ცოტა ხნის წინ ჩვენმა მკითხველმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მის სახლთან ახლოს დაახლოებით 4-5 წლის ბავშვი მარტო იყო ქუჩაში გამოსული და ელოდებოდა საზოგადოებრივ ტრანსპორტს, დიდი ხნის განმავლობაში.
"დილით, სახლთან ახლოს ვხედავ ბავშვი მარტო დგას და ელოდება ტრანსპორტს. ირგვლივ არავინაა.
ვეუბნები, დედა ან მამა მოვა? არაო.
- აბა, სად არიან?
- ჩამომიშვეს და "მარშუტკას" ველოდები.
- ვინმემ ხომ არ უნდა გამოგიაროს, ნაცნობმა?
...არა, "მარშუტკას" ელოდება ჩვეულებრივად, ეს პატარა ბავშვი, უმეთვალყურეოდ..." - გვწერდა მკითხველი.
დავინტერესდით ამ შემთხვევით და გადავწყვიტეთ გაგვერკვია, გვაქვს თუ არა მსგავს სიტუაციებში უფლება, მივმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ზოგადად, რა დროს შეგვიძლია განვაცხადოთ აღნიშნულ სააგენტოში.
გვესაუბრება გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი ქეთევან მელიქაძე:
- რაიმე საეჭვოს თუ ნახავთ, მაგალითად, ბავშვი ქუჩაშია მარტო, მზრუნველის გარეშე, ეს არის საეჭვო და ასევე საფრთხის შემცველი მისთვის. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერ ცხელ ხაზზე შეგიძლიათ დარეკოთ, იქნება ეს 112 თუ 15 05, რომელიც არის სოციალური მომსახურების ცხელი ხაზი. შემდეგ, შეგიძლიათ დაელოდოთ, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული, სანამ მოვა ეს სამსახური, მაგრამ აუცილებლობა არ არის. მთავარი ისაა, რომ შეაფასოთ საფრთხეები, რომელშიც ბავშვი იმყოფება. ბავშვი, რომელიც ქუჩაში მარტოა, უდავოდ საფრთხეშია და უნდა გადასცეთ ეს ინფორმაცია ცხელ ხაზებს.
მსგავს შემთხვევებში, სოციალური მომსახურების სააგენტოს ვალდებულებაა, მივიდნენ ადგილზე და გაეცნონ ფაქტს, რომლის შესახებაც მოქალაქე იტყობინება.
ჩვენი მხრივ კი, კიდევ ერთხელ შევახსენებთ მშობლებს, რომ განსაკუთრებით ჩვენს დაძაბულ და უსიამოვნო შემთხვევებით სავსე დროში, მაქსიმალურად შეიკავონ თავი განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვების უმეთვალყურეოდ დატოვებისგან და შეეცადონ, მათ გვერდით იყვნენ.
თამარ იაკობაშვილი
რა უნდა ასწავლოთ ბავშვს, რომ არ დაიკარგოს
უსაფრთხოების ზომები, რომლებიც გადაარჩენს ბავშვის სიცოცხლეს