"ჭადრაკით ნასწავლი აზროვნება ბავშვს ყველა პროფესიაში გამოადგება" – ქართველი ჩემპიონის ნანა ძაგნიძის რჩევები მშობლებს
"ჭადრაკით ნასწავლი აზროვნება ბავშვს ყველა პროფესიაში გამოადგება" – ქართველი ჩემპიონის ნანა ძაგნიძის რჩევები მშობლებს
მოჭადრაკეები ცნობილნი არიან შესანიშნავი ლოგიკითა და სტრატეგიული აზროვნებით. ეს თვისებები ცხოვრებისეულ წარმატებებშიც ძალიან ეხმარება ადამიანებს. ამ თემაზე ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ჭადრაკში ნანა ძაგნიძე გვესაუბრება და საინტერესო რჩევებსაც გვაძლევს.

- ცნობილია რომ მოჭადრაკეები გამოირჩევიან აზროვნებით, ლოგიკით... რამდენად ეხმარება ადამიანს ჭადრაკის ცოდნა სხვა პროფესიაში წარმატების მისაღწევად?

- რა თქმა უნდა ძალიან ეხმარება... უამრავი მაგალითი არსებობს, როდესაც მოჭადრაკეებმა ჭადრაკს თავი დაანებეს, სხვა პროფესიაში სცადს ბედი და დიდ წარმატებებს მიაღწიეს... საკმაოდ დიდ პოზიციებზე მუშაობენ. არიან ბანკის მმართველები, ცნობილი იურისტები და ასე შემდეგ...

- თქვენში
როდის აღმოაჩინეს მოჭადრაკის ნიჭი?

- ოჯახში თავიდანვე სურდათ მოჭადრაკე გავმხდარიყავი. მამაჩემი ჩემი ძალიან დიდი გულშემატკივარი იყო. წლების წინ მოგეხსენებათ თუ რა წარმატებული მოჭადრაკე ქალბატონები იყვნენ საქართველოში, რაც მამას ძალიან ხიბლავდა. ასე რომ, მე არ გამიკეთებია არჩევანი მოჭადრაკე გავმხდარიყავი, ეს თავიდანვე ჩემმა მშობლებმა განსაზღვრეს. სახელი – ნანა მამაჩემმა ნანა ალექსანდრიას საპატივცემულოდ დამარქვა.
სასურველია ჭადრაკი ყველა ბავშვმა იცოდეს. ვაპირებ ჩემს უფროს შვილს, 5 წლის არის, უკვე დავაწყებინო შესწავლა. რაც უფრო ადრე დაიწყებს სწავლას, მით უკეთესი იქნება.
არ არის აუცილებელი, ყველა მოჭადრაკე გამოვიდეს და ჩემპიონატები მოიგოს, მაგრამ ჭადრაკის ცოდნა აუცილებლად დაეხმარება ნებისმიერ პროფესიაში. ის აზროვნების უნარი, გონებაგახსნილობა,

რასაც ჭადრაკის ცოდნა იძლევა, ყველგან გამოსადეგია.
ჭადრაკის სწავლა გარკვეულ დონემდე ყველას შეუძლია. განსაკუთრებით ადვილად სწავლობენ ბავშვები. მაღალი დონის მისაღწევად კი სხვა ფაქტორებიც მნიშვნელოვანია.
ადამიანი მებრძოლიც უნდა იყოს. თუ გინდათ პროფესიონალურ სპორტს გაჰყვეს ბავშვი, სხვა საგნების სწავლას ნაკლები დრო უნდა დაუთმოთ, რაც მშობლისთვის რთულია. ძალიან დიდ დროს მოითხოვს პროფესონალური ჭადრაკი, დღის განმავლობაში ალბათ 7-8 საათი სჭირდება. სწავლისთვის ბავშვს ძალიან ცოტა დრო რჩება და მშობელს უჭირს არჩევანის გაკეთება. პროფესიონალი მოჭადრაკე რომ ვერ გახდეს და სწავლასაც ჩამორჩეს, ეს აშინებთ... სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ბავშვების შედეგები აღარ არის იმ დონის, რაც იმ პერიოდში იყო, როდესაც მე ასაკობრივ ჩემპიონატებს ვთამაშობდი. სკოლა ძალიან მიწყობდა ხელს. გაკვეთილებისგან გათავისუფლებული ვიყავი და როცა დრო მქონდა, მაშინ დავდიოდი. დღეს ბავშვებს არ პატიობენ გაცდენილ საათებს. ამიტომაც ჭადრაკის ფედერაციამ განათლების სამინისტროსთან ერთად რაღაც გეგმა უნდა შეიმუშაოს... ჭადრაკის მასობრიობა გაიზარდა, სკოლაში ისწავლება, ბევრი ბავშვი სწავლობს, მაგრამ პროფესიონალურ დონეზე რომ გაჰყვნენ, ამის საშუალება ნაკლებად აქვთ.

- თქვენ ხართ წარმატებული თქვენს პროფესიაში და არაჩვეულებრივი ოჯახიც გაქვთ... როგორ შეძელით ორივე?

- უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჭადრაკში წარმატებული ვარ... ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გავხდი. ზოგადად ძალიან კრიტიკული ვარ ჩემი თავის მიმართ, მაგრამ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც თამამად ვამბობ სათქმელს... რაც შეეხება ოჯახს, 24 წლის დავოჯახდი. ჩემი მეუღლე ყოფილი მოჭადრაკეა, ბავშვობაში ერთად ვთამაშობდით. ორივე ქუთაისიდან ვართ... წლების შემდეგ შემთხვევით მოხდა ჩვენი შეხვედრა და დავოჯახდით. დღეს ორი ვაჟი გვყავს. ოჯახი ძალიან მეხმარება და ამ მხარდაჭერის გარეშე ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა. ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან დიდი დრო ჭადრაკს უკავია ჩემს ცხოვრებაში... ოჯახი დიდი ბედნიერებაა და როდესაც დედა გავხდი, იმ ემოციას ნამდვილად ვერანაირი ოლიმპიური ჩემპიონობა ვერ შეედრება. ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ჩემს ცხოვრებაში ჩემი ორი ვაჟის დაბადება იყო.

- გსურთ თქვენს პროფესიას გაჰყვნენ?

- მსურს ჭადრაკის თამაში ისწავლონ მაღალ დონეზე, მაგრამ არ ვისურვებდი პროფესიონალი მოჭადრაკეები გამხდარიყვნენ. Dდიდ ენერგიეს, ნერვებს, ბევრ მოგზაურობას ითხოვს და ჩემი შვილებისთვის სხვა პროფესიას ვარჩევდი. ჭადრაკს რომ ფლობდნენ, ეს კი სასურველია, რადგან ძალიან ეხმარება გონებრივ განვითარებაში, ლოგიკურ აზროვნებაში, სწრაფად გადაწყვეტილების მიღებაში და უამრავი დადებითი მხარე აქვს... ყველა მშობელს ვურჩევდი შვილებს ჭადრაკის თამაში ასწავლონ.
მანანა გაბრიჭიძე











3058
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
zuraa
0
სწორიაააა უნდა ატაროთ ჭადრაკში ბავშვიი
22:42 / 25-04-2018
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი