თქვენს ოჯახში ახალი, ყველაზე მნიშვნელოვანი წევრი გამოჩნდა? მაშ დროა, იფიქროთ ცვლილებებზე და სწორედ მას მოარგოთ ყველაფერი გარშემო. პირველ რიგში, პატარას სჭირდება მყუდრო, მოსიყვარულე ოჯახი, სიმშვიდე, სისუფთავე და დადებითი ემოციები.
მერე კი, რა თქმა უნდა, სჭირდება უსაფრთხო, ხარისხიანი და კარგად შერჩეული ტანსაცმელი, პირადი ნივთები, თეთრეული და ა.შ. სწორედ მათზე ვისაუბრებთ ამჯერად.
რეკომენდებულია, რომ თეთრეული პატარას კვირაში ერთხელ გამოუცვალოთ, ზაფხულის ცხელ დღეებში ან ავად ყოფნის პერიოდში - უფრო ხშირად.
როგორც წესი, ბავშვისთვის დედები ფერად თეთრეულს ყიდულობენ, ჭრელი ფერები კი რეცხვისას ხუნდება. ამიტომ ნუ გარეცხავთ ზეწრებს 60 გრადუსზე უფრო მაღალ ტემპერატურაზე. ყოველგვარი მავნე მიკროორგანიზმის გასანადგურებლად ეს ტემპერატურაც სავსებით საკმარისია. გასაშრობად სუფთა ჰაერზე გაფინეთ, რადგან
ულტრაიისფერი სხივები ქსოვილის დეზინფექციას მოახდენს. გარდა ამისა, რაც შეეხება ფერებს, ბავშვის სიმშვიდისთვის გაცილებით ჯობს, პასტელური, დამჯდარი ფერები შეარჩიოთ და არა ძალიან მკვეთრი, მით უმეტეს - წითელი, რომელიც აღმგზნებ და გამაღიზიანებელ ფერად მიიჩნევა და საძინებელში ამ ფერის გამოყენებას საერთოდაც არ ურჩევენ ხოლმე.
ლოგინის თეთრეულის შერჩევისას გაითვალისწინეთ შემდეგი:
რაც უფრო უბრალო და ნატურალურია ქსოვილი, მით უკეთესი. ხელოვნური ქსოვილის შემჩნევა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება. დააკვირდით ნაკერებს, გვირისტი ძალიან სწორი და აკურატული უნდა იყოს. არავითარი გამოძენძილი და დაწყვეტილი ძაფები. სხვათა შორის, ძაფის ფერი ქსოვილის ფერთან შესაბამისი უნდა იყოს. ხარისხიანი თეთრეული მთლიანი ქსოვილისგან უნდა იყოს შეკერილი და შუაში გადაბმის ნაკერი არ უნდა ჰქონდეს. ნუ მოგერიდებათ და ყიდვის წინ დაყნოსეთ კიდეც ქსოვილი - მას არც ნესტის და არც საღებავის სუნი არ უნდა ჰქონდეს. ხელით მოსინჯეთ ქსოვილი - უხეში არ უნდა იყოს. თან შეფუთვასაც დააკვირდით - ბაზრის წესები გვეუბნება, რომ რაც უფრო დახვეწილია შეფუთვა, მით უფრო ხარისხიანია ქსოვილი. ეტიკეტზე გარკვევით უნდა ეწეროს მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია, კომპლექტის ზომები და შემადგენლობა, ასევე მისი მოვლის წესები. კარგი თეთრეულის პრინტი ზედმეტად მკვეთრი და მყვირალა არ არის. ყურადღება მიაქციეთ ფასს - ხარისხიანი თეთრეული იაფი ვერ იქნება. ასევე კარგი ხარისხის, რბილი და კარგად შერჩეული უნდა იყოს ტანსაცმელი, რაზეც ჯობს, მანამდე იზრუნოთ, რომ თქვენი სურვილით გააკეთოთ არჩევანი და მერე სხვების არჩევანზე არ დაიწყოთ წუწუნი, როგორც ხშირად ემართებათ ხოლმე დედებს.
გარდა ბავშვის საწოლისა, რომელიც ჯობს, ხის იყოს, ეკოლოგიურად სუფთა, უნდა იზრუნოთ კარგ, ხარისხიან მატრასზე, კომფორტულ და ასევე ხარისხიან გამოსაცვლელ მაგიდაზე, რომელიც კარგ სამსახურს გაგიწევთ, ბავშვის ჭურჭელიც უნდა იყოს მაქსიმალურად კარგად შერჩეული და ბავშვის პირველი სათამაშოებიც.