უმრავლესობას, ალბათ გახსოვთ ის დრო, როცა ბავშობაში ფოტოგრაფები სახლში ან საბავშვო ბაღში მოდიოდნენ, ბავშვებს სპეციალურად ლამაზად გამოაწყობდნენ და ნანატრ პორტრეტებს საოჯახო ფოტოალბომებში ინახავდნენ, აჩვენებდნენ ახლობლებსა და ნათესავებს. დღეს სოციალურ ქსელში ბევრ ბავშვს დაბადებამდე იცნობენ, რადგან მათი მშობლები ნაყოფის ფოტოებს თავიანთ გვერდზე აქვეყნებენ. გარდა ამისა, სოციალურ ქსელში გაჩნდა ტერმინი "გაზიარება“ და თანამედროვე დედები და მამები სიტყვასიტყვით აქვეყნებენ შვილების თითოეული ნაბიჯის შესახებ. გადამეტებულმა აქტიურობამ შეიძლება არა მხოლოდ "მეგობრობის გაუქმება“ გამოიწვიოს, არამედ ბევრად უფრო სერიოზული პრობლემები შეუქმნას ბავშვებს. რა თქმა უნდა, სულ ვერ აუკრძალავთ საკუთარ თავს შვილების ფოტოების გამოქვეყნებას, თუმცა ვიდრე ატვირთავთ, ჯობს დაფიქრდეთ.
ბევრ მშობელს უყვარს მოყოლა, რომელ გასართობ თუ საგანმანათლებლო წრეზე დაჰყავს შვილი, აზიარებს მათი აქტივობებისა და კონკურსების სურათებს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ბავშვი საპრიზო ადგილს დაიმსახურებს. თუ მსგავს ფოტოებს აქვეყნებთ, უმჯობესია საჯაროდ არ გამოაქვეყნოთ და მხოლოდ მეგობრებს მისცეთ უფლება, ნახონ. თუ თქვენს შვილებსაც აქვთ პირადი სოციალური ქსელი, მაშინ დამნაშავეს ძალიან მარტივად შეუძლია გაეცნოს ინტერნეტით და ესაუბროს მისთვის საინტერესო თემაზე, მაგალითად, ფეხბურთზე ან ბალეტზე და მათი ნდობა მოიპოვოს.
არ უნდა გამოაქვეყნოთ საჯაროდ (არა მხოლოდ მეგობრებისთვის) ინფორმაცია თქვენი შვილის ადგილმდებარეობის შესახებ. მაგალითად, მის სკოლაზე, სპორტულ დარბაზსა და საბავშვო გასართობ ადგილებზე. შესაძლებელია ბოროტმოქმედმა თქვენი ფოტოები ნახოს, მივიდეს ბავშვთან, ისე გაეცნოს, როგორც ოჯახის მეგობარი და წაიყვანოს.
ჩატარდა არაერთი სოციალური ექსპერიმენტი, როდესაც ვიდეობლოგერები ცდილობდნენ ბავშვების ნდობის მოპოვებას. მათ გააფრთხილეს მშობლები ექსპერიმენტის შესახებ და უთხრეს, რომ ეს დაეხმარებოდათ იმის ცოდნაში, თუ როგორ უნდა მოიქცნენ რეალურად მსგავს სიტუაციაში. მშობლებმა ექსპერიმენტში მონაწილეებს უთხრეს, რომ თავიანთ შვილებს ესაუბრებოდნენ და უხსნიდნენ, რომ არ უნდა გაჰყოლოდნენ უცხო ადამიანებს, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ, ბავშების უმეტესობა უცნობ ადამიანს გაურკვეველი მიმართულებით წაყოლაზე დასთანხმდა.
ამერიკელი მკვლევარის დებორა სმოლის კვლევის მიხედვით, ჩვენ ფულს მოწყალების მთხოვნელ ადამიანებს უფრო ვაძლევთ, ვიდრე საქველმოქმედო ორგანიზაციებს. სამწუხაროდ, თაღლითები ძალიან ხშირად იყენებენ სევდიანი ბავშვების ფოტოებს, რომლებსაც პოულობენ მშობლების პირად გვერდზე და ამ ფორმით აგროვებენ მათი "მკურნალობისთვის“ ფულს. სოციალურ ქსელში საქველმოქმედო კამპანიები მეტნაკლებად მოწესრიგდა, მაგრამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არიან ადამიანები, რომლებსაც წლების განმავლობაში შეუძლიათ ერთი და იმავე ფოტოსურათითა და ყალბი ჯანმრთელობის ცნობით მოწყალების თხოვნა.
მსოფლიოში ყოველ წუთში 95-მდე პაროლს ტეხენ. ხანდახან ამაში ჩვენც ვეხმარებით, სხვადასხვა სერვისზე რეგისტრაციით. საბანკო ანგარიშის გასახსნელად ან სხვა ქმედებებისთვის უნდა უპასუხოთ უსაფრთხოების კითხვებს. ბევრ მშობელს პაროლად შვილების, შინაური ცხოველების სახელები და მათი დაბადების თარიღი აქვს მითითებული, მაგალითად, "ნიკა2019“, რაც მათ ანგარიშს საფრთხის ქვეშ აყენებს.
რამდენიმე წლის წინ, ავსტრალიურმა უსაფრთხოების კომპანიამ აღმოაჩინა უცენზურო საიტი, რომელზეც 45 მილიონი ბავშვის ფოტო იყო გამოქვეყნებული და თითქმის ყველა მათგანი დამნაშავეებმა მშობლების საჯარო სოციალური ქსელიდან აიღეს. მათ უმეტესობას კი მიწერილი ჰქონდა უხამსი კომენტარები.
მშობლები იშვიათად აქვეყნებენ ბავშვების სრულიად შიშველ ფოტოებს, მაგრამ უნდა დაფიქრდეთ, ღირს თუ არა ფოტოების გამოქვეყნება პლაჟიდან, აკვაპარკიდან ან სპორტული დარბაზიდან.
ამერიკულმა ორგანიზაციამ გამოქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდების 70,6% ბულინგს საკუთარ სკოლაში განიცდის. სკოლაში ბავშების დაცინვის ხშირი შემთხვევა მათი სასაცილო ფოტოებია, სადაც ისინი ქოთანზე სხედან ან სახეზე საჭმელი უსვიათ. ეს ფოტოები კი მათმა მშობლებმა გამოაქვეყნეს.
ჟურნალისტმა, დიმიტრი ტოქმეტისმა, და დიზაინერმა, იური ვირმანმა, გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ სოციალური ექსპერიმენტი. მათ შეარჩიეს ბავშვების სურათები და შექმნეს ერთგვერდიანი საიტი, სადაც დაიწყეს მურაბების გაყიდვა ბავშვების ფოტოსურათებით 15-20 დოლარად. მათ არაფერი დაურღვევიათ, რადგან ფოტოები თავად მშობლებმა გამოაქვეყნეს Flickr-ზე, რაც ფოტოების კომერციული მიზნით გამოყენების უფლებას იძლევა, უფრო მეტიც, ტოქმეტისმა და ვირმანმა ერთი და იგივე სურათი სხვადასხვა შინაარსის საიტზე განათავსეს. ასე რომ, თუ თქვენი სოციალური ქსელი საჯაროა, ნებისმიერს შეუძლია იქიდან ფოტოების აღება, ამიტომ უმჯობესია დახუროთ და ფოტოების ნახვის უფლება მხოლოდ მეგობრებს მისცეთ.