ბავშვის ძილის ნორმები ასაკის მიხედვით დაიმახსოვრეთ მთავარი: ბავშვის ჯანმრთელი, სრულფასოვანი ძილი არის ისეთი ძილი, როდესაც მშობელიც და ბავშვიც თავს კომფორტულად გრძნობენ. ბავშვის ძილის ორგანიზება ნიშნავს ოჯახის ყველა წევრის ჯანსაღი ძილის ორგანიზებას. ძილი პირდაპირ უკავშირდება ბავშვის ცხოვრების წესს, ჭამას, სეირნობას, ჰაერის ტენიანობას, ტანსაცმელს, ჰიგიენურ პროცედურებს და სხვა. სწორი კვება, თამაში სუფთა ჰაერზე, დასუფთავება, ბანაობა, სუფთა საწოლი საჭიროებს დროს, სურვილს, ცოდნას და დედის შესაძლებლობებს.
წაიკითხეთ, ისწავლეთ, იმოქმედეთ.
წესი ნომერი: 1 დაალაგეთ პრიორიტეტები
ოჯახი მაშინ არის სრულფასოვანი, ბედნიერი და შრომისუნარიანი, როდესაც მშობლებს აქვთ საშუალება, 24 საათის განმავლობაში 8 საათი მაინც ეძინოთ. ბავშვს ჭირდება ჯანმრთელი, ერთმანეთის მოსიყვარულე, დასვენებეული დედა და მამა.
წესი ნომერი 2 - ჩამოაყალიბეთ ბავშვის ძილის რეჟიმი
ბავშვის დაბადების დღიდან, მისი რეჟიმი თქვენი ოჯახის რეჟიმს უნდა შეეწყოს. გადაწყვიტეთ, როდის უნდა დაიძინოთ. დაე ეს იყოს ის დრო, რომელიც თქვენთვისაც და ბავშვისთვისაც ხელსაყრელი იქნება.
წესი ნომერი 3 - გადაწყვიტეთ, სად და ვისთან ერთად დაიძინოს ბავშვმა
თეორიულად და პრაქტიკულად შესაძლებელია 3 ვარიანტი:
ბავშვის საწოლი მშობლების საძინებელში - ოპტიმალური ვარიანტია 3 წლამდე ბავშვებისთვის.
ბავშვის საწოლში, ბავშვის საძინელებში - მოზრდილ ასაკში.
მშობლებთან ერთად ძილი, ერთ საწოლში - ეს უბრალოდ მოდური გართობაა, პედიატრთა უმრავლესობა ამ ფაქტში საერთოდ ვერ ხედავს კავშირს ბავშვის ჯანმრთელ ძილთან.
წესი ნომერი 4 - არ შეგეშინდეთ ბავშვის გაღვიძება
თუ გინდათ, რომ პატარამ დიდხანს და სრულფასოვნად დაიძინოს ღამე, არ მისცეთ საშუალება, დღისით ძალიან ბევრი ეძინოს.
ძილის დღიური საჭიროება ბავშვებში: სამ თვემდე 16-20 საათი, 6 თვის — 14,5 საათი; 12 თვის - 13,5 საათი; 2 წლის - 13 საათი; 4 წლის -11,5საათი; 6 წლის - 9,5 საათი; 12 წლის - 8,5 საათი.
თუ 6 თვის ბავშვს სძინავს დღე-ღამეში დაახლოებით 14,5 საათი. თუ გინდათ, რომ ღამე 8 საათი წყნარად და მშვიდად დაიძინოთ მასთან ერთად, ბავშვის დღის ძილი უნდა აკონტროლოთ და არ უნდა გადაამეტოთ 6,5 საათს. თუ ბავშვმა დღე 9 საათი იძინა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ღამეს მშვიდობიანად გაატარებთ.
წესი ნომერი 5 - ოპტიმალური კვება
სიცოცხლის პირველ 3 თვეში ბავშვს შეუძლია ღამე ჭამოს 1-2 ჯერ. 3-6 თვის პატარისთვის ღამის ერთი კვება სავსებით ნორმალურია, 6 თვის შემდეგ კი ბავშვი ღამე კვებას ბიოლოგიურად არ საჭიროებს. ძილის წინ ბავშვს მსუბუქად აჭამეთ.
შიმშილი არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება ბავშვმა ღამე გაიღვიძოს. პირველივე წამოტირების დროს ნუ მისცემთ საკვებს. ტირილის მიზეზი შესაძლოა მუცლის ტკივილი ან სხვა რამ იყოს, თუნდაც მეტისმეტად სავსე მუცელი ან მოუნელებელი საკვები.
წესი ნომერი 6 - დღე კარგად გაატარეთ
იცხოვრეთ აქტიურად - ისეირნეთ, დღისით სუფთა ჰაერზე დააძინეთ, ეთამაშეთ. დახარჯეთ ენერგია. დაიტვირთეთ დადებითი ემოციით, რომ ბავშვს ღამე ტკბილად დაეძინოს და განვლილი დღე დაესიზმროს. უმღერეთ პატარას, განა რა შეიძლება იყოს დედის "იავნანაზე" უფრო სასიამოვნო მოსასმენი.
წესი ნომერი 7 - ოპტიმალური ჰაერი საძინებელში
სუფთა, ნოტიო ჰაერი საძინებელში - აუცილებელი წესია.
ხშირად გაანიავეთ ოთახი, დაალაგეთ სველი წესით. იქონიეთ თერმომეტრი და ჰიდრომეტრი. ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა ბავშვის ოთახში უნდა იყოს 18-20 გრადუსი, ჰაერის ტენიანობა კი - 50-70 %.
წესი ნომერი 8 - გამოიყენეთ ბანაობის შესაძლებლობა
საღამოს ბანაობა, თბილ წყალში, მშვენიერი საშუალებაა ენერგიის დასახარჯად. ეს ბავშვს დაეხმარება, მადაზე მოვიდეს, გემრიელად მიირთვას და დაიძინოს დილამდე.
მასაჟი, ჰიგიენური პროცედურები და ბანაობის შემდეგ თბილი ტანსაცმელი - ეს ყველაფერი აძლიერებს ბანაობის შედეგად მიღებულ სარგებელს.
წესი ნომერი 9 - მოამზადეთ საწოლი
მატრასი უნდა იყოს ბრტყელი და სწორი. 2 წლამდე არ არის სასურველი ბალიშის ხმარება. თეთრეული უნდა იყოს ნატურალური. რეცხვისას კი გამოიყენებთ სპეციალური, საბავშვო სარეცხი საშუალებები.
წესი ნომერი 10 - იზრუნეთ საფენის ხარისხზე
ერთჯერადი საფენები - ყველაზე ეფექტური გამოგონებაა, რომელიც ძილს უკავშირდება. ზუსტად მათი დამსახურებაა ხშირ შემთხვევაში მთელი ოჯახის ჯანსაღი ძილი. კარგი საფენი ღამე - ეს კანონია. ზემოთ ჩამოთვლილი წესებიდან ეს ყველაზე ადვილად შესასრულებელია.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ