ყავის ზომიერი მირთმევა ღვიძლის კიბოსა და სხვა დაავადებების რისკს ამცირებს
ყავის ზომიერი მირთმევა ღვიძლის კიბოსა და სხვა დაავადებების რისკს ამცირებს
საუთჰემპტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა საზოგადოებას ყავის შესახებ ახალი კვლევის შედეგები გააცნეს. ორ მილიონამდე ადამიანის გამოკითხვით მიღებული ინფორმაციის მიხედვით დამუშავებულ 26 ნაშრომზე დაკვირვებით დადასტურდა, რომ დღეში ერთი ფინჯანი ყავის მირთმევა 20%-ით ამცირებს ღვიძლის კიბოს, ისევე, როგორც ღვიძლის სხვა დაავადებათა გაჩენის რისკს, ხოლო თუკი ყავას დღის მანძილზე ორჯერ მივირთმევთ, რისკი 35%-ით იკლებს. ამერიკის კიბოს საზოგადოების ცნობით, აშშ-ში წელს ღვიძლის კიბოს 40 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კვლევის ფარგლებში ასევე დადასტურდა, რომ ყავის ზომიერი მიღება გვიცავს მეორე ტიპის დიაბეტის, კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებების, პარკინსონისა და
ალცჰაიმერის დაავადებისაგან. ამ არომატული სასმელის დალევა სტრესთან ბრძოლაშიც გვეხმარება და სიცოცხლესაც გვიხანგრძლივებს. ყავაში შემავალი კოფეინი ხელს უწყობს ორგანიზმში სიამოვნების ჰორმონის გამოყოფას, ყურადღების მობილიზებას, ხსნის დაღლილობას, აუმჯობესებს თავის ტვინის მოქმედებას, აძლიერებს აღქმის უნარს და აფხიზლებს ორგანიზმს. მასში შემავალი პოლიფენოლი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, ბაქტერიოციდული თვისებები კი კბილის კარიესის გამომწვევი მიკრობების გამრავლებას უშლის ხელს. დადგენილია, რომ ეს ჯადოსნური სასმელი შველის შაკიკსა და ზოგიერთ ფუნქციონალურ ნერვულ მოშლილობას. ამასთან, 20%-ით ამცირებს თვითმკვლელობისკენ მიდრეკილების რისკს.

ყავის დადებითი თვისებების, მისი დალევის კულტურისა და სწორი მომზადების წესის შესახებ ყავის ექსპერტს, გარი არუთინოვას ვესაუბრეთ.

- ბოლო დროის კვლევებით დასტურდება, რომ ყავა,
თუკი მას ზომიერად მივირთმევთ, ორგანიზმისთვის მეტად სასარგებლოა. სულ რამდენიმე წლის წინ, პირიქით, ამბობდნენ, რომ ყავა ჩვენს ჯანმრთელობას ზიანს აყენებს...
- არანაირი უარყოფითი თვისება ყავას არ აქვს. ერთადერთი პრინციპი არსებობს - ის ზომიერად უნდა მივიღოთ. დღეში 3-4 ესპრესოს ტიპის ან ჯეზვეში მოხარშული 5-6 ფინჯანი ყავის მირთმევა ზომიერების ფარგლებს არ სცდება. ამ შემთხვევაში, პირიქით, ის მართლაც სასარგებლოა და აქვს კიბოს, პარკინსონის, ალცჰაიმერის, დიაბეტის, კუჭ-ნაწლავისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პრევენციის ეფექტი.

- რა ხდება, თუკი ზომიერებას გადავაჭარბებთ?
- სახეზეა უკუშედეგი - მაშინ, როცა ზომიერად მირთმეული ყავა წონის კორექციაშიც გვეხმარება, თუკი დღეში ხუთ ფინჯანზე მეტს მივიღებთ, ხელს შევუწყობთ სიმსუქნის, განსაკუთრებით, აბდომინალური ტიპის ანუ მუცლის ღრუს სიმსუქნის განვითარებას. და რაც მთავარია, აქ დიდი დატვირთვა შაქრის მოხმარებას აქვს. შაქარი ჩვენი ორგანიზმის უპირველესი მტერია. გარდა ამისა, ყავისა და ჩაის არომატს უკეთ იგრძნობთ, თუ მას შაქრის გარეშე მიირთმევთ. რაც შეეხება სხვა უარყოფით შედეგებს, სახეზეა გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემები. ბევრმა არ იცის, რომ ყავის გადაჭარბებული დოზა ძვლიდან დიდი რაოდენობით კალციუმს გამოდევნის.

- მითია თუ რეალობა, რომ ყავისა და სიგარეტის კომბინაცია დამანგრეველ გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე. აძლიერებს დეპრესიულ ფონს?
- როგორც ცნობილია, ნიკოტინი, ისევე, როგორც ყავაში შემავალი კოფეინი, სისხლძარღვების შევიწროებას იწვევს. მაგრამ ყავისა და სიგარეტის მავნებლობის ერთმანეთთან შედარება არ არის მართებული - კოფეინისგან განსხვავებით, სიგარეტი დიდი რაოდენობით მავნე ნივთიერებას შეიცავს. რაც შეეხება დეპრესიულ ფონს, პირიქით, ყავას გამამხნევებელი ეფექტი აქვს, ენერგიას გვგვრის. შესაბამისად, დეპრესიული ფონის შექმნა გამორიცხულია.

- ცნობილია, რომ საუკეთესო ყავას მაშინ მივირთმევთ, როცა ხარისხიან მარცვალს ვიძენთ, უშუალოდ დალევის წინ ვხალავთ და ვფქვავთ. დამეთანხმებით, ეს ხშირად ვერ ხერხდება. გამოდის, ძირითადად, არასრულფასოვან ყავას მივირთმევთ?
- სამწუხაროდ, ასეა. საერთოდ, დასანანია, მაგრამ ყავის მოხმარების კულტურა საქართველოში მეტად დაბალია. ყავა დაფქვიდან 3 საათის შემდეგ არომატს, გემოვნურ და სასარგებლო თვისებებს კარგავს. შესაბამისად, რაც მეტი დრო გავა, მით უფრო მეტი ზეთები, არომატები, ტენიანობა დააკლდება. სწორედ ამიტომ, ის უშუალოდ დალევის წინ უნდა მოვხალოთ და დავფქვათ. დიდი მნიშვნელობა აქვს ხარისხიანი ყავის მოხმარებას. თავის გემოს სძენს, ასევე, ხალვის ხანგრძლივობა. ნაკლებად მოხარშულ ყავას უფრო მჟავე გემო აქვს, მეტად მოხალულს - მწარე. მომზადების მეთოდიდან გამომდინარე იცვლება მისი კოფეინის შემცველობაც.

- ბევრმა არ იცის, რომ ხსნად ყავას არა მასტიმულირებელი, არამედ პირიქით, მომადუნებელი ეფექტი აქვს...
- ხსნადი ყავა, ფაქტობრივად, არ შეიცავს კოფეინს. კოფეინის ნაცვლად შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც, პირიქით, მოსადუნებელი ეფექტი აქვს და დალევიდან 20 წუთის შემდეგ მოთენთვას იწვევს. გარდა ამისა, ხსნადი ყავა ქიმიურ დანამატებს შეიცავს.

ჩანართი:
ყავის სამშობლოდ ეთიოპია მიიჩნევა. ყავის 73 სახეობიდან ყველაზე პოპულარული ორი ჯიში - არაბიკა და რობუსტაა. ყავის პლანტაციების გაშენება პირველად ჰოლანდიელებმა დაიწყეს.
ცნობილია, რომ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი ყავის დიდი მოყვარული იყო და დღეში 60 მარცვალ ყავას მიირთმევდა. ვოლტერი კი, დღე-ღამეში, დაახლოებით, 50 ფინჯან ყავას სვამდა.Mმან 83 წელი იცოცხლა. ყავა ლიქიორთან ერთად ადგილს იკავებდა მეფე ერეკლე II-ის მენიუშიც. იოჰან სებასტიან ბახმა კი მას კანტატაც კი მიუძღვნა.

შორენა ლაბაძე

ტეგები: ყავა
357
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```