დედების ჯგუფებში საკმაოდ ხშირად მხვდება პოსტები ბავშვის ძილის პრობლებზე. დედები ხშირად ჩივიან, რომ პატარას დაძინება უჭირს, გვიან წვება და დილით ბაღში წასვლისას ძლივს იღვიძებს. იმასაც წერენ, რომ ძილის წინ ბავშვები მოდუნების ნაცვლად უფრო აქტიურდებიან, იგზნებიან და მოჭარბებული ემოციების გამო დიდხანს წრიალებენ ლოგინში მოუსვენრად. ზოგი ლოგინისკენ არ წავა, სანამ ოჯახის ყველა წევრი არ დაწვება. მეც ზუსტად იგივე პრობლემები მქონდა, როცა პატარა მყავდა და რაღაც გამოსავალი ვიპოვე. ახლა, როცა ასეთ პოსტებს ვკითხულობ, მინდა ჩემი გამოცდილება გავუზიარო.
პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ მესმის ამ დედების, ძალიან ძნელია დააძინო ბავშვი მაშინ, როცა აქტიურობის პიკზეა და სულაც არ ეძინება. ჩვენს ოჯახშიც ეს ამბავი მარტივად არ მოგვარებულა. ჩემი უმცროსი შვილი გვიანობამდე არ იძინებდა, ვერაფრით ვაიძულები ლოგინში ჩაწოლას, თუ დავაძალებდი, ტიროდა და უფრო ფხიზლდებოდა. გაღიზიანებულს საერთოდ ვეღარ ვაძინებდი. ხან ტელევიზორს ყურებას მოიმიზეზებდა, ხან წიგნის დათვალიერება მოუნდებოდა და ხან - თამაში. ამიტომ ასეთი რამ გადავწყვიტეთ: ბინაში, მთავარი ჩამრთველიდან დენის გათიშვა დავიწყეთ. დიახ, ყოველ ღამით სახლში „შუქი მიდიოდა“. ჩუმად გავთიშავდით ჩამრთველიდან და ბავშვის გასაგონად შევიცხადებდით, "ვაიმე, ისევ ჩაქრა სინათლე?"... რაღა უნდა გვეკეთებინა სიბნელეში და მივდიოდით ყველანი დასაძინებლად. ნიკუშაც ვეღარფერს აპროტესტებდა, ვერაფერს პოულობდა სიბნელეში გასართობს და მორჩილად მომყვებოდა საწოლში. ოჯახის დანარჩენი წევრები მკაცრად მყავდა გაფრთხილებული, რომ ოთახებში შეყუჟულიყვნენ და სანამ ნიკუშა არ დაიძინებდა, არ გამოჩენილიყვნენ. ჩაეძინებოდა თუ არა ნიკუშას, შუქსაც ვრთავდით და ვაგრძელებდით ჩვენ-ჩვენს საქმეებს. ამ მეთოდმა ძალიან გაამართლა, ორ კვირაზე მეტი დაგვჭირდა ალბათ ამ სპექტაკლის თამაში, სამაგიეროდ ისე გადაერთო ამ რეჟიმზე, რომ 9 საათის მერე თავადაც ეძინებოდა და გაუპროტესტებლად მომყვებოდა საძინებელში.
სულ ეს იყო. არ ვიცი, რამდენად გამოგადგებათ და სერიოზულად მიიღებთ ამ რჩევას, რომელიც არც ძალიან მარტივია, არც ძალიან რთული შესასრულებელი. ყველა სახლშია შემომავალი საერთო ჩამრთველი, ერთი ხელის ჩამოკვრა უნდა, თუ ოჯახის ყველა წევრი აგყვებათ და მხარში დაგიდგებათ, პატარას დროულად საწოლში მიბრძანებას აუცილებლად შეძლებთ.
ირა გაგოშიძე, 46 წლის