პედიატრ თამარ ობგაიძის გაფრთხილება მშობლებს ყველასათვის გასაგებია - ვეტერინარული პრეპარატები ცხოველებისა და ფრინველებისათვისაა განკუთვნილი, თუმცა ზოომაღაზიებში არცთუ იშვიათად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ვეტერინარულ მედიკამენტებს მოზრდილებისა და ბავშვებისათვის ყიდულობენ.
ამ ადამიანების არგუმენტი ასეთია - ცხოველებიც ძუძუმწოვრები არიან, მათთვის უხშირესად იგივე მედიკამენტები გამოიყენება, რაც ადამიანებს ენიშნებათ, ამავდროულად ეს წამლები უფრო იაფია.
დიახ, ხშირ შემთხვევაში მედიკამენტების მოქმედი ნივთიერებები მართლაც იგივეა, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ადამიანისათვის განკუთვნილი მედიკამენტები გაცილებით უფრო გაწმენდილია და დამუშავებულია ქიმიურად, ამავდროულად, ვეტერინარული წამლები უბრალო, იაფფასიან ჭურჭელშია წარმოდგენილი, რაც, რა თქმა უნდა, მოქმედებს მის ფასზე.
ოთხფეხა მეგობრების ყველა პატრონი იცნობს პრეპარატ "ბარსს", ის პარაზიტებთან საბრძოლველად გამოიყენება, თუმცა მნიშვნელოვანი შეზღუდვით - მისი გამოყენება არ შეიძლება ორსულ ძუძუმწოვრებსა და ლეკვებში. ზრდასრული ცხოველის დამუშავება უნდა მოხდეს ღია ფანჯარასთან ან აივანზე. დამუშავების დროს არ შეიძლება თამბაქოს მოწევა, საკვებისა და სასმელის მიღება, რათა პრეპარატი ადამიანის პირის ღრუში არ მოხვდეს. დამუშავების პროცესს არ უნდა ესწრებოდეს ადრეული ასაკის ბავშვი ტოქსიური ზეოქმედების თავიდან ასაცილებლად! მით უმეტეს, ამ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებთან!
როგორ მოვაშოროთ ბავშვს ტილები - თანამედროვე და ხალხური საშუალებები
მოდით, ვნახოთ, რატომაა ამდენი სიფრთხილე საჭირო "ბარსის" გამოყენებისას.
მისი მთავარი შემადგენელი ნაწილი ფიპრონილია, რომელიც საკმაოდ ტოქსიკური ნივთიერებაა. 2017 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან მილიონობით ქათმის კვერცხი იქნა ამოღებული რეალიზაციიდან და განადგურდა, რადგან მათში ამ პრეპარატის მცირე რაოდენობა მოხვდა! ადამიანზე ზემოქმედების შორეული შედეგები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, ექსპერიმენტულ ცხოველებში კი დადასტურებულია მისი კანცეროგენული ზემოქმედება.
"ბარსი" შეიცავს აგრეთვე დიფლუბენზურონს და დიკარბოქსიმედს. ამ უკანასკნელს გამოხატული ანტიანდროგენული ეფექტი აქვს, რაც ნიშნავს, რომ ის მამაკაცის სასქესო ჰორმონების დონეს აქვეითებს.
და წარმოიდგინეთ, ამ ტოქსიურ პრეპარატს ზოგიერთი მშობელი ბავშვის თავის ტილთან საბრძოლველად იყენებს!
პედიატრი, მედიცინის დოქტორი თამარ ობგაიძე