რისთვის არის კარგი ტანვარჯიში, რა ასაკში უნდა მივიყვანოთ ბავშვი და რა დროს არ შეიძლება ვარჯიში
რისთვის არის კარგი ტანვარჯიში, რა ასაკში უნდა მივიყვანოთ ბავშვი და რა დროს არ შეიძლება ვარჯიში
ტანვარჯიში ხუთ სახეობას მოიცავს - მხატვრული ტანვარჯიში, სპორტული ტანვარჯიში, ბატუტზე ხტომა, აკრობატიკა და აერობიკა. თითოეული მათგანი დადებით გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე. რა დადებითი მხარეები აქვს სპორტის ამ სახეობას, რა ასაკში უნდა მივიყვანოთ ბავშვი ტანვარჯიშზე და რა დროს არ შეიძლება ვარჯიში, ამაზე მხატვრული ტანვარჯიშის მწვრთნელი ციცია მკერვალი გვესაუბრა.

- ტანვარჯიშს ბევრი სასარგებლო და დადებითი თვისება გააჩნია. პირველი და უმთავრესი ალბათ გაჯანსაღება და აღნაგობაზე დადებითი ცვლილებებია. ამ დროს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა ვითარდება სწორად, უმჯობესდება მოტორიკა. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ბავშვი ეჩვევა დისციპლინას,

მნიშვნელობა არ აქვს, ტანვარჯიშით დაკავდება თუ სპორტის რომელიმე სხვა სახეობით. მესამე და ალბათ არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია კომუნიკაციის დამყარება მისივე ასაკის ბავშებთან. XXI საუკუნეში კომუნიკაციის დიდ პრობლემას ვაწყდებით ახალი ტექნოლოგიებიდან გამომდინარე.

mshoblebi

- რა ასაკში უნდა მივიყვანოთ ბავშვი ტანვარჯიშზე?

- ოპტიმალური ასაკი 4-5 წელია, მაგრამ გვხვდებიან 3 წლის პატარებიც. ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ ბავშვი, რომელიც სერიოზულად გსურთ დააკავოთ ტანვარჯიშის რომელიმე სახეობით, ჩვენთან 5 წლის ასაკში უნდა მოიყვანოთ, რადგან 3-4 წლის ბავშვებთან მასწავლებლებს ძირითადად გვიწევს "თამაში", რომ გარკვეულ შედეგს მივაღწიოთ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა 3-4 წლის ბავშვი ერთნაირია.


- თუ ბავშვს მაგალითად 8-9 წლის
ასაკში მივიყვანთ ტანვარჯიშზე, დაგვიანებულია?

- თეორიულად თუ ვიმსჯელებთ, რა თქმა უნდა, დაგვიანებულია. მაგრამ ამ შემთხვევაშიც დამოკიდებულია ბავშვზე და მის ინდივიდუალურობაზე. მე მქონდა შემთხვევა, როდესაც 11 წლისა მომიყვანეს, მაგრამ იმდენად სპორტული ხასიათის და შრომისმოყვარე ბავშვი აღმოჩნდა, რომ თავისუფლად აითვისა ძირითადი მასალა და შეჯიბრშიც მიიღო მონაწილეობა. კიდევ ერთ მაგალითად შეიძლება ავიღოთ რიოს ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელი რუსი მარგარიტა მამუნი, რომელმაც 7 წლის ასაკში დაიწყო ვარჯიში და მას არათუ ოლიმპიურ ჩემპიონობას, არამედ რუსეთის ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის არანაირ იმედს არ აძლევდნენ. ადამიანს, რომელიც კავდება სპორტით, სასწაულების უნდა სჯეროდეს და უაზროდ მშრომელი უნდა იყოს, არასოდეს არ იცი, რა მოხდება.


- რა შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვის ტანვარჯიშზე მიყვანა?

- დღესდღეობით ყველაზე გავრცელებულია მენჯ-ბარძაყის პათოლოგიები, სახსრების პრობლემები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, სასუნთქი გზების პრობლემები, ასევე ფსიქიური დაავადებები. ასეთ დროს არ არის მიზანშეწონილი და რეკომენდებული სპორტული აქტივობები. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვი სხვა რომელიმე სპორტის სახეობით ვერ დაკავდება. გააჩნია დატვირთვის დროსა და ხარისხს. არის ისეთი ჯანმრთელობის პრობლემები, როდესაც პირიქით, ტანვარჯიში აუცილებლობაა. მაგალითად ხერხემლის პრობლემები (სქოლიოზი), სიარულისას გარკვეული ხარვეზები, მოტორიკის დარღვევა, ნერვული ტიპის ზოგიერთი პათოლოგია. მშობლებმა, რომლებსაც სურთ, რომ მათი შვილები სპორტით იყვნენ დაკავებულნი, აუცილებლად უნდა გაიარონ კონსულტაცია შესაბამისი მიმართულების ექიმთან.

mshoblebi

- რა ეტაპებს გადის ბავშვი, როგორ, რა სიხშირით უნდა ივარჯიშოს, რომ წარმატებას მიაღწიოს?

- დამწყებ ეტაპზე საკმარისია 2-3 გაკვეთილი კვირაში ერთი ან საათ-ნახევრის განმავლობაში. ფიზიკური აქტივობა თანდათან უნდა გაიზარდოს, რათა პატარას ორგანიზმმა შეძლოს დატვირთვის ატანა. მომდევნო წლებში უკვე დღეებისა და ვარჯიშისთვის განკუთვნილი საათების რაოდენობა იზრდება ბავშვის შესაძლებლობიდან გამომდინარე. საბოლოო ეტაპზე კი დღეში 8-9 საათიც არ ყოფნის ჩამოყალიბებულ სპორტსმენს, ამ შემთხვევაში - მხატვრულ ტანმოვარჯიშეს, იმისთვის, რომ კარგი შედეგი მიიღოს.


- საქართველოში რამდენად პერსპექტიული სპორტია ტანვარჯიში?

- საქართველოში საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული ყოველთვის იყო ნიჭიერი თაობების მოზღვავება. ჩვენ გაგვაჩნია უნიკალური სკოლა, რომელსაც განვითარება სჭირდება. დღესდღეობით ტანვარჯიშის ხუთივე სახეობა პოპულარობას იხვეჭს. პერსპექტიულია თუნდაც ჯანმრთელობის კუთხიდან თუ შევხედავთ. ბავშვები ვითარდებიან როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად, ეჩვევიან დისციპლინას და რაც ყველაზე მთავარია, არიან სასარგებლო საქმით დაკავებულნი.


- თქვენ როდის დაიწყეთ ვარჯიში, რა წარმატებები გაქვთ ამ სფეროში? რის ფასად მიაღწიეთ ამ წარმატებას?

- 4 წლის ვიყავი, როდესაც დედამ შემიყვანა ტანვარჯიშზე. იყო 1997 წელი, დრო, როდესაც სპორტისთვის კი არა, არსებობისთვის გვიწევდა ხალხს ბრძოლა. მაგრამ ჩემმა ოჯახმა უკან არ დაიხია და მივყევი 16 წელი. მე გახლავართ არაერთგზის საქართველოს ჩემპიონი ცალკეულ საგნებში (სამწუხაროდ, ვერ გავხდი საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონი), ასევე საერთაშორისო ტურნირების პრიზიორი, მონაწილეობა მივიღე ოთხ ევროპის ჩემპიონატსა და 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ჩვენმა გუნდა მე-10 ადგილი დაიკავა გუნდურში, რაც იმ წელს საქართველოსთვის შესანიშნავი შედეგი იყო და ეს შედეგი დიდი ასაკში (სენიორებში) არავის გაუუმჯობესებია ჯერჯერობით. გახლავართ სპორტის ოსტატი და "C" კატეგორიის მხატვრული ტანვარჯიშის მწვრთნელი.


- რა გამოცდილება გაქვთ როგორც მწვრთნელს?

- უკვე ბავშვობიდან არაფორმალურ რეჟიმში ვმუშაობდი ჩემს მწვრთნელთან. როდესაც გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე მომიწია სპორტული კარიერის დასრულება, გადავწყვიტე გამაგრძელებინა სწავლა. ორი წლის შემდგომ სპორტს დავბრუნებოდი მწვრთნელის რანგში. მაშინ სერიოზული გათვლები არ მქონდა, უფრო გართობის კუთხით ვუყურებდი და მინდოდა სწავლა ჩემი სახსრებით დამეფინანსებინა. გართობაში იმდენად შემიყვარდა ჩემი საქმე, რომ შემოვრჩი. მუშაობა დავიწყე მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის სამგორის ფილიალში, სადაც მე თვითონ დავიწყე სპორტული კარიერა. ასევე პარალელურად ტანვარჯიშს ვასწავლიდი იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკოლაში. პედაგოგიური განათლება არ მიმიღია. ერთადერთი, რამაც ხელი შემიწყო არის ის, რომ უზომოდ მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა. თანდათან გავიზარდე, შევიძინე დიდი გამოცდილება და ამ ეტაპზე უკვე სერიოზული გათვლები მაქვს, მათ შორის მინდა სპორტული ფსიქოლოგია შევისწავლო. ჩემი მიზანია ისეთი პირობები შევუქმნა ბავშვებს, რომ უხაროდეთ გაკვეთილზე მოსვლა, თავს გრძნობდნენ კომფორტულად, უყვარდეთ ის, რასაც აკეთებენ, რადგან სიყვარულის გარეშე არაფერი არ გამოდის ამქვეყნად და მე პირადად ვიყო მათთვის ის ადამიანი, რომელსაც ენდობიან მათ სპორტულ გზაზე.

mshoblebi

- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

- სექტემბრის თვეში გავხსენი მხატვრული ტანვარჯიშის წრე ვარკეთილში, 176-ე საჯარო სკოლაში. სამომავლოდ კი ვფიქრობ მხატვრული ტანვარჯიშის კლუბად დარეგისტრირებას, მაგრამ ჯერჯერობით მინდა უფრო მეტი გამოცდილება შევიძინო, როგორც მწვრთნელმა, გავიზარდოთ მეც და ჩემი მოსწავლეებიც, რომლებიც შეძლებენ, სპორტსმენობის ტვირთი ბოლომდე იტვირთონ. და თუ სპორტსმენები ვერ გახდებიან, მინდა კარგი ადამინები იყვნენ, სამაგალითოები და სხვა სფეროში მიაღწიონ წამატებას, რასაც სპორტი შეუწყობს ხელს.


მერი ბლიაძე
ტეგები: ტანვარჯიში
3823
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```