მამა - კომპიუტერთან, დედა - მობილურთან, ბავშვი - გაჯეტით - ასე გამოიყურება დღევანდელი ოჯახი დოქტორი პაატა ამონაშვილი:
- ტელეფონს/გაჯეტებს ბავშვისთვის ცუდი მოაქვს თუ კარგი? გააჩნია, როგორ გამოყენებას მოვუძებნით მას. მთავარი არის მიზანი, რა მიზნით გამოვიყენებთ ამა თუ იმ ნივთს. გავიაზროთ როგორ შეიძლება ბავშვს ვასწავლოთ თუნდაც მობილურის გამოყენება ისე, რომ იგი არ დაზიანდეს.
დანის მაგალითზე ვისაუბროთ. თქვენს გოგონას ასწავლით სამზარეულოს დანის გამოყენებას იმისთვის, რომ ერთად მოამზადოთ საკვები. თქვენ არ უკრძალავთ მას ამ ნივთის გამოყენებას, როცა მიზანი სადილის მომზადების სწავლებაა. თქვენ არ ეუბნებით მას „15 წუთზე მეტ ხანს არ გამოიყენო დანა“, "თუ კარგად მოიქცევი, დანით საკვების დაჭრის უფლებას მიიღებ" და ა.შ.
ვცდილობთ ჩვენთან ერთად, ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ ვასწავლოთ ბავშვს საშიში ნივთის, ამ შემთხვევაში დანის, სწორი გამოყენება. ზუსტად ასე უნდა მოიქცეთ ტელეფონის შემთხვევაშიც. მთავარი წესია, არ დატოვოთ ბავშვი მარტო გაჯეტთან, ინტერნეტის პირისპირ. თქვენს მაგალითზე ასწავლეთ გართობა, თავადაც ჩაებით თამაშში, ერთად უყურეთ მულტფილმს. მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს რა შინაარსის თამაშს, მულტფილმს უყურებს ბავშვი. აკეთეთ ეს ყველაფერი ერთად!
ბავშვები იზრდებიან სურათხატებით, საყვარელი უფროსი ადამიანისგან მიღებული შთამბეჭდავი ცხოვრებისეული მაგალითებით. რეალურად ის, რაც ჩვენი ბავშვები არიან დღეს, არის ჩვენი სურათხატები ისინი ემსგავსებიან მათ, ვისთანაც აქვთ ემოციური დამოკიდებულება. მამა - კომპიუტერთან, დედა - მობილურთან, ბავშვი - გაჯეტით - ასე გამოიყურება დღევანდელი ოჯახი. ესეც სურათხატებია, ბავშვები გვიყურებენ, ჩვენ, მშობლებს მობილურებით ხელში და ამას აკეთებენ თვითონაც. აჩუქეთ თქვენს ოჯახს ერთი, თუნდაც ერთი დღე ინტერნეტის გარეშე! თავად მიეცით ბავშვს მაგალითი.
არ ჩაახშოთ ბავშვის მისწრაფება - სწრაფვა დიდობისაკენ! როცა ვაგრძნობინებთ, რომ არიან პატარები და მათთვის რაღაც არ შეიძლება, ეს არ არის გამართლებული. არ უთხრათ, მე დიდი ვარ და ჩემთვის შეიძლება კომპიუტერთან ჯდომა, შენ კი პატარა ხარ და არ შეიძლება. შეცვალეთ სურათხატები, თქვენივე ცხოვრების წესი.
იხილეთ ვიდეო
'ბავშვი და კომპიუტერი - ინტერნეტდამოკიდებულება' - პაატა ამონაშვილი
კომპიუტერულ თამაშებს და მულტფილმებს უმაღლესი კატეგორიის ფსიქოლოგების დახმარებით ქმნიან! ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დამოკიდებულება გამოიწვიოს. ჩვენ, მშობლებმა უნდა მოვიფიქროთ, რა შევთავაზოთ ბავშვს ტექნიკის სანაცვლოდ. ინტერნეტში ბავშვები დამოუკიდებელ, დიდ და თავისუფად ადამიანებად გრძნობენ თავს, ამიტომ ძნელია მოვიფიქროთ ისეთი რამ, რომ ამ ყველაფერს რეალურ ცხოვრებაში ვაგრძნობინებთ მათ. ძნელია, მაგრამ არა - შეუძლებელი. ეს ძალიან ძნელი ამოცანაა, რადგან ჩვენგან მოითხოვს გავხდეთ დახვეწილი ფსიქოლოგები, თუ ამას ჩვენ ვერ გავაკეთებთ, ამას აუცილებლად გააკეთებენ ის ადამიანები, რომელბიც გაჯეტებში არსებულ თამაშებს მიღმა დგანან.
ბუნებასთან სიახლოვით, ექსპედიციებით, საკვირაო სკოლებით, სპორტით, გავაცოცხლოთ მათი ვირტუალური მისწრაფებები. მათი შინაგანი მისწრაფებებისგან გამომდინარე შევთავაზოთ საინტერესო აქტივობები. ვირტუალური თამაში რეალური ამბავი გავხადოთ. ეს ნამდვილად არის შემოქმედებითი ტვირთი, რომელზეც მშობლებმა უნდა იფიქრონ.
ბატონ პაატასთან ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ საინტერესო შეხვედრა 20 ნოემბერს ჩატარდება, იხილეთ ბმული: