დროის, გემოვნებისა და ტრენდების ცვლილება საახალწლო ნაძვის ხესაც აუცილებლად ეტყობა
დროის, გემოვნებისა და ტრენდების ცვლილება საახალწლო ნაძვის ხესაც აუცილებლად ეტყობა. ყველა ვამჩნევთ, რომ დღეს ნაძვის ხისთვის ბევრი ისეთი აქსესუარი გამოიყენება, რაც უწინ აზრად არავის მოუვიდოდა. მაგალითად, წვიმები უმეტეს შემთხვევაში მძივებმა შეცვალა, მინის ბურთებს კი დიდი ყვავილები, ჩიტები და ბაფთები დაემატა. ხშირად რთავენ ნაძვის ხეს ბუმბულებითაც.
საახალწლო აქსესუარების შემქნელთა ფანტაზიას ხომ საზღვარი არ აქვს. მათი წყალობით ბოლო დროს ადამიანები მხოლოდ ნაძვის ხეს კი არა, მის გარშემო საახალწლო სივრცესაც გულმოდგინედ აფორმებენ. ნაძვის ქვეშ სანტა კლაუსის გვერდით გაჩნდნენ ელფები, ირმები, თოვლის კაცები. უკანასკნელ წლებში საქართველოში ცნობილმა მულტპერსონაჟმა, თოვლის გუნდამაც დაიმკვიდრა ადგილი ნაძვის ხის ქვეშ. ამ ტენდენციას ყველაზე კარგად მხარი ბავშვიანმა ოჯახებმა აუბეს, რადგან ნაძვის ხის მეგზური ქართული გმირი პირველად გამოჩნდა ჩვენს სახლებში. მითუმეტეს, წელს გუნდა განახლებული იერით, ჩაცმული მოგვევლინა, რაც კიდევ უფრო გამოაცოცხლებს ნაძვის ხის დეკორს.
რაც შეეხება მორთვის უახლეს ტენდენციებს, დიზაინერთა რჩევით, ღორს ფუფუნება, სილამაზე უყვარს, ამიტომ სასურველია ნაძვის ხე მდიდრულად იყოს მორთული. მთავარი ფერი ყვითელია, ეს ხომ 2019 წლის სიმბოლური ფერია. ასევე აქტუალურია ყავისფერი და მწვანე.
ორ ფერში მრგვალი ბურთებით მორთვა მოდიდან არასდროს გადავა. ღორის წელში ეს ბურთები სასურველია იყოს ოქროსფერი, მწვანე, ყავისფერი და ყვითელი. ოქროსფერი ნაძვის ხის მოსართავად აქტუალობას მრავალი წელია არ კარგავს.
წელს აქტუალური იქნება ყველაფერი ლამაზი, მბზინავი, მბრწყინავი, რაც საკუთარი ხელითაც შეგიძლიათ დაამზადოთ სხვადასხვანაირი თვლებითა და მძივებით.
2019 წელს აქტუალური იქნება ნაძვის ხის ეკო სტილში მორთვა, ანუ ბუნებრივი მასალების გამოყენება. ბუნებრივ მასალაში იგულისხმება ხის ბურთები, ჩირი, გირჩები და ა.შ.