"ძალიან სახიფათოა, მოსწავლეს მუდმივად შევახსენოთ, როგორი ურჩია, ან უნიჭო..."
"ძალიან სახიფათოა, მოსწავლეს მუდმივად შევახსენოთ, როგორი ურჩია, ან უნიჭო..."
რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ყველა ერთდროულად გავხდით ექსპერტები. კრიტიკოსების უმრავლესობამ უაპელაციოდ დავიწყეთ ქვების სროლა მეექვსეკლასელი გოგონას მისამართით, რომელმაც მუსიკის მასწავლებელი კიბეზე დააგორა. მოსწავლის საქციელს, რა თქმა უნდა, ვერავინ მოვუძებნით გამართლებას, მაგრამ...

მიზეზი, რის გამოც ამ ბლოგის წერა გადვწყვიტე, არა რომელიმე მხარის გამართლება ან გამტყუნება, არამედ პრობლემის სხვა კუთხით წარმოჩენაა.
5 წელია ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ვასწავლი. რიგი მიზეზების გამო, სკოლის და საკუთარი ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებ და გაგიზიარებთ ჩემს
გამოცდილებას, რომელსაც, შესაძლოა, კიბეზე დაგორება არ ემუქრებოდა, მაგრამ არც უკეთესი დღე ელოდა.

სკოლაში მუშაობა როცა დავიწყე, გამოუცდელი მასწავლებელი გახლდით. ბუნებრივია, თუ ადრე არ გიმუშავია საკუთარი პროფესიით, გამოცდილებას ვერ დააგროვებ. გამომდინარე იქედან, რომ მოსწავლეებთან ურთიერთობა მსურდა წარმატებულად დამეწყო, ძალიან მონდომებულად და დიდი შემართებით შევაბიჯე კლასში, რომელსაც აუღებელ ციხე-სიმაგრეს ეძახდნენ. კოლეგებმა გამძლეობა მისურვეს. ერთ-ორ ბავშზეც გამაფრთხილეს, უნდა გაუძლოო... ასეთი გაფრთხილებების შემდეგ 24 წლის პედაგოგი წამიერად პანიკამ შემიპყრო, მაგრამ მაინც დავიტოვე იმედი, რომ ყველაფერი არც ისე ცუდად იქნებოდა, როგორც ერთი შეხედვით დამიხატეს... თურმე ტყუილად მეგონა ასე... კლასში შესულს ერთ-ერთმა მოსწავლემ, 10 წლის ბიჭუნამ უცნაური ჟესტით მომაგება სალამი და მივხდი, რომ „თავის ტკივილი“ სწორედ ეს ბავშვი იყო.
ცხადია, გაცნობის პირველ დღეს არ გავუმახვილე დიდი ყურადღება და სახლში მისულმა დავიწყე იმაზე ფიქრი, როგორ გამომესწორებინა ვითარება. როგორ ჩამომეშორებინა ბავშვისთვის დიდი ხნის მიკერებული "უვარგისი მოსწავლის" იარლიყი. ადვილი ხომ არ არის ბავშვს გამყარებული სტატუსი მოაცილო, მითუმეტეს ცუდი მოსწავლის. მოკლედ, შევიმუშავე გეგმა და დავიწყე მოქმედება...
მის რამდენემი მეგობარს ვკითხე, რა მოსწონდა და უყვარდა... ბავშვებმა სიცილით მიპასუხეს, მგონი მარტო კედლებზე ხატვა შეუძლიაო... შეხვედრის მესამე დღეს გაკვეთილზე დახმარება ვთხოვე, ქუჩის მხატვრობაზე პრეზენტაციის მასალების მომზადება მინდა და ხომ არ შეგიძლია, მასალების მოგროვებაში მომეხმარო-მეთქი. თავიდან შეთავაზება გაუკვირდა, როგრც ჩანს, უკვე შეჩვეული იყო იმ აზრს, რომ მისგან კარგს არავინ ელოდა. შემდეგ დღეს, სკოლის შემდეგ ერთად გავუყევით გზას და მასთან ერთად კედლებზე დახატულ რამდენიმე ნახატს გადავუღეთ ფოტო. დავავალე, ხვალ გამიზიარე კლასში რომელი რატომ მოგეწონა და რა ემოციას აღძრავს შენში-თქო. წარმოუდგენლად კარგად ჩაიარა პრეზენტაციამ და იმ დღეს სულ სხვანაირი დაინახეს. მასაც მოეწონა საკუთარი თავი ოდნავ დაწინაურებული და ჩემგანაც სულ საინტერესო დავალებებს ელოდა. ნელ-ნელა მსგავსი დამოკიდებულებებით სტატუსი, რომ ის ცუდია და მავნებელი, გაქრა.
ეს პატარა მაგალითი იმიტომ მოვყევი, რომ ძალიან სახიფათოა, მოსწავლეს მუდმივად შევახსენოთ, როგორი ურჩია, ან უნიჭო. ის ამ დამოკიდებულებით კიდევ უფრო იმყარებს პოზიციას და ურჩევნია იყოს ცუდი, რადგან მისგან კარგს არავინ ელოდება, ან არც აქვს იმედი, რომ მასში რაღაც კარგს დაინახავენ.
ჩემი რჩევა იქნება კოლეგებო, მაქსიმალურად ვეცადოთ, მოვერგოთ ბავშვის ინდივიდუალურ ხასიათს და გავითვალისწინოთ ყველაფერი, რაც მას ეხება. როგორ გარემოში იზრდება, როგორი ემოციური ფონი აქვს.
სანამ რომელიმე ბავშვი კიბიდან დაგვაგორებს, დავიწყოთ პრობლემის მოგვარების გზების ძიება უფრო ადრე, აი იქედან, როცა პირველად სცადა ჩვენთვის ნერვების მოშლა. არ გავწყვიტოთ ჯაჭვი, ჩავაყენოთ სკოლის ადმინისტრაცია, ფსიქოლოგი, მშობელი საქმის კურსში. ვზრუნავთ მოსწავლეზე ნიშნავს, ვზრუნავთ ყველანი საკუთარ თავზე და ჩვენს მომავალზე.

ნანა, 29 წლის.

alt"მასწავლებელი უნდა იყოს მორგებული ბავშვის საჭიროებებს და არა მშობლებისას" - ახალგაზრდა დირექტორის საინტერესო ხედვა

alt"ძალიან მაღალ და პრესტიჟულ პოზიციაზე ვმუშაობ - მასწავლებელი ვარ!"

altრატომ გაჰყვა მასწავლებელი მოსწავლეს შინ დავალების შესამოწმებლად - თბილისელი პედაგოგის საქციელს დიდი გამოხმაურება მოჰყვა





254
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
Kochag
0
Kargi maswavlebeli brzandebit namdvilad.ai aseti midgomaa sachiro da ara bavshvebis klisheebad dakopa
16:11 / 04-10-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```