"აქ დედაჩემი ვერ დამინახავს... ისეთი რამის გამოქვეყნება შემიძლია, რასაც სხვაგან ვერ გავბედავდი" - თინეიჯერების სოცქსელი, სადაც უფროსებს "ემალებიან"
"აქ დედაჩემი ვერ დამინახავს... ისეთი რამის გამოქვეყნება შემიძლია, რასაც სხვაგან ვერ გავბედავდი" - თინეიჯერების სოცქსელი, სადაც უფროსებს "ემალებიან"
Tik-tok - ასე ჰქვია სოციალურ ქსელს, რომლის მომხმარებელთა ძირითად ნაწილსაც მოზარდები შეადგენენ. ეს არის აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს 15-წამიანი ვიდეოს გადაღებისა და მასზე სასურველი სიმღერის, მუსიკისა თუ დიალოგის სინქრონიზების შესაძლებლობას აძლევს.

სოციალური ქსელი 2017 წელს ჩინეთში შეიქმნა და მას შემდეგ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის, საქართველოშიც უამრავი მომხმარებელი ჰყავს. 2018 წელს "ტიკ-ტოკი" იმ მობილურ აპლიკაციებს შორის მოხვდა, რომლებიც ყველაზე მეტჯერ გადმოწერეს, სულ 45,8 მილიონმა ადამიანმა. ბოლო მონაცემებით "ტიკ-ტოკს" 800 მილიონი მომხმარებელი
ჰყავს.

აქ ატვირთული ვიდეოების გაზიარება შესაძლებელია სხვადასხვა სოციალურ ქსელში, მათ შორის, "ფეისბუქსა" და "ინსტაგრამზე".

ზოგადად, სოციალურ ქსელებში მოზარდების აქტივობები მშობლებს ახალი გამოწვევის წინაშე აყენებს - გარდა იმისა, რომ მოზარდები სოცქსელებში აქტივობას დიდ დროს ანდომებენ, ამავდროულად, ამ აქტივობების გამო, შესაძლოა ბულინგის, ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. ამიტომაც, აუცილებელია წინასწარ საფრთხეების შეფასება და გაანალიზება.

"ტიკ-ტოკი" კი სწორედ ის სოციალური ქსელია, რომელსაც მოზარდები აქტიურად იყენებენ და თუ იქ ატვირთულ ვიდეოებს ნახავთ, თავადაც შეამჩნევთ შესაძლო ბულინგის ფაქტებს.

აღსანიშნავია, რომ ტიკ-ტოკის გამოყენება 2019 წლის 22 ივლისიდან ინდოეთში აკრძალეს. აკრძალვის მოტივი კი გახდა მოზარდებისთვის სავარაუდო შეუფერებელი ქმედებები, სავარაუდო ძალადობა და კიბერბულინგი.

ქართველი ტიკ-ტოკერები ამბობენ, რომ ეს არის სოციალური ქსელი, სადაც მშობლები და ნათესავები არ არიან და ამიტომაც, უფრო მეტი თავისუფლება აქვთ.
მათი ნაწილის თქმით, ვიდეოების გადაღებით უბრალოდ ერთობიან, ნაწილი ამბობს, რომ ამით სამსახიობო უნარების პრეზენტაციას ახდენს, ზოგიერთის თქმით, აქ ატვირთული ვიდეოებით პოპულარული ხდება, ნაწილიც კი, ტიკ-ტოკზე იმიტომ დარეგისტრირდა, რომ უბრალოდ აპლიკაცია "სკოლაში პოპულარულია".

  • მარიამი, 14 წლის: - ტიკ-ტოკში ახალი ვარ, ჯერ არ მყავს ბევრი გამომწერი. კლასელებს ჰქონდათ და მეც გადმოვწერე, სკოლაში დასვენებაზე ვიდეოების გადაღებით ვერთობით ხოლმე, სახალისოა.
  • სალომე, 14 წლის: - ყველაზე მაგარი ის არის, რომ დედაჩემი ვერ ნახავს იმ ვიდეოებს, რომლებსაც აქ ვდებ, იმას გავაკეთებ, რაც მინდა, ვერ მეტყვიან, ეს წაშალე, ეს დადე. დედამ არ იცის, რომ აქ ვარ დარეგისტრირებული. არ ვფიქრობ, რომ დიდ დროს ვატარებ ტიკ-ტოკში და მეცადინეობაში ხელს მიშლის.
  • ნიკა, 16 წლის: - ადრე უფრო აქტიური ვიყავი ტიკ-ტოკში, ახლა იმდენად აღარ, დრო არ მაქვს. მე გასართობად ვიყენებდი, ბევრი ფოლოუერი რომ გყავს, ბევრი კომენტარი გაქვს, ბევრს მოსწონხარ, პოპულარული ხარ, სასიამოვნოა, ეს მომწონდა.
  • ნინი, 17 წლის: - მე მსახიობი მინდა ვიყო, ეს კი კარგი პლატფორმაა საკუთარი თავისა და ნიჭის წარმოსაჩენად. თან შეიძლება ისეთი ვიდეო დავდო, რომელსაც "ფეისბუქზე" მშობლების და ნათესავების გამო ვერ გამოვაქვეყნებდი, ამ სივრცეში თავისუფლად ვახერხებ საკუთარი თავის პრეზენტაციას. ვიდეოს დავდებ, რამეს ვიტყვი და მერე არ მიწევს დედაჩემს ავუხსნა, თუ რატომ გავაკეთე ეს.
mshoblebi
ფსიქოლოგი ლელა მურუსიძე მიიჩნევს, რომ უპირველეს ყოვლისა აუცილებელია, მშობლები საქმის კურსში იყვნენ და იცოდნენ, რით არის მოზარდი დაკავებული, მისი აზრით, აღნიშნულ სოციალურ ქსელში აქტივობით მოზარდები საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ცდილობენ:

- რეალობა გვიჩვენებს, რომ მოზარდები სოცქსელების აქტიური მომხმარებლები არიან. მე, როგორც მოზარდებთან მომუშავე ფსიქოთერაპევტს, შემიძლია გაგიზიაროთ, რომ ეს არის სივრცე, სადაც მოზარდები ახერხებენ მშობლების კონტროლის მიღმა თვითდამკვიდრებას, თვითგამოხატვას, ახალი ურთიერთობების გაბმას, მეგობრებთან კონტაქტს, ახალი ინფორმაციის მოძიებას, მაგრამ გარდა დადებითი ეფექტებისა, ინტერნეტსივრცე მოზარდებზე ძალადობრივი ზემოქმედების, მათი ფრუსტრაციის, კონფლიქტების აღმოცენების წყაროდაც შესაძლოა მოგვევლინოს:
  • კონფლიქტი მშობლებსა და შვილებს შორის, როდესაც მშობელმა უნებლიედ, თუ პაროლის გატეხვით მოიძია შვილზე ის ინფორმაცია, რომელიც მაკომპრომეტირებელად, ასაკისთვის შეუფერებლად, ან ოჯახის ამბების გამომზეურებად მიიჩნია;
  • მოზარდებს შორის კონფლიქტი - როდესაც მასალას მისი ნების საწინაააღმდეგოდ გამოქვეყნებულს, მის საწინააღმდეგოდ მიმართულს, დამამცირებელად, ღირსების შემლახავად აღიქვამს;
პრაქტიკაში მქონია შემთხვევებიც, როდესაც მოზარდებს უცხო პირთა გავლენით ინტიმური ფოტოები გაუგზავნიათ და ეს მათ დაშინების, შანტაჟის და ოჯახის წევრებზე გავლენის მიზნით გამოუყენებიათ; მე თავს არ შეგაწყენთ ამ ფაქტების ჩამოთვლით, თქვენს ყურადღებას შევაჩერებ იმ მომენტზე, რომ ამგვარ ვითარებებში მხოლოდ აკრძალვების გამოყენება სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს.
მშობლების შვილებთან ურთიერთობის სტილი, ხარისხი უნდა იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ საქმის კურსში იყვნენ და იცოდნენ, რით არის დაკავებული მოზარდი, გულახდილად ისაუბრონ მოზარდთან, რაც არ უნდა საჩოთიროდ მიაჩნდეთ სასაუბრო თემა, მისცენ მოზარდს გულწრფელად საუბრის უფლება ისე, რომ არ შეაწყვეტინონ, არ განსაჯონ, არ შეარცხვინონ - მათ ამ ასაკში ისედაც მრავალ სირთულეებთან უხდებათ გამკლავება, ზოგ შემთხვევაში მათ მოსმენა სჭირდებათ მხოლოდ და იმის შეგრძნება, რომ გაუგეს და მათ განცდებს სერიოზულად მოეკიდნენ.

ვიდეოები, რომლებიც ჩვენ ერთად ვნახეთ (იგულისხმება ტიკ-ტოკ-ში მოზარდების ვიდეოები), ერთგვარად ძახილია თვითგამოხატვის მცდელობისა, ეს არის საზოგადოების მხრიდან ყურადღების მიპყრობის მცდელობა, ასევე მცდელობა, საზოგადოებისთვის ისეთი საჭირბოროტო საკითხის შეხსენებისა, როგორიც ბულინგის, სქესობრივი იდენტიფიკაციის თემებია. მე ვფიქრობ, კარგი იქნება, არსებობდეს რაიმე ლეგალური სივრცე, სადაც მოზარდები დაუბრკოლებლად შეძლებენ კლიპების კეთებას, კინო, ხმის და ვიდეოოპერატორის ხელოვნებაში ძალების მოსინჯვას. ეს შეიძლება იყოს სკოლებში ხელოვნების გაკვეთილებზე, სახელოვნებო წრეებზე, რის შედეგადაც უფრო დაეხვეწებათ გემოვნება, თავის სათქმელს პროფესიის საზღვრებში მოაქცევენ.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მომხრე ვარ მოზარდის პირადი სივრცის პატივისცემისა - რომ არ იქნას წაკითხული მისი დღიურები, საიდუმლოდ შენახული ნივთები არ იქნას გამოღებული, სოციალური ქსელები გატეხილი, მაგრამ ამავდროულად, მოზარდმაც უნდა იზრუნოს და პასუხისმგებლობა აიღოს იმაზე, რომ მისი ცხოვრების ინტიმური დეტალები დაიცვას, ამ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება კი მშობლების დახმარების და თანადგომის გარეშე შეუძლებელია.

თუ რაღაც პირადად, მოზარდს ეხება, მისი სივრცე დაცული უნდა იყოს, რაღაცის საიდუმლოდ კეთება მისი პრეროგატივაა, მაგრამ როდესაც ამ ინფორმაციას აქვეყნებს სოციალურ ქსელში, როცა ეს მისაწვდომი ხდება ძალიან ბევრი ადამიანისთვის და შესაძლოა, კონკრეტული მოზარდით, ან მოზარდის ოჯახით დაინტერესებულმა პირმა ნახოს, ბავშვის, ან ოჯახის საწინააღმდეგოდ იმოქმედოს, ეს უკვე პრობლემა ხდება. ეს კიდევ ერთი მომენტია, რომელიც ოჯახმა უნდა განიხილოს ბავშვთან ერთად და თანადგომა გამოხატოს და დაიცვას კიბერთავსდასხმისას, ინდივიდუალურად, ან პროფესიონალების დახმარებით.

ზრდასრულ ადამიანს გაცნობიერებული აქვს, როგორ მოექცევა პირად ინფორმაციას, ეს მისი ნებაა, მაგრამ 13-14 წლის ასაკში მოზარდმა შესაძლოა რომ ეს საფრთხეები ბოლომდე ვერ გაიაზროს.

მე მაინც მგონია, რომ ინტერნეტსივრცეში მოზარდების აქტიურობის ფორმა ანარეკლია და უკავშირდება ოჯახში მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობის სტილს, მოზარდის ოჯახში მიმღებლობას, მის მიმართ პატივისცემის გამოხატვას, მისი გადაწყვეტილებების უნარების გამომუშავებას და პირადი სივრცის პატივისცემას.

დასაფიქრებელია, თუ რეალურ სივრცეში - ოჯახში, თანატოლებთან მოზარდს ჯანსაღი ურთიერთობა აქვს, რატომ უნდა მოუნდეს რეალობიდან გაქცევა და კიბერსივრცეში თავის გამომზეურება?! მოზარდებს ძალიან გამძაფრებული აქვთ თვითდამკვიდრების მოთხოვნილება და მის დაკმაყოფილებას სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ, ხშირად მოსინჯავენ იმ წესებს და საზღვრებს, რასაც მათ უფროსები უწესებენ, ამიტომ ეს წესები სასურველია მოქნილი იყოს, ბავშვის ზრდასთან ერთად გადაიხედოს და მისი ჩართულობით ახალი წესები შემუშავდეს.

როცა მშობელს ბავშვთან გულწრფელობაზე დაფუძნებული ურთიერთობა აქვს, მოზარდიც გახსნილია მასთან.

ავტორიტატული, ან ინდიფერენტული მშობლების შემთხვევაში, რომლებიც არ უსმენენ შვილებს, არ ინტერესდებიან მათი ყოველდღიური ამბებით, გაზიარება არ არის მათი თანაარსებობის სტილი, ბავშვები ეჩვევიან ემოციების ჩახშობას, უჭირთ სათქმელის ვერბალიზება, გადმოცემა.

ბოლო პერიოდში გახშირდა ამგვარი მოზარდების მომართვიანობა. უფრო მეტად თავს იჩენს სიტუაციები, როდესაც მშობლებისა და მათი შვილების ურთიერთობა ფორმალური სახეს იღებს. იმ საკითხებზე, რომლებიც რეალურად აწუხებთ ბავშვები მშობლებთან არ საუბრობენ, მხოლოდ "ისწავლე?" "ნაჭამი ხარ?" - ჩაცმა, დახურვა და საკვებით უზრუნველყოფა უპირველესი გახდა და თითქოს სულიერებისთვის ენერგია აღარ დარჩა ამ ურთიერთობებში.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით კი, მოზარდებს თავის დასამკვიდრებლ ასპარეზად ინტერნეტსივრცეს და მასში მოძიებულ მეგობრებს ვუტოვებთ.

შენიშვნა: ფოტოზე არ არიან აღბეჭდილნი Mshoblebi.ge  მიერ გამოკითხული მოზარდები

ხატია ვარდოსანიძე
5978
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
:(
0
https://www.mshoblebi.ge/video-galerea.html?view=video&video=593 ამავე საიტზეა ამ ძალზედ სენსიტიური თემის პასუხი.
13:59 / 03-10-2019
2x2=4
0
ფსიქოლოგის მიერ კარგადაა გაანალიზებული და გადმოცემული ის არსებული რეალობა რაც სამწუხაროდ დღეს უფრო საფრთხის შემცველი დეტალებითაა გაჯერებული ვიდრე ეს იყო ადრე, იმ დროს როდესაც ინტერნეტს და ვირტუალურ სივრცეს არ ჰქონდა დათმობილი ამდენი დრო.... ვფიქრობ რომ ზოგადათ სოციალური ქსელების ყველაზე დიდი უარყოფითი მხარე არის ის რომ პირადი და ცოცხალი ურთიერთობების ხარჯზე ხდება ყველაფერი ის რაც ხდება და შედეგად ზოგჯერ შვილი (მოზარდი) ხდება საკუთარი ოჯახის წევრებისგანაც გაუცხოებული.... არსებულმა ეკონომიკურმა სიდუხჭირემ და ქვეყანაში მასობრივმა სტრესმა და დაძაბულმა ვითარებამ კი გამოიწვია ის რომ ხშირად ერთი ოჯახის წევრებს არ აქვთ საშუალება საჭირო დრო დაუთმონ ოჯახებს, რადგან თვითგადარჩენისთვის ყოველდღიური ბრძოლა უწევთ.
13:13 / 03-10-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```