"თუ ამ მცენარის ფოთოლს წაისვამთ, ფუტკრის ნაკბენი ბავშვს ვეღარაფერს დააკლებს" - სოფელში ნასწავლი საჭირო ხერხი
ამ საიტზე ბევრი მშობლის რჩევა წამიკითხავს სხვადასხვა საკითხზე და კარგად გამომდგომია. ის, რაც ამ ზაფხულს სოფელში ყოფნისას შემთხვევით შევიტყვე, ვფიქრობ სხვა მშობლებმაც უნდა იცოდნენ. საქმე მწერის ნაკბენზე უებარ საშუალებას ეხება. მოგეხსენებათ, მწერების, განსაკუთრებით კი ობობას, ფუტკრისა თუ კრაზანის ნაკბენი ბავშვებში როგორი საშიში ალერგიული გართულებებით მიმდინარეობს.
გორის რაიონში, სოფელში ყოფნისას სიტყვამ მოიტანა და მეზობელმა ახსენა, გუშინ ფუტკარმა მიკბინაო, თან ყელზე მოისვა ხელი. რომ შევხედე, გამიკვირდა - ფუტკრის ნაკბენმა ხომ საშინელი შესიება იცის, მას კი კვალიც არ ეტყობოდა. ვუთხარი, ფუტკარი არ იქნებოდა, ასე უკვალოდ არ ჩაივლიდა მისი ნაკბენი-თქო. რა გიკვირსო, შემეკამათა, მოვასწარი და მაშინვე დიდგულას ფოთოლი წავისვიო. თუ დიდგულას ნედლ ფოთოლს ნაკბენზე მაშინვე წაისვამ, არავითარ შემთხვევაში აღარ გასივდებაო. გულში ვიფიქრე, ეტყობა თავისებური ორგანიზმი აქვს და არ რეაგირებს ფუტკრის ნაკბენზე-მეთქი. რა ვქნა, არ მჯერა ასეთი "შინაური სასწაულების". არაფერი მითქვამს, მაგრამ სახეზე შემატყო, რომ არ დავიჯერე დიდგულას სასწაული, მაგრამ შემდეგ ისეთი შემთხვევა მოხდა, ნამდვილად ღირს ამ მცენარის გამოყენება.
უბანში ბავშვი ფუტკრებმა დაკბინეს, 14 ნაკბენი ჰქონდა. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ზომა მიიღეს და ეს ფოთოლიც მაშინვე წაუსვეს. რამდენიმე დღის შემდეგ მოვიკითხე ბავშვის მდგომარეობა. 14 ნაკბენი ხომ საკმაოდ სერიოზული საფრთხეა. ბებიამისს ვკითხე, რომელმაც ასეთი პასუხი გამცა, ერთი ნაკბენი გამოგვრჩენია, სადაც დიდგულას ფოთოლი არ მოგვისვამს (ფოთლიანი ადგილი მწვანდება და კვალს ამით ტოვებს ნაკბენზე), რომელიც მწვანედ არ იყო, მხოლოდ ის ერთი ნაკბენი გაუსივდა ძალიან, დანარჩენები აღარც კი ეტყობაო... ეს როგორ არ დამეჯერებინა? მასოვს, ბავშვი ისე გავზარდე, სულ სტრესში ვიყავი, რამემ არ უკბინოსთქო. ახლაც მეშინია ფუტკრის ნაკბენის, ისეთი საშინელი გართულებები მესმის ირგვლივ.
არადა დიდგულა თურმე საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში იზრდება და იქნებ, ვინმეს მართლაც დაეხმაროს ეს რჩევა. გამოვიკითხე იქაურებში და როგორც ამიხსნეს, მხოლოდ ნედლ ფოთოლს აქვს ნაკბენის საწინააღმდეგო უნიკალური თვისებები. ამიტომ, თუ სადმე მოაგროვებთ, ალბათ კარგი იქნება, გაყინოთ. როგორც გაყინული მწვანილი ინარჩუნებს გემოს და თვისებებს, ალბათ ეს ფოთოლიც ისევე შეინახება.
როგორც ინტერნეტში ამოვიკითხე, დიდგულა ხშირად ეშლებათ ანწლში, რადგან მათ შორის მცირე გარეგნული სხვაობაა. თუმცა, სამკურნალო თვისებებით დიდად განსხვავდებიან. ანწლისგან განსხვავებით, დიდგულას ნაყენს უკუჩვენება არ გააჩნია. დიდგულა 3-6 მ ტოტებგაშლილი ბუჩქი ან დაბალი ხეა, რომელიც საქართველოს ყველა კუთხეში იზრდება.
შეიძლება მცენარის იმედად ყოფნა არ არის დიდად გამართლებული, მაგრამ ვფიქრობ, მაინც უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთი რამ არსებობს და ხალხი წლები იყენებს მას. ვინ იცის, როდის გამოგვადგეს ეს ხალხური საშუალება.
რუსო, 38 წლის