საუბრობს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ნატო კაკაბაძე პიტნის ჩაი ალბათ ყველა ოჯახში მიღებული სასმელია. შესანიშნავი არომატისა და იშვიათი სამკურნალო თვისებების წყალობით, პიტნას მთელ მსოფლიოში იცნობენ. პრაქტიკულად, ის თითქმის ყველას მოსწონს, რადგან დახვეწილი, გრილი და მაცოცხლებელია. როგორც წესი, ნატურალური და სასარგებლო მცენარის სასმელს ბავშვებსაც აუცილებლად ვთავაზობთ. არადა, როგორც აღმოჩნდა, პიტნა არცთუ ისე უსაფრთხო მცენარეა და ბავშვებისთვის აკრძალულიც კია მისი მიღება.
საბავშვო ჩაის შესახებ - როგორი ჩაი ჯობს პატარისთვის?
როგორც სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, სმმ აკადემიის ბოსტნეული კულტურების ეროვნული კორდინატორი ნატო კაკაბაძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრისას აღნიშნავს, პიტნას, ისევე როგორც სამკურნალო მცენარეების უმეტესობას, უკუჩვენებებიც ახასიათებს.
"მისი მიღება აკრძალულია ბავშვებისთვის, რადგან სისხლძარღვების ტონუსს აქვეითებს და წნევას აგდებს. ამიტომ მისი საკვების სახით მიღება კატეგორიულად აკრძალულია 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. პიტნის მიღება არ შეიძლება იმათთვის, ვისაც ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ან დაბალი არტერიული წნევა აწუხებს. რაკი ძლიერი მომადუნებელი და ძილის მომგვრელი თვისებები აქვს, პიტნის მიღებას არ ვურჩევ იმათ, ვინც საჭესთან დაჯდომას აპირებს. ორსულებმაც პიტნა ფრთხილად და ზომიერად უნდა გამოიყენონ, რომ ნაყოფს ზიანი არ მიადგეს, ის ხომ დიდი რაოდენობით ეთერზეთებს შეიცავს. პიტნის დიდი დოზებით გამოყენება აქვეითებს სექსუალურ პოტენციას, ამიტომ მისი ჭარბად მიღება მამაკაცებისთვისაც არ არის სასურველი" - განაცხადა ნატო კაკაბაძემ.
მისივე თქმით, ვისაც პიტნის ფოთლის შენახვა სურს, უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი გაშრობა მზეზე არ შეიძლება. პიტნა კარგად განიავებულ, ჩრდილიან ადგილას უნდა გაშრეს.