ეს ერთგვარი თეარაპიაა არამარტო ბავშვებისთვის, არამედ უფროსებისთვისაც ზოგჯერ ადამიანის ყველაზე სასიამოვნო გატაცება შემოსავლის წყაროდ იქცევა ხოლმე. ადამიანებს, რომლებიც ხელნაკეთ ნივთებს ამზადებენ, ხშირად უთქვამთ, რომ ამას თავიდან მხოლოდ სიამოვნებისთვის აკეთებდნენ. ბოლოს კი იმდენად იხვეწებიან, რომ მათი ნამუშევრების ყიდვის ან მსგავსის გაკეთების სურვილი სხვა ადამიანებსაც უჩნდებათ. ამ დროს გამოცდილი ადამიანის დახმარებაც საჭიროა - სანამ გამოუცდელი ხელი სასურველ ნივთს საბოლოო სახეს მისცემს, ბევრი შეცდომის დაშვება მოუწევს. სპეციალისტი კი შედეგის სწრაფად მიღწევაში ეხმარება. დიზაინერი ანა ვაშაკიძე სწორედ იმ ხალხს ეხმარება, ვისაც უნდა ხელნაკეთი ნამუშევრების ხარისხიანად დამზადება ისწავლოს. მისი თქმით, ხელსაქმეს არა მხოლოდ ესთეტიური, თერაპიული მნიშვნელობაც აქვს.
- ხელსაქმე ერთგვარი თეარაპიაა არამარტო ბავშვებისთვის, არამედ უფროსებისთვისაც. პატარები, როცა რაიმეს საკუთარი ხელით ქმნიან, ძალიან გატაცებით ერთვებიან საქმეში. ყურადღებაც მობილიზებული აქვთ, კარგადაც იმახსოვრებენ, რა რის შემდეგ გააკეთონ და მშვენივრად იაზრებენ, როგორ მისცენ საბოლოო სახე ნივთს. ამ დროს ბევრი შემეცნებითი უნარი დადებითი განწყობის ფონზე გამომუშავდება და არა სტრესის ან დაძაბულობის ფონზე, როგორც სწავლებისას. რაც შეეხება უფროსებს, მათთვის ხელსაქმე, პირველ რიგში, განტვირთვის საშუალებაა, ერთგვარი ფსიქოთერაპია. მითუმეტეს, თუ ჩაფიქრებული ნივთის დამზადებაში პროფესიონალი გეხმარება. ამ დროს ჩანაფიქრი მაქსიმალურად დახვეწილი გამოდის და უფრო დადებითი ემოციებით გავსებს.
- ჭრა-კერვა მოდელირების ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. დიზაინერ-კონსულტანტი ვიყავი ერთ-ერთ ყვავილების სალონში. ხელნაკეთ ნივთებით ყოველთვის გატაცებული ვიყავი, მაგრამ დრო არ მქონდა. სანამ აქ დავიწყებდი მუშაობას, არ მქონდა საშუალება, ჩემი საყვარელი საქმე მეკეთებინა. მხოლოდ მეგობრებს და ახლობლებს ვუკეთებდი ხოლმე სუვენირებს საჩუქრად და ლამაზ ბარათებს.
- თუკი აქვთ სურვილი, გამოუვათ კიდეც. შეიძლება პირველივე ცდაზე არა, მაგრამ შემდეგ აუცილებლად. თავი არ უნდა შეიკავონ. მასალა იყიდონ და დაიწყონ. ეს პროცესი მართლა ძალიან სასიამოვნოა. მეც კი, როგორც უფრო გამოცდილმა პროფესიონალმა, არ ვიცი ხოლმე ზუსტად რა გამომივა ბოლოს. უბრალოდ, ვიწყებ მუშაობას, ვიღებ სიამოვნებას მუშაობის პროცესში და ბოლოს შედეგიც სახეზეა. ან თუკი აქვთ სურვილი და დაწყება მაინც უჭირთ,
მოვიდნენ ჩვენთან და დავეხმარებით. ჩავუტარებთ მასტერ კლასებს, მივცემთ სასარგებლო რჩევებს.
მაგალითად, დედაჩემი არ არის პროფესიონალი, არც ხატავს, მაგრამ ძალიან მოსწონს რაღაცების დამზადება, გაფორმება, ამიტომ
დაიწყო თავისთვის სახლში სამკაულების აწყობა. ამითი ნამდვილად ხალისდება.
ეს არ არის მისთვის შემოსავლის წყარო, თუმცა ძალიან სასიამოვნო პროცესია.
ვისაც სურვილი ექნება, შეუძლიათ შეუთავსონ სასიამოვნო სასარგებლოს და თავისი ჰობი შემოსავლის წყაროდ აქციონ.
- თავიდან ყველა შებოჭილია, შემდეგ კი ნამდვილი გარდასახვა ხდება. თვალები უბრჭყვიალებთ სიხარულისგან და მთელი გულით ერთვებიან მუშაობის პროცესში. ერთ-ერთ პატარა გოგონას გავიხსენებ, მარიამს. მახსოვს მისი პირველი სტუმრობა ჩვენს ერთ-ერთ მასტერ კლასზე. იჯდა მორცხვად თავისთვის.. ძალიან უნდოდა რაღაცის გაკეთება, მაგრამ რატომღაც ვერ ბედავდა. ბებიას დაჰყავს ხოლმე ჩვენთან და უკვე ჩვენი ხშირი სტუმარია. ბავშვი მართლა შეიცვალა, მასტერკლასიდან მასტერკლასამდე უფრო და უფრო თავისუფლი და ხალისიანი ხდებოდა. აი ეს იყო ნამდვილად გარდასახვა. დღეს უკვე თავდაჯერებული გოგოა და დამოუკიდებლად აკეთებს ამა თუ იმ ხელნაკეთ ნივთს. თუ სწორად მახსოვს, ხუთი წლისაა.
- ყველაზე მეტად რისი დამზადების სწავლას ითხოვენ? რა მოსწონთ?
- ბავშვებს უფრო ხატვა უყვართ და თავისივე ნახატის გაფორმება ძალიან ახალისებთ. ძერწვაც ძალიან მოსწონთ. უფროსებს კი დეკორაციული ნივთების , აქსესუარების, რაც გამოყენებადიცაა.
- ვერავინ გაიგებს წინასწარ, მას ეხერხება თუ არა ხელსაქმე, თუკი არ სცადეს. ამიტომ ყველას ვურჩევ, თუკი სურვილი აქვთ, უნდა სცადონ კიდეც გაკეთება. გაბედეთ და გამოგივათ. მეც კი, სანამ აქ დავიწყებდი მუშაობას, მეგონა, რომ ყველაფერი დამავიწყდა და ვერაფერს გავაკეთებდი, თურმე ვცდებოდი.