დაჩი ნანობაშვილი:"არდადეგებზე დავალებას არ ვაძლევ, ბავშვმა უნდა დაისვენოს" - საჭიროა თუ არა არდადეგებზე მეცადინეობა
დაჩი ნანობაშვილი:"არდადეგებზე დავალებას არ ვაძლევ, ბავშვმა უნდა დაისვენოს" - საჭიროა თუ არა არდადეგებზე მეცადინეობა
ახალი წელი ახლოვდება და მოსწავლეებიც არდადეგებისთვის ემზადებიან, თუმცა ზოგმა მათგანმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ პედაგოგები "სიურპრიზად" დავალებებს უმზადებენ. ცხადია, დამატებითი სამეცადინოთი მოსწავლეები არ აღფრთოვანდებიან, თუმცა საინტერესოა, რომ არდადეგებზე ბავშვების დავალებებით დატვირთვა არც მათ მშობლებს ახარებთ. Mshoblebi.ge-ს მიერ გამოკითხულ მშობლეთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის, ეს მიუღებელია:

რას ფიქრობენ მშობლები

"დავალება რომც მისცენ, მაინც არ დავაწერინებ", - გვწერს მშობელი.
"ჩემი შვილის შემთხევაში, არდადეგების დროს მეცადიენობამ მხოლოდ ერთხელ გაამართლა, როცა ინგლისურის სწავლა გაუჭირდა, ზაფხულში კი
თამაშ-თამაშით ვასწავლე განვლილი მასალა. გამრავლების ტაბულის დაზეპირებაც თამაშით მოვახერხეთ. მეორე წელს "წელგამართული" მივიდა სკოლაში. ის დავალებები კი, რომელიც მასწავლებელმა მოგვცა, სულ ტყუილად გავაკეთეთ. არც უნახავს, არც შეუფასებია. ჩაიბარა და მორჩა. მოტივაციაც დაკარგა ბავშვმა. შემდეგ წლებში არ ვაკეთებინებდი, შედეგი ანუ სწავლის ხარისხი იგივე იყო . არდადეგები არის ბავშვის გონების დასასვენებლად, რათა გამოითიშოს ყოველდღიური რუტინისგან, ვალდებულებებისგან, დაისვენოს და ძალები მოიკრიბოს", - ამბობს მშობელი ნათია თარაშვილი.
mshoblebi

რას ფიქრობენ პედაგოგები?

მათემატიკის პედაგოგი დაჩი ნანობაშვილი, რომელიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფინალისტია, წინასაახალწლოდ არა, მაგრამ ზაფხულობით მოსწავლეებს მცირე რაოდენობით დავალებას მაინც აძლევს:

"მოკლე არდადეგებზე, მაგალითად საახალწლო დასვენების დროს, დავალებას არ ვაძლევ, რადგან ვთვლი რომ ბავშვებმა არდადეგებზე უნდა დაისვენონ. რაც შეეხება ზაფხულის

არდადეგებს, აქ ცოტა განსხვავებულად ვიქცევი.


გასულ ზაფხულს, დაახლოებით, ორთვენახევრიანი დასვენების შემდეგ, ელექტრონულ ჟურნალში ავუტვირთე ყოველდღიური გასამეორებელი მასალა. დავალებები დახარისხებული იყო დღეების მიხედვით. დაახლოებით, 10 წუთი რომ ემუშავათ დღეში, ესეც ბოლო 2 კვირის განმავლობაში, საკმარისი იყო.


ზოგადად, გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მოსწავლეს უჭირს მინიმალური კომპეტენციის გადალახვა, შესაძლებელია, მშობელთან შეთანხმებით არდადეგებზე მიეცეს დავალება. სხვა შემთხვევაში, დასვენების მომხრე ვარ", - ამბობს დაჩი ნანობაშვილი.



72-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი ნაირა ნატროშვილი საზაფხულო არდადეგებზე დავალებას ყოველთვის აძლევს. მისი დავალებები კონკრეტული და ასაკთან შესაბამისია. აღნიშნავს, რომ ეს მოსწავლეს ახალი მასალის მარტივად ათვისებაშიც ეხმარება:

"საზაფხულო არდადეგების პერიოდში კონკრეტულ დავალებას აუცილებlად ვაძლევ. დაწყებით კლასებში გამეორებას დიდი მნიშვნელობა აქვს. სახელმძღვანელოებიც წინა წლის მასალის შეხსენებით იწყება და მოსწავლეები, რომლებსაც შესრულებული აქვთ ჩემ მიერ მიცემული დავალება, საკლასო სამუშაოს თავს მარტივად ართმევენ და არც ახალი მასალის ათვისება უჭირთ.


ამასთან, მშობლებს მკაცრად ვაფრთხილებ, 15-20 აგვისტომდე ბავშვებს მეცადინეობით ნუ შეაწუხებენ, რათა შემდეგ უფრო ენერგიულად დაიწყონ სწავლა.


უმეტესად, დავალებებს ქართულსა და მათემატიკაში ვაძლევ, მაგრამ ეს არაა ზოგადი. არ ვეუბნები, იმეცადინონ შეკრება-გამოკლებაზე, კონკრეტულ სავარჯიშოს ვაძლევ", - ამბობს ნაირა ნატროშვილი


რას ფიქრობენ ექსპერტები?

პედაგოგების პოზიციას ემხრობა განათლების ექსპერტი შალვა ტაბატაძე და მსჰობლები.გე-სთან ვრცლად საუბრობს იმ გარემოებებზე, თუ რა როლი აქვს მოსწავლეებისთვის დავალების მიცემას ზაფხულის პერიოდში:
" ზაფხულის პერიოდში "ჩავარდნა" ხდება, რისი აღმოფხვრაც აკადემიური წლის განმავლობაში რთულია. აქ ორი ფაქტორია - ერთი, რომ მოსწავლეს ესაჭიროება აუცილებლად დასვენება, თუმცა ამავე დროს მნიშვნელოვანია მისი ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და სააზროვნო განვითარება. ამიტომ მნიშვნელოვანია, არადადეგების პერიოდში მოსწავლე ივითარებდეს იმ ცოდნასა და უნარებს, რაც წლის განმავლობაში დააგროვა. ამ თვალსაზრისით, სხვათა შორის, პრობლემა სოციალური განსხვავებები და ოჯახებს შორის არსებული დისბალანსიცაა. მაგალითად, მაღალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლე , შესაძლებელია არ დაკავდეს უშუალოდ სასწავლო აქტივობებით, თუმცა მისი არდადეგების პერიოდი სავსე იყოს შემეცნებით და განვითარებით (სხვადასხვა კულტურული, გეოგრაფიული და ისტორიული ადგილების მონახულება დასვენების მიზნით, სხვადასხვა მუზეუმების ნახვა, საგამაფონო დარაბაზებში ვიზიტი, სოციალური ინტერაქციები, რაც წიგნიერებისა და მათემატიკის უნარების განვითარებას უწყობს ხელს). დაბალი სოციალური კლასის ოჯახის შვილი მთლიანად მოწყვეტილია მსგავს განვითარებას, ამიტომ ეს "ზაფხულის ჩავარდნა" მნიშვნელოვანი პრობლემაა. ამიტომ, კარგი იქნება თუ სკოლები, მასწავლებლები ოჯახებს დაეხმარებიან თავიანთი შვილის არადადეგების პერიოდში ინტელექტუალურ და აკადემიურ განვითარებაში, რათა ხანგრძლივი არდადეგები არ აღმოჩნდეს დამატებითი დაბრკოლება მოსწავლეებისთვის და მათ სკოლაში შეძენილი ცოდნა და უნარები რეალურ ცხოვრებაში გამოიყენონ და განავითარონ. რა თქმა უნდა, ამის მიღწევა კონკრეტული საარდადეგებო დავალებებითაც შეეძლება ან ზოგადი რეკომენდირებული აქტივობებით, რომელიც ამ პროცესს შეუწყობს ხელს", - ამბობს ტაბატაზე.
მარიამ ელიაშვილი
2432
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```