ვის წაიყვანენ ჯარში და ვის – არა? პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე - მშობლები

ვის წაიყვანენ ჯარში და ვის – არა? პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

2019-11-01 08:49:11+04:00

სამხედრო სავალდებულო სამსახურში წასვლა სხვადასხვა მიზეზით ბევრ ადამიანს არ სურს, თუმცა კონკრეტულად რა შეიძლება გახდეს გაწვევის გადავადების, ან სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების საფუძველი, ცოტამ თუ იცის.

კანონის მიხედვით, წვევამდელს ფულის გადახდით გაწვევის გადავადება მხოლოდ ორჯერ და მხოლოდ 25 წლის ასაკამდე შეუძლია. 2000 ლარის გადახდის შემთხვევაში, გაწვევას 18 თვით გადაავადებთ. სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ასაკის პირებს იწვევენ. თუ წვევამდელი გამოძახების შესახებ ცნობას მიიღებს, ეს დადასტურდება და არ გამოცხადდება, ყოველივე ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და პირველ ჯერზე, 1000 ლარის ჯარიმას ითვალისწინებს.

Mshoblebi.ge-ს წვევამდელები, მათი მშობლები და ახლობლები ხშირად მოგვმართავენ გაწვევებთან დაკავშირებული კითხვებით. ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის სამმართველოს წარმომადგენლისგან, დავით ფერაძისგან მოვისმინეთ.

როგორც დავით ფერაძე გვეუბნება, ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემის მქონე ადამიანს გადავადების შემდეგ აუცილებლად იძახებენ და არ აქვს მნიშვნელობა, განკურნებადია, თუ განუკურნებელი ესა თუ დაავადება. ეს არ ეხებათ მხოლოდ შშმ პირებს.

- ჯანმრთელობის რა სახის პრობლემები შეიძლება გახდეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების, ან სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი?

- სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისას, სამხედრო სამედიცინო საექსპერტო კომისია ხელმძღვანელობს თავდაცვის მინისტრის N 360 ბრძანებით, სადაც გაწერილია დაავადებათა ცხრილი, რომელიც საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტია და განსაზღვრავს ჯანმრთელობის რა მდგომარეობით იღებს ესა თუ ის პირი გადავადებას, ან განთავისუფლებას სამხედრო სამსახურიდან.

ის პირები, რომლებიც იღებენ გადავადებას სამხედრო სამსახურიდან ვარგისიანობის დადგენისას, ყველაზე ხშირად უვადდებათ თერაპიული, ტრამვატოლოგიური და ფსიქიარტიული მდგომარეობის გამო.

- დავუშვათ, სამი წლის წინ ადამიანს ჰქონდა მხედველობის პრობლემები, ან ახალი გადატანილი ჰქონდა მენინგიტი და გადაუვადდა ჯარში წასვლა, ახლა ისევ იძახებთ, ასეთი გამოძახებები ფორმალურ სახეს ატარებს, თუ შესაძლებელია, რომ ისინი წაიყვანოთ ჯარში?

- გადავადება ჯანმთელობის მდგომარეობის გამო არის ვადით ერთ წლამდე და ასევე, ეძლევათ გადავადება სამ წლამდე. ეს ყველაფერი კანონმდებლობაშია გაწერილი და არ ატარებს ფორმალურ ხასიათს. არის ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც მოგვარებადია დროის განსაზღვრულ პერიოდში და არის შეუქცევადი დაავადებებიც. მაგალითად, მხედველობის გარკვეული პრობლემები დღეს განვითარებული ტექნოლოგიების საშუალებით მარტივად გვარდება და ასევე სხვა დაავადებები, რომელიც განკურნებადია და გაწვევისთვის გამოძახების დროს შეიძლება აწუხებდა რომელიმე პირს.

- კანონში წერია, რომ სამხედრო სამსახურისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც გაიარა არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური, რას გულისხმობს ეს, რა სახის შრომით სამსახურზეა საუბარი?

- საქართველოში მოქმედებს კანონი ”არასამხედრო ალტერნატიული სამსახურის შესახებ“. ყველა მოქალაქეს, თავიანთი რწმენის, აღმსარებლობის თუ სხვა შეხედულებისამებრ შეუძლია გაიაროს ალტერნატიული შრომითი სამსახური. ეს იგივე ვალდებულების მოხდის ფორმაა სახელმწიფოს წინაშე.

ალტერნატიული შრომითი სამსახური ითვალისწინებს საზოგადოებისთვის სასარგელო სამუშაოებს, მსახურს ჯანდაცვის სისტემაში, ეკლესიის მშენებლობებზე, სასოფლო სამეურნეო სამუშაობებზე და სხვ.

ალტერნატული შრომითი სამსახურის ვადა არის 18 თვე, ანუ 6 თვით მეტი, ვედრე სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა. წელიწადის განმავლობაში, ალტერნატიულ სამსახურს გადის დაახლოებით 500 ადამიანი.

- კანონში ასევე ვკითხულობთ, რომ სამხედრო სამსახურისგან თავისუფლდება პირი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული ნიჭი. რისი ნიჭი უნდა ჰქონდეს ადამიანს, ვინ ადგენს მის ნიჭს და ვინ იღებს გადაწყვეტილებას, რომ სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლდეს?

- განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანის, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისგან გადავადება, მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დისკრეციული უფლებაა. ადამიანის ნიჭის დასადგენად არ არსებობს არანაირი სახელმწიფო კომისია. ჩემი აზრით, ამის განსაზღვრა ხდება შესაბამისი დახასიათებებისა და შუამდგომლობის საფუძველძე, სადაც ასახულია ან ჩნდება ადამიანის ნიჭის გამოვლენა.

განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებულის სამხედრო სამსახურიდან გადავების ფაქტები იშვიათია და ბოლო 3 წლის განმავლობაში არც ყოფილა.

- დავუშვათ, პირი არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, ჰყავს ოჯახში შრომისუნარიანი წევრი, მაგრამ არ არის დასაქმებული, ვერ იშოვა სამსახური. ანუ დასაქმებული წევრი ჯარში რომ წაიყვანოთ, ოჯახს შიმშილი ემუქრება. თუ აქვს რაიმე მიდგომა ასეთი ტიპის შემთხვევებში სახელმწიფოს, ასეთი ადამიანები მიგყავთ ჯარში?

- საქართველოს კანონში ”სამხედო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“

30-მუხლის ,,ვ“ პუნქტით განსაზღვრულია, რომ გადავადებას ექვემდებარება ის წვევამდელი, რომელიც ცხოვრობს და პატრონობს შრომისუუნარო ოჯახის წევრს და ამ შრომისუუნარო წევრს არ ყავს სხვა კანონიერი მომვლელი, რომელსაც შეუძლია მისი მოვლა-პატრონობა. ანუ შეზღუდული შესაძლებლობების ოჯახის წევრთან თუ ცხოვრობს სხვა ოჯახის სრულწლოვანი წევრი, წვევამდელი გადავადებას ვერ მიიღებს.

- დავუშვათ, პირს არაფერი არ აწუხებს, აკმაყოფილებს ყველა ნორმას, რაც სამხედრო სამსახურში გაწვევას სჭირდება, მაგრამ არ სურს წასვლა, რა დროითაა გადავადება შესაძლებელი, რამდენჯერ და რა თანხის გადახდა მოუწევს?

- სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას ექვემდებარება ყველა მოქალაქე, რომელიც არ სარგებლობს გადავადების, ან განთავისუფლების უფლებით. გადავადების ერთ-ერთი მუხლია სახელმწიფო მოსაკრებლის გადახდა, რომელიც რეგულირდება ,,სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ“ კანონით და შეადგენს 2000 ლარს 18 თვის ვადით. ამ უფლებით წვევამდელს შეუძლია ისარგებლოს 2-ჯერ, 25 წლის ასაკის მიღწევამდე.

- რა ხდება ცოლის მოყვანის შემთხვევაში, რამდენი შვილია გადავადების, ასევე სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების საფუძველი?

- მეუღლის ყოლა არ არის გადავადების საფუძველი. გადავადების საფუძველია ერთი ბავშვის ყოლა, მისი 3 წლის ასაკის მიღწევამდე, ხოლო 2 ბავშვის ყოლა აძლევს გადავადებას წვევამდელს 27 წლამდე.

- თუ პირი დაქორწინდა ქალზე, რომელსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავს, შეიძლება ეს გადავადების საფუძველი გახდეს?

- არა, წვევამდელი უნდა იყოს ბავშვების ბიოლოგიური მამა ან/და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა იყოს აღიარებული ბავშვების მამად.

- რაც შეეხება საზღვარგარეთ მყოფ პირებს, არიან ადამიანები, რომლებიც სამუშაოდ, ან სხვა მიზეზებით იმყოფებიან საზღვრებს მიღმა. როგორია თქვენი პოლიტიკა ასეთი პირების მიმართ?

- იმ შემთხვევაში თუ წვევამდელმა მიიღო შეტყობინება სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ, მიუხედავად იმისა თუ სად იმყოფება და რა ფორმით მიიღო ეს შეტყობინება, იგი ვალდებულია გამოცხადდეს გამწვევ კომისიაზე. გამწვევ კომისიაზე არ გამოცხადება ითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და ადმინისტრაციული სამართალდარღვათა კოდექსის 1971 მუხლით, ისჯება ჯარიმით 1000 ლარის ოდენობით.

- წვევამდელის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდება სისხლის სამართლის დანაშაულია, რას ითვალისწინებს სასჯელის ზომად?

- ყველა მუნიციპალიტეტში არსებობს სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისია. პირი რომელიც არ სარგებლობს გადავადების უფლებით, ექვემდებარება გაწვევას, გამწვევმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება გაწვევის შესახებ და ამის შემდგომ ის არ ცხადდება სამედიცინო კომისიის გასავლელად, ან სამედიცინო კომისიის მსველობისას, ან სამედიცინო კომისიის გავლის შემდგომ, თვითნებურად მიატოვებს იმ ტერიტორიას, საიდანაც უნდა მოხდეს მისი გაწვევა, სისხლის სამართლის დანაშაულია და სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის თანახმად, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

- ზოგიერთი სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების მიზნით თვითდაზიანებას მიმართავს, რაც ასევე სისხლის სამართლის დანაშაულია, რა სასჯელია გათვალისწინებული და ხშირია თუ არა თვითდაზიანების შემთხვევები?

- თვითდაზიანების მიყენება სამხედრო სავალდებულო სამსახურის თავის არიდების მიზნით, ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის იგივე 356-ე მუხლით 3 წლამდე ვადით. თვითდაზიანების მიყენების შემთხვევები სამხედრო სამსახურისაგან თავის არიდების მიზნით ძალიან შემცირებულია.

- გირჩის ეკლესიის საშუალებით ბევრი არიდებს თავს სამხედრო სავალდებულო სამსახურს. იგეგმება თუ არა კანონმდებლობაში ცვლილებები, რომელიც ყოველივეს ხელს შეუშლის?

- როგორც ჩემთვის ცნობილია, საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებულია კანონპროექტი ზოგადად ”მღვდელმსახურობის“ საკითხთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ ეს საკითხი დარეგულირდება სამართლებრივად ისე რომ არ ხდებოდეს ხელოვნურად ”გადავადების“ მიღება სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან.

როგორც",გირჩის“-ს წარმომადგენლები ამბობენ, 30 000 მდე წვევამდელი ”გაანთავისუფლეს“ გაწვევისაგან, თუმცა ოფიციალურად მუნიციპალიტეტებში დღევანდელი მდგომარეობით წარმოდგენილია 7000-მდე ცნობა და აქედანაც გარკვეული ნაწილი ამბობს, რომ შეცდომაში იყვნენ შეყვანილი და ჩარიცხულები არიან სამხედრო სამსახურში. არსებობს მონაცემები, რომ ერთ პიროვნებას 3-4 ჯერ აქვთ მათ მიერ (”გირჩის”) ”მღვდელმსახურის“ წოდება მინიჭებული.

- რა ასაკიდან აღარ იძახებთ პირს სამხედრო სავალდებულო სამსახურში?

- სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან მამაკაცები 18 დან 27 წლის ასაკამდე.

- სად მიგყავთ წვევამდელები, რა პირობებში უწევთ ყოფნა და რა პრინციპით ანაწილებთ?

- სამხედრო სამსახურში გაწვევა ხორციელდება წელიწადში 2-ჯერ. ყოველი გაწვევისას გამოიცემა მთავრობის დადგენილება, სადაც გაწერილია, თუ რომელ უწყებას რამდენი წვევამდელი ესაჭიროება. წვევამდელები გაიწვევიან თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და ცოტა რაოდენობით იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში. განაწილება ხორციელდება თანაფარდობის პრინციპით და გარკვეულ შემთხვევაში, ფიზიკური მონაცემების გათვალისწინებით.

- სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდება ძალიან ბევრ ადამიანს სურს, რამდენიც უნდა ისაუბრონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სამხედრო პირებმა იმის შესახებ, რომ ეს პრესტიჟულია, რეალურად, ბევრი ასე არ თვლის. ხომ არ აპირებთ რაიმე ცვლილებებს იმისთვის, რომ ადამიანს თავის არიდება კი არ მოუნდეს, არამედ საკუთარი სურვილით, გააზრდებულად და სიხარულით მიდიოდეს ჯარში, თუ იგეგმება იგივე საინფორმაციო კამპანიები ცნობიერების ასამაღლებლად, ფინანსური დაინტერესება, უფრო კარგი პირობების შექმნა წვევამდელებისთვის?

- ვერ დაგეთანხმებით რომ ძალიან ბევრს სურს. რა თქმა უნდა სასურველია და აუცილებელიცაა უკეთესი პირობები და მატერიალური პირობების გაუმჯობესებაც და როგორც ჩემთვის ცნობილია, მიმდინარეობს ამ საკითხებზე მსჯელობა და გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება. საინფორმაციო კუთხითაც დაგეგმილია ოფისების შექმნა, სადაც მოქალაქეები მიიღებენ ყველა საჭირო ინფორმაციას სამხედრო სამსახურის შესახებ.

ასევევ აღსანიშნავია რომ ყველასათვის გასათავისებელია, რა არის ვალდებულება ქვეყნის წინაშე და რა შეიძლება მოყვეს ამ ვალდებულების შეუსრულებლობას.

დღეს ჩვენს ქვეყანაში არის შერეული სისტემა, ანუ გვაქვს საკონტრაქტო და სავალებულო სამხედრო სამსახური. საჭიროა, რომ განვითარდეს ეს სისტემა და ასევე გაძლიერდეს სარეზერვო სამსახური რისი ნაბიჯებიც უკვე სახეზეა.

ხატია ვარდოსანიძე