ბარგის ჩალაგება როგორც წესი, დიდი თავის ტკივილია. მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს, მერე ძალას, რომ გატენილ ჩემოდანს მოერიო
გამგზავრება და ბარგის ჩალაგება როგორც წესი, დიდი თავის ტკივილია. მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს, მერე ძალას, რომ გატენილ ჩემოდანს მოერიო და როგორმე შეკრა და ბოლოს აღმოჩნდება, რომ მაინც რაღაც დაგრჩენია.
გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას, როგორ მივედი ჩანთით სახლის ტარების ჩვევიდან სრულიად მშვიდად, ნახევარ საათში ბარგის ჩალაგებამდე. ჩემი სუბიექტური აზრით და გამოცდილებით, ჩემი მეთოდი გამოსადეგია მთაშიც, ბარშიც, საზღვარგარეთაც და შაბათ-კვირას კონფერენციაზე გასაქცევადაც.
როგორ ჩავტიოთ ჩემოდანში ყველაფერი - ბარგის ჩალაგების მთავარი საიდუმლო
-1-
სინამდვილეში, ბარგის დალაგება რამდენიმე დღით ადრე უნდა დაიწყოთ, ოღონდ კარადებიდან პირდაპირ ჩემოდანში კი არა, საკუთარი ტვინიდან - ფურცელზე.
ამისთვის, იღებთ ბლოკნოტს და იწყებთ ჩამოწერას, რისი წაღება გინდათ. შეარჩიეთ მშვიდი დრო, ვთქვათ ძილის წინ, ან სამსახურიდან სახლის გზაზე - ტრანსპორტში.
ეცადეთ ყველაფერი დაატიოთ ერთ ფურცელზე, რომ ერთი თვალის შევლებით დაინახოთ მთელი ბარგი. წარმოდგენაში დაყავით ფურცელი რამდენიმე ნაწილად და წასაღები ნივთები დაყავით კატეგორიებად. ასე უფრო გაგიადვილდებათ შემჩნევა, თუ დამე გავიწყდებათ.
წარმოიდგინეთ თითოეული დღე და გაიაზრეთ, რა გეგმა გაქვთ. ვთქვათ, 5 დღიდან 3 შეხვედრებითაა დაკავებული, 2 კი თავისუფალი. ესე იგი 3 წყვილი ბიზნესტანსაცმელია საჭირო, ოღონდ სამი, მხოლოდ სამი. ჯობია აქ გადაწყვიტოთ, რას ჩაიცვამთ ბრიტანეთის დედოფალთან შეხვედრისას, ვიდრე ყველაფერი წაიღოთ და იქ მოიფიქროთ. ასე ნერვებსაც დაზოგავთ და დროსაც.
თვითმფრინავში ორივე გზაზე შეგიძლიათ ერთი და იგივე ჩაიცვათ, არაფერი დაშავდება, თუ 36 სთ ფრენა ან პირდაპირ გუგლის ჰედოფისში არ გიწევთ მისვლა. ამით კიდევ ერთი ზედმეტი წყვილი ტანსაცმლის ადგილს დაზოგავთ.
თუ შოფინგისთვის თავისუფალი დრო გექნებათ, იქ აუცილებლად მოახერხებთ რაიმეს ყიდვას. ესეც -1 წყვილი ტანსაცმელი.
სახელდახელო ნიმუში
ზუსტად ასევე ჩამოწერთ სამკაულებს, ჰიგიენურ საშუალებებს, საცვლებს და ა.შ.
-2-
მას მერე, რაც ფურცელზე ყველაფერი ჩამოწერილია (და შეგახსენებთ, ეს სასურველია არ გააკეთოთ გამგზავრების დღეს), კარგად გადაავლეთ თვალი, არ გამოგრჩეთ ის ნივთები, რაც საყიდელი გაქვთ, ან ის ტანსაცმელი, რომელიც გასარეცხი ან მოსაწესრიგებელია.
ნახეთ ვიდეო: როგორ ჩავალაგოთ ჩემოდანი, რომ ბევრი ნივთი ჩაგვეტეს
როგორ ჩავალაგოთ ჩემოდანი, რომ ბევრი ნივთი ჩაეტიოს
-3-
მოვიდა გამგზავრების დღე.
ვხსნით ჩემოდანს. ვიღებთ ბლოკნოტს, დავდივართ და კარადებიდან ვალაგებთ ყველაფერს, რაც ჩამოვწერეთ. საწოლზე ვიწყებთ ყველაფრის დახვავებას, შემდეგ ეს ყველაფერი დაახლოებით ისე, კატეგორიებად უნდა დავასორტიროთ, როგორც ფურცელზე. ზედმიწევნით მიყოლა რასაკვირველია აუცილებელი არ არის. უბრალოდ ასე გამოვრიცხავთ რაიმეს გამორჩენას.
-4-
ყველაფერი ადგილზეა. ახლა ჩემოდანში უნდა ჩავალაგოთ.
პირველ რიგში, ვიღებთ ყველაზე სქელი ნაჭრის ტანსაცმელს, ვშლით საწოლზე და ვახვევთ. მაგალთად, შარვალს ვკეცავთ ორად და შემდეგ ვახვევთ. მაისურს ვკეცავთ სიგრძეზე, შევუკეცავთ სახელოებს, კარგად ვასწორებთ და მერე ვახვევთ. დუტის პალტოს ვჩუტავთ, ვკეცავთ და ამასაც ვახვევთ. დუტის მსგავსი ფუმფულა მატერიები დახვევის მერე შეიძლება ისევ ამოფუვდეს. შეგვიძლია შემოვუჭიროთ ქამარი ან ფეხსაცმლის თასმა და ჭკვიანად იქნება.
გაითვალისწინეთ მთავარი: ვცდილობთ დავახვიოთ რაც შეიძლება მჭიდროდ, არა ფუმფულად. არ შეგეშინდეთ, არ დაიკუჭება, პირიქით, რაც უფრო მჭიდროდ დაახვევთ, უფრო კარგად შეინარჩუნებს ჩვენს მიერ მიცემულ ფორმას, თან დახვეულს გადაკეცილის ზოლები ვეღარ დარჩება და დაუკუჭავს ჩაიტანთ. Voila!
ყველაფერს მძიმეს და სქელს რომ დავახვევთ, ჩავალაგებთ ჩემოდანში და ვიწყებთ თხელი ნაჭრის ტანსაცმლის წვრილად დახვევას. საცვლები, კალგოტკები და ფარფატა ზედები შეგიძლიათ პარკში ერთიანად ჩააწყოთ და პარკიანად დაახვიოთ. პარკს თავი არ მოუკრათ და ჰაერით გაბერილი არ დატოვოთ, მაინც ჩაფუშვა მოგიწევთ, უმჯობესია თავმოუკრავად დააბრტყელოთ და გადაახვიოთ, ბლინივით :)
დახვეული ფორმის შესანარჩუნებლად შეიძლება საკანცელარიო რეზინების გამოყენებაც, თუმცა უმაგისოდაც გამოვა, არ ინერვიულოთ.
ჩემოდანი ცოტა ხანში მჭიდროდ დახვეული ტანსაცმლით გაივსება. ტანსაცმლის როლებს შორის კი ჯერ კიდევ ბევრი ადგილია.
ეს ადგილები შეგიძლიათ შეავსოთ ღვინის ბოთლებით, ფეხსაცმელებით (აჯობებს ცალცალკე, თხელ პარკში გახვეული, უფრო ეკონომიურად თავსდებიან), დამტენებით, ფოტოაპარატით. თან ეს ყველაფერი ტანსაცმელებს შორის რბილად და უსაფრთხოდ შესრიალდება.
არ დაგავიწყდეთ, ფურცელზე ნელნელა გადახაზოთ ყველაფერი, რასაც ჩემოდანში მოათავსებთ.
სულ ეს არის.
თუ ამ გზას მიყვებით საეჭვოა რამე გამოგრჩეთ ან ჩემოდნის დახურვა ვერ მოახერხოთ.
ეკა ონიანი