რაში სჭირდება ტკბილი თაფლის ჭამა? ზოგიერთ ბავშვს ძალიან უყვარს თაფლის ჭამა. მაგრამ მშობელი თვლის, რომ ეს შეიძლება საზიანო იყოს მისი კბილებისთვის ან შეიძლება ალერგია მისცეს. რამდენი თაფლი უნდა ჭამოს ბავშვმა დღეში.
კითხვაზე პასუხს ექიმი კომაროვსკი გასცემს.
- თაფლი სასარგებლო პროდუქტია, მასში შემავალი ვიტამინებით, ფრუქტოზითა და მიკროელემენტების წყალობით. თაფლი ტკბილია, ტკბილეული კი ენერგიაა. თუ ბავშვს პუტკუნა ლოყები და დუნდულები აქვს და მთელ დღეს ტელევიზორთან ატარებს, რაში სჭირდება ტკბილი თაფლის ჭამა? ხოლო თუ თქვენი შვილი გამხდარი და მოძრავია, მას კანფეტების ნაცვლად თაფლი უნდა აჭამოთ.
ბავშვისთვის ტკბილის ჭამის მორალური უფლება რომ გვქონდეს, ბავშვი უნდა იყოს: გამხდარი, აქტიური და მუდმივად ფიზიკურად დატვირთული. ბავშვის აქტიურობასთან ერთად უნდა იზრდებოდეს თაფლის ჭამის რაოდენობაც. ამასთანავე, მუდმივად შეგვიძლია ჩავანაცვლოთ კანფეტი და სხვა ტკბილეული თაფლით, რომელიც მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით.
თუ თქვენს შვილს ტკბილი ხაჭო უყვარს, შაქრის ნაცვლად თაფლით დაუტკბეთ. თუ მურაბიან ჩაის სვამს, ამ შემთხვევაშიც მურაბა თაფლით ჩაანაცვლეთ.
არის ერთი გასათვალისწინებელი მომენტი. ზოგჯერ ბავშვი თაფლს კანფეტივით დიდხანს იჩერებს პირში და კანფეტივით წუწნის. ტკბილის პირში დიდხანს გაჩერება კი კარიესის პირველი მიზეზია. ამიტომ, თაფლის რაოდენობა კი არა, მისი ჭამის მანერა აკონტროლეთ და ისიც, რასთან ერთად ჭამს ბავშვი თაფლს.
ყველა ამ ზემოჩამოთვლილი მიზეზის გათვალისწინებით ბავშვთან ერთად უნდა შეათანხმოთ თაფლის ჭამის რაოდენობა.