გამოცდილებაპრაქტიკული რჩევები
თუ სახლში შემთხვევით ღამურა შემოფრინდა - რა უნდა გააკეთოთ, რომ ადვილად მოიშოროთ და თმაში არ აიხლართოს
თუ სახლში შემთხვევით ღამურა შემოფრინდა - რა უნდა გააკეთოთ, რომ ადვილად მოიშოროთ და თმაში არ აიხლართოს
ძალიან ბევრ ადამიანს ეშინია ღამურების. ზაფხულობით, როცა უმრავლესობა სოფლადაა, ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ ღამურა სახლში შემოგვიფრინდეს. ეს არც ქალაქშია გამორიცხული და მათ შორის, არც მაღალსართულიან კორპუსებში. შინ შემოფრენილი ღამურა კი შიშს, პანიკას და დაბნეულობას იწვევს. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ღამურა ოთახში შემოფრინდა, რატომ ეტანებიან სახლებს, რა იზიდავს მათ ჩვენს ბინებში, რა პირობები შევუქმნათ, რომ მალე უკანვე გაფრინდეს და რეალურად შეუძლიათ თუ არა ჩვენთვის ზიანის მოტანა - ამ თემაზე იოსებ ნატრაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი საუბრობს:

- ღამურა ჩვეულებრივად ხედავს.
ოთახში შემოფრენა, ძირითადად, აგვისტო-სექტემბერში ხდება, როდესაც ახალგაზრდა ღამურები იწყებენ ფრენას და მტერს ან მსხვერპლს მიჰყვებიან. ის მიზანმიმართულად არ შედის ოთახში. შეიძლება ფანჯარასთან, შენობის ნაპრალში ან სახურაზე ცხოვრობდეს და უბრალოდ, ახლოს მდებარე ღია სივრცეში შეფრინდეს. ღამურები მწერებით იკვებებიან. შეიძლება კოღო ან სხვა მწერი დაინახონ და ესაა მიზეზი, რის გამოც ფრინდებიან ფანჯარაში.

- ძირითადად, როგორ ადგილს ეძებენ ღამურები?

- საქართველოში 30 სხვადასხვა სახეობის ღამურა არსებობს. ზოგი მათგანი ხეებში ცხოვრობს, ზოგი მღვიმეებში და არსებობს სახეობები, რომლებიც ნაპრალებში ცხოვრობენ. 80 გრამიანი ღამურა, სადაც მისი თავის ქალა შეეტევა, შეიძლება ნებისმიერ ადგილას შეძვრეს.

- როგორ უნდა გამოვიყვანოთ სახლიდან ან მისი მოკვლა გამ
ართლებულია?

- ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის მოკვლა, მით უმეტეს ღამურა ძუძუმწოვარია, არ არის რეკომენდებული. ღამურები გარემოს ინდიკატორ სახეობებად ითვლებიან იმიტომ, რომ რაც უფრო ჯანსაღია გარემო, მით უფრო მეტი სხვადასხვანაირი სახეობაა. ჭამენ ძალიან ბევრს მწერს. მაგალითად, 5 გრამიანმა ღამურამ ერთ ღამეში უნდა შეჭამოს, დაახლოებით, 3 გრამი კოღო. გაითვალისწინეთ, ერთი კოღო 0,002 გრამია. რომ გაეკიდებით, შეიძლება პირიქით შეეშინდეს, აქტიურად იფრინოს და სადღაც ისეთ ნაპრალში შეძვრეს, საიდანაც ვეღარ გამოიყვანთ. ყველაზე მარტივი გამოსავალია ფანჯრებზე ბადეები, რომ შემოფრენა ვერ შეძლოს. ან, თუ მაინც შემოაღწია, ჩააქრეთ სინათლე, ფანჯრები ბოლომდე გააღეთ, ფარდები გადაწიეთ, გასასვლელი ოთახები ჩაკეტეთ და რაიმე სუსტი განათება დატოვეთ, რათა თვალყური ადევნოთ მის გადაადგილებას. მაგალითად, ტელევიზორის შუქიც საკმარისია. იტრიალებს და თავისით გავა. ეს უფრო ხშირად ხდება 10 აგვისტოდან იმიტომ, რომ ახალგაზრდები მაგ დროს იწყებენ ფრენას და გამოუცდელები არიან.

- რა ზიანის მოტანა შეუძლია ღამურას და რამდენად რეალურია ის ფაქტი, რომ შეიძლება თავში ჩაგვაფრინდეს და ვეღარ მოვიშოროთ?

- ღამურებს თავდასხმა არ ახასიათებთ. თმა იმდენად წვრილია, რომ ღამურები, რომლებიც ულტრაბგერით დაფრინავენ, ვერ ხედავენ მას. მოძრაობის პრინციპი ასეთია, უშვებს ულტრაბგერას, წინ რაღაცას მოხვდება, ანარეკლი დაუბრუნდება და იქ იცის, რომ არ უნდა გაფრინდეს. თმა იმდენად წვრილია, ატარებს ულტრაბგერას და ვერ ხედავს, რომ წინააღმდეგობაა და სრულიად შემთხვევით, შეიძლება აღმოჩნდეს მასში. მერე ღამურასაც ეშინია, ადამიანს ხომ ეშინია და ორმხრივი პანიკა იწყება. მიზანმიმართულად ღამურა თავზე არავის უფრინდება. უბრალოდ სხვადასხვა დაავადების გადამტანები არიან და თუ შემთხვევით გაგკაწრათ, აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ ცოფზე აცრა.

- ღამურა თქვენთვის, მკვლევარებისთვის რით არის საინტერესო?

- როგორც გითხარით, ღამურები გარემოს ინდიკატორი სახეობები არიან. მათზე დაკვირვებით ხდება იმის გარკვევა, რა მდგომარეობაშია გარემო. ჩვენთან, საკმაოდ ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს ხალხს. შეიძლება ეშინოდეთ, მაგრამ მიზანმიმართული ვანდალური შემთხვევები, რომ დაეხოცოთ, არ გვსმენია. ჩვენთვის ღამურებს სარგებლის მეტი არაფერი მოაქვთ. როგორც აღვნიშნე, დიდი რაოდენობით მწერს ანადგურებენ. ტროპიკულ ქვეყნებში ბანანსაც მტვერავენ და ასე შემდეგ.

თამარ იაკობაშვილი
ბეჭდვა
```