რატომ არ უნდა მიიყვანოთ სკოლამდელი ასაკის ბავშვი ცეკვაზე და რა უნდა იცოდეთ, თუ ბავშვი ცეკვაზე დადის - აუცილებელი რჩევები გამოცდილი მასწავლებლისგან
რატომ არ უნდა მიიყვანოთ სკოლამდელი ასაკის ბავშვი ცეკვაზე და რა უნდა იცოდეთ, თუ ბავშვი ცეკვაზე დადის - აუცილებელი რჩევები გამოცდილი მასწავლებლისგან
ქართული ცეკვების შემსწავლელ სტუდიებში დღეს უამრავი ბავშვი დადის. რას აძლევს რეალურად ქართული ცეკვის ანსამბლი ბავშვს, რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა, სანამ შვილს ცეკვაზე მიიყვანს და რატომ არიან ცეკვის მასწავლებლები ასეთი მკაცრები - ამ და კიდევ ბევრ საინტერესო კითხვებზე ანსამბლ "თოლიგეს" ხელმძღვანელი, "მამულის" ყოფილი სოლისტი და რეპეტიტორი, "სუხიშვილების" ყოფილი მსახიობ-მოცეკვავე დიანა ბლიაძე გვპასუხობს. იგი 18 წელია ბავშვებთან მუშაობს, თუმცა როგორც მოცეკვავე, 2 წლის წინ დაემშვიდობა სცენას და დღეს მომავალი მოცეკვავეების აღზრდით არის
დაკავებული. პროფესიონალი მოცეკვავეა მისი მეუღლეც, დავით ფრიდონიშვილი. მათი ქალიშვილი მარიამ ფრიდონიშვილი კი მხატვარია, თუმცა რამდენიმე წლის განმავლობაში ისიც ანსამბლ "სუხიშვილებში" ცეკვავდა.

-  ცეკვა, როგორც ჩანს, თქვენი ცხოვრებისა და ოჯახის განუყრელი ნაწილია. ბავშვებთან მუშაობაზე რას გვეტყვით, რთულია?

-  პირველ რიგში ძალიან საპასუხისმგებლოა. თავს რომ უფლება მისცე და ბავშვებს ასწავლო, ჯერ, როგორც მასწავლებელს, შემფასებელი გჭირდება. როცა ბავშვებთან მუშაობა დავიწყე და პირველი ცეკვები დავდგი, კონკურსზე ძალიან კომპეტენტური ჟიურის წინაშე წარვადგინე. მაშინ ჟიურიში ბატონი თენგიზ სუხიშვილი და იმ ძველი თაობის მოცეკვავეები ისხდნენ, რომელთა შეფასებას დღემდე დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ჟიურის ათივე წევრმა 10 დაგვიწერა. მაშინ მივხვდი, რომ შეიძლებოდა ჩემი ბავშვებთან ურთიერთობა. ესე იგი, გამომივიდოდა ეს საქმე. როცა ქორეოგრაფი
ხდები, შენი ნამუშევარი აუცილებლად უნდა აჩვენო და ჰკითხო რჩევა ძველ თაობას. ამის გარეშე არ შეიძლება. "მამულში" 12 წელიწადი დავყავი, სუხიშვილებშიც ასევე 12 წელი და საკმაო სტაჟი დამიგროვდა.

-  ალბათ, თავადაც ბავშვობიდან ცეკვავთ.

-  6 წლის შემიყვანა დედამ ქართულ ცეკვაზე. მე-5 კლასში კი საბალეტო სკოლაში ვარჩიე გადასვლა, რადგან იქ ყველაფერი ერთ სივრცეში ისწავლებოდა: უცხო ენა, კულტურასთან დაკავშირებული ყველა საგანი, მათ შორის ეთიკა, ესთეტიკა, გრიმი, მუსიკალურ განათლებასაც იქ ვიღებდით და წრეებზე სირბილი აღარ გვიწევდა. ჩემი შვილი, მარიამიც ამიტომ მივიყვენე საბალეტო სკოლაში. სხვადასხვა წრეზე სიარული ძალიან დამღლელია ბავშვისთვის. ჩემი მოსწავლეები საღამოს რეპეტიციაზე რომ მოდიან, გადაქანცულები არიან. ზოგიერთს დღეში ორ წრეზე უწევს სიარული და ვიცი, რას ნიშნავს ბავშვის გადაღლილობა.
საბალეტო სკოლაში ძალიან მკაცრი მოთხოვნები იყო. ჯერ მშობლებს შეხედავდნენ, რომ ბავშვის გენეტიკური მონაცემებზე წარმოდგენა შექმნოდათ. თავის, ყურების, თითების ფორმა მოწმდებოდა. ასევე ხერხემალი, ტერფი, მკერდი, მხრები როგორ მდგომარეობაში იყო, ასევე დგომი, ნახტომი - ამის მიხედვით არჩევენ ბავშვებს. იღებენ მათ, ვისაც აქვს პერსპექტივა, რომ დაამთავრებს საბალეტო სკოლას. კრიტერიუმები მკაცრია იმიტომ, რომ ეს ყველაფერი სჭირდება ცეკვას. ყველა ვერ უძლებს, 30-კაციან ჯგუფში მხოლოდ ხუთმა დავამთავრეთ სკოლა. სტუდიებში, რა თქმა უნდა, ასეთი მკაცრი მოთხოვნები არ გვაქვს, თუმცა სიმკაცრის და შრომის გარეშე შედეგს ვერსად მივიღებთ.

-  რომელი ასაკიდან ურჩევთ მშობლებს ბავშვის ცეკვაზე მიყვანას?

-  ყოველ შემთხვევაში, სკოლამდელ ასაკში არა. მშობელს ჰგონია, თუ ბავშვი სახლში სულ ცეკვავს, ამიტომ სტუდიაში უნდა მიიყვანოს. სინამდვილეში ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვი მზადაა ცეკვის შესასწავლად. ჯობია, ჯერ სკოლაში შევიდეს და მომდევნო წელს, II- III კლასში მოიყვანონ ცეკვაზე. ზოგს სამი წლიდან დაჰყავს. მე ამის წინააღმდეგი ვარ. ჩემნაირ კოლექტივში 3-5 წლის ბავშვი რომ მოიყვანონ, მისთვის დროს ვერ გამოვნახავ. ასეთი პატარა ასაკისთვის სპეციალური ჯგუფი უნდა იყოს, ნახევრად საბავშვო ბაღის პროგრამით, რომ თან გაართო, ათამაშო და შიგადაშიგ რაღაც ასწავლო. პატარებს სულ სხვანაირი მიდგომა სჭირდებათ. მალე იღლებიან, შეიძლება წამოწოლა მოუნდეთ და უნდა წამოაწვინო, უნდა შეუმცირო მეცადინეობის დრო - 1 საათი მათთვის ძალიან ბევრია, ასეთ ჯგუფში 2- 3 პედაგოგი უნდა მუშაობდეს. ჩვეულებრივ სტუდიებში ამის საშუალება არ არის, ამიტომ, ვისაც ძალიან ადრე უნდა შეყვანა, სწორედ ასეთი ადაპტირებული ჯგუფი უნდა მოიკითხოს.
თუ ბავშვი სკოლაში უკვე დადის, დავალებებს ასრულებს მონდომებით, არის ყურადღებიანი, შეუძლია მითითების შესრულება, ამ შემთხვევაში, შეიძლება მისი ცეკვაზე ტარებაც. თუ ბავშვი ცოტა გაფანტულია, ჯობია, დავაცადოთ. შეიძლება სკოლაში შესვლამ გარკვეული სტრესი გამოიწვია და ჯერ ამას უნდა გაუმკლავდეს. ზოგიერთს ბაღშიც არ უვლია, პირდაპირ სკოლაში შევიდა და ის რომ დამატებით კიდევ ცეკვაზე ვატაროთ, ძალიან დაიტვირთება. ჯერ სკოლას მიეჩვიოს, გავიდეს ერთი წელი და მერე მოიყვანეთ ცეკვაზე. არ იქნება გვიან.
mshoblebi

- ბევრს ჰგონია, რომ ცეკვა არის ტანადობის პირველი გარანტი, თუ ცეკვაზე ივლის ბავშვი, არასდროს მის ხერხემალს, მენჯს, ტერფს არ დაემუქრება არაფერი. ეს მართლა ასეა?

-  ეს მითია. ცეკვა არის დიდი დატვირთვა და ამას უნდა შეეჭიდოს მხოლოდ ის ბავშვი, რომელსაც ხერხემალთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცეკვა მხოლოდ გააუარესებს საქმეს. ცეკვაზე დადის და მის ხერხემალს არაფერი დაემართება, ტყულია, რადგან დღევანდელი ბავშვები ისეთი მძიმე ჩანთებით დადიან, იმდენ ხანს სხედან მობრეცილები ეკრანებთან, იმდენად უყურადღებოდაა დატოვებული მათი ჯდომის პოზა სკოლებში, რომ სულ არიან ტანადობის დარღვევის საფრთხის წინაშე. არავინ აქცევს ყურადღებას, როგორ სხედან მაგიდასთან, ტელევიზორთან. ჩვენი თაობა გასწორებული, ხელებით უკან იჯდა მერხთან. დღეს ამას ტანჯვად და ბავშვის შეზღუდვად აღვიქვამთ, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ჩვენს ხერხემალს ეს კარგ სამსახურს უწევდა. ამიტომ მშობელმა, სანამ ცეკვაზე მოიყვანს, უნდა შეამოწმოს, რა მდგომარეობაშია ხერხემალი. მეორედ გარდატეხის ასაკში დასჭირდება შემოწმება. თითქმის ყველა გოგონა იხრება მხრებში, როცა მკერდი ეზრდება. გარდატეხის ასაკი არის ის მონაკვეთი, როცა ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ყველაფერს. ამის მერე უკვე ჩამოყალიბებულია სხეული.

-  ზოგჯერ ძალიან ცელქი და მოძრავი ბავშვები ცეკვაზე სწორედ იმიტომ შეჰყავთ, რომ იქ ენერგია დახარჯონ. ეს სწორი გადაწყვეტილებაა?

-  შეიძლება ცეკვა იყოს ერთ- ერთი გამოსავალი, მაგრამ საკმარისი არ იქნება. სანამ ცეკვით დაიღლება, ჯერ უნდა მომისმინოს, ისწავლოს, მითითება გაიმეოროს. 5 წუთი რომ იცეკვოს, ამისთვის 10 წუთი უნდა მისმინოს. ამ დროს კი ბავშვს ვერ ვაჩერებ. მოფერებით, წახალისებით, მიჯერებენ, მაგრამ შეიძლება ცეკვამ ვერ დაღალოს და სხვა აქტივობაც გახდეს საჭირო. მაგალითად, ფეხბურთზე დაჰყავთ პარალელურად. ძალიან კარგია ცეკვის პარალელურად ცურვაც.

-  რა მონაცემები უნდა უწყობდეს ხელს ბავშვს ცეკვისთვის?

-  ეს შეგვიძლია შევაფასოთ მხოლოდ გარდატეხის ასაკის მერე, მანამდე ფიზიკურ მონაცემებს მნიშვნელობა არა აქვს. გარდატეხის ასაკი მოცეკვავისთვისაც ძალიან რთულია. იმატებენ წონაში, ეცვლებათ ფორმები, პროპორციები. ამ დროს უკვე გამოირჩევიან ბავშვები, რომლებიც არ სუქდებიან, თხელი აგებულება აქვთ. მყავს მოსწავლეები, რომლებიც ვიცი, არ გასუქდებიან არასდროს. ცეკვისთვის პერსპექტიულ მონაცემებად ითვლება, თუ ბავშვს თხელი ძვალი აქვს, გრძელი კიდურები, ცეკვას გრძელი კისერი უხდება, სხეულის კუნთებიც წაგრძელებული უნდა ჰქონდეს. ეს ვარჯიშსა და ყოველდღიურ მეცადინეობაშიც ყალიბდება. ჰგონიათ, რომ მოცეკვავე უთუოდ მაღალი უნდა იყოს. ეს აუცილებელი არ არის. მთავარი პროპორციებია.
mshoblebi

- რას აძლევს ცეკვა ბავშვს ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად?

-  საკუთარ მაგალითზე ვიტყვი. მე ცეკვამ მთელი ცხოვრება მომცა: მასწავლა თავის გატანა. ცეკვა ფსიქოლოგიურად ძალიან აძლიერებს, ფიზიკურად ხომ - თავისთავად. ხდები საოცრად ამტანი, შენთვის დაუძლეველი რამ არ არსებობს. ბრძოლის უნარიანობას იძენენ ბავშვები, ქართული ცეკვა უღვიძებთ პატრიოტიზმს, ასწავლით ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას, მოთმინებას, ნებისყოფას, სიკეთეს და წესიერებას. რაც მთავარია, მიღებული შედეგით განცდილ სიამოვნებას. ამდენი შრომის მიუხედავად, ბავშვები მთელი სულით და გულით არიან ცეკვაზე შეყვარებულნი, ბევრი მშობელი ცეკვიდან გამოყვანით აშინებს ბავშვს, თუ კარგად არ ისწავლის. დღევანდელი მოზარდების სულიერი მდგომარეობა ძალიან რთულია, ხშირად სწორედ ცეკვაში პოულობენ ხოლმე ბედნიერების განცდას და ამით სხვა სულიერ სიძნელეებს ანეიტრალებენ. ურთიერთობებიც ანსამბლში უფრო უფრო აახლოებს ბავშვებს ერთმანეთთან. ვეხმარებით სწავლის მოტივაციაშიც, ძალიან ბევრჯერ ჩემი მეუღლე პირადად მისულა მოსწავლის დამრიგებელთან და გაურკვევია, რა უჭირს, რა პრობლემები აქვს. მერე ვცდილობთ, ბავშვზე ჩვენც ვიმოქმედოთ, სხვანაირად წავახალისოთ, რომ სკოლის მიმართ პასუხისმგებლობა ჰქონდეს. აზროვნება და განვიტარებული გონება მოცეკვავესაც ისევე სჭირდება, როგორც სხვა პროფესიას.
mshoblebi

-  რატომ ხართ ცეკვის მასწავლებლები ასეთი მკაცრები, რატომ ყვირით ყოველთვის ასე ხმამაღლა?

-  ვყვირით იმიტომ, რომ პირველ რიგში დოლ- გარმონის ხმა დავფაროთ. დოლი რომ შემოსცხებს, აქეთ გარმონი აჰყვება და ამ დროს შუა ცეკვაში მყოფ ბავშვს შენიშვნა უნდა მისცე, ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა ხმაზე უნდა იყვირო? თუ მუსიკის ხმას არ გადავაჭარბე, ბავშვს როგორ გავაგონო? ცეკვისას ხომ უნდა შევუსწორო რაღაც. ჩვენი სამუშაოს ერთ- ერთი სიმძიმე ესეცაა - ჩემმა ხმამ დოლ- გარმონი უნდა დაფაროს. ფიზიკური შეხება გამორიცხულია, არადა ბავშვს მოძრაობაც უნდა გავუსწორო. შეიძლება მშობელი მოვიდეს და მითხრას, "ჩემს შვილს რატომ შეეხე და გაუსწორე მუხლი" და დაგდოს ათასი ბრალი. არადა ძალიან მნიშვნელოვანია, ძელთან როგორ დგას ბავშვი. თუ დადგა ძელთან, არ გაჭიმა მუხლი, ყველა კუნთი შესაბამის პოზიციაში არ აქვს, უბრალო ილეთის გაკეთების დროსაც შეიძლება ტრავმა მიიღოს. ამ დროს, რა თქმა უნდა, შენიშვნა უნდა მისცე და გააგებინო, რომ თუ სწორად არ დადგება, მიიღებს ტრავმას, ცეკვაც გვერდზე დარჩება, ფეხბურთიც და კალათბურთიც. ფიზიკური წვრთნისას ტრავმის საფრთხე ყოველთვის არსებობს და ამ ყველაფრისგან ბავშვი დაცული რომ იყოს, უნდა დაგიჯეროს, ყველაფერი ზუსტად შეასრულოს.
ყველაფერთან ერთად, ბავშვის უმეტესობა გაკვეთილების მერე დაღლილი და მოთენთილი მოდის. ამ დროს ცოტა უნდა შემოუძახო და გამოაფხიზლო, მოტივაცია უნდა მისცე ბავშვს. სინამდვილეში ცეკვა ჩვეულებრივი ჯარია, ჯარში კი მოდუნება არ გამოვა. ეს პროცესი წრთობაა და დისციპლინა სჭირდება. ქართული ცეკვა სულ ხაზის დაცვაზე, წესრიგსა და სინქრონზეა აგებული. ამიტომ სჭირდება ყველაფრის ზედმიწევნით სწორად და ზუსტად შესრულება.
mshoblebi

- თუ არ იქნება წესრიგი და იდეალური განლაგება, რა მოხდება?

-  ვერ ისწავლიან და ვერ იცეკვებენ სწორად. ხაზებზე სწორად დგომა საკმაოდ რთულია, მობილიზებაა საჭირო. ხომ გაგიგიათ გამოთქმა, "მოცეკვავეს გონება ფეხებში აქვსო". ეს არის მითი და შეურაცხმყოფელი. იმიტომ, რომ ცეკვა საოცარი კოორდინაციაა. მოცეკვავე ერთდროულად მოძრაობს, ისმენს, ითვლის, ზედმიწევნით ზუსტად ჯდება მუსიკასა და რიტმში, ამ დროს მის გონებაში ბევრი რამ ერწყმის ერთმანეთს. თქვენ რომ უყურებთ სცენაზე ბედნიერად მომღიმარ მოცეკვავეს, ამ დროს მას აუცილებლად სტკივა რაღაც, აწუხებს კოსტიუმი, შებოჭილია ათასგვარი რეკვიზიტით, სახე კი მომღიმარი უნდა ჰქონდეს, ხაზი დაიცვას, მუსიკიდან არ უნდა ამოვარდეს. ანსამბლი ერთობლიობას ნიშნავს, ერთობლიობა არ უნდა დაირღვეს. ერთეულები არიან ესეთი კოლექტივები და მეამაყება, რომ ჩემი მოსწავლეები მათ გვერდით არიან.

-  არ შემიძლია არ ვახსენო ე.წ. "სბორები" - რა საჭიროა და რა არის მისი დანიშნულება?

-  ეს არის აქტიური დასვენების დღეები, რაც აუცილებელია როგორც მოცეკვავეებისთვის, ასევე სპორტსმენებისთვის. სხეულმა თან უნდა დაისვენოს, თან ფორმა და ფიზიკური მომზადება შეინარჩუნოს. სექტემბერში ბავშვები უნდა მოვიდნენ არა მოდუნებულები და წონაში მომატებულები, არამედ სრულ ფორმაში მყოფები. ეს არის მთავარი მიზანი და ამიტომ გვაქვს დღეში ორი, ხან სამი რეპეტიცია და პარალელურად განტვირთვის საათები. საათობრივია კვებაც, ძილიც (მათ შორის, შუადღის), ცურვაც და დასვენებაც. ბავშვები, რომლებიც თვეობით არ ჭამენ წვნიანებს და ბოსტნეულს, იქ ყველაფერს მიირთმევენ. ვერც "ფასფუდს" იყიდის იქ და ვერც საათობით ჩაძვრება ტელეფონში. ბევრი ბავშვი გეგულებათ, ვინც არდადეგების პერიოდში აბალანსებს აქტიურ და პასიურ დასვენებას, იკვებება ბალანსირებულად და ძინავს სრულფასოვნად? ეს 10- 12 დღე მაინც თუ იქნებიან ამ რეჟიმში, მათ სხეულებს კარგად წაადგება. გარდა ამისა, მშობელთა უმრავლესობა გადატვირთული გრაფიკების გამო წელიწადში 2 კვირაზე მეტი ხნით ვერ ახერხერხებს ბავშვის ქალაქიდან გაყვანას, "სბორი" კი დამატებითი საშუალებაა, რომ ბავშვმა კიდევ ერთი კურორტი მოასწროს.
გარდა ამისა, მსგავს შეკრებებზე ბავშვები დამოუკიდებლობას სწავლობენ, ერთმანეთთან ძალიან მეგობრდებიან. ეჩვევიან თავის მოვლას, იციან, რომ თავისით უნდა გაირეცხონ, მოწესრიგდნენ, ნივთები და ოთახი წესრიგში ჰქონდეთ, ეს ბიჭებს და გოგონებს ერთნაირად ეხებათ. ბიჭიც ეჩვევა, ოთახი დაალაგოს და იატაკი გამოწმინდოს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენი კონტროლის ქვეშაა, გარეცხვაშის მივეხმარებით და მოწესრიგებაშიც, ოღონც ყოველთვის თავად უნდა სცადოს.
სამაგიეროდ, ძალიან რთულია ეს შეკრებები მასწავლებლისთვის, ამდენი ბავშვის კონტროლი და ყურადღება. ამიტომ აკრძალული აქვთ კარებების ჩაკეტვა, იციან, რომ ნებისმიერ წუთს შემიძლია დავადგე თავზე და ასეც ვიქცევით მე გოგონებთან, ჩემი მეუღლე - ბიჭებთან. ვამოწმებთ არამარტო იმას, როგორ არიან და რას აკეთებენ, არამედ რა მდგომარეობაში აქვს ტანსაცმელი, ოთახი, ლოგინი. ზოგი ისეა დედებისგან და ბებიებისგან განებივრებული, ტანსაცმელი და ბოტასი ერთად უყრია და ვერ ხვდება, თვითონ რომ უნდა დაალაგოს. ასევე ნებისმიერ მშობელს დღეღამის ნებისმირ მონაკვეთში შეუძლია ჩამოვიდეს და ნახოს, რას ვაკეთებთ იქ.
მთელი 10 ღამე ფაქტობრივად, არ მძინავს, ძალიან დაძაბულები ვართ. დათო ორი საათი წყალში დგას, ბავშვებმა დიდ მანძილზე რომ არ შეცურონ. მიმაქვს მთელი ქეისი წამლებიც...
mshoblebi

-  რას ურჩევთ მათ, ვისაც სურს, ცეკვა პროფესიად გაიხადოს? მაგალითად, სწავლაში არ არის წარმატებული და სურს, რომ ცეკვა გახდეს მისი საქმიანობა

-  ყველა მოცეკვავეს აუცილებლად სჭირდება მეორე პროფესია. თუ უმაღლეს განათლებას ვერ მიიღებს, პროფესიული სასწავლებელი მაინც უნდა დაამთავროს, რადგან ერთმა ტრავმამ, ფეხის გადაბრუნებამაც კი შეიძლება ჩამოაცილოს ამ საქმეს. ამიტომ მხოლოდ ცეკვის იმედად ყოფნას არ გირჩევთ.

-  როცა თქვენ ანსამბლში ცეკვავდით, ის წლები უმძიმესი იყო მთელი ქვეყნისთვის. ამის მიუხედავად, მაინც შეინარჩუნეთ პროფესია...

-  როცა ახალგაზრდა ხარ, ყველაფერი შეგიძლია. "მამული", რომლის სოლისტიც გახლდით, თავდაცვის სამინისტროსთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი იყო. ჩვენ სამხედრო წოდებაც გვქონდა, მე და ჩემი ქმარი აფხაზეთის ომის ვეტერანებიც ვართ. სოხუმის დაცემამდე, ჯერ კიდევ მარტში, ანსამბლმა "მამულმა" იქ ბოლო გასტროლები გამართა. სამხედრო ავტობუსით ჩავედით. დღისით ვცეკვავდით და ღამით დაბომბვას ვემალებოდით. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ დაბომბვის დაწყებისთანავე კოსტუმებს ვეცემოდით და ხოხვით მიგვქონდა სანგარში "გადასარჩენად". ეს კონცერტები ჩვენი მეომრების საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად ტარდებოდა. მაშინდელი ჩვენი მაყურებლების უმრავლესობა დღეს ცოცხალი აღარაა, ომს შეეწირენ ის ბიჭები, რომლებმაც დანგრეულ სოხუმში გოგონებს თაიგულები მოგვართვეს. დღემდე მიკვირს, სად იშოვნეს ან როგორ ააწყეს, ამას ხომ ვერასოდეს დავივიწყებ... 19 წლის ვიყავი მაშინ, დათო - 20- ის, ახალი დაქორწინებულები... მოცეკვავეების ოჯახების უმრავლესობამ მხოლოდ დაბრუნების მერე შეიტყვეს, მათი შვილები გაგანია ომში რომ სოხუმში ცეკვავდნენ. ჩემებმა იცოდნენ, რადგან ეროვნულ მოძრაობაში იყვნენ ჩართულნი და არ გაკვირვებიათ ჩემი გადაწყვეტილება. დანგრეული სოხუმი კი ვნახე, მაგრამ ვიცი, ის ისეთი ჩვენია, რომ გენეტიკური კოდი თავისას იზამს და ჩვენ კიდევ ჩავალთ. ჩემი მოწაფეები აუცილებლად ჩავლენ და იცეკვებენ იქ.
მოცეკვავის ცხოვრებამ ბევრი სიძნელეც გვანახა და კარგიც. მაგრამ გვიყვარდა ჩვენი საქმე და არ ვეშვებოდით. "იკარუსით" ვართ ჩასულები ესპანეთამდე, ორჯერ. ეს იყო სამთვიანი გასტროლი. 10 დღე მარტო გზაში გვინდოდა. როცა ვერავინ ვერსად გადიოდა, ჩვენ მაინც მოვახერხეთ გასტროლები მაგ დროს. რა პერიოდი იყო, გახსოვთ, კოკა-კოლა არ ვიცოდით რა იყო და გახარებულები მივირთმევდით ესპანეთში... რთული ცხოვრება გვქონდა, მაგრამ ბედნიერებაა მაინც, ახალგაზრდა რომ ხარ და ყველაფერი შეგიძლია.
ანსამბლ "მამულის" გასტროლები სოხუმის დაცემამდე - იხილეთ ფოტოსლაიდერში
5150
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```