთელი დღის განმავლობაში ეჩხუბო?! გარდა ამისა, დედამისსა და ბებიას არც ერთ მეზობელთან არა აქვთ კარგი ურთიერთობა, გადმოსვლის დღესვე 2 მეზობელი მოიმდურეს; ბავშვი ეზოში გამოსული ჯერ არ მინახავს.

სკოლაში დედასთან ერთად მიდის, მერე მარტო ბრუნდება და მთელი დღის განმავლობაში სახლში ზის და ხან დედის, ხანაც ბებიის წყევლა-კრულვას უსმენს. მის ზლუქუნი არ მაძლევს მოსვენების საშუალებას. სხვათა შორის, მათი ძველი მეზობელი ამბობდა, ბავშვის ბებიაც ისეთსავე დღეში აგდებდა თავის შვილსო.

პირველად ბავშვის სანახავად მამა რომ მოვიდა, მე და ჩემი მეზობელი გარეთ ვიყავით. კარი ბავშვმა გაუღო და თვალები ისე გაუბრწყინდა, ცრემლები მომადგა. თხუთმეტიოდე წუთში მათი სახლიდან წივილ-კივილი შემოგვესმა, იმ კაცმა მთელი ძალით გამოიჯახუნა კარი და კიბეზე დაეშვა. მას შემდეგ ბავშვს აღარ ანახვებენ. სხვათა შორის, ჩემი შვილი იმ სკოლაში დადის, სადაც იმ გოგონას დედა ასწავლის გერმანულს.

ამბობენ, სკოლაში მოსწავლეებთან ძალიან თბილი ურთიერთობა აქვსო. 2 თვის წინ, მათი ყვირილისგან თავმობეზრებულმა მეზობელმა ძალადობის ცენტრში დარეკა და ამ ოჯახზე მოახსენა. აგენტები რომ მოვიდნენ, როგორც ჩანს, საეჭვო ვერაფერი შენიშნეს და ”პატივცემული მასწავლებელი” გარეთ რომ აცილებდა მათ, გავიგონე, როგორ უთხრა:

ალბათ შეგეშალათ ბინა, თორემ თავადაც ხომ ხედავთ, ჩვენს ოჯახში მსგავსი არაფერი ხდებაო! გული მიკვდება, არც კი ვიცი, ეს ბავშვი ოდესმე თუ შეძლებს საშინელი დედისგან თავის დაღწევას და ადამიანურად ცხოვრებას.

ოჯახში შვილების აღზრდის შესახებ ფსიქოლოგს - რეზო კორინთელს მივმართეთ:

- აღზრდა და აღზრდის სტილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. იგი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ფსიქიკური დაავადების (ნევროზი, ფსიქოპათია) განვითარებისა და ხასიათის ანომალიების ჩამოყალიბებისთვის.

ოჯახი, როგორც სისტემა, რამდენიმე ფუნქციას უნდა აკმაყოფილებდეს: მატერიალურ-ყოფითს, ემოციურს, აღმზრდელობითს, სექსუალურ-ეროტიკულს და კულტურულ-სულიერს. თუ ოჯახი ამ ფუნქციებს აკმაყოფილებს, ჯანსაღი და ჰარმონიულია, ხოლო თუ ვერ აკმაყოფილებს, ან არასწორად ხდება ამ ფუნქციების დაკმაყოფილება, მაშინ -დისჰარმონიული.

ფუნქციების დასაკმაყოფილებლად, ოჯახში როლები თანაბრად ნაწილდება და ჰარმონიული ოჯახი მისი წევრების თბილი მიჯაჭვულობით გამოირჩევა; მათი როლები ერთმანეთს კონკურენციას კი არ უწევს, არამედ ერთმანეთს ავსებს.

ოჯახის არც ერთი წევრი არ ახდენს სხვისი ფუნქციების უზურპაციას; ამასთან, არც ერთი წევრი არ ცდილობს საკუთარ მოვალეობების იგნორირებას. ასეთ ჰარმონიულ ოჯახში კონფრონტაციული დაჯგუფებებიც არ არსებობს. როგორც ხშირად ხდება ხოლმე: დედა ვაჟთან ერთად მამის წინააღმდეგ რომაა გაერთიანებული, მშობლები -მოზარდის წინააღმდეგ და ა.შ.

- ალბათ ბევრი არასწორი აღზრდის ტიპი არსებობს, არა?
- საკმაოდ ხშირია შემდეგი აღზრდის ტიპები: ჰიპოპროტექცია, როდესაც მოზარდი კონტროლისა და მეთვალყურეობის გარეშე იზრდება. ამ დროს მშობლების მხრიდან მისი ინტერესების მიმართ სრული იგნორირება ხდება.

არსებობს ჰიპერპროტექცია ანუ უკიდურესი, განუწყვეტელი კონტროლი - როცა აღსაზრდელს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია...
ელენე ბასილაძე, ჟურნალი "გზა"
ტეგები: აღზრდა
3794
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
.
0
ძალიან ადვილია გაიდლაინებით საუბარი, თითოეული ბავშვი ინდივიდუალურია!
13:07 / 13-04-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?