"ბევრი ადამიანი დღეს ცოცხალი იქნებოდა, მათ გვერდით მყოფთ ეს ცოდნა რომ ჰქონოდათ" - რაზეა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლე
"ბევრი ადამიანი დღეს ცოცხალი იქნებოდა, მათ გვერდით მყოფთ ეს ცოდნა რომ ჰქონოდათ" - რაზეა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლე
ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების და ტრავმის მართვის ინსტრუქტორიც გახლავთ. იგი უმნიშვნელოვანეს რჩევებს გვაძლევს, თუ როგორ გადავარჩინოთ ჩვენი თუ სხვისი სიცოცხლე ექსტრემალურ პირობებში.

-  ლექციების ჩატარება მიწევს როგორც მიწვეული სპეციალისტს სხვადასხვა ტრენინგ ცენტრში და სასწავლო დაწესებულებებში ან სხვადასხვა კომპანიაში კერძო შეკვეთით. ამის პარალელურად გავაკეთე ჩემი საქველმოქმედო პროექტი "გადაარჩინე სიცოცხლე, ისწავლე გფრ", რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ მსურველს, რომელიც დარეგისტრირდება ამავე სახელწოდების ფეისბუქგვერდზე, უფასოდ ვასწავლი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბაზისურ ალგორითმს. საუბარი მაქვს გულ-ფილტვის რეანიმაციაზე, სისხლდენის მკურნალობაზე და სამედიცინო მითებზე.
პირველადი გადაუდებელი დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს, თავისი პროფესიის მიუხედავად, რადგან კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის ბედს გადაწყვეტს ის, ვინც პირველი აღმოუჩენს მას დახმარებას. ამის მიზეზი კი არის ის, რომ სამ სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოს, გულს, თავის ტვინს და ფილტვებს, აქვთ ძალიან მაღალი მგრძნობელობა უჟანგბადო გარემოსადმი და შეუქცევადი პროცესები იწყება ჟანგბადის მიწოდების შეწყვეტიდან (გულის და სუნთქვის გაჩერებიდან) 3-6 წთ-ს შემდეგ, შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გულ-ფილტვის რეანიმაციის დაწყება რაც შეიძლება სწრაფად, როდესაც გული რაიმე მიზეზის გამო გაჩერდება.
ზოგადად პირველადი გადაუდებელი დახმარების სწავლება, დისტანციურად არ ხდება და მისი სრულფასოვნად შესწავლისთვის აუცილებელია ტრენინგის გავლა.
იხილეთ ვიდეო: გულ-ფილტვის რეანიმაცია, ხელოვნური სუნთქვა
Videomshoblebi
როგორ ჩავატაროთ ხელოვნური სუნთქვა

- როგორ უნდა მოვიქცეთ შემთხვევის ადგილზე?

- როდესაც ადამიანს სჭირდება დახმარება, პირველ რიგში საჭიროა მოქმედების თანმიმდევრობის ცოდნა და ქმედებების პრიორიტეტიზაცია. რა გავაკეთოთ პირველ რიგში და რა არის მეორე ხარისხოვანი, მაგალითად, როდესაც გვსურს, ვინმეს დავეხმაროთ, გასაკუთრებით მაშინ, როდესაც რაიმე შემთხვევა მოხდა ქუჩაში, მნიშვნელოვანია უზრუნველვყოთ საკუთარი თავის უსაფრთხოება და შემდეგ პაციენტის უსაფრთხოება. თუკი სიტუაცია არის საფრთხის შემცველი თქვენთვის, პირველ რიგში ველოდებით სპეციალურ სამსახურების იქნება ეს სახანძრო, სამაშველო თუ საპატრულო სამსახური, რომ გარემო გახდეს უსაფრთხო ჩვენი მოქმედებისთვის და შემდეგღა დავიწყოთ დაზარალებულის დახმარება. შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედებაა დავრეკოთ 112ზე თუ ვართ შემთხვევის თვითმხილველი, ოპერატორს უნდა ვესაუბროთ მშვიდად, გავცეთ მის მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხი და ავუხსნათ, სად მოხდა შემთხვევა, რატომ ვრეკავთ და რამდენია დაზარალებული. როდესაც მივუახლოვდებით დაზარალებულს, უნდა გავერკვეთ, გონებაზეა თუ არა. ამიტომ ხელით შუბლის დაფიქსირების პარალელურად ვესაუბრებით და ვეკითხებით, როგორ არის და ვაკვირდებით გულმკერდზე სუნთქავს თუ არა, მისი პასუხიდან გამომდინარეობს ჩვენი მოქმედების ტაქტიკაც. თუკი დაზარალებული უგონო მდგომარეობაშია და არ სუნთქავს, დამხმარემ უნდა დაიწყოს გულ-ფილტვის რეანიმაცია, რაც გულისხმობს გულმკერდის ძვალზე ზეწოლებს და ხელოვნურ სუნთქვას 30:2-ზე თანაფარდობით, ტრენინგის მსვლელობისას ჩვენ ვიყენებთ სპეციალურ მანეკენებს რომელზეც მსმენელები ვარჯიშობენ ზეწოლების და ხელოვნური სუნთქვის ტექნიკაში, რათა მოხდეს სწორად შერჩეულ ადგილას ზეწოლა, სწორი მიმართულებით, სწორი სიხშირით და სიძლიერით.
mshoblebi
არჩილ მარშანია
გულ-ფილტვის რეანიმაცია გრძელდება სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე (ან სანამ პაციენტი არ მოვა გონს ან /და აღადგენს სუნთქვას) და შემდეგ უკვე კვალიფიციური პერსონალი გააგრძელებს მაშველის დაწყებულ საქმეს.
თუკი დაზარალებული სუნთქავს და გონებაზეა, უბრალოდ სხვა რაიმე მიზეზის გამო არის ცუდად, ანუ სჭირდება სამედიცინო დამხმარება თუმცა მისი მდგომარეობა კრიტიკული არ არის, უნდა დავრჩეთ მასთან, დაზარალებული მოვათავსოთ კომფორტულ მდგომარეობაში და დაველოდოთ სასწრაფო დახმარების მოსვლას. თუკი დაზარალებულს მიღებული აქვს რაიმე სახის ტრავმა, მოვერიდოთ მის ზედმეტ მოძრაობას და დავაფიქსიროთ, განსაკუთრებით ხერხემლის კისრის ნაწილი.
რაც შეეხება სისხლდენებს, სისხლდენა, თუკი ის განვითარებულია მსხვილი სისხლძარღვების დაზიანების შედეგად, შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში. როგორც წესი, ყველაზე საშიშია არტერიული სისხლდენა, რომელიც ვითარდება არტერიის დაზიანებისას. მისი დამახასიათებელი თვისებებიაა, რომ პულსირებს, სისხლი არის ალისფერი, მოედინება მაღალი ნაკადით. დახმარებისას მიზანი არის ერთი, რაც შეიძება მალე გავაჩეროთ სისხლდენა. შეჩერების მეთოდი კი არის ორსაფეხურიანი: ხელით პირდაპირი ზეწოლა სისხლდენ ჭრილობაზე და თუ ამით ვერ ხერხდება შეჩერება, იმ შემთხვევაში უკვე ვადებთ ლახტს, ჭრილობასთან ახლოს ზედა მხარეს.
ლახტის დადებასაც აქვს თავისი წესები და მისი ტექნიკის შესწავლა უმჯობესია მოხდეს ტრენინგზე.

- რას გვეტყვით ელექტრო ტრავმაზე?

- რაც შეეხება ელექტრო ტრავმას, ელექტრული ენერგია წარმოიქმნება ელექტრონების მოძრაობისას ორ წერტილს შორის, ელექტრული ენერგიის ორგანიზმზე მოქმედებისას ვითარდება სხვადასხვა დაზიანებები, როგორც ზედაპირული ისე შინაგანი ორგანოების და წარმოადგენს პოტენციურად ძალიან საშიშ ტრავმას, დაზიანების ხარისხს განსაზღვრავს ელექტრო ენერგიის სახეობა (ცვლადი / მუდმივი), კონტაქტის დრო, ვოლტაჟი, ამპერაჟი, სხეულში გავლის გზა და ა.შ. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ელექტრო ტრავმისას ზედაპირული დაზიანება შესაძლებელია იყოს მცირე, თუმცა ეს არ გამორიცხავს ღრმა ქსოვილების მძიმე დაზიანებებს. შორს რომ არ წავიდეთ, ვისაუბროთ ყველაზე ხშირად არსებულ შემთხვევებზე, ეს არის დაბალი ვოლტაჟის ( 600 ვოლტზე დაბლა, ძირითადად 220 ვოლტი) ცვლადი დენის მიერ მიყენებულ დაზიანებებზე. როგორც მოგახსენეთ უამრავი დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს ელექტრო ტრავმამ, თუმცა ყველაზე საშიშია გულის გაჩერება. გული მუშაობს ავტომატურად თავისი ელექტროფიზიოლოგიის მეშვეობით, რაც გულისხმობს გულის კუნთში იქვე წარმოქმნილი იმპულსების მოწესრიგებულად გატარებას, რაც იწვევს გულის კუნთის რითმულ შეკუმშვებს. ელექტრო ტრავმისას ეს მოწესრიგებული გამტარებლობითი სისტემა შეიძლება დაირღვეს, რის გამოც გული გაჩერდება. როგორც ნებისმიერი ტრავმის თუ ავადობის შემთხვევაში მკურნალობაზე ეფექტური არის პრევენცია, უნდა უზრუნველვყოთ რომ ელექტრო სადენები სახლში იყოს სტანდარტების შესაბამისად გაყვანილი და ზოგადად უსაფრთხოების ნორმები იყოს დაცული, ღია სადენებს თუ სადმე შევხვდებით მოვერიდოთ და საფრთხის აღმნიშვნელ ნიშნებს მივაქციოთ ყურადღება, თუმცაღა შემხვევები მაინც ხდება...
თუ თქვენ ნახავთ დაზარალებულს, რომელმაც მიიღო ელექტროტრავმა, პირველ რიგში დარწმუნდით საკუთარ უსაფრთხოებაში, დარწმუნდით რომ დენის წყარო გამორთულია და დაზარალებული აღარ ეხება მას. თუ გვსურს პაციენტის ფიზიკურად მოშორება დენის წყაროდან, უნდა გამოვიყენოთ ისეთი (მშრალი) საგნები რომელიც ელექტროენერგიას არ ატარებს. აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და შეაფასეთ დაზარალებულის ცნობიერება, არის ის გონზე თუ არა, თუკი დაზარალებული გონზე არ არის და არც სუნთქავს, რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს გულ-ფილტვის რეანიმაცია და გაგრძელდეს სასწრაფო დახმარების მოსვლამდე.
თუკი დაზარალებული გადაურჩა გულის გაჩერებას, თუმცა იყო ელექტროენერგიასთან კონტაქტი, მიუხედავად იმისა რა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება და როგორ გრძნობს თავს, აუცილებელია კლინიკაში მისვლა, რათა დაზიანების სიმძიმე და მკურნალობის საჭიროება გადაწყვიტოს ექიმმა
მინდა მოვუწოდო თქვენს მკითხველს, რომ ისწავლონ პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, მისი შესწავლა შეუძლია ყველას, არსებობს უამრავი ტრენინგცენტრი, ორგანიზაციებს ან ადამიანთა ჯგუფს შეუძლია გააკეთოს კერძო შეკვეთაც და სხვადასხვა პრობლემების გამო თუ ეს ვერ ხერხდება, არსებობს საქველმოქმედო პროექტიც, რაზეც დასაწყისში ვისაუბრე. პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცოდნა შეიძლება გამოდგეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რადგან არავინ ვიცით, როდის მოგვიწევს ამის გამოყენება და თუ მოგვიწია, საქმე გვექნება ადამიანის სიცოცხლესთან. ეს ის თემაა, რომლის "ნეტავი მცოდნოდა"-ს ფასი შესაძლოა იყოს ადამიანის სიცოცხლე.
ამიტომ გახსოვდეთ, გმირებად არ იბადებიან, გმირები ხდებიან, გადაარჩინეთ სიცოცხლე - ისწავლეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია!

მანანა გაბრიჭიძე
3683
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?