ქართველი დედა, რომელმაც შვილი კომპიუტერზე დამოკიდებულებისგან ლაშქრობებით "განკურნა"
 ქართველი დედა, რომელმაც შვილი კომპიუტერზე დამოკიდებულებისგან ლაშქრობებით "განკურნა"
შვილებთან ერთად ქალაქგარეთ გასვლა სასიამოვნო პროცესია. მშობლების უმეტესებას ბავშვებზე არანაკლებ უხარია ბუნებაში დროის გატარება, თუმცა ნაკლებად მოიძებნება ისეთი მშობელი, როგორიც ჩვენი რესპონდენტი ანა ხავთასია. ის საქართველოს ულამაზეს ადგილებს უკვე რამდენი წელია მცირეწლოვან შვილებთან ერთად ლაშქრავს. ანას ორი შვილი ჰყავს - 8 წლის ნიკოლა და 5 წლის ნინო ქათამაძეები. 

- ლაშქრობების მოყვარული ხართ, როგორ და როდის გადაწყვიტეთ პატარებთან ერთად ბუნებაში გასვლა?

- თავიდან მარტო დავდიოდი, ბავშვები კი მამასთან რჩებოდნენ, ძალიან პატარები იყვნენ, როცა გასვლები დავიწყეთ, მაგრამ ამას ლაშქრობებს ვერ ვუწოდებ, უფრო
გასეირნებას ჰგავდა. პირველი დიდი გასვლა მთელ ოჯახს რაჭაში, მრავალძალის სალოცავზე გვქონდა. ნინი ალბათ 2 წლის იქნებოდა, ნიკოლა - 5-ის. თუმცა ნიკოლა 4 წლის იყო, სამეგრელო რომ მოვატარეთ აქტიურად. ნინი უფრო დაჩაგრული გვყავს, დიდ მანძილებზე ჯერ ვერ დამყავს. ასევე ჩვენ დავდივართ ეკოტურებზე, ვასუფთავებთ დანაგვიანებულ ადგილებს, ამით კი ბავშვებს თავიდანვე ვაჩვევ, რომ არ შეიძლება გარემოს დაბინძურება.

mshoblebi

- ანი, რატომ გაგიჩნდათ ბავშვებთან ერთად ისეთ ლაშქრობებში სიარულის სურვილი, რომელიც სახიფათოც შეიძლება იყოს, მით უმეტეს პატარებისთვის.  რა მიზანი გქონდათ?
- პირველი ნაბიჯი იყო ის, რომ ნიკოლა ძალიან დამოკიდებული იყო კუმპიუტერზე. ბევრი მცდელობის და მიდგომის მიუხედავად, ვერაფრით ჩავანაცვლეთ კომპიუტერი, ამიტომ შაბათ
-კვირას, როცა ბაღში ვერ მივდიოდით და ფაქტობრივად გვქონდა ომი, გადავწყვიტე ჩემთან ერთად წამოსულიყო ხოლმე. ძალიან გამიჭირდა, იღლებოდა, წუწუნებდა. მიწევდა ბევრი რაღაცების მოგონება, რომ უფრო დიდი მონდომება ჰქონოდა, ევლო ფეხით, გამოვიგონეთ თამაში, რითაც ვხურავდით სხვადახვა ტურს, ერთი ადგილიდან მეორეში მისასვლელად, რამაც  გამოიღო შედეგი და ყველაზე დიდი გზა 22 კმ.  გაიარა აბუდელაურის ფერად ტბებზე. რაც შეეხება ნინის, ამ შემთხვევაში ყველაფერი ბუნებრივად მოხდა, რადგან ნიკოლა დადიოდა, მასაც მოუნდა და ასე დავიწყეთ სამივემ ერთად სიარული. რთული იყო, მაგრამ ვთვლი, უკვე ყველაფერი გადავლახეთ და სიხარულით ველოდებით შაბათ-კვირის მოსვლას. 

რაც შეეხება ხიფათს, სახიფათო ნამდვილად არის, როცა ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად დადიხარ, მაგრამ როცა გულით გინდა, ცუდზე აღარ ფიქრობ.


- დაახლოებით რა სირთულის ლაშქრობებზე დადიხართ ?

- ყველაზე რთული გზა ნიკოლამ აბუდელაურის ტბებზე, ხევსურეთში გაიარა. მოგეხსენებათ, ამ ტბების მონახულება უფროსებსაც უჭირთ.  სირთულის გადალახვა რამდენიმე კვირის წინ გავრისკეთ, ნიკოლამ, რომელიც 8 წლისაა, შეძლო ბოლომდე ასულიყო, იმისდა მიუხედავად, რომ ძალიან წვიმდა, იყო სეტყვაც... დაიღალა კიდეც,  მაგრამ უფრო წვიმის შეეშინდა... აბუდელაურის ფერადი ტბები, როგორც მახსოვს, 2800 მეტრზეა და ეს უკვე ალპურ ზონად ითვლება, იქ  არც ხეა, არც ბუჩქი. იფიქრა, დავრჩებითო და ამიტომ შეეშინდა.  ეს იყო მისთვის ყველაზე რთული, მაგრამ გადავლახეთ და მშვიდობით ჩამოვედით, ახლა ამბობს, ისევ წავიდეთო.... რაც შეეხება ნინის, მასთან ერთად ზამთრის მიწურულს ვიყავით ფიტარეთში, სუსხიანი ყინვინი დღეები დაგვემთხვა, ნინი მაშინ 4 წლის იყო და სიდინჯითა და მონდომებით რთული გზა, 15 კმ გაიარა. უკანა გზაზე, რომ დაგვაღამდა, შიშით ატირდა, ამბობდა, მამასთან მინდაო. 

- ლაშქრობებში მეუღლე არ გახლავთ თან?
- სურვილი აქვს, უბრალოდ  არ შეუძლია სიარული, მხოლოდ ბანაკებით კმაყოფილდება ამ მომენტისთვის. 

- დარჩა ადგილი საქართველოში, რომელიც არ გინახავთ?

- სანახავი კიდევ ბევრი დაგვრჩა და ვგეგმავთ მოვიაროთ სრულიად საქართველო, ნიკოლას იდეაც კი აქვს, პატარა ფილმის გადაღება უნდა. პირადად მე, ყველაზე ლაღი და თავისუფალი სწორედ იქ ვარ, სადღაც მთებში. 
mshoblebi
- ანა, ვთქვათ, პირველადი დახმარების აღმოჩენა დაგჭირდათ ბავშვისთვის ლაშქრობებში, ბევრი მშობელი დაინტერესდება ამ საკითხით, რომ გვითხრათ, რა უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ...
- პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ბავშვებს აუცილებლად უნდა ეცვათ სპეციალური სალაშქრო ფეხსაცმელები, თუნდაც იმიტომ, რომ არ იღრძონ ფეხი, არ დაეჭიმოთ მყესი. პირადად ჩემებს არასდროს გამოუცდიათ მსგავსი რამ. რაც შეეხება პირველად დახმარებას, არ მაქვს გამოცდილება, ახლა ვაპირებ გავიარო კურსები. ყველაზე მნიშვნელოვანი, რასც ვურჩევდი ლაშქრობაში შვილების წაყვანის მსურველ მშობლებს, ის არის, რომ ხიფათის შემთხვევაში არ აყვნენ პანიკას. ასევე თუ გამოცდილება არა აქვთ, მარტოებმა არ წაიყვანონ ბავშვები რთულ გზებზე და რაც მთავარია, თან იქონიონ პირველადი დახმარების ჩანთა.
mshoblebi
რუსკა კილასონია

11112
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (12)
mari
0
ყოჩაღ ადამიანო! ისე შეგიძლია პატარა ტურებიც მოაწყო სხვა დედებისა და ბავშვებისათვის თუ მოიფიქრებ მე მგონი ბევრს აგვიყოლიებ.
14:49 / 07-09-2018
ანი, ბავშვების დედა
0
status quo. მადლობა. .. როგორც ქვეყნის უმრავლესობა, ჩვენც ძალიან ვშრომობთ, რათა კი არ ვიცხოვროთ ვიარსებოთ. ამ ცხოვრებიდან გამომდინარეა ამ ყველაფერს რომ ვაკეთებთ და შეიძლება დღეს ძალიან ბევრი რამ მივიკლოთ, რათა ხვალ ბავშვები გარეთ გავიყვანოთ, ვასწავლოთ შეგრძნებები , ვაჩვენოთ ნამდვილი და რეალური.... წარმატებები
23:40 / 01-09-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?